დავით ებრალიძე: სემეკი რეალობის ადექვატური არ არის

დავით ებრალიძე: სემეკი რეალობის ადექვატური არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკში) აზრები ელვის უსწრაფესად იცვლება. თუ გუშინ სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებდა, რომ ტარიფების ცვლილება შეუძლებელი იყო, დღეს უკვე ტარიფების გადახედვა შესაძლებელი ყოფილა. ასე რომ, სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე მსჯელობისთვის სემეკი მზად არის.

"მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები, კომისია მზად არის, ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებთან ერთად დეტალურად განიხილოს და იმსჯელოს, როგორც არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიებსა და ტარიფებზე, ასევე, ზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

ყოფილი ენერგოომბუდსმენი დავით ებრალიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სემეკში, ეტყობა, მიხვდნენ, რომ მათი პოზიცია თავიდანვე მცდარი იყო. თუმცა დღემდე სემეკში ცოტა სხვა კონტექსტით ხედავენ პრობლემას. ისინი ამბობენ, რომ გადახედავენ ტარიფებს, მაგრამ ამის უფლება არ აქვთ, თუ თავად კომპანიები არ მიმართავენ ამავე თხოვნით.

როგორ გგონიათ, იქნება მზაობა, რომ კომპანიებმა სემეკს ტარიფების დაწევის  თხოვნით მიმართონ?

- ჩემი აზრით, საერთო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რომ ტარიფების დაწევის საკითხი განიხილება. კომპანიები მეტ-ნაკლებ მზაობას გამოაცხადებენ და მარეგულირებელი კომისიაც მიხვდება, რომ ეს მისი ფუნქციაა და ამას ვერ აირიდებს თავიდან.

თუმცა გურამ  ჩალაგაშვილის განცხადება თავდაპირველად დროში აცდენილი იყო და იგი აცხადებდა, რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის ტარიფები მაქსიმალური სიზუსტით იყო დათვლილი და ამ ეტაპზე ტარიფებში რაიმე სახის ცვლილების შეტანას დაუშვებლად მიიჩნევდა. ზოგადად, რეალობისგან დაშორებული სემეკის ფუნქციას თუ ხედავთ ახალ ვითარებაში?

- ჩემი აზრით, ეს საკითხი მართლაც დადგა, რადგან სემეკი ასეთნაირად იქცეოდა და ახლაც არ არის ბოლომდე ადექვატური. ეს პირდაპირ მათთვის ასხამს წყალს, ვინც ამბობს, რომ სემეკი საერთოდ უფუნქციო, არაფრის მომცემი ორგანოა და ხომ არ უნდა გაგვეუქმებინა?!

სხვათა შორის, სემეკის გაუქმებასთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსაზრება უკვე გამოთქვეს.

- დიახ, როგორც ვიცი, კობა დავითაშვილმა აღნიშნა ამის შესახებ. ჩემი აზრით, სემეკის ასეთმა სიხისტემ, არაადექვატურობამ გამოიწვია ასეთი შეხედულება. ბოლოს და ბოლოს, არჩევნების დროს ძირითადი პარტიების უმეტესობა სწორედ კომუნალურ გადასახედებზე ახდენდა აქცენტს, რადგან მოსახლეობა ამას მოითხოვდა. ამდენად, სრულიად არაადექვატური პოზიცია ეჭირა მარეგულირებელ კომისიას. ახლა თანდათან ხვდებიან, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება.

თბილისელებისთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო დენისა და ნაგვის ტარიფების მიბმა. როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა და შეღავათს როდიდან იგრძნობს მომხმარებელი?

- ეს კიდევ სხვა საკითხია, რადგან ერთი კომუნალური მომსახურება მიაბეს მეორე კომუნალურ მომსახურებას. ჩემი აზრით, ამის გადახედვა მოხდება ერთობლივად_ მარეგულირებელი კომისია, საკრებულო და პარლამენტი ამაში ჩაერთვება, რადგან რაღაცნაირად ესეც გადასახედია.

თქვენც მიიჩნევთ, რომ ტარიფები უნდა განცალკევდეს?

- რა არის, იცით? თვითონ ის ფაქტი, რომ სხვა კომპანიის ადმინისტრირების მექანიზმი მეორე კომპანიის პასუხისმგებლობის თემა გახდა, ჩემი აზრით, არასწორია; მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ნაგვის კომპანიის წინაშე გადასახადების ადმინისტრირების პრობლემა დგას. ამიტომ უნდა მოინახოს მექანიზმი; შეიძლება სხვა მექანიზმის მოფიქრებაც, რომელიც ადმინისტრირებას უფრო ეფექტურს გახდის და მის ელექტროენერგიაზე მიბმას არ გამოიწვევს.

რადგან ამ სექტორის ადმინისტრირება რთულია, გამონაკლისის სახით, სახელმწიფომ ხომ არ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა?

- სწორედ ამაშია საქმე. ახლა უკვე მერიაც მიხვდა, რომ ასეთი მიბმა რთულია, არასამართლიანია და, თანაც, დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ამდენად, მერიაც დაუბრუნდა ე.წ. ფიქსირებული გადასახადის საკითხს, თანაც გამარტივებულს, რაც არა სულადობის მიხედვით, არამედ აბონენტების, ოჯახების მიხედვით გადასახადის გადახდას გულისხმობს. თუ მართლაც ასე გადაწყდება, ეს ერთი-ორად გაამარტივებს გადასახადის ადმინისტრირების საკითხს. ამდენად, დენის გათიშვის იძულების აუცილებლობა აღარ დადგება. აქ მეორე საკითხიცაა, საერთოდ, რამდენად უპრიანია ნაგვის კომპანია დარჩეს ისევ თვითმმართველობის ხელში თუ ესეც განკერძოვდეს?!

ასევე, საუბარი იყო ფართების მიხედვით გადასახადების დაანგარიშებაზე. მოგეხსებენათ, ძველ თბილისში დიდ ფართობში ცხოვრობენ მობინადრეები, თუმცა სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან. ამდენად, რამდენად გამართლებულია ფართების მიხედვით გადასახადების დაანგარიშება?


- არის ასეთი ვარიანტიც, რომ  ფართების მიხედვით მოხდეს დაანგარიშება. იგულისხმება, რომ რაც უფრო დიდ ბინაში ცხოვრობს ადამიანი, მას უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს. მეორე მხრივ, რეალურად, ეს არ ნიშნავს, რომ ის ბევრ ნაგავს ყრის. ადმინისტრირების თვალსაზრისით, ამ საკითხსაც ბევრი პრობლემა სდევს თან,  რადგან ძალიან ბევრი ბინა, განსაკუთრებით, ძველი ბინები, შესაბამისი ფართებით არ არის აღრიცხული საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მონაცემები არ აქვთ ბევრი ფართის შესახებ და არ იციან, რეალურად რა ფართს მოიცავს ეს შენობა.

გამოდის, ის მობინადრეები, რომლებმაც საჯარო რეესტრში რეალურად აღრიცხეს საკუთარი ფართები, წაგებაში გამოდიან.

- რა თქმა უნდა. ძველ ბინებში, რომელიც საბჭოთა კავშირის დროინდელია,  მთლიანი ფართი კი არ აღირიცხებოდა, არამედ მხოლოდ _ საცხოვრებელი ფართი. ამიტომ აქაც პრობლემაა და ეს საკითხი ამ მომენტში ვერ გადაწყდება.

რა არის ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები? ჩვენს ქვეყანაში ლამის ევროპის დონის გადასახადები იყო, სადაც მაღალ დონეზეა ცხოვრება. ზოგადად, როგორი უნდა იყოს ზღვრული სამომხმარებლო ტარიფი?

- ზღვრული ტარიფების დადგენის მიზნით გადახედვა სჭირდება იმ დოკუმენტაციას, რაც კომპანიებთან დაკავშირებით არსებობს. ამდენად, ახლა ასეთ სიზუსტეს ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე და ვერავინ იტყვის, რომ ტარიფი არასწორად არის დაანგარიშებული. თუმცა მე როცა გახლდით ომბუდსმენი, მაშინდელი გათვლებით, ელექტროენერგიის ღირებულება დაახლოებით 8-10 თეთრი იყო.

ხშირად გვსმენია, რომ იმდენად დიდ ტარიფებს გვახდევინებდნენ, რომ სულაც არ ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას უფლება, მოსახლეობითვის დაემადლებინა განათებული ქალაქი. ეს ზედმეტი თანხები რისთვის გამოიყენებოდა და ვის ჯიბეში მიდიოდა?  

- მაგალითად, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ბოლო დროს სახელმწიფომ სადღაც 100 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა თელასს. ეს ყველაფერი ჩუმად მოხდა. როცა თელასი 100 მილიონიან ჯარიმას ასე ადვილად იტანს, ეს რაღაცის მანიშნებელია. ასევე, თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად არიგებდა ხელისუფლება ელექტროენერგიის ვაუჩერებს. ეს პირდაპირი მანიშნებელია, რომ იქ არსებობდა ლუფტი და ამ სიცარიელეს იყენებდნენ არა იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ტარიფი შეემცირებინათ, არამედ პოლიტიკური ქულების დასაწერად. ე.ი. კომპანია და სახელმწიფო ერთმანეთში რიგდებოდნენ და ინაწილებდნენ. გარკვეული თანხა ერთს რჩებოდა, მეორე ნაწილი _ ხელისუფლებას, რომელიც ამას პლუსად იწერდა. ამაში კი გარკვეული პოლიტიკური კორუფციის ნიშნები ჩანს.

საინტერესოა, რატომ დააჯარიმეს თელასი?

- კონკრეტულად ეს საკითხი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თელასის მიმართ იყო ასეთი აგრესიული გადასახადის მოთხოვნა. საბოლოო ჯამში, ეს ჯარიმა გამოუწერეს თუ ეს ჯარიმა სხვა რამედ გარდაისახა, ეს უკვე ცალკე საკითხია. პირადად მე ეჭვი მეპარება, რომ თელასს არ გამოუწერდნენ ჯარიმას და მორიგდებოდნენ. ამდენად, ჩემი აზრით, ეს უნდა გარდასახულიყო ელექტროვაუჩერებში. თანაც, ეს ელექტროვაუჩერები სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი არ ფინანსდებოდა, არამედ სწორედ ასეთი ლუფტებიდან.