რამდენიმე დღეში ტაქსისტებს სპეციალურ საკრედიტო პროგრამებს შესთავაზებენ

რამდენიმე დღეში ტაქსისტებს სპეციალურ საკრედიტო პროგრამებს შესთავაზებენ

სესხების აღების მიმართულებით ვითარება იმდენად გართულდა, რომ ამ საკითხის მოგვარებაში არა მარტო საფინანსო სექტორი, არამედ სახელმწიფო მოხელეები ჩერთვნენ და პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა კიდეც.

ტაქსის მძღოლები, რომელთაც შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბანკებიდან სესხის აღებას დანამდვილებით შეძლებენ. ინფორმაციას საინტერესო სიახლის შესახებ უკვე თბილისის მერი კახა კალაძეც ადასტურებს, რომელმაც მთავრობის სხდომის დაწყებამდე სპეციალური განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერის თქმით, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მიღწეულია შეთანხმება, ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური შეთავაზება გაკეთდეს.

„ტაქსის მძღოლებთან შეხვედრისას, მათ დასვევს ასეთი პრობლემა, რომ მათი შემოსავალი არსად არ არის აღრიცხული და უჭირთ ბანკში სესხის აღება, ავტომანქანების გამოყვანა, შეკეთება და ა.შ. ეს სერიოზული პრობლემაა მათთვის. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, 3-4 დღის განმავლობაში ბანკები გააკეთებენ ამაზე განცხადებას და იქნება კონკრეტული შეთავაზებები ტაქსის მძღოლებისთვის, სპეციალური პროგრამები კეთდება, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი და თანხა იმისთვის, რომ მათ ჩაანაცვლონ ძველი ახალი ავტომობილებით.

იქნება იაფი კრედიტები იმისთვის, რომ მოხდეს ხელშეწყობა ტაქსის მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომლის უწყების მისამართითაც  ბოლო პერიოდში ტაქსის მძღოლებმა არაერთხელ გამოხატეს მწვავე პროტესტი აქციების ფორმით.

„ფინკა ბანკმა“ მომხმარებლებს შესთავაზა ახალი პროდუქტი - სესხი ძიძებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის და ხელოსნებისთვის. როგორც ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის კრედიტი მათთვის, ვინც დასაქმებულია, აქვს შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ოფიციალურად უჭირთ.

როგორც „ფინკა ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ირაკლი აბაშიძე აცხადებს, ამ ტიპის სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტის მიერ პირის შემოსავლის შესწავლა ხდება. საყურადღებოა ისიც, რომ ამგვარი ტიპის აქტივობას არც ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია კრძალავს.

პარალელურად ძლიერდება მოსაზრება, რომ საკრედიტო რეგულაციები უნდა შერბილდეს ანდა სულაც შეიცვალოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციები, განსაკუთრებით იპოთეკურ დაკრედიტებაში ნელ-ნელა უნდა გააუქმონ.

„საბანკო რეგულაციებს იპოთეკურ დაკრედიტებაში, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოუშვან და ამისთვის, უკვე არის მზადყოფნა. ბანკები თავს არ იკლავდნენ, რომ გინდა თუ არა ხვალ... უფრო დეველოპერებს აწუხებთ ეს. არის ამ რეგულაციების ქვეშ მოხვედრილი ისეთი ადამიანები, რომლებზეც შეიძლება ძალიან ადვილად გაიცეს კრედიტები. მათი ვალაუვალობის პრობლემა არ დგას“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

ანდრია ამ კატეგორიებისთვის (ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები, ხელოსნები და ა.შ.) სპეციალური შეთავაზებები კი არა, შესავლების დეკლარირება და შესაბამისი გადასახდების გადახდა უნდა დაწესდეს.
5 წლის უკან