„ღმერთმა ნუ ქნას ეს გადაწყვეტილება მიიღოს ერდოღანმა, თურქეთის ეკონომიკას ბულდოზერით გადაუვლის ტრამპი“

„ღმერთმა ნუ ქნას ეს გადაწყვეტილება მიიღოს ერდოღანმა, თურქეთის ეკონომიკას ბულდოზერით გადაუვლის ტრამპი“

აშშ–ის ხელისუფლება ანკარას ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთი უარს არ იტყვის რუსეთისაგან „ეს–400“–ის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე, ამერიკა შეწყვეტს  „ეფ–35“–ის ტიპის გამანადგურებლის მართვისთვის თურქი პილოტების მომზადებას. გადაწყვეტილების მიღებამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვადა 31 ივლისამდე აქვს.

ანკარა ვაშინგტონის ერთ–ერთი მთავარი მოკავშირე და საერთაშორისო პარტნიორია. აღსანიშნავია, რომ აშშ თურქი პილოტების მომზადებაში ყოველ წელს 420 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს. მიუხედავად ამისა, თურქეთმა რუსეთთან საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რასაც აშშ და ნატო–ს სხვა წევრები ეწინააღმდეგებიან. თურქეთის მიერ ნატოს მთავარი მოწინააღმდეგის რუსეთისგან „ეს–400“–ის ყიდვამ შესაძლოა ნატოში თურქეთის წევრობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

როგორც ცნობილია აშშ-თურქეთის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობები არსებობდა ფეთულა გიულენის და ქურთული მოძრაობის მხარდაჭერის გამო. ეს ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა სიირიის ჩრდილოეთ პროვინცია ადლიბში თურქეთის მიერ ოპერაციის „ზეთისხილის რტო“–ს წამოწყების შემდეგ. გამწვავების შემდეგი ტალღა იყო შარშან ამერიკელი პასტორის დაკავება.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მაშინ პროგნოზირებდა, რომ დაძაბულობის ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა და ჯერჯერობით ასე გრძელდება. იმის პროგნოზირება, თუ სანამდე გასტანს და რა შედეგებამდე შეიძლება მივიდნენ მხარეები, როგორც სალუქვაძე აცხადებს, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

„ამ დაძაბულ ურთიერთობებს სხვა, უფრო ღრმა მიზეზებიც აქვს. ჯერჯერობით ნატოში თურქეთის წევრობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, თუ რუსეთ–თურქეთის სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ურთიერთობები ნატოს შიგნითაც დაიძაბება.

ნატო და აშშ საკმაოდ მწვავედ აღიქვამს რუსეთის ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ნატოს წევრ ქვეყნებში. განსაკუთრებით ეს ეხება მართვის სისტემებს, ავიაციას, საჰაერო თავდაცვას. ამ ჭრილში რუსული „ეს–400“–ის ტიპის საზენიტო კომპლექსების შეძენა უახლოეს პერიოდში დაძაბულობის შენარჩუნების მიზეზი იქნება. როგორც რუსეთის მხარე აცხადებს, კონტრაქტი გეგმის თანახმად ხორციელდება“, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი კონტრაქტის შესრულება დაიწყება, სალუქვაძის განმარტებით, არ არის გამორიცხული ვაშინგტონმა სანქციების გარდა, სხვა ზომებიც გაატაროს.

„რთულად წარმომიდგენია თურქეთის მიერ ნატოს დატოვება, რადგან თურქეთი ჩრდილო–ატლანტიკურ ბლოკში გაცილებით ძლიერია, ვიდრე მის გარეშე. თუმცა, ბლოკში არსებობის აზრი იკარგება სამხედრო–ტექნიკურ სფეროსა და რეგიონალუღ საკითხებში მწვავე დაპირისპირების პირობებში. როდის მოხდება, ან მოხდება თუ არა დაძაბულ ურთიერთობებში გარდატეხის შეტანა, დღეს ვერავინ იტყვის“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ეს არ არის უბრალო გადაწყვეტილება, რომელიმე ქვეყანა რა იარაღს შეიძენს, ვინაიდან, აქ სიტუაციას დრამატიზმს მატებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირევლი და მნიშვნელოვანი ფაქტორი ცინცაძის განმარტებით ის არის, რომ ნატო–ს 70 წლიან ისტორიაში პირევლი უპრეცედენტო შემთხვევა არის, როდესაც ნატოს ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანა, ნატოს სამხრეთი ფლანგი და მთავარი მეგუშაგე, ნატოს მთავარი მტერისგან ყიდულობს სუპერ სტრატეგიულ იარაღს.

„ეს არის მომენტი, რომელიც დრამატიზმს მატებს მთელს ამ სიტუაციას. არ მგონია, ერდოღანმა ასე იოლად დაუქნიოს ხელი ტრამპს. ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ამერიკა შეწყვეტს თურქი პილოტების მომზადებას, ასევე ლაპარაკია 9 მილიარდიან სამხედრო კონტრაქტზე. ამასთან როგორც ცინცაძე აცხადებს, დღეს ამერიკის ეკონომიკის სიმძლავრე იმის სრულ გარანტიას იძლევა, რომ თურქეთის ეკონომიკას მძიმე დღე ელის.

ამიტომ, არავის ვუსურვებდი იმ სიტუაციაში აღმოჩენას, რომელშიც დღეს ერდოღანი აღმოჩნდა. გასაგებია, რომ პუტინს ხვდება, მაგრამ ის საშინელი დანაკარგის კომპენსაციას, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ელის თურქეთს, ვერ შეძლებს რუსეთი, რომლის ეკონომიკა იტალიის ეკონომიკას ხან ეწევა, ხან არა.

თურქეთის ეკონომიკას ბულდოზერით გადაუვლის ტრამპი. ღმერთმა ნუ ქნას ეს გადაწყვეტილება მიიღოს ერდოღანმა. იმიტომ, რომ ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იქნება ნატოსათვის, რომელსაც ძალიან გაუჭირდება თავისი პოზიციების შენარჩუნება“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად დადგება საკითხი თურქეთის ნატოში ყოფნის თაობაზე, მაშინ, როდესაც ნატოს წესდება არ ითვალისწინებს რომელიმე წევრი ქვეყნის გარიცხვას.

„ამიტომ შეიქნება რთული ვითარება. უკვე თითქოს გაჟონა ინფორმაციამ, რომ თურქეთი ემზადება უარი თქვას ამ კომპლექსის შეძენაზე, რაც დიდი მარცხი იქნება რუსეთისათვის. ნებისმიერი გადაწყვეტილება, იყიდის, თუ არ იყიდის ამ კომპლექსს თურქეთი, ეს ასაევე აისახება საქართველოზე იმიტომ, რომ ბევრი რამ შეიცვლება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ნატოს არეალში“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.

 

ანალიტიკოსის, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელის, ზურაბ აგლაძეს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი თურქეთი უარს არ იტყვის რუსეთისაგან „ეს–400“–ის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე, ამით ოფიციალური ანკარა ძალიან ბევრს, ვიდრე მოიგებს.

„რუსეთი ამერიკასთან შედარებით სამხედრო მნიშვნელობის არ არის. თუ გადავხედავთ თურქეთის შეიარაღებას და ავიღოთ იგივე ავიაცია, ძირითადად ამერიკული შეირაღებაა. ამიტომ, თურქეთი როგორც ნატოს წევრი გაცილებით მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს. ვნახეთ ამერიკის ერთმა განცხადებამ როგორ მდგომარეობაში ჩააყენა თურქული ლირა. აშშ–ს ძალიან დიდი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ თურქეთი აიძულოს უარი თქვას ამ კონტრაქტზე.

რა თქმა უნდა, თუ თურქეთი რაციონალურ პოლიტიკას ითამაშებს, თუმცა ერდოღანის პიროვნებიდან გამომდინარე, რომელიც პიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკაში, გამიჭირდება იმის თქმა, რას გააკეთებს. დაველოდოთ რას იზამს თურქეთი და რა საპასუხო ნაბიჯს გადადგამს აშშ–ი. ვფიქრობ, ამერიკა არ წავა თურქეთის წინააღმდეგ ესკალაციასზე და არც ეკონომიკურ განადგურებაზე. თუმცაღა საფასურს ნამდვილად გადაიხდის თუქეთი“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.