„ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა“

„ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა“

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. მთავარი პრობლემა დედაქალაქშია. 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, გაზრდილია ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ჰაერის ხარისხის კვლევის ფარგლებში გამოქვეყნდა წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული წამყვანი დამაბინძურებლების (აზოტის დიოქსიდი - NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10) მონაცემების ანალიზი, რომელიც ნორმაზე მეტია. ანალოგიური ან გაუარესებული მდგომარეობა შეიძლება დედაქალაქის სხვა უბნებშიც იყოს.

„2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებმა ჰაერის ხარისხთან მიმართებით დაგვანახა, რომ გაზრდილია იმ წამყვან დამაბინძურებელთა ოდენობა, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მეტად საშიშია. ამას წარმოადგენს განსაკუთრებით აზოტის დიოქსიდი, არის შეწონილი მყარი ნაწილაკები და მტვერი. წერეთლის გამზირი აღებულია ერთ-ერთ მაგალითად იმისთვის, რომ გვეჩვენებინა დატვირთულ ქალაქზე, სადაც ჰაერი იზომება გზის პირას, თუ როგორი ვითარებაა. ბუნებრივია, ამის განზოგადება შეიძლება მთელ ქალაქზე ვერ მოხდეს, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვის საფუძველი არსებობს, რომ სხვა დატვირთულ ქუჩებზეც იყოს იგივე ან უარესი ვითარებაა“, - განაცხადა „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობა იზრდება, იზრდება აზოტის დიოქსიდის ოდენობაც. როდესაც 8 საათიდან იწყება ტრანსპორტის ნაკადის ზრდა, ამის პარალელურად იწყება აზოტის დიოქსიდის მატება.

„ამ კვლევისა და წინა კვლევის, რომელიც ტექინსპექტირებაზე ჩატარდა, მთავარი გზავნილი არის, რომ გამონაბოლქვის გზისპირა კონტროლი მოხდეს. სხვა შემთხვევაში, რეფორმა, რომელიც დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს წლის ბოლოსკენ იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ავტომობილებს, რომელთაც ეკუთვნით ტექნიკური ინსპექტირება, მაგრამ მათ აქვთ შავი და მუქი ფერის გამონაბოლქვი, რომელიც დღეს რეგლამენტით არის აკრძალული. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სიგნალი იმისა, რომ ტექინსპექტირება ჯერჯერობით ისე ვერ მიმდინარეობს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, რომ ჰაერის ხარისხის გაუარესება არ გამოიწვიოს ავტოტრანსპორტმა“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან სრული დატვირთვით შევიდა ძალაში და ამ პროცესმა გამოაჩინა ის ხარვეზები და პრობლემები, რომლებსაც დღეს ყველა ხედავს. სატრასპორტო დარგის სპეციალისტი დავით მესხიშვილი სწორედ ამ სისტემის გაუმართაობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ თუ არ ვისაუბრეთ პრობლემებზე, პროცესი წინ ვერ წავა. პრაქტიკულად, ყველა ორგანიზაციის კვლევაში გამოჩნდა, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემები ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებზე მოდის, ამავე მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები (რომლის სტატისტიკაც სამწუხაროდ არ წარმოებდა). მესამე და ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულებაში არის შესაბამისი ევროდირექტივები, რომლებიც უნდა დანერგილიყო. ამდენად, ამ საკითხების ერთობლიობით გადაწყდა ინსპექტირების ძალაში შესვლა. უკვე სავალდებულო მოთხოვნაა ავტომობილში კატალიზატორის არსებობა. მსგავსი მოთხოვნების შესრულება დაკავშირებულია ძალიან დიდ ხარჯებთან, მათ შორის ავტომობილში ძრავის საკითხებთან, რაც რამდენიმე ასეული და რიგ შემთხვევებში ათასი და მეტი ლარიც კი ჯდება“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება გულ-სისხლძარღვთა და სხვა დაავადებების მაჩვენებლებიც, საზოგადოებაში გაჩენილია უკმაყოფილება.

ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს და 2016 წელს აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევას ეყრდნობა.

აუდიტმა თბილისში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

„არ ტარდება ღონისძიებები მოსახლეობის ფართო მასებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად, ატმოსმფერული ჰაერის დაცვის აუცილებლობის და დაბინძურებული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის შესახებ, რაც განაპირობებს პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობას და საზოგადოების დაბალ აქტიურობას ჰაერის დაცვის კუთხით.“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანებია, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

უ ც ხ ო :
რომ იმეორებთ და იმეორებთ, მესამე ადგილზე ვართო... დაასახელეთ, ვინ არიან პირველ-მეორე ადგილზე და რა უნდა ვიღონოთ, რომ დავეწიოთ!
5 წლის უკან