„მანდატურების ინსტიტუტი იყო ძალადობის ერთგვარი მექანიზმი, რომელიც სკოლაში შეიტანეს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მანდატურის ინსტიტუტმა გარკვეული პრობლემა მოხსნა, იგი მაინც გადაიხედება, რადგან ეს დათრგუნვის მექანიზმი იყო.
სკოლების გაპოლიციურებასთან დაკავშირებით თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნეოდა. სპეციალისტები აცხადებდნენ, რომ ბავშვებმა ვიდეოკამერებთან ფარისევლობა და თამაში ისწავლეს, ისინი სკოლაში წყნარად იქცეოდნენ და მხოლოდ სკოლის გარეთ არჩევნდნენ ურთიერთობებს.
საქმეში ჩახედული ადამიანების თქმით, ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორებსა და პედაგოგებს მანდატურების ეშინოდათ. ზოგჯერ მანდატურსა და პედაგოგს შორის პიროვნული დაპირისპირებაც მომხდარა; როცა ბავშვი ხედავდა, რომ მანდატური და მასწავლებელი ან დირექტორი ერთმანეთთან ფარულ დაპირისპირებაში იყვნენ, სიტუაციით სარგებლობდა და მასწავლებელს მანდატურთან აბეზღებდა. თუ კლასში ხმაური იყო, მანდატურები ოქმებს მასწავლებლებს უწერდნენ, ამიტომ მასწავლებლები იმეორებენ - ჩუმად, მანდატურმა არ გაიგოსო. ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე სკოლაში გათავისუფლებული დირექტორის ადგილას მანდატური დანიშნეს.
მანდატურების მიმართ კრიტიკულად უფროსკლასელები იყვნენ განწყობილნი. ისინი აცხადებდნენ, რომ ხშირად მანდატურების გადაწყვეტილებები უსამართლო იყო და ისინი ბავშვებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდნენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვებს ოქმები გაუფორმეს მხოლოდ იმის გამო, რომ თანაკლასელებს თმა მოქაჩეს. მანდატურების შიშით სკოლის გარეთ ხდებოდა ურთიერთობის გარჩევა. მართალია, ფულის გამოძალვა სკოლებში აღარ შეიმჩნეოდა, მაგრამ მოსწავლეები სასკოლო ბარათებს ართმევდნენ ერთმანეთს.
ამის მიუხედავად, მანდატურების ინსტიტუტს მშობლების ნაწილი მიესალმებოდა. ისინი აცხადებდნენ, რომ ბავშვებს სკოლაში მშვიდად უშვებდნენ.
მანდატურის ინსტიტუტის მიზანშეწონილობის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
განათლების სამინისტროს ლოჯისტიკის სამსახურის უფროსი მერაბ თოფურია აცხადებს, რომ მანდატურებს დასმენის, პოლიტიკური დევნის დამატებითი ფუნქციები უნდა ჩამოშორდეთ, სხვა მხრივ, კი ეს ინსტიტუტი გამართლებულია.
„ეს არ უნდა იყოს ორგანო, რომელიც სკოლის მეთვალყურეა. მათ წესრიგი უნდა დაიცვან და ბავშვებს ჩხუბისა და სიგარეტის მოწევის უფლება არ უნდა მისცენ. თუმცა მანდატურებს პოლიტიკური დასმენების დავალება ჰქონდათ მიცემული და დღის მეორე ნახევარში უკვე „დანოსები“ იყო დაწერილი. ამიტომ ეს ინსტიტუტი პრობლემატური გახლდათ. ვერ გეტყვით, ვისგან ეძლეოდათ მათ ასეთი დავალება, უშუალოდ განათლების სამინისტროს თუ სხვა დაწესებულებისგან, მაგრამ ეს ფაქტია“.
მერაბ თოფურიას თქმით, მასაც გაუკვირდა, როცა პატრიარქისგანაც ასეთივე სიტყვები მოისმინა, რომ მანდატურის ინსტიტუტს დამატებითი ფუნქციები უნდა ჩამოშორდეს. მისი აზრით, უდავოდ, პოლიტიკური დასმენები გაღიზიანებას იწვევდა პედაგოგიურ შემადგენლობასა და დირექტორებში, თორემ, თავისთავად, ეს ცნობილი ინსტიტუტია, რომელიც შეერთებულ შტატებშიც არსებობს და ყველგან მიღებულია, თუ მას პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება. ამასთან, მერაბ თოფურია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური დატვირთვით ამ ინსტუტუტს მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში იყენებდნენ და ასე ხდებოდა საქართველოშიც.
„ვის რაში სჭირდება ასეთი დასმენები?! ყველას უნდა, რომ სკოლაში ნორმალური დისციპლინა და ბავშვებისთვის შესაფერისი პირობები იყოს. ასეთი მიდგომა კი არანორმალური გახლდათ,“ - აცხადებს მერაბ თოფურია.
51-ე სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა მანდატურის პროექტს მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ინსტიტუტი უნდა გადაიხედოს და მას პოლიტიკური მხარე ჩამოცილდეს. დირექტორის აზრით, მანდატურის ინსტიტუტი თუ სკოლას დაექვემდებარება და მართლაც სკოლის დამხმარე, და არა სხვა ქვეტექსტებით გაჟღენთილი ფუნქციის მქონე იქნება, სასარგებლო ინსტრუმენტია.
„ეს არ უნდა იყოს ადმინისტრაციის უფლებებში ჩამრევი და მოსწავლეთა თუ მასწავლებლის უფლებების დამრღვევი სტრუქტურა. მასწავლებლებისა და ბავშვების მიერ ერთმანეთის ჩაშვებას უშუალოდ ჩემს სკოლაში მანდატურები არ მოითხოვდნენ, მაგრამ ასეთი ფაქტების შესახებ მსმენია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იყო თავად სკოლის ადმინისტრაციაზე. იქ, სადაც ადმინისტრაცია მოიკოჭლებდა, მანდატურები თავს უფლებას აძლევდნენ და აჭარბებდნენ უფლებამოსილებას; ზოგიერთ შემთხვევაში, ძალიან ცუდადაც ერეოდნენ“, - აცხადებს დავით ლაგვილავა.
24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია იხსენებს, რომ სკოლის კრიმინალიზაცია ძალიან დიდი პრობლემა იყო. ხშირად ბავშვისთვის რაიმის წართმევა, მოპარვა, სულიერი, მორალური თუ ფიზიკური დაჩაგვრა ხდებოდა. ასევე, იყო ცივი იარაღის ტარებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები. რამდენიმე მკვლელობაც მოხდა მოზარდების მონაწილეობით და მათ თანატოლები დახოცეს. ასეთ სიტუაციას კი პასუხი გაეცა მანდატურების სახით, რამაც პრობლემა მთლიანად თუ არ აღმოფხვრა, არსებითად მაინც შეამცირა.
„თუ ვინმეს დღეს არ მოწონს მანდატურების ფუნქციები, შეიძლება, ამ ფუნქციების კორექცია. ეს უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციის დამხმარე სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში. ისინი პოლიტიკური კონტროლიორები არ უნდა იყვნენ. თუ სადმე ასეთი რამ ხდებოდა, ეს ფუნქცია უნდა ჩამოშორდეს, თორემ ჩემს სკოლაში ასეთი რამ არ მომხდარა. თუ ვინმე ამის გაუქმებას აპირებს, მაშინ სრულიად ნათელია, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შეიძლება მოგვიანებით მოხდეს სკოლაში. სკოლებში ძალადობის სტატისტიკა მკვეთრად შემცირებულია. მაშინ, როცა ისე არ გავიდოდა ერთი ან ორი კვირა, რომ ბავშვებს შორის ჩხუბი და გარჩევა არ მომხდარიყო. მე ტელევიზიითაც მიჩვენებია ცივი იარაღი, ბავშვებს რომ ჰქონდათ და შეეძლოთ, ვიღაცისთვის დაერტყათ“, - აცხადებს გია მურღულია.
მურღულიას თქმით, ხანდახან კლასში ახლაც წაკინკლავდებიან ხოლმე მოსწავლეები, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა. ამასთან, გია მურღულია მანდატურების მიერ სკოლებში ძალაუფლების აღების ფაქტებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს იმდენად მანდატურის ინსტიტუტის პრობლემა არ იყო, რამდენადაც ბედოვლათი, მშიშარა დირექტორების, საკუთარი აჩრდილისაც რომ ეშინიათ.
„ნორმალურ დირექტორს ვერავინ აკადრებს ასეთ ამბავს. რას ჰქვია დასმენები?! თუ ერთმა ბავშვმა მეორეს თავში რკინა ჩაარტყა და მას სისხლი წამოუვიდა, ამაზე რეაგირებას „დანოსს“ ნუ დავარქმევთ. კლასში თუ მოხდება ეს ამბავი, ამას მანდატურიც იკითხავს და დირექტორიც, რადგან არსებობს მშობლისა და ბავშვის წინაშე პასუხისმგებლობა. ამიტომ ვეცდებით, გავიგოთ, ვინ ჩაიდინა ეს დანაშული. მარტო იმიტომ კი არა, რომ მოსწავლე დანაშაულის შესაბამისად დავსაჯოთ, არამედ იმიტომაც, რომ ამ ბავშვთან სამუშაოა ჩასატარებელი, პედაგოგიური მიდგომაა საჭირო სამომომავლო პრევენციისთვის“.
გია მურღულიას აზრით, თუ სკოლაში დანაშულის ჩამდენი არ გამოვლინდა და არავინ არაფერი თქვა, ამას ჰქვია ომერტა და ეს არის სიცილიელების კანონი, ქურდული კანონი, რაც ვინმეს დაბეზღებას გამორიცხავს. 24-ე სკოლის დირექტორის აზრით, სინამდვილეში, დაბეზღება ის არის, როცა ადამიანს იმას აბრალებ, რაც მას არ ჩაუდენია და ამას ქვენა გრძნობებით აკეთებ. ამდენად, როცა საქმე სამართლიანობას ეხება, აქ სიტყვა „დაბეზღება“ ზედმეტია.
რაც შეეხება ბავშვებში გამოვლენილ აგრესიას, გია მურღულია მიიჩნევს, რომ ჩვენ ძალიან მძიმე წლები გადავიტანეთ და ეს აგრესიაც სწორედ ამის გამოვლინება იყო.
„მე რომ ვსწავლობდი, ეს აგრესია მაშინაც იყო და ასი წლის შემდეგაც იქნება. ამის სრულიად ამოძირკვა წარმოუდგენელია. საქმე ისაა, სახელმწიფო და საზოგადოება პრევენციის როგორ სისტემას შექმნის, რომ მინიმუმადე დაიყვანოს სავალალო შედეგები“, - აცხადებს გია მურღულია.
ჩვენ დავუკავშირდით პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორს, ამირან ჯამაგიძეს და, ჩვენდა გასაოცრად, მან საკუთარ სიტყვას ძალიან დიდი „ფასი“ დაადო. პირდაპირ ასე გვითხრა, ამ საკითხზე ვლაპარაკობ ბოლო სამი დღეა და აღმოჩნდა, რომ ამ თემაზე ჩემს მეტი არავინ ლაპარაკობსო; მხოლოდ ჩემი ინტერვიუები გადის და თავს შევიკავებო. ჩვენ შევახსენეთ, რომ პირველი კლასიკური გიმნაზიის ყველა დირექტორი, მისგან განსხვავებით, ჟურნალისტებისთვის ყოველთვის გახსნილი იყო და კომენტარზე უარს არ ამბობდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით For.ge ფსიქოლოგების აზრით დაინტერესდა.
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „სამწუხარო“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ სკოლებში რთული ვითარების გამო მანდატურების შეყვანა საჭირო შეიქნა. იგი ამ ინსტუტუტის არასწორ გაგებასა და მანდატურების უფლებამოვალეობის გადაჭარბებაზე საუბრობს.
„როცა საჭირო ხდება მანდატურის ყოფნა სკოლაში, ეს უკვე პრობლემატურია, რადგან სასწავლო პროცესში არის პედაგოგი, მოსწავლე და შინაგანაწესი, რომელიც გააჩნია სასწავლო პროცესს. მანდატური სკოლის ორგანული ნაწილი არ არის. ამდენად, მივესალმებოდი, საერთოდ გაუქმებულიყო ეს ინსტიტუტი და სკოლაში სწავლების დონე ისეთი გამხდარიყო, რომ მისი იქ ყოფნა არ გამხდარიყო საჭირო,“- აღნიშნა ნანა ჩაჩუამ.
მისივე თქმით, ის ჩვევები, რაც მოსწავლის მიერ სკოლის ვიდეოკამერასთან ურთიერთობით გამოიხატება, იძულებითი და ფარისევლურია. მოსწავლემ იმის გამო კი არ უნდა დაიცვას ეს წესები, რომ მას ვიღაც გაუბრაზდება, არამედ თავად უნდა სურდეს წესების დაცვა. ამიტომ მანდატურები, როგორც ასეთი, თავისი შინაარსით საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენენ სასკოლო პროცესში და, რაც არ უნდა კარგი მისია ჰქონდეთ, ისინი, ყველა შემთხვევაში, მაინც მეთვალყურედ, მოყურადედ აღიქმებიან.
ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე, როდესაც ბავშვებს შორის ძალადობა კრიმინალური ხასიათის იყო, მანდატურებმა თავიანთი ფუნქცია შეასრულეს. თუმცა ფაქტია, რომ მანდატურები ამ კონფლიქტების შედეგზე მუშაობენ, განსხვავებით ფსიქოლოგებისაგან, რომლებიც ბავშვთა აგრესიულობის დასადგენად ოჯახური ძალადობის მიზეზებს იკვლევენ.
„ბავშვები ოჯახებში სწავლობენ ამ აგრესიულ მოდელებს და ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება. დღესდღეობით სკოლაში ფსიქოლოგები არ არიან. მანდატურებს არაფერს ვერჩი, მათ თავიანთი ფუნქცია აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სკოლიდან ამოღებული ყოფილიყო ფსიქოლოგის ინსტიტუტი“.
რუსუდან ფხაკაძის თქმით, მანდატურების სკოლაში შესვლას სხვადასხვა მხარე აქვს. მართალია, თვალხილული დაძაბულობა მოიხსნა, მაგრამ ბავშვებმა ისწავლეს მანიპულაცია, თუ სად, როგორ მოიქცნენ.