„ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ტელეკომპანია ჰქონდა, რომელიც უშუალოდ მის დაკვეთებს ასრულებდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსაც არაობიექტურად აშუქებდა და, ფაქტობრივად, ყოფილი მმართველი გუნდის პიარ-კომპანიებად იყო ქცეული. ამ ტელეკომპანიების უმეტესობა თავის დროზე სხვადასხვა ბიზნესმენებს ჩამოერთვა, ხოლო სატელევიზიო არხების ყოფილი მფლობელების უმეტესობას ქვეყნის დატოვება და სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარის ძებნა მოუწია.
ახლა კი ხელისუფლების ცვლილების პარალელურად ქართულ სატელევიზიო სივრცეში მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. კერძოდ, ტელეკომპანია „იმედი“ მის ძველ მფლობელს, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. ქიბარ ხალვაშმა განცხადება გააკეთა, რომ „რუსთავი2“-ის დაბრუნებისთვის ბრძოლას იწყებს, ვანო ჩხარტიშვილმა ტელეკომპანია „გურია“ დაიბრუნა და ამბობს, რომ „მზის“ დასაბრუნებლადაც დაიწყებს სამართლებრივ დავას. კიდევ ერთი სატელევიზიო არხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდა და რომელიც ამ არხებს შორის ყველაზე ოდიოზური იყო, არის „რეალ-ტვ“, რომლის მესაკუთრეც ვინმე ლია დოლიძე იყო, თუმცა არაოფიციალურად არსებობს ინფორმაცია, რომ არხის მფლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი, გურამ დონაძე გახლდათ, რომელიც „რეალ-ტვ“-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსად იყო დაფიქსირებული.
დღეს ცნობილი ხდება, რომ „რეალ-ტვ“ გაიყიდა და მისი მყიდველი ბიზნესმენი ლალი ეგაძეა. კერძოდ, „რეალ-ტვს“-ს 100%-იანი წილის მფლობელმა 16 ოქტომბერს ასივე პროცენტი გადააფორმა ლალი ეგაძეზე, რომელმაც ტელეკომპანია 30 000 ლარად შეიძინა. ცხადია, თანხა იმდენად პატარაა, რომ მაშინვე გაჩნდა კითხვები – ხომ არ არის ეს უბრალოდ ტელეკომპანიის გადაფორმება და ამის უკან ხომ არ იმალება რაიმე გარიგება. კერძოდ, საუბარია იმაზე, ხომ არ იქნება „რეალ-ტვ“ ისევ აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში პროპაგანდისტული მანქანა, როგორიც აქამდე იყო და მესაკუთრის ცვლილება მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად ხომ არ მოხდა. „რეალ-ტვ“-ს ახალი მფლობელი ამბობს, რომ არხი გახდება სრულიად აპოლიტიკური. For.ge „რეალ-ტვ“-ს ახალ მესაკუთრეს, ლალი ეგაძეს ესაუბრა. პირველ რიგში მას ვკითხეთ, თუ როგორ მოხდა ისე, რომ აწყობილ ტელევიზიაში მან ასეთი მცირე თანხა გადაიხადა.
ლალი ეგაძე: „ამ ტელეკომპანიას აპარატურის დიდი ნაწილი, რაც არის ძვირადღირებული, ანუ მიქშერები, პულტები და ა.შ. ტელეარხ „საქართველოსგან“ ჰქონდა ნაქირავები. „საქართველო“ რომ გაიყიდა, იმ ტელევიზიის წარმომადგენლები მოვიდნენ და ყველაფერი წაიღეს. დარჩა მხოლოდ ძალიან მოძველებული და გაცვეთილი აპარატურა, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც იმდენად ხელსაყრელ ფასში იყო, რომ ნამდვილად მიღირდა და მათაც სხვა გზა არ ჰქონდათ. მინდა რომ გავაკეთო ძალიან ობიექტური, ძალიან თბილი, და რაც მთავარია აპოლიტიკური არხი, რისი შიმშილიც არის სატელევიზიო ბაზარზე.
აპოლიტიკურში რას გულისხმობთ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ?
– ნიუსი ყველა ვარიანტში იქნება, რადგან ნიუსი რომ არ იყოს, არხისთვის ეს წამგებიანი იქნება. ამიტომ სამ საათში ერხელ იქნება ნიუსი. მარეგულირებლის შესახებ კანონში თუ ჩავიხედავთ, ამჟამად 40-დღიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ ნიუსი გავაკეთოთ. ისე ზოგადად კი დაახლოებით ალბათ 3 თვე დასჭირდება გადაცემების პროექტებს. მანამდე, ანუ სამი თვის მანძილზე მხოლოდ ფილმები და კონცერტები იქნება. შემდეგ იქნება გადაცემა მოდაზე, პუბლიცისტური გადაცემები და ა.შ.
ფასის თემა რომ ამოვწუროთ, ჩაგეკითხებით, თავად ტელეკომპანიის მფლობელმა თავიდანვე 30 000 ლარი დაასახელა?
– არა, თავიდან რა თქმა უნდა დიდი თანხა დასახელდა. სამი ადამიანი იყო დაინტერესებული არხის ყიდვით, ზოგი ბიზნესიდან და ზოგი პოლიტიკიდან. მე რეალურად შევაფასე არხის ღირებულება, პირდაპირ დავუსახელე ეს თანხა და ვუთხარი, თუ გაწყობთ, ამ თანხას გადავიხდი-მეთქი. აღსანიშნავია, რომ არხს ძალიან დიდი დავალიანებებიც გააჩნია და რა თქმა უნდა, მის ღირებულებაზე ესეც ახდენს გავლენას. როდესაც სიტუაციაში აუდიტი და იურისტიც ჩაერთვნენ, ცხადი გახდა, რომ რეალურად ეს არხი მეტი არ ღირდა.
რა სახის დავალიანებები აქვს არხს დაგროვილი?
– არის სახელფასო და კომუნალური დავალიანებები. ამასთანავე, არხს ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული საკაბელო კომპანიებთან, სატელევიზიო ანძასთან, მარეგულირებელთან და ა.შ. ამდენად, ეს დავალიანებები საკმაოდ სოლიდურ თანხების შეადგენს.
რა სივრცეში იმაუწყებლებს „რეალ-ტვ“?
– საუბარია თბილისზე და რეგიონების გარკვეულ ნაწილზეც. სახელწოდებაზე სერიოზულად ვფიქრობთ – შესაძლოა რებრენდინგი განხორციელდეს. შეიძლება სრულიად უპრეტენზიო სახელწოდება მივცეთ, ვნახოთ, ალბათ რამდენიმე დღეში სახელიც შეიცვლება.
საინტერესოა ასევე, რა ბედი ელით არხის თანამშრომლებს
– თავად ძველმა მესაკუთრემ თანამშრომლების 100% გაუშვა. ეს ასე იყო საჭირო და ალბათ ხვდებით, რატომაც. ჩვენ სრულიად ახალი თანამშრომლების აყვანას ვაპირებთ. მით უმეტეს ტელებაზარზე ისეთი სიტუაციაა, ძალიან ბევრი ჭკვიანი ჟურნალისტი გამოთავისუფლდა და თუ ადამიანი პოლიტიკურად არ არის გასვრილი, ალბათ სწორედ ამ ნიშნით მოხდება ახალი თანამშრომლების შერჩევა.
თქვენ ჟურნალისტი ხართ, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესში მოღვაწეობდით ხომ?
– დიახ, ათი წელი ჟურნალისტი ვიყავი, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი ბიზნესში ვმოღვაწეობდი. მოგეხსენებათ, ტელევიზია რა ჭაობიც არის, მისგან განთავისუფლება არ არის ასე ადვილი და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ამდენად, თქვენ აპირებთ, რომ სრული დატვირთვით სამი თვის შემდეგ დაიწყოთ მუშაობა?
– დიახ, დაახლოებით სამი თვე დასჭირდება არხის რეორგანიზაციას, ახალი პროექტების მომზადებას და ა.შ. რაც შეეხება ნიუსს, ის უკვე 40 დღის შემდეგ გავა ეთერში, რადგან ეს აუცილებელია.
For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ არხის გასხვისებასთან დაკავშირებით სხვა მედია-საშუალებები. ამის გასარკვევად ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელ, მამუკა ღლონტს ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, „რეალ-ტვ“ იმდენად დისკრედიტირებული არხია, რომ ქართულ ტელესივრცეში არაფერს წარმოადგენს, ხოლო თუ მას აპარატურაც არ აქვს, მაშინ მყიდველს მასში საკმაოდ დიდი თანხა გადაუხდიაო.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ორი ათასი ლარი გადაიხადოს, აიღოს ლიცენზია და გავიდეს ეთერში, ხოლო თუ ამ არხს კამერა არ ჰქონია და არაფერი, მაშინ კიდევ ძვირი გადაუხდია ამ ქალბატონს“, - ამბობს მამუკა ღლონტი.
რაც შეეხება არხის ახალ მეპატრონეს, როგორც for.ge-სთვის არის ცნობილი, ლალი ეგაძე 2003 წლამდე „პირველ არხზე“ მუშაობდა და გარკვეული პერიოდი მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პირადი გადამღები ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ახლა კი იგი საჩუქრების მაღაზია „kamoss”-ის მესაკუთრეა.