მშენებლობის დროს კანონდაღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

მშენებლობის დროს კანონდაღვევა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

თბილისის მერია პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტს აგზავნის, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში კანონდაღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. მერი კახა კალაძე ამბობს, რომ იძულებულები შეიქნენ, ასე მოქცეულიყვნენ. უნდა ითქვას, რომ მშენებლები გაგებით ეკიდებიან მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებას, რამდენადაც დედაქალქში ვითარება უკვე სავალალოა.

„ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ამ ცვლილებებით რადიკალიზაციაზე წავსულიყავით და რადიკალური ზომები მიგვეღო. ეს ცვლილებები ითვალისწინებს სამშენებლო მიმართულებით დაფიქსირებული ზოგიერთი დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას, ანუ, თუ ამ დრომდე დარღვევა ადმინისტრაციულში გადადიოდა, ახლა უკვე სისხლის სამართლის დანაშულის სტატუსი იქნება.

სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს შემდეგ დარღვევები: K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, რაც ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანაონოდ გაგრძელებას ნიშნავს“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის.

„ვნახეთ ურბანული განვითარებისთვის თვალსაზრისით ეს რამდენად დიდ პრობელმას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სპეციალურ ჯგუფებთან და ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კანონპროექტზე მუშაობა და დღეს უკვე დასრულებულ პაკეტს საქართველოს პარლამენტს გადავუგზავნით და მზად ვართ, ყველა კითხვას პასუხი გავცეთ“, - განმარტა კალაძემ.

სამშენებლო სფეროს სპეციალისტი, იურისტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ არსებული რეგულაციების პირობებშიც შეუძლია მერიას, უფრო ქმედითი და აქტიური გახდეს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში პასიურ მდგომარეობაშია.

„უამრავი ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინაა საქართველოში. სანებართვო პირობები უხეშად ირღვევა და მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, ყველა ასეთი ობიექტი დააჯარიმოს. რეაგირების მოხდენა შესაძლებელია, რათა მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები შესრულდეს. მერიის პასიურობა აიხსნება იმით, რომ ახალ ინიციატივაზე მუშაობენ. ეს კარგია, მაგრამ იმავდროულად არსებული საკანონმდებლო ბაზის გამოყენებაც შესაძლებელია“, - აცხადებს ზაქაშვილი.

მენაშენეთა ასოციაცია კი გაგებით ეკიდება მერიის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივას. როგორც თორნიკე აბულაძე ამბობს, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მშენებლობებზე შემთხვევით დარღვევებზე არ გავრცელდება.

„აქ მშენებლობის დროს მუშის მიერ შემთხვევით დარღვევებზე არ არის საუბარი, არამედ ეს წინასწარ განზრახული დარღვევაა და სწორედ ამაზე ხდება პრევენცია. ეს პრევენციის ხარისხის გაზრდაა და არა - რეგულაცია. მაგალითად, თუ გარკვეული სიმაღლის შენობის აშენება გაქვთ დაგეგმილი და ამას სპეციალურად უმატებთ სიმაღლეს, ეს უკვე განზრახ დარღვევაა. ასევე, როცა აშენებთ შენობას, მოვიდა ზედამხედველობის სამსახური და მშენებლობის შეჩერებაზე მიგითითათ, მაგრამ თქვენ არ შეაჩერეთ, ესეც განზრახ დარღვევაა, მაგრამ თუ თქვენ მშენებლობისას რამდენიმე სანტიმეტრით გადაცდებით სიმაღლეს, ეს უკვე შემთხვევითი დარღვევაა“, - განაცხადა აბულაძემ.

მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიას ახალ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორთან წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა.

Serapina ისევ, გახარიას გადასარჩენი ამდენი თხლე!
მდინარაძე და კობახიძეს დამითაგეთ... და მაგათი ტაშის დამკვრელი ბრიყვები კიდევ!
5 წლის უკან