კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა. შედეგად, 217 იმპორტიორს გადასახადების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდა. გამონაკლისი, მხოლოდ ხორბლის შემომტანები არიან. სწორედ ამას ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება. სიის გაუქმების იმხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, რომ საქმეში ალბათ მთავრობის უმაღლესი პირების ჩართვა აუცილებელი გახდება.
მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). ცვლილება შეეხება ე.წ. ოქროს სიის წევრ 217 კომპანიას.
გადასახადის გადამხდელთა კავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ფინანსთა მინისტრის ბრძანებას გამოეხმაურა. მათი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაუგებარია და ის ნეგატიურად აისახება ბიზნესზე.
უკანგადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ ცვლილებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში და ამბობენ, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს ბიზნესზე. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილების შესახებ პოსტფაქტუმ გაიგეს.
„სამწუხაროდ, აღმასრულებელი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, საქართველოში არ იმყოფებიან და იმედი გვაქვს, მათი ჩამოსვლის შემდეგ ჩვეული კონსულტაციის რეჟიმში მათთან კომუნიკაციას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიაჩნია, რომ ზოგადად „ოქროს სია“ არ უნდა არსებობდეს, თუმცა მას შენიშვნები ძირითადად ვადის გონივრულობასთან და სათანადო კომუნიკაციის არარსებობასთან დაკავშირებით აქვს.
„ვადის გონივრულობას არ ვეთანხმები, თავად შინაარსი ალბათ უნდა მივიღოთ. „ოქროს სიები“ არ უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ერთიანი მიდგომა, მაგრამ ადაპტაციის პერიოდი ყველასთვის მნიშვნელოვანია.
ჩემი შეთავაზება მათთვისაც არის ის, რომ ზოგადი განცხადებები, რომ იყო კომუნიკაცია ბიზნესთან, შეიძლება დაფიქსირდეს ხოლმე კონკრეტული შეხვედრებით, წარმომადგენლობის დაფიქსირებით. როდესაც არ იქნება აბსტრაქტული განმარტება, არამედ იქნება ვადა, რომელიც მიანიშნებს გონივრულობაზე“, - აცხადებს კაკულია.
დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია კი დასახმარებლად პრემიერსა და ბიზნესომბუდსმენს მიმართავს. ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ბიზნეს მძიმე ტვირთად დააწვება. ივა ჭყონია ერთ მთავარ პრობლემად ხელისუფლების მხრიდან მათთან კომუნიკაციის არარსებობას ასახელებს.
პარალელურად ბიზნესომბუდსმენიც მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს „ჩავარდნა“ სწორედ მცირე კომუნიკაციას უკავშირდება. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რაც ბიზნესთან ურთიერთობის გარეშე ვერ მიიღწევა. ამიტომ ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მთავრობას დაიწყოს კონსულტაციები მეწარმეებთან იქამდე, ვიდრე გადაწყვეტილება ძალაში შევა.
„რედიქს“ ჯგუფის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის ზიანის მომტანია და „ოქროს სია“ შეზღუდვის ნაცვლად უნდა გაფართოვდეს.
„დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს სისტემა კარგად მუშაობდა და გაუქმებაზე კი არა, გაფართოებაზე უნდა ვიზრუნოთ. მე მგონი ვერ გრძნობენ, რამდენად აზიანებს ეს ბიზნესს და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი წუთი ბიზნესმენისთვის მზარდი ეკონომიკის პირობებში. ველოდები, რომ ამ თემაზე მოგვიბრუნდება ფინანსთა მინისტრი, ცოტას ვისაუბრებთ და ისევ ახალი შემართებით დაიწყება ეს პროცესი. ოქროს სიაში თუ 200 კომპანია იყო, ახლა უნდა გახდეს 1000 კომპანია“, - აღნიშნა პაპაშვილმა.
„ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ კორპორატიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ სამუშაო ადგილები შემცირდება, ხოლო კომპანიების ნაწილი დაიხურება.
„გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ჩვენთან კომუნიკაცია არ ყოფილა და არავის არაფერი შეუთანხმებია. საუბარია ყველა იმპორტიორზე ვისაც კი რამე შემოაქვს ქვეყანაში. თუ ეს რეგულაცია არ შეიცვლება და ცვლილება ამოქმედდა, ბიზნესი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, კომპანიებს დიდი რაოდენობის - ათეულობით და ასეულობით მილიონის სესხის აღება დასჭირდება, დაიხურება კომპანიები, შემცირდება დასაქმებულთა რაოდენობა და საბოლოო ჯამში, რიგი ბიზნესები შეწყდება“, - აცხადებს სხვიტარიძე.
ფინანსთა სამინისტროში კი საერთოდ არ აღელვებთ თუ რას ფიქრობენ ბიზნესმენები და ექსპერტები. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი ამტკიცებს, მათთვის უმნიშვნელოვანესი ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფაა. დღემდე არსებული რეგულაციით საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია პრეფერენციული პირობით სარგებლობდა, ახლა კი ისინი საშუალო და მცირე ბიზნესთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან.
„მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან და ეს გადაწყვეტილება ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ ბიზნეს სუბიექტებს გონივრული ვადა მიეცათ ახალ რეგულაციებთან ადაპტაციისთვის. არააქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა 30 დღის ვადით განესაზღვრათ, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს - 10 დღის ვადით“, - განმარტა ყავლაშვილმა.
უნდა ითქვას, რომ მაჭავარიანის უწყებას ეთანხმება და მხარს უჭერს ექსპერტი საბანკო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ოქროს სია კარგა ხნის წინათ უნდა გაუქმებულიყო.
„არა მგონია კომპანიები „გაიჭედონ“ და ეს უარყოფითად აისახოს ბიზნეს ოპერაციებზე, რაზეც კეთდება აქცენტები ბიზნესმენების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან. პირველ ეტაპზე გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით მსხვილ ბიზნეს შეიძლება შეექმნას, საბრუნავი თანხის შემცირებით, მაგრამ ამ მოდელზეა აწყობილი დღეს მთელი ევროპა.
არა მგონია დღეს ამ „ოქროს სიას“ რამე დიდი შეღავათი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული პრაქტიკით კომპანიებს შეეძლოთ პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში გადაეხადათ აქციზის სრული ღირებულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა დაგვიანებულიც კი არის და კარგი იქნებოდა ცოტა ადრეც გაუქმებულიყო“, - განაცხადა ექსპერტმა.
რაც შეეხება აქამდე არსებულ მოდელს და 5 დღიან შეღავათებს, ფაქტია, რომ არსებული 5-დღიანი შეღავათებით ისარგებლა ათეულობით არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა, რომლებიც აფუძნებდენ ახალ ე.წ. ერთჯერად კომპანიებს“ და დღგ-ს აღარ იხდიდნენ.
სუფთა პრტოტექციონიზმი, კრიშა არ არის მაგ სიაში თავშეფარებლი ბიზნესმენებისთვის ასეთი მიდგომა?
უბრალო ინდმეწარმემ 5 დღეში უნდა გადაიხადოს და ეგ ბობოლა "ოქროში" ჩასმული გაფუებული "ბიზნესმენები" სასათბურე გარემოში უნდა გყავდეთ?
სახელმწიფო კი არა საბავშვო ბაღია, რომელი საუკუნეა?
გაიღვიძეთ, გაიხედეთ რა დღეში ყავთ მაგ სიაში თბილად მოკალათებულ ვითომ "ბიზნესმენებს" მუშა-მოსამსახურეები, მოსახლეობა, ცხრაპირ ტყავს აძრობენ ხალხს, თანამშრომელებს კი მიზერულ ხელფასებს უხდიან...