ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისთვის გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. ხანმოკლე გაუგებრობის შემდეგ ხელისუფლებისთვის კვლავაც პრიორიტეტული აღმოჩნდა ანაკლიის პროექტი. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია და ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურით, დამთავრებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით.
ნათია თურნავას ამ განცხადების მიუხედავად, სულ რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტის დაწინაურების მცდელობა აშკარა იყო. შესაბამისად, საერთაშორისო ინვესტორებმაც დაინახეს, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ფოთშიცაა და საქართველოს ხელისუფლებას ფოთთან მიმართებით სერიოზული გეგმები აქვს. 29 მაისს კომპანია „ეიპიემ ტერმინალი ფოთმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ამას მოჰყვა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა. მოგვიანებით ხელისუფლებამ პოზიცია ანაკლიის პორტის სასარგებლოდ შეცვალა.
რა თამაშები მიმდინარეობს ანაკლიის პორტის გარშემო და ანაკლიის თემასთან ხომ არ გადაიჯაჭვა ამერიკულ-ჩინური დაპირისპირება?! ამის შესახებ For.ge-ს თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.
შავ ზღვაზე საქართველოს პირველ ნავსადგურს - ფოთის პორტს ანაკლიის სახით ახალი კონკურენტი უჩნდება. ფოთელები შიშობენ, რომ ანაკლიის პროექტი სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ფოთში სატრანსპორტო ბიზნესის წარმოებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო შესაძლოა, შემცირდეს ფოთის პორტის ტვირთბრუნვა. ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი, თუ ანაკლია- რომელი უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის?
- ფოთის პორტი უკვე დიდი ხანია, ჩამოყალიბებული პორტია და რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. არასწორად მიმაჩნია, რომ, გინდა თუ არა, ანაკლია უნდა აშენდეს, რადგან კონსტიტუციაში რატომღაც ჩავწერეთ „ანაკლიის პორტი“. მაინტერესებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პორტია და ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის პორტი? ეს ხომ გაუგებარია.
როგორც ჩანს, თქვენ ფოთის პორტის განვითარების იდეას უფრო ემხრობით, რადგან ის უკვე გაკეთებული და აშენებულია?
- მე არ ვემხრობი იმას, რომ სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება იმის შესახებ, მისცეს გარანტია ინვესტორებს, თავად მოიზიდოს ტვირთები მაშინ, როდესაც, ჩემი ინფორმაციით, არანაირი წინასწარი შეთანხმება რომელიმე მხარესთან ტვირთების მიწოდების შესახებ, თუნდაც იმავე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. თუკი არსებობს ასეთი შეთანხმება, ან, დავუშვათ, ჩინელებთან გვაქვს შეთანხმება დადებული და ეს ტვირთები ჩინური უნდა იყოს, მაშინ კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ხალხს უთხრას რეალობა. ბოლოს და ბოლოს, ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, ანაკლიისთვის სახელმწიფომ დახარჯა 300 მილიონი ლარი, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი თანხაა.
როგორც ამბობენ, ამერიკელებს არ უნდათ ჩინური გრანდიოზული ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში და სწორედ მათ ინტერესში იყო ჩინელების დაბლოკვა. თქვენც ასე ფიქრობთ, რომ ამერიკა შორს იხედება, რადგან ჩინეთის ეკონომიკა მძლავრობს და ამერიკელებს არ სურთ, საქართველოში შემოუშვან ჩინური მძლავრი ინვესტიცია?
- ამ ეტაპზე რომ ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს და ისინი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგენი არიან, ეს ყველასთვის ცნობილია. ცხადია, ამერიკა ეჭვით უყურებს ჩინეთის აბრეშუმის გზის პროექტს. აქ მთელი წინააღმდეგობები, გეოპოლიტიკური დაპირისპირებებია. რისთვისაც არის აბრეშუმის გზის პროექტი და რატომაც აქვს ამას ჩინეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა, ეს დიდი გეოპოლიტიკური თამაშია. აქ მთავარია, ჩვენ რა პოზიციაში აღმოვჩნდებით ამ გეოპოლიტიკური თამაშების პირობებში, ხომ არ აღმოვჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, რომ შეგვრჩეს ვალი, ტყუილად დახარჯული ფული და შეცვლილი გეოგრაფია. მოგეხსენებათ, ანთროპოგენური ზემოქმედება გარემოზე უზარმაზარია ანაკლიასთან მიმართებით. ამიტომ ანაკლიის პროექტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასაბუთება და ნათელი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ ხალხს ექნება ამისგან კონკრეტული მოგება. არა ისე, რომ აღმოვჩნდეთ სრულიად გაუგებარ სიტუაციაში, პუშკინის ზღაპრის მოხუცებულების არ იყოს, მხოლოდ გატეხილი ძველისძველი ვარცლი შეგვრჩეს. ნუთუ ისეა საქმე და იმდენი ტვირთებია, რომ ფოთში თუკი ღრმაწყლოვანი პორტი იქნა, ვეღარ გაიყოფენ ამ ტვირთებს? ან რამდენია ეს ტვირთები, რამდენს ელოდებიან, ვისთანაა მოლაპარაკება დაწყებული? ეს კომერციული საიდუმლოებაა? სინამდვილეში, 2020 წელს არ უნდა გაიხსნას ანაკლიის პორტი?!
თქვენ ახსენეთ დიდი პოლიტიკური თამაშები აბრეშუმის გზასთან მიმართებით. ჩინელების დაწინაურება რამდენად სახიფათო იქნება რეგიონში?
- მოგეხსენებათ, მსოფლიოს ცენტრი, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, კარგა ხანია, უკვე ინაცვლებს აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში. სწორედ იქ არის კონცენტრირებული დედამიწის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ეს რაიონი უზარმაზარია არა მარტო მოსახლეობით, არამედ ეკონომიკური პოტენციალით და ამ რეგიონს დომინანტად განიხილავს შეერთებული შტატები. ჩინეთი თავისი ისტორიული სპეციფიკიდან გამომდინარე, დამოკიდებულია სწორედ ამ რეგიონზე, იგივე ყვითელი ზღვის რეგიონზე. საერთოდ, ჩინური გეოპოლიტიკა არის ციხე-სიმაგრის გეოპოლიტიკა. ერთადერთი მოწყვლადი ადგილი ჩინეთს აქვს სრუტეები, საიდანაც ხორციელდება ჩინური საქონლის ექსპორტი. ამ რეგიონში ჯერჯერობით ზღვაზე ბატონობს შეერთებული შტატები. სიტუაციის გამწვავების ნებისმიერ მომენტში ამერიკას შეუძლია გადაკეტოს სრუტეები. ახლა ჩინეთი ცდილობს, გათავისუფლდეს ამ პარადიგმისგან. ამავე დროს, მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებულია ჩინეთის სწორედ ეს ნაწილი. ჩვენ რომ გადავინაცვლოთ ჩინეთის სიღრმისკენ, ეს სხვაობა განვითარებული ინდუსტრიული მსოფლიოს სახელოსნოდ ცნობილ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და შიდა ჩინეთს შორის უზარმაზარი იქნება. ვიღაცას ჰომოგენური ჰგონია ჩინეთი, სინამდვილეში, იქ უზარმაზარი წინააღმდეგობებია. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს, გააკეთოს ერთგვარი ნახტომი დასავლეთისკენ, მოახდინოს როგორც თავისი რეგიონების, ასევე, შუა აზიის რეგიონის ათვისება და გახდეს ცენტრალური მოთამაშე ევროპასთან ვაჭრობაში, ანუ ეს გლობალური ევრაზიული პროექტია, რომელშიც ჩვენც მოვიაზრებით, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი.
ექსპერტების გათვლით, ჩვენი ჩართვა აბრეშუმის გზის პროექტში მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთს მოეჭრას გზა, ჩვენს წინააღმდეგ აგრესია განახორციელოს. თუკი ჩვენ ჩინეთის არეალში მოვხვდებით, საქართველოსთვის რა შეიცვლება?
- ჩვენი ექსპერტები ისე განიხილავენ ვითარებას, გეგონება, რუსეთს ეძინოს. სინამდვილეში, რუსეთს არ სძინავს და ამაში ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით. ცხადია, რუსეთსა და ჩინეთს შორის აღარ არის ის დამოკიდებულება, როგორიც იყო იოსებ სტალინის იმპერიის დროს, როდესაც ჩინეთი განიხილებოდა უმცროს ძმად და საბჭოთა კავშირი უფროს ძმად. უზარმაზარი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირმა ახალი ჩინეთის ჩამოყალიბებაში, ეს იყო კოლოსალური წვლილი. ახლა ასე არ არის, ახლა უმცროს ძმად რუსეთი განიხილება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეკონომიკების მოცულობებს შორის განსხვავების მიუხედავად, ჩინური ეკონომიკა გაცილებით დიდია რუსულ ეკონომიკასთან შედარებით. თუმცა რუსეთს შენარჩუნებული აქვს ძალიან ძლიერი იმპერიული ინსტრუმენტები - სადაზვერვო, სტრატეგიული, სამხედრო პოტენციალი. ამასთან, რუსეთს საერთაშორისო არენაზე ბრძოლის უდიდესი გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში არაპროპროციულია ეკონომიკები, მაგრამ ტერიტორია, რესურსები და პოლიტიკური წონა რუსეთს ძალიან დიდი აქვს და ანგარიშგასაწევი ძალაა ჩინეთისთვის. ამიტომ მათი პარტნიორობა უნდა განვიხილოთ, როგორც მოწინააღმდეგეების პარტნიორობა. ეს ყოველთვის ასეა, რადგან არ არსებობს მარადიული მეგობრები, მით უმეტეს, გეოპოლიტიკაში. ჩინეთი და რუსეთი ახლა დროებით პარტნიორობენ, სანამ მათი ინტერესები დრამატულად არ დაუპირისპირდება ერთმანეთს. ამ შემთხვევაში, საქართველოს მარშრუტის არჩევა ჩინეთის მიერ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ამბავი.
ჩინეთი, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ცდილობს, აბრეშუმის გზის დივერსიფიცირება განახორციელოს, ის უზარმაზარ ფულს დებს ამ გრანდიოზულ პროექტში და შეეცდება, ჰქონდეს თავისი კოზირები ხელში. ჩინეთი ცდილობს, ისე გაიყვანოს ეს გზა, რომ შუა აზიას არ აუქციოს გვერდი, რომელიც უზარმაზარი რეგიონია და ჩინეთთან არის დაკავშირებული თუნდაც უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან ესაზღვრება ჩინეთის სინძიანის პროვინციას, სადაც უიღურები ცხოვრობენ. ამ რეგიონს ჩინეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთადერთი რეგიონია, სადაც მუსლიმანები ცხოვრობენ და დესტაბილიზაციის ერთ-ერთი საფრთხის შემცველი რეგიონია. გარდა ამისა, ისეა აგებული ეს მარშრუტი, რომ მაქსიმალურად გაანეიტრალოს რუსეთის მიერ თავისი ინტერესების ლობირება. ამიტომ ილუზია, რომ რუსეთი შეეგუება, თამაშგარედ დატოვონ ამ პროექტიდან, არ არის რეალისტური. ამის დასტურია თუნდაც წინარე პერიოდი, ანუ ცნობილი აჟიოტაჟი ბაქო-ჯეიჰანთან დაკავშირებით.
ეს ფაქტი უკვე შეფასდა, როგორც საქართველოს იგნორირება აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის მხრიდან.
- რუსეთი არ დაუშვებს, დარჩეს ნამცხვრის ნაჭრის გარეშე. ამ ეტაპზე რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, რადგან რუსეთის თვალსაწიერში ეს განიხილება, როგორც მტრული აქტი და მტრული აქტის შემთხვევაში რუსეთს გააჩნია ისეთი ინსტრუმენტები, რაზეც მე ვილაპარაკე. უფრო მეტიც, რუსეთს ისიც შეუძლია, ეს პროექტი ჩაშალოს. ეს ძალიან რთული პროცესია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ტვირთების ნაწილმა ჩვენზე გამოიაროს, ამავე დროს, უნდა შევეცადოთ დიდი მოთამაშეების გეოპოლიტიკურ თამაშებში არ გავისრისოთ. რაც შეეხება ამერიკელებს, საქართველოსთან მიმართებით მათი პოლიტიკური გავლენა გადამწყვეტია. რა თქმა უნდა, ამერიკელები არ დაუშვებენ, მათ გარეშე რაღაც შეიცვალოს საქართველოში და ჩინეთი გაბატონდეს კავკასიაში.