რეზო ლაღიძის „უცნაური ჩვეულება“

რეზო ლაღიძის „უცნაური ჩვეულება“

დღევანდელ მოგონებებში ტრადიციას არ დავარღვევთ, რამდენიმე ათეული წლით უკან დაგაბრუნებთ და ქართველი ხელოვანების მორიგ სახალისო ამბებს წარმოგიდგენთ.

რეზო ლაღიძეს ერთი უცნაური ჩვეულება ჰქონდა – სანამ ინსტრუმენტზე დაკვრას დაიწყებდა, ოთახის დარაბებს საგულდაგულოდ ხურავდა. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ კომპოზიტორთა სახლში ცხოვრობდა.

– წერის დროს თუ ფანჯრები არ დავკეტე, დიდი შანსია, რომელიმე კოლეგამ „თავისი დაწერილი“ ჩემივე მელოდია მომასმენინოსო.

მსახიობი ჯემალ მონიავა იხსენებდა: კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო საღამოზე ქალბატონმა ვერიკომ ხელი მოიტეხა. მთელი დარბაზი ერთი საათის განმავლობაში სუნთქვაშეკრული ელოდა ვერიკო ანჯაფარიძის საავადმყოფოდან მობრუნებას. ქალბატონი ვერიკო მობრუნდა და განაგრძო თამაში თაბაშირიანი ხელით. ვინ იცის, რა აუტანელი ტკივილებით დაასრულა სპექტაკლი ისე, რომ მაყურებელს მის სახეზე ტკივილის ჩრდილიც არ დაუნახავს. მსახიობი გმირულად „ითმენდა“.

ასეთივე შემთხვევას იგონებდა ოთარ მეღვინეთუხუცესიც: „მახსოვს, „ურიელ აკოსტას“ წარმოდგენაზე ხელი მოიტეხა. სასწრაფო გამოიძახეს, სახელდახელოდ შეუხვიეს ხელი და ისევ სცენაზე გავიდა. ბოლო მოქმედება ასე ჩაატარა. სცენაზე ნატრობდა სიკვდილს. ამიტომაც არ მოეშვა უკანასკნელ წუთებამდე საქმეს. სულ უკმაყოფილო იყო, ხმა ამოიღეთ, გაინძერით, რას გაჩუმებულხართო, - ხშირად გვეუბნებოდა. როგორც წიწილებს კრუხი, ისე დაგვტრიალებდა თავს“.

რეზო ჩხეიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მოსკოვში, საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ორადგილიან ოთახში ჩემთან ერთად ერთი შავკანიანი აფრიკელი ცხოვრობდა, რომელიც ასევე სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ერთ საღამოს ოთახში შევდივარ და ვხედავ ჩემი მეზობელი საწოლზე ზის და მწარედ ტირის. მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა – მამა გარდამეცვალაო. შევწუხდი და ვანუგეშებ, სხვადასხვა სიტყვებს ვეუბნები – რას იზამ, ყველა სიკვდილის შვილები ვართ, გამაგრდი-მეთქი... მან კი მოულოდნელად ტირილი შეწყვიტა და მითხრა:

– ყველანი სიკვდილის შვილები კი ვართ, მაგრამ როგორ გავმაგრდე, როცა ჩემი ქვეყნის ხალხი მამის მაგივრად ტახტზე ასვლას მთხოვს. მე კი მეფობა არ მინდა, კინორეჟისორობა მინდაო.

ჩემი მეზობელი, თურმე მეფის შვილი, პრინცი ყოფილა აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში.“

კომუნისტების მმართველობის პერიოდში მილიციას ძალიან ცუდი იმიჯი ჰქონდა. ერთხელ ცნობილი კრიტიკოსი ბესო ჟღენტი და გენიალური კონსტანტინე გამსახურდია დეზერტირების ბაზარში იყვნენ ხორცის საყიდლად. კოწიამ ყასაბს ჰკითხა:

– გული გაქვს?

– არა, – მიუგო მეხორცემ.

– ჯიგარი? – ყასაბმა კვლავ უარყოფითად უპასუხა.

– ტვინი?

– არც ტვინი, ბატონო, – ხელები გაშალა ყასაბმა.

კოწიამ, რომელსაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა მილიციელები, ყასაბს უთხრა:

– რა, მილიციელი ხომ არ დაკალით და მის ხორცს ყიდითო?

ორშაბათობით მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლების ნაცვლად იმართებოდა ქართული ესტრადის ხელოვანთა კონცერტები, რომელთაც მრავალი მაყურებელი ესწრებოდა. მორიგი საღამო დებმა იშხნელებმა გამართეს. პარტერის პირველ რიგში ამავე თეატრის უკვე ფრიად ხანდაზმული სამი დიდი მსახიობი იჯდა.

- კაცო, სანდრო, თუ კაცი ხარ, ამიხსენი, ეს დები იშხნელები თავიდან ხომ ოთხნი იყვნენ?

- კი! – მერე, ახლა სამნი რატომ გამოდიან?

- ერთი მოკვდა!

- აბა, რომელი?

- აი, ის, შუაში რომ დგას!

მსახიობმა ბინოკლი მოიმარჯვა და დიდხანს ათვალიერებდა შუაში მდგარ მთლად გაჭაღარავებულ მომღერალს.

- საწყალი, რა ახალგაზრდა მომკვდარა…

1999 წლის 10 ნოემბერს ხელოვნების მუშაკთა სახლში კარლო საკანდელიძის შემოქმედებით საღამოზე მისი წამყვანი, კოტე მახარაძე იგონებდა:

„ერთხელ მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ჩამოგვეყალიბებინა „მოტრაბახეთა კლუბი“,

სადაც გაერთიანებული ვიყავით ერთმანეთზე უარესი მატყუარები. ერთხელ კამათისას ვიღაცას წამოსცდენია, რომ დიდი ლოქო დაიჭირა, სოსო ლაღიძეს კი უთქვამს, ერთხელ იმხელა ლოქო დავიჭირეთ, ცხენზე გადავკიდეთ და კუდი ერთ მხარეს ეთრეოდა მიწაზე, თავი მეორე მხარესო. მაგრამ თურმე კარლო მხოლოდ ჩაიცინებდა და ხმას არ იღებდა. როდესაც მისი რიგი დამდგარა, ისეთი ტყუილი უთქვამს, რომ ბიჭები სიცილით დახოცილან. იგი ამტკიცებდა, ჩემი თვალით ვნახე, მდინარის ნაპირას წყლის დასალევად ჩასული კამეჩი ლოქომ როგორ გადაყლაპაო“.

თავის დროზე ანსამბლი “რუსთავი” საგასტროლოდ იტალიაში იმყოფებოდა. მათთან ერთად იყვნენ ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო თაბუკაშვილი. ბატონი ჯანსუღი იტალიური შთაბეჭდილებებიდან ერთ ამბავს განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა:

“კონცერტი ტარდება ვენეციის მოედანზე. სამი ათასამდე კაცი ფეხზე დგას, ორი ათასი – ზის. მე ვეღარ ვაქტიურობ, მივეჩვიე ანსამბლის ყოველდღიურ საოცარ ფურორს და თან მეჩქარება, მინდა, კონცერტი დროზე დამთავრდეს, მოედნის კუთხეში ლუდის მაგიდა მაქვს შეკვეთილი.

ჰამლეტ გონაშვილმა “ჩაკრულო” შეუბერა, დაამთავრა და ინგრევა ვენეციის მოედანი ხუთი ათასი მსმენელის ტაშის გრიალით და შეძახილებით. მე ვდგავარ ჩემთვის და ტაშს არ ვუკრავ, ლუდზე ვფიქრობ. გვერდით ვიღაც იტალიელი კაცი ხმამაღლა და უდიერად მომმართავს, მეჩხუბება. ერთი სიტყვა კი გავიგე – “ლა დეგენერატო”. თარჯიმანი მოვიყვანე. როცა გავარკვიეთ, ვინ ვინ იყო და რა მოხდა, ორივემ სიცილი დავიწყეთ. ამ იტალიელ კაცს მეც თანამემამულე ვეგონე და გაოცებული მეჩხუბებოდა,  – შე დეგენერატო, უკეთესი რა მოგისმენია, რომ ტაშს არ უკრავ და ამ ხუთი ათას ადამიანში ერთადერთი უვიცი იტალიელი შენ ხარო. ჩვენს სიცილ-ხარხარში კონცერტი დასრულდა და ის იტალიელი ჩვენ წამოგვყვა ლუდის დასალევად.”