„მახინჯი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მონად აქცევდა მოქალაქეებს, უნდა დაინგრეს,“ _ აცხადებენ „ლაბორატორია 1918“-ის წევრები და ჭიათურელი მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად ქუთაისში ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნას აქციით შეეგებებიან. ლაბორატორიის წევრების თქმით, ისინი არ აპირებენ, დაელოდონ, თუ როდის „მოიცლიან“ მათთვის პარლამენტარები.
მუშების მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, ახალგაზრდები მონობის კოდექსის შეცვლას ითხოვენ. მათი თქმით, უნდა შეწყდეს სახელმწიფოსა და კორპორაციების მიერ მოსახლეობის ერთობლივი ჩაგვრა და სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.
“ჩვენ აღარ მოვითმენთ, შევეგუოთ მდგომარეობას, როცა სისტემა ადამიანებს თვითგადარჩენის რესურსად იყენებს. ქარხნის ადმინისტრაციის მხრიდან მუშების მოთხოვნების შესრულება არა მხოლოდ მუშების გამარჯვება იქნება, არამედ მოქალაქეების მიერ სოციალ-პოლიტიკური რეალობის შეცვლის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი,“-ნათქვამია ლაბორატორია 1918 -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის გამართვის შემდეგ „ლაბორატორია 1918“-ის წევრები არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ მაღაროელების პროტესტის გასაზიარებლად ქუთაისიდან ჭიათურაში გადანაცვლებას აპირებენ.
For.ge „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლებს ესაუბრა.
ხატია ნადარაია აცხადებს, რომ დღესდღეობით საქართველოში შრომის კოდექსი გაუმართავია და სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის, რომ საკუთარ მოქალაქეს მონურ პირობებში ცხოვრება არ უწევდეს.
„ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, აქციის გამართვას იმიტომ ვაპირებთ, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნა და აუცილებლად შეიცვალოს შრომის კოდექსი. ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებთ მუშებს. მიგვაჩნია, რომ მაღაროს ადმინისრაცია მათ მიმართ დათმობაზე უნდა წავიდეს,“-აღნიშნა ხატია ნადარაიამ For.ge-სთან საუბარში.
მისი ინფორმაციით, გაფიცვას დასაქმებულთა სხვა ჯგუფებიც აპირებენ და ასეთი მოქმედებით მხარდაჭერას გამოუცხადებენ მაღაროელებს. ასე რომ, ეს იქნება პრეცენდენტი, როდესაც ჩვენი ქვეყნის „ელიტის“ ნაცვლად, მოქალაქეები შექმნიან პოლიტიკურ პროცესებს და დღის წესრიგსაც ისინი შეადგენენ.
ხატია ნადარაიას თქმით, ცოტა ხნის წინ მათი წარმომადგენლები ჭიათურაში ჩავიდნენ და მაღაროელების საცხოვრებელი პირობები გადაიღეს. აღმოჩნდა, რომ იქაურთა კვებისა და არსებობის საშუალებები ადამიანის ღირსების შემლახავია. მაღაროელების ხელფასები მიზერულია, მაშინ, როცა მათ ხელმძღვანელობას არაადექვატურად მაღალი ხელფასები აქვთ და ამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდებიან.
„ლაბორატორია 1918“-ის წევრი ანი ჭანკოტაძე კი მიიჩნევს, რომ ჭიათურელი მუშები ადამიანთა ვიწრო ჯგუფს არ განეკუთვნებიან და მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ადმინისტრაციის მხრიდან მათი მოთხოვნის შესრულება.
„უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივითა და საკუთარი ძალებით მოახერხეს სოციალური და პოლიტიკური რეალობის შეცვლა, რაც ჩვენს ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ეს არის ჯანსაღი პროცესი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების გარანტია, რომ მოქალაქეებმა ადგილზევე დაიწყონ თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა“,-აცხადებს ანი ჭანკოტაძე.
მისივე თქმით, ისინი შრომის კოდექსის შეცვლას ორ ღამეში არ ითხოვენ და ეს მოთხოვნა დიდი ხანია აქვთ, როცა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას ეპყრა მართვის სადაავეები. თუმცა ისინი აპირებენ, დანაპირები შეახსენონ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, რომლის სარჩევნო პროგრამაშიც ეწერა, რომ ისინი შრომით კოდექსს აუცილებლად შეცვლიდნენ.
გარდა ამისა, ანი ჭანკოტაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივთა სიცოცხლისთვის სახიფათოა ის პირობები, სადაც ისინი მუშაობენ. მეტიც, სწორედ ეს არის თანამედროვე მონობა. ისინი იძულებულნი არიან ისეთ გასამრჯელოს დათანხმდნენ, რაც მათ საკვებზეც არ ჰყოფნით. ანი ჭანკოტაძის განმარტებით, „ლაბორატორია 1918“-ის წევრებთან მუშების საუბრისას გაირკვა, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა და ქარხნის მფლობელები მთელი ამ დროის განმავლობაში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. უფრო კონკრეტულად, ნაციონალური მოძრაობა მუშების პროტესტს თავისი ინსტიტუტებით -პოლიციით, გამგეობით და სხვა საშუალებებით უმკლავდებოდა. ასეთი ზეწოლის შემდეგ კი მაქსიმალური მოგება რჩებოდა თავად ქარხნის ადმინისტრაციას.
„საკვები, რომელსაც მუშებს ურიგებდნენ, თურმე ძაღლებმაც არ შეჭამეს, როცა გადაუგდეს“,-აღნიშნა ანი ჭანკოტაძემ.
ლაბორატორიის წევრი არჩილ წერეთელი აცხადებს, რომ იგი ორ მეგობართან ერთად ჭიათურაში აქციის მონაწილეებს ესტუმრა და ითხვისის მაღაროსაც ეწვია. მართალია, ახალგაზრდები უშუალოდ მაღაროში არ შესულან (რაც მარტო მაღაროელებისთვის არის დასაშვები), მაგრამ მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ მთლიანი პერსონალი, მათ შორის, უსაფრთხოების ინჟინერიც მაღაროელთა პროტესტს უერთდებოდა.
„მუშებმა როგორც გვითხრეს, მთელი დღის მანძილზე ორი კვერცხი და ერთი მაწონი უნდა იმყოფინონ. ამ დროს კი ადმინისტრაციას ძველი მაწონი და კვერცხი მიაქვს და თურმე მაცივარშიც არ ინახავენ. მათი მფლობელი უცხოელია, გვარად როზინსკი, რუსი ებრაელი, ხოლო ქარხნის დირექტორია ვინმე გლურჯიძე, ადგილობრივი ჭიათურელი. მაღაროელების თქმით, იქ ფინანსური მაქინაცია მიმდინარეობს, ორ-ორი ანგარიში აქვს ყველა მუშას გახსნილი და ამ ორ ანგარიშზე სხვადასხვანაირად ირიცხება თანხები. მაღაროელებს მიზერული, სამასიდან ოთხას ლარამდე ხელფასი აქვთ. ამასთან, ამბობენ, რომ თითქოს ეკლესიის ასაშენებლად ხელფასიდან ფულს უქვითავდნენ, მაგრამ ეკლესია ხუთი წელია შენდება და მარტო ბალავარია ჩაყრილი“.
გარდა ამისა, მაღაროელები იმასაც ჩივიან, რომ ჭიათურაში არ არის საავადმყოფო და ავად გახდომის შემთხვევაში, ისინი ზესტაფონში უნდა ჩავიდნენ. მართალია, თავის დროზე ჭიათურაში მაღაროელებისთვის სპეციალური საავადმყოფო არსებობდა, მაგრამ იგი ზესტაფონში გადაიტანეს. მიზერული თანხით კი მათ ოპერაციის დაფინანსება და მკურნალობის ჩატარება არ შეუძლიათ, ამიტომ ასი პროცენტით თანხის გაორმაგებას ითხოვენ.
„დაზღვევაც ახლახანს დაუწესეს, მას შემდეგ, რაც მათ გაფიცვები წამოიწყეს“, - აცხადებს „ლაბორატორია 1918“-ის წევრი.