„ნაცმოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“ კანონგარეშედ გამოვაცხადოთ“

„ნაცმოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“ კანონგარეშედ გამოვაცხადოთ“

გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას საქმის გარჩევა და წამოძახება კომუნისტური, თუ ნაციონალური წარსულის გამო... ადა მარშანიას რეპლიკა -„ქართულო ოცნებავ“, ახია თქვენზე, ეს ხალხი („ნაციონალები“) ლექციას რომ გიკითხავენ“... ირაკლი კობახიძის ხუმრობანარევი სეფესიტყვა - „ნაცმოძრაობა“ და „კომუნისტური პარტია“ კანონგარეშედ გამოვაცხადოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ჩარევა მაშინ გახდა საჭირო, როცა გიგა ბოკერიამ ბრალი დასდო გია ვოლსკის ცეკას ინსტრუქტორობაში, ხოლო გია ვოლსკიმ „ყეყეჩ ბოკერიას“ „ნაციონალების“ დროს ყავარჯნებით მამაკაცების გაუპატიურება შეახსენა.

For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ჩვენი ანალიტიკოსები „ნაცმოძრაობისა“ და „კომუნისტური პარტიის“ კანონგარეშედ გამოცხადების შესახებ?!

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია იზიარებს ირაკლი კობახიძის აზრს და მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობის“ და „კომუნისტური პარტიის“ კანონგარეშედ გამოცხადების დრო დიდი ხანია დადგა. ამდენად, ავტორიტარული რეჟიმის სიმბოლოები - „ნაცმოძრაობა“ და კომუნისტური პარტია ერთი-ერთზე უნდა გამოვაცხადოთ კანონგარეშედ.

ჩვენს შეკითხვაზე, რომ მასშტაბი განსხვავებული იყო და „კომუნისტური პარტია“ მასშტაბურად მოქმედებდა ხალხის საზიანოდ, ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ქვეყანამ ერთი და იმავე სახის ზიანი მიიღო კომუნისტების დროსაც და „ნაციონალების“ პერიოდშიც. კერძოდ, კომუნისტებმაც გაანადგურეს ინტელიგენციის ნაწილი და „ნაციონალების“ დროსაც განადგურდა გენოფონდი.

„300 ათას ადამიანს ციხეში რომ გაუშვებ და 2 მილიონი ადამიანი რომ გაგექცევა ქვეყნიდან, ეს გენოფონდის განადგურება არ არის?! უბრალოდ, ახლა 21-ე საუკუნეა და მასობრივად ვერ დახვრეტდნენ ადამიანებს, რაც ბოლშევიკებმა ჩაიდინეს, თორემ შედეგი იგივეა - გენოფონდის განადგურება. რაც შეეხება ზოგიერთების შიშს, „ნაცების“ კანონგარეშედ გამოცხადების შემთხვევაში, რას იტყვის დასავლეთიო, ესეც არაა პრობლემა. თუკი დასავლეთს „ნაციონალების“ მიერ ჩადენილ ფაქტებს დავუდებთ, შეიძლება ხმაც არ ამოიღოს და უფრო მეტადაც მოითხოვოს სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანა. გავიხსენოთ, რომ პატრიოტებს, პოლიტპატიმრებს და ესპანეთის მთავრობას სამი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, რა ნაძირალაც იყო პინოჩეტი. ამის შემდეგ პინოჩეტი ბრიტანეთში გაასამართლეს, როგორც ყველაზე სასტიკი პოლიტიკოსი და სასჯელი მიუსაჯეს 90 წელს გადაცილებულ მოხუცს. ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ თუ არ იმუშავა, მის მაგივრად არავინ იმუშავებს“, - მიიჩნევს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ხუმრობით შენიშნავს, რომ რიგითობით რომ მივუდგეთ, ჯერ „კომუნისტური პარტია“ უნდა გამოვაცხადოთ კანონგარეშედ, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოხდა და მერე მივადგეთ „ნაციონალურ მოძრაობას“. თანაც, ჯერ უნდა დავიწყოთ „კომუნისტური პარტიის“ მთავარი შტაბიდან - ცეკადან და უშუალოდ ცეკას მთავარი შტაბიდან „ორგოტდელიდან“, ანუ საორგანიზაციო განყოფილებიდან. ეს იყო რაიკომის მდივნების, ცეკას მდივნების ინკუბატორი და სწორედ „ორგოტდელს“ წარმოადგენდა გია ვოლკი.

„სხვათა შორის, იქ ძალიან ჭკვიან ხალხს ღებულობდნენ. ეს ვოლსკისაც ეტყობა, ვოლსკი ჭკვიანია. ახლანდელმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ „კომუნისტური პარტიის“ წევრობა სრულიად განსხვავდებოდა პარტიული მუშაკისგან, რომელიც პარტიულ დავალებებს ასრულებდა. ჩვენი დიდი პატრიოტები, მეცნიერები, კომპოზიტორები, არტისტები - ყველანი „კომუნისტური პარტიის“ წევრები იყვნენ.

„მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში ვმსახურობდი, პრეზიდენტის თანაშემწე გახლდით, მაშინდელი ჩვენი აკადემიის პრეზიდენტიც პარტიის წევრი იყო და მეც ვიყავი პარტიის წევრი. ილია ვეკუაც პარტიის წევრი იყო, ნიკო კეცხოველიც პარტიის წევრი იყო. მოგეხსენებათ, ჩემი წინაპრები დედისა და მამის მხრიდან რეპრესირებულნი იყვნენ, ბაბუა არ ვიცი, ვინ იყო, რადგან ერთი ბაბუა დაიჭირეს და გადაასახლეს, მეორე ბაბუა დახვიტეს მთელი თავისი ნათესაობით. თუმცა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში რომ მიმიღეს, მითხრეს, შენ აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე ხარ და უნდა გახდე პარტიის წევრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა წახვიდე სამსახურიდან. ჩემი პარტიის წევრობა განისაზღვრებოდა იმით, რომ პარტიის საწევროს, 1 თუ 2%-ს მიკავებდნენ, სამ თვეში ერთხელ პარტიული კრება ტარდებოდა, გინდ დაესწრებოდი, გინდ არა. რასაკვირველია, კომუნისტური პარტია იყო დამნაშავე პარტია, გავიხსენოთ სისხლიანი 1924 წელი, სისხლიანი 1937 წელი, ბოლშევიკებმა მარტო საქართველოში კი არა, მთელ რუსეთში დახოცეს ინტელიგენცია. ყველაფერს თავი დავანებოთ, მაშინ, როცა გენეტიკა ფეხს იდგამდა, მსოფლიო დონის გენეტიკოსი აკადემიკოსი ვავილოვი ომის დროს როსტოვის ციხეში შიმშილით მოკლეს. საჭმელი არ იყო, ხალხს საკვები არ ყოფნიდა და ამ დროს პატიმარს ციხეში ვინ აჭმევდა? სოლჟენიცინი გააგდეს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში.

მისივე განმარტებით, საქართველოში პარტიის წევრი 500 თუ 600 ათასი ადამიანი იყო, ხოლო საბჭოთა კავშირში -3 მილიონი. ამდენად, უსამართლობა იქნება, ამ ხალხს მივადგეთ და ყველა მათგანი დამნაშავედ გამოვაცხადოთ. მათგან განსხვავებით, პარტიული მუშაკის ფუნქცია სრულიად სხვა იყო, თუმცა იქაც გვხვდებოდა წესიერი ხალხი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ გია ვოლსკიმ, როგორც ჭკვიანმა კაცმა, უნდა იცოდეს, რომ დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ცეკასთან კავშირს ყოველთვის გაუხსენებენ. ეს ვოლსკის მძიმე ჯვარია, შესაძლოა, ის სულაც კარგ საქმეებს აკეთებდა ცეკაში, შესაძლოა, კარგ ადამიანებს აწინაურებდა და მათზე რეკომენდაციას გასცემდა, მაგრამ რაღაცას ყოველთვის წამოაძახებენ.

„რაც შეეხება ბოკერიას, მასაც ყოველთვის ექნება საკუთარი წარსული წამოსაძახებელი, ამდენად, საკუთარ განცხადებებში ორივე თავშეკავებული უნდა იყოს“.

სოციალისტი კომუნისტები იყვნენ ჟიული შარტავა და გურამ გაბესკირია. ვოლსკიც თუ კომუნისტი იყო, მაშინ კიდევ უფრო მეტი პატივისცემა ჩემგან. ხოლო ევრონაცები, ნაცები და რესპუბლიკელ- თავისუფალი დემოკრატები მხოლოდ ლგბტ ხროვის (პრაიდი) შემოქმედები, დამნერგავები და დამკანონებლები არიან, ანუ არამზადები.
5 წლის უკან