გასულ წელს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი იმიტომ დააკავეს, რომ მოლაშვილების ოჯახმა სულხან მოლაშვილის სტრასბურგში შეტანილი საჩივრის გამოტანაზე მერაბიშვილს უარი უთხრა. ამის შესახებ უკვე ღიად საუბრობს სულხან და თორნიკე მოლაშვილების მამა თამაზ მოლაშვილი. მისივე თქმით, მისი შვილი - თორნიკე დღეს პოლიტიკური პატიმარია და 2011 წლის 21 ივნისს 8 წლითა და 6 თვით დააკავეს.
სულ ახლახანს თორნიკე მოლაშვილის მეუღლემ ბავშვების კასეტებს შორის ვიდეომასალა აღმოაჩინა, რომელიც ოჯახს არაერთგზის ჩატარებული ჩხრეკის გამო დაკარგული ეგონა. ვიდეომასალა თორნიკე მოლაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი სერიოზული მტკიცებულებაა. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, აღნიშნული მასალა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოში მტკიცებულების სახით გაიგზავნება, რომლის საფუძველზეც, ახლად გამოვლენილი გარემოების სახით, საქმის ხელახალი გადახედვაა შესაძლებელი.
69-წამიანი ვიდეომასალა მოლაშვილის დაპატიმრებამდე ორი თვით ადრე, 22 მაისს არის გადაღებული, სადაც იგი საუბრობს, რომ უახლოეს დღეებში ნარკოტიკების მოხმარების, ან იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით მისი დაპატიმრებაა მოსალოდნელი. „მე არც ნარკოტიკებით ვაპირებ ქუჩაში სიარულს, არც მოხმარებას, არც ცეცხლსასროლი იარაღი გამაჩნია, არც სახლში მაქვს რაიმე კანონსაწინააღმდეგო; თუ დამაკავეს, იცოდეთ, რომ ეს იყო დაგეგმილი სცენარი ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მიერ", - ნათქვამია თორნიკე მოლაშვილის ვიდეომიმართვაში. მართლაც, ცოტა ხანში თორნიკე მოლაშვილი ნარკოტიკების, ასევე, საბრძოლო მასალის „შენახვის“ საბაბით აიყვანეს.
For.ge თორნიკე მოლაშვილის მეუღლეს ეკატერინე მიქაძეს ესაუბრა.
აშკარაა, რომ თორნიკე მოლაშვილის საქმე უშუალოდ სულხან მოლაშვილის საქმის გაგრძელებაა და სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა არ გაპატიეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხეში თორნიკე მოლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამასთან, იგი ციხის საავადმყოფოს ექიმებს არ ენდობა და ღუდუშაურის ან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.
- ამჟამად ძალიან აწუხებს სახსრები, მენისკი აქვს, მოძრაობა უჭირს. ციხის საავადმყოფოში ოპერაციაზე თვითონვე უარს აცხადებს, რადგან რამდენიმე ფაქტი არსებობს, როდესაც დამახინჯდა ადამიანი. საერთოდ, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს უჩივის და მისი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა გლდანის ციხეში ყოფნისას. მატროსოვის ქუჩაზე არის ყოფილი პოლიციელების ციხე, მას ეკუთვნოდა აქეთ გადმოყვანა; ამისთვის ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობა დასჭირდა. მანამდე კი მის გადმოყვანას ვთხოვდი დეპარამენტის ხელმძღვანელობას, მინისტრის სახელზეც არაერთი განცხადება დავწერე, რადგან, ელემენტარულად, ჰაერზე ვერ გადიოდა. ამან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა უფრო დაუმძიმა.
ჰაერზე რატომ ვერ გადიოდა?
- როგორც ვიცი, გლდანში გასეირნებისთვის ათწუთიანი პერიოდი აქვთ. სახურავზე აჰყავდათ, მუხლები მაშინაც ცოტათი აწუხებდა და ჰაერზე ვეღარ გადიოდა. ფაქტობრივად, ასვლას ვერ ასწრებდა, უკვე ჩამოსაყვანები იყვნენ. ამასთან დაკავშირებით რამდენი განცხადება მაქვს დაწერილი, ვერ აგიწერთ. პრეზიდენტის, მერაბიშვილის, ადეიშვილის სახელზე განცხადებები მუდმივად შედიოდა. ასლები, ყველაფერი შენახული მაქვს, მაგრამ არ გადაჰყავდათ. შემდეგ თვითონვე დაიწყო შიმშილობა.
იმდროინდელი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში არ დაგეხმარათ?
- მასთან რომ მივედი და ვაცნობე, შიმშილობა გამოაცხადა-მეთქი, მითხრეს, მონიტირინგი ერთ კვირაში დაიწყებაო. მე ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში, ახლავე სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მონიტორინგი-მეთქი. მოგვიანებით უკვე მშრალ შიმშილობაზე რომ გადავიდა, წნევამაც აუწია; ამის მერე თვითონ ციხის უფროსი შესულა და დაჰპირებია, შეწყვიტე შიმშილობა და საავადმყოფოში გადაგიყვანთო. მართლაც, უკვე ძალიან მძიმედ იყო და გადაიყვანეს. ამ შემთხვევაში, მისმა შიმშილობამ შედეგი გამოიღო. ამის შემდეგ რაც აქ გადმოიყვანეს, არაერთხელ ვთხოვე, ელემენტარულად, სისხლის ანალიზი გაეკეთებინათ. თუმცა აბსოლუტურად არანაირი შედეგი, თვითონვე მკურნალობენ თავიანთ თავს პატიმრები, წნევის წამლებს ჩვენ ვუგზავნიდით. ამ წუთას რა მდგომარეობაშია, ვერ გეტყვით.
რაც შეეხება ახლადაღმოჩენილ ვიდეოჩანაწერს, აქამდე რატომ არ ჩანდა ეს კასეტა და მოგვიანებით როგორ აღმოჩნდა?
- ადრეც აპირებდნენ თორნიკეს დაჭერას. ახლობლები ჰყავს ამ სისტემაში და ყოველთვის აფრთხილებდნენ. ერთი-ორჯერ ჩავწერეთ ასეთი ვიდეომასალა, რადგან წინასწარ ვიცოდით, თუ რას უპირებდნენ. ვიდეომასალა შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო, ბავშვების ვიდეოსთან ერთად ვინახავდი, სადაც კონცერტი და სხვა ღონისძიებები მქონდა ჩაწერილი. მოგვიანებით ამ კასეტის არსებობა გადამავიწყდა. მთელი სახლი ისე გადაჩხრიკეს და ისე გადააბრუნეს ყველაფერი, რომ ეს მასალები აირია და აბსოლუტურად სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ახლა. არადა, კასეტა დაკარგული მეგონა.
ალბათ, ამ ვიდეომასალას სტრასბურგისთვის ღირებულება აქვს, რადგან წინმსწრებად, დაჭერამდე არის ჩაწერილი.
- ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს სასამართლოზეც ვთქვით, რომ თორნიკემ წინასწარ იცოდა, რომ დაკავებას უპირებდნენ. ელემენტარულად, ბავშვიც კი არ გააკეთებდა ამას, არათუ პოლიციის პოლკოვნიკი, რომ იარაღითა და ნარკოტიკებით ევლო, როცა დაკავებას ელოდა. სამი დღით ადრე უკვე მანქანებიც იდგა ჩვენს სახლთან. ლამის ალყაში იყო სახლი მოქცეული.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ხომ არ გიფიქრიათ, ბატონი სულხანის საქმე სტრასბურგიდან გამოგეტანათ?
- თორნიკე ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოდით, მე ვაღიარებ, რომ მე ამ საქმის სტრასბურგიდან გამოტანის მომხრე ვიყავი. ისეთი ტრავმა გადაიტანეს ჩემმა შვილებმა, ჩვენმა ოჯახმა, არა მარტო ახლა, არამედ სულხანის დაკავების დღიდან - ჩვენ მუდმივი თვალყურის ქვეშ ვიყავით. თორნიკე ციხეში რომ გადარჩა და დღეს ცოცხალია, შეიძლება, ეს იმის გამოცაა, რომ მუდმივად გვისმენდნენ ტელეფონში და იცოდნენ ჩემი აზრი, რომ მე ამ სარჩელის სტრასბურგიდან წამოღების მომხრე გახლდით. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.
როგორც წესი, ყოფილ პოლიციელებს ციხეში მთლად არ სწყალობდნენ და მათ გატეხვის მიზნით განსაკუთრებით მძიმე პატიმრებთან სვამდნენ ხოლმე. თქვენი მეუღლე ასეთ დამოკიდებულებას გადაურჩა?
- თორნიკესთან ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოლიციის პოლკოვნიკია. თუმცა ზეწოლა იყო. როგორც თვითონ ამბობს, სხვას სცემდნენ მის კამერაში, რათა იგი გაეტეხათ. თავიდან მოათავსეს ორკაციან კამერაში და ეტყობა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანთან ჩასვეს, იმ კაცმა ყელი გამოიჭრა. ამის შემდეგ თორნიკემ ყვირილი ატეხა და არ ვიცი, მე მგონი, ის პატიმარი გადარჩა და შემდეგ უკვე სხვაგან გაიყვანეს. უჰაერობა იყო, ძალიან დიდი სიცხეები დაემთხვა, ამის გამო გულიც გაუჩერდა, გონება დაკარგა და შემდეგ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალბათ, არც მეტყვის, რა მოხდა; მეუბნება, რომ არ ვუცემივარო. ამჟამად ახალი ხელისუფლების პირობებეში სასამართლოს თავიდან ჩატარებას ვითხოვთ.
ის პერიოდი როგორ გადაიტანეთ, როცა თქვენს მეუღლეს ესმოდა, რომ მის ძმას, სულხან მოლაშვილს, ციხეში აწამებდნენ?
- სულხანის დაკავებიდან დაწყებული, მისი წამების ფაქტით დამთავრებული, ჩვენი ყოფა აუტანელი იყო. მას შემდეგ, რაც სულხანი ციხიდან გამოვიდა, თორნიკეზეც ისეთი ზეწოლა განხორციელდა, რომ არცერთ სამსახურში არ იღებდნენ. არათუ ძალოვან სისტემაში, კერძო სისტემაშიც კი უარს ეუბნებოდნენ; ბრძანებაა გაცემული, მოლაშვილის ძმა სამსახურში არ მიიღოთო. უფრო მეტიც, მეგობრები პირდაპირ ეუბნებოდნენ, როგორც კი სამსახურში მიგიღებ, ჩვენი ბიზნესი დაღუპულიაო. ამის შემდეგ სულხანი რომ გამოვიდა, ზეწოლა კვლავაც ხორციელდებოდა, რომ სტრასბურგიდან მასალები გამოეტანა.
როგორც მახსოვს, სულხან მოლაშვილის შვილიც სცემეს ქუჩაში.
- ჯერ ბავშვი სცემეს. ამის შემდეგ, მერაბიშვილისგან იყო შემოთავაზება, რომ თორნიკეს დიდ თანამდებობაზე დანიშნავდნენ, ოღონდ სულხანს სტრასბურგიდან სარჩელი გამოეტანა. ამის წინააღმდეგი თავად თორნიკე იყო, სულხანიც წინააღმდეგი აღმოჩნდა, ამიტომაც წავიდა საზღვარგარეთ და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. სტრასბურგში სულხანის საქმე უკვე განხილვის ეტაპზეა და შედეგი მალე დადგება. თორნიკეს საქმე კი, ალბათ, სტრასბურგში დაგვიანდება, მაგრამ ჩვენ ახალი მთავრობის და ახალი სასამართლოს იმედი გვაქვს. როგორც კი დაიჭირეს, პირდაპირ შემოგვითვალა ადეიშვილმა, რა წუთშიც სულხანი გამოიტანდა სარჩელს, იმ წამსვე თორნიკე თავისუფალი იქნებოდა. ჩემი კითხვა მაშინ ასეთი იყო, თუ დამნაშავეა და ამიტომ დაიჭირეთ, სულხანი სარჩელს რომ გამოიტანს, ე.ი. დამნაშავე აღარ იქნება-მეთქი?! ვინც იყო შუამავალი, ჩვენი ადვოკატის სახით, მან პირდაპირ მითხრა, ვეღარ გაიგე, რომ თორნიკე სულხანის გამოა დაკავებულიო?!
სულხან მოლაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა და დაასახელა გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილისა და გოგა გრიგალაშვილის სახელები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ.
- სიმართლე გითხრათ, მეც სულხანისგან მაქვს ამის შესახებ გაგებული და დამატებითი ინფორმაცია ნამდვილად არ ვიცი. სულხანი მაშინაც ამას ამბობდა, რომ ისინი ხმაზე ვიცანიო, რადგან თვალები ჰქონდა აკრული. მადლობა უფალს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადარჩა ჩვენი ქვეყანა; ასევე, მადლობა მინდა გამოვხატო, რომ გამოჩნდა ღვთისნიერი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელმაც იმედი ჩაუსახა არა მარტო ჩვენს ოჯახს, არამედ - უამრავი პატიმრის ოჯახსაც.
მოლაშვილების ოჯახის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ვიდეომასალასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კასეტა ახლად გამოვლენილი გარემოებაა, რომელიც აქამდე ხელთ არ ჰქონდა. ამიტომაც აღნიშნული მტკიცებულება სტრასბურგში დამატებით გააგზავნა.
„ეს მტკიცებულება სწორედ იმას ადასტურებს, რომ 22 მაისს არის ჩაწერილი და ადამიანი ყოველდღიურად ელოდა დაპატიმრებას. პირდაპირ ამბობს, ნარკოტიკს ან იარაღს ჩამიდებენო. მართლაც ასე მოხდა. ახლა ვიღაცამ შეიძლება ეჭვი შეიტანოს, რა ვიცით ჩვენ, ეს მასალა 22 მაისს არის ჩაწერილი თუ უფრო მოგვიანებით, მაგრამ თორნიკე მოლაშვილი 21 ივლისს დააპატიმრეს და, ყველა ვარიანტში, ეს რომ დაპატიმრებამდეა ჩაწერილი, ეს ფაქტია“,-აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, თორნიკე მოლაშვილი ამ მიმართვას ციხეში ვერ ჩაწერდა და ვერც ციხიდან გამოუშვებდა ვინმე სახლში ჩასაწერად. აქედან გამომდინარე, ეს არაპირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ნარკოტიკი და იარაღი ჩადებულია, რადგან არცერთი ჭკუათმყოფელი, რომელმაც იცის, რომ მას იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება ემუქრება, არ ივლის ამ მასალით.
ამასთან, გელა ნიკოლაიშვილი ადასტურებს, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მალე იქნება გამოტანილი და 100 %-ით წაგებული აქვს ყოფილ ხელისუფლებას. ამიტომაც იყვნენ მოწადინებულნი, რაც შეიძლება, სწრაფად გამოეტანათ საქმე უკან. თორნიკე მოლაშვილს შსს-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარეობას ჰპირდებოდნენ და ბრძანება ხელმოწერამდეც იყო მისული, მაგრამ, როდესაც მოსყიდვის თეორიამ არ გაჭრა, დაშინებაზე გადავიდნენ და მოუწყეს ნარკოტიკისა და საბრძოლო მასალის ინსცენირება.
ადვოკატის თქმით, შესაძლებელია, თორნიკე მოლაშვილის საქმე სტრასბურგამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიხედოს, როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება.
„თუკი ახალი ხელისუფლების პირობებში სასამართლო ობიექტური და დემოკრატიული გახდა, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ეს საქმე აქაც გადაისინჯოს,“-აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.