ვერეს ხეობაში, სადაც 23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, კორპუსები ინტენსიურად შენდება

ვერეს ხეობაში, სადაც 23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, კორპუსები ინტენსიურად შენდება

4 წლის წინანდელი გამანადგურებელი სტიქიის შემდეგ ვერეს სახიფათო ხეობაში შეუსვენებლივ გრძელდება სახლებისა და კორპუსების მშენებლობა. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ხეობაში მიმდინარე მშენებლობების შესახებ საგანგაშო ინფორმაციასა და ფოტოებს ავრცელებს:

„ზუსტად 4 წლის წინ, 13 ივნისს მდინარე ვერემ წარმოუდგენელი ტრაგედია დაატრიალა. უცაბედად მოვარდნილ ღვარცოფს 23 ადამიანი ემახვერპლა. მაშინ ხელისუფლებამ კატეგორიულად განცხადა, რომ ყველანაირი მშენებლობა აიკრძალებოდა ვერეს ხეობაში. უფრო მეტიც, გაიცა დაპირება, რომ ხეობაში მცხოვრებლებს გაიყვანდნენ სახიფათო ზონიდან. ეს დაპირება არ შესრულდა. ამიტომ მათი სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია!

ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა ვერეს ხეობაში დღეს არსებული სიტუაციით. ადგილზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  ვერეს ხეობაში, სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში, იქ სადაც 23 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას, მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების ინტენსიური მშენებლობები. ყველა ნეიტრალური გეოლოგი და ჰიდროლოგი აღნიშნავს, რომ ხეობაში ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს!

მშენებლობებზე ნებართვები გაცემულია თბილისის მერიის მიერ, ამიტომ მივმართავთ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს: დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ ტრაგედიებზე, თითოეულ მსხვერპლზე, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ და თბილისის მერიას“, - წერია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ არანარი ბერკეტი არ გააჩნიათ. კახა კალაძის თქმით, ერთ-ერთი შენობა, რომელიც სპეციალისტებს საფრთხის შემცველად მიაჩნიათ, 5-სართულიანი კორპუსია და მის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა.

„ჩვენ როდესაც მოვედით მთავრობაში, უკვე აშენებული იყო ეს შენობა-ნაგებობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ცხაურები დამონტაჟდა, უკვე არსებობს კონკრეტული ადგილები, რომელიც საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ეს კონკრეტული ადგილი კი, რომელზეც კითხვა დამისვით, მგონია, რომ პრობლემურია, რადგან პირდაპირ გვირაბის თავზეა აშენებული. მშენებლობა დამთავრებულია ფაქტობრივად“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ვერეს ხეობაში არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ისეთი მონაკვეთებიც არის, რომლებიც მშენებლობისთვის საშიშია და იქ მერია ვერ და არ გასცემს მშენებლობის ნებართვებს.

„დაზღვეული არავინ არის. როდესაც სტიქია ხდება, ამის პრევენცია ზოგადად შეუძლებელია, თუმცა რეკომენდაციები, რომელიც იყო, მაგალითად სიგნალიზაციის სისტემა, გაკეთებულია, შესაბამისი ცხაურები გაკეთებულია, ეს რამდენიმე მილიონი დაჯდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, თუ რა ბერკეტი აქვს მერიას იმ ნაგებობებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, მერმა უპასუხა:

„ერთადერთი უნდა გამოასახლო ეს ადამიანები და დაანგრიო ის შენობა-ნაგებობა, ეს არის ბერკეტი. ძალიან რთული თემაა. ასეთი მიდგომით ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობაა ქალაქში, არა მხოლოდ ვერეს ხეობაში, რომელიც ურბანული თვალსაზრისით მიუღებელია, მიუღებელი იყო ამ შენობებისთვის ნებართვების გაცემა, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. სამწუხარო რეალობა გვაქვს ჩვენ ამ თვალსაზრისით და ის მიდგომა, რომ მოდი, ახლა, ყველა დავანგრიოთ რომელიც არ მოგწონს და რომელიც არასწორად არის გაკეთებული, არ ვიცი ამისთვის აქვს რესურსი ქვეყანას?“ - კითხვას კითხვითვე უპასუხა დედაქალაქის მერმა.

მან მაგალითისთვის თბილისის სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე არსებული მშენებლობები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ეს არის სახე იმის, თუ როგორ არ უნდა მოხდეს ქალაქის ურბანული განვითარება.

tngh შენდება, მაგრამ ვინც ყიდულობს იმათ რისი იმედი აქვთ??? ვფიქრობ, რომ არც არის საშიში, რადგან ყიდულობენ იქ ბინებს...
5 წლის უკან