გაბერილი ფასები და დამუნჯებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციები

გაბერილი ფასები და დამუნჯებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციები

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში ბიზნესის ყველა სფეროს სულ რამდენიმე კომპანია აკონტროლებს და ფასების დადგენაც მათ შორის არაოფიციალური შეთანხმებების საფუძველზე ხდება. ამიტომ ნებისმიერ პროდუქციასა თუ მომსახურებაში ქართველი მომხმარებელი გაბერილ ფასს იხდის. ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ან მასთან ძალიან დაახლოებული პირი არ არის. „ქართული ოცნება“ გვპირდება, რომ ამ მხრივ სიტუაციას აუცილებლად დაარეგულირებს, რომ საქართველოში აღარ იქნება კარტელური დაჯგუფებები და პროდუქციისა თუ მომსახურების ფასს ჯანსაღი კონკურენცია განსაზღვრავს. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მათ მოუწოდა, ვისაც ფასებთან აქვს შეხება და კარტელურ გარიგებებში მონაწილეობს, ამაზე ხელი აეღო.  

ამის შემდეგ ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა რამდენიმე კომპანიამ ფასები ცოტათი დაწია, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ამ კომპანიებს ფასის დაკლების რესურსი კიდევ აქვთ ისე, რომ საკმაო მოგებაც ნახონ. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელ, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით კი, საქართველოში ვანთობპროდუქტებზე ფასს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი განსაზღვრავს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ არა მხოლოდ ნავთობრპოდუქტების ფასი, არამედ კომერციული ბანკების მიერ დაწესებული საკრედიტო სარგებლის განაკვეთიც საქართველოში არარეალურად მაღალია. გთავაზობთ ინტერვიუს ნოდარ ჭიჭინაძესთან.

ნოდარ ჭიჭინაძე: „პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ორი აზრი არ არსებობს (და ამას ყველა ადასტურებს), რომ ფასები ნამდვილად გაბერილია. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ფასების შემცირება ნამდვილად შესაძლებელია. ნავთობის მსოფლიო ფასებიდან და ტრანსპორტირების ხარჯებიდან გამომდინარე, არსებობს რამდენიმე გათვლა, თუ როგორია ბენზინის საშუალო თვითღირებულება, ანუ რა ჯდება მისი მომხმარებლამდე მიტანა. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მოგების მაჩვენებლს, რომელსაც შემდეგ კომპანია ამატებს. როდესაც ევრო-რეგულარის ტიპის ბენზინზე კალკულაცია გავაკეთეთ, ეს თანხა 1.70 ლარიდან, 1.75 ლარამდე გამოვიდა. ამაში იგულისხმება, შესყიდვის ფასი, ტრანსპორტირების ღირებულება, აქციზი და ა.შ. ანუ ის თვითღირებულება, რაც კომპანიებს უჯდებათ. იგივე ბენზინი საცალო ბაზარზე საშუალოდ 2.20 ლარად იყიდებოდა და გამომდინარე იქიდან, თუ როგორი იყო ფასები ნავთობპროდუქტებზე, ხან იმატებდა და ხან 2.10 ლარამდეც ჩამოსულა, თუმცა თვითღირებულებაზე ფასნამატი საშუალოდ 40-50 თეთრს შეადგენდა. ჩვენი აზრით, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სავსებით შესაძლებელია, რომ ბენზინის ფასი ორ ლარამდე, ან 1.90 ლარამდეც შემცირდეს. ჩემი შეფასებით, სწორედ ეს იქნება ნორმალური საბაზრო ფასი.

თქვენ საუბრობთ დაახლოებით 50 თეთრიან მოგებაზე ლიტრ საწვავზე. ზოგადი სტანდარტით, რა მოგება შეიძლება ჰქონდეს ნავთობიმპორტიორს, რათა მანაც იხეიროს და თან ოპტიმალურ ფასად მიაწოდოს საწვავი მომხმარებელს?

- ზოგადად ეს თავად კომპანიაზეა დამოკიდებული, მაგალითად, როგორი აქვს სახელფასო პოლიტიკა, როგორია მისი ხარჯების სტრუქტურა და ა.შ. მზა რეცეპტი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ფასნამატი, არ არსებობს, თუმცა ზოგადად ბიზნესში იანგარიშება, რომ 10-15%, ან მაქსიმუმ 20%-იანი ფასნამატი არის ნორმალური მაჩვენებელი. ჩვენს შემთხვევაში კი საწვავზე ფასნამატი დაახლოებით 40%-ს შეადგენს.

ხელისუფლებას თუ ჰქონდა საიმისო ბერკეტები, რომ ეს ფასები დაერეგულირებინა?

- ფასების სფეროს და ზოგადად კონკურენციის საკითხს რაც არეგულირებს, ეს არის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც მოგეხსენებათ, 2005 წელს საერთოდ გაუქმდა. მოგვიანებით, ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მისი აღდგენა და ეს კანონმდებლობა აღდგა, მაგრამ იგი იმდენად სუსტი და სუბიექტურია, რომ პრემიერ-მინისტრს შეუძლია ჩათვალოს, რომ ვთქვათ, ნავთობის სფეროში კონკურენციის შეზღუდვას არ აქვს ადგილი და ეს სფერო ანტიმონოპოლიური სამსახურის შესწავლის ობიექტებს შორის საერთოდ ვერ მოხვდეს. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა მორგებული იყო არა ზოგად პრინციპებს, არამედ ის შეიძლებოდა მიკერძოებული ყოფილიყო. კერძოდ, ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელსაც ახალი კანონმდებლობით კონკურენციის სააგენტო ერქვა, პრემიერ-მინისტრი უდგენდა იმ სფეროებს, სადაც მონოპოლია შეიძლებოდა ყოფილიყო. თუ პრემიერ-მინისტრი ჩათვლიდა, რომ ნავთობის სფეროში მონოპოლია არ იყო, ამ ბაზრის შესწავლა აღნიშნული სამსახურის მიერ არ მოხდებოდა. შესაბამისად, იმ კომპანიების საქმიანობის წინააღმდეგ, რომლებსაც მონოპოლიური თუ ოლიგოპოლიური მდგომარეობა დღესაც უკავიათ და ამ მდგომარეობას მაღალი ფასის დაწესებით ბოროტად იყენებენ, ვერანაირი ღნისძიებები ვერ გატარდებოდა.

ნავთობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი განსაზღვრავს. იზიარებთ მის პოზიციას?

- არანაირად არ ვეთანხმები ამ პოზიციას და ამაზე მსჯელობა შეგვიძლია იქიდან გამომდინარე, თუკი მსოფლიო ბაზარზე ფასების ტენდენციას ქართულ ბაზარზე არსებულ სიტუაციას შევადარებთ. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, დღეს ნავთობი მსოფლიოში უფრო იაფია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო, ხოლო საქართველოში იანვრიდან დღემდე ბენზინი ხუთჯერ ხუთ-ხუთი თეთრით გაძვირდა, ანუ სულ 25 თეთრით, (არ ვგულისხმობ ბოლო შემცირებას, რომელიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ მოხდა), ფასის შემცირება კი მხოლოდ ორჯერ ასევე ხუთ-ხუთი თეთრით მოხდა, ანუ საბოლოო ჯამში ბენზინი წლის დასაწყისთან შედარებით 15 თეთრით ძვირი გამოდის მაშინ, როდესაც ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე იანვარში იყო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ალოგიკურია და საფუძველს მოკლებული განცხადება, თითქოს საქართველოში ნავთბპროდუქტების ფასები მსოფლიო ფასებს მისდევს.

ერთსაც დავამატებ, როდესაც მსოფლიოში ნავთობის ფასები ძვირდებოდა, საქართველოში ნავთობკომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ამას ყოველთვის ნავთობპროდუქტების გაძვირებით პასუხობდნენ. თუმცა ბევრჯერ იყო შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობი გაიაფდა, ქართული ნავთობკომპანიები კი საწვავის ფასს არ აკლებდნენ და არგუმენტი ჰქონდათ, რომ მათ ჰქონდათ ძველი რეზერვები, რომლებიც ძვირად შეიძინეს და ის რომ დაბალ ფასში გაეყიდათ, წაგებაზე წავიდოდნენ. ჩემთვის ეს არგუმენტი აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ ვერც ბატონ ვანო მთვრალაშვილის ამ პოზიციას დავეთანხმები.

ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა ასოციაცია, ისევე როგორც სხვა მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, არსებობენ იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები დაიცვან. თქვენი აზრით, საქართველოში რამდენად დაცულია მომხმარებელთა უფლებები?

- პირადად ჩემთვის ცოტა არ იყოს პარადოქსულად ჟღერს, როდესაც ერთი ორგანიზაცია არის როგორც მიმწოდებლების, ასევე მომხმარებლების უფლებების დამცველი. ზოგადად, კომპანიის ინტერესეი არ არის მომხმარებლის უფლებების დარღვევა, მაგრამ როგორც წესი, ამ ორი მხარის ინტერესებს შორის აბსოლუტური თანხვედრა არასოდეს ხდება. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარია ამ ორგანიზაციის დანიშნულება.

აქვე მინდა ერთ სამწუხარო ტენდენციას შევეხო. კერძოდ, როგორც ნავთობიმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირი, ასევე საბანკო ასოციაცია, რომელიც წესით ბანკების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, ორივე ეს ორგანიზაცია რეალური დასკვნებისგან საკმაოდ შორს იდგა, როდესაც მათი მხრიდან ასეთი დასკვნების გაკეთება იყო საჭირო. საბანკო ასოციაციას მე დავარქმევდი ეროვნული ბანკის საბანკო ასოციაციას, ვინაიდან ის ძირითადად სწორედ ეროვნული ბანკის პოზიციებს ამყარებდა ხოლმე იმის ნავლად, რომ ბანკების ინტერესები დაეცვა. ამის მაგალითად „ქართუ ბანკის“ საქმე შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც საბანკო ასოციაციას თავისი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა, მაგრამ მან თავი შეიკავა და მხარი დაუჭირა იმ მოსაზრებას, რომ „ქართუ ბანკი“ პოლიტიკაში აქტიურად ერეოდა და მის მიმართ ამგვარი ღონისძიებების გატარება იყო საჭირო.

ასე რომ, პირადად მე ვთვლი, რომ მსგავსი ასოციაციები უფრო კომპანიების ინტერესების გამტარებლები არიან და ხშირ შემთხვევაში, მათი უკანონო ქმედებების გამართლებისთვის არიან შექმნილები.

თქვენ პარალელს ავლებთ საბანკო სფეროსთან. მოდით მაშინ ამ სფეროსაც შევეხოთ. რამდენადაც ცნობილია, საქართველოში საბანკო სესხებზე ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. ესეც იმ სიტუაციის გამოძახილია, რაც ზოგადად ქვეყანაში არის შექმნილი?

- საბანკო სექტორთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე კვლევა ჩავატარეთ და შემიძლია გითხრათ, რომ ამ მხრივ, საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენი ქვეყანა კრედიტების სიძვირით მეხუთე ადგილზეა. მხოლოდ ოთხ ქვეყანაშია საქართველოზე ძვირი კრედიტები და ეს ქვეყნებია კონგო, ყირგიზეთი, ბრაზილია და თუ არ ვცდები, დომინიკის რესპუბლიკა.  საქართველოში საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 26%-ია, რაც წარმოუდგენლად მაღალია. ჩემი აზრით, როდესაც ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 26%-ია, ამ ქვეყანას უბრალოდ მორალური უფლება არ აქვს, რომ წარმატებულ ეკონომიკაზე ისაუბროს. მიუხედავად ამისა, ამ ფონზე საკმაოდ აქტიური საუბრები მიმდინარეობდა იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ მიდის. მე არ უარვყოფ, რომ ეკონომიკა წინ მიდის, ეს მართლაც ასეა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკანაც არავინ მიდის, ანუ გარკვეული გამონაკლისების გარდა, ყველა ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება.

როდესაც ქვეყანაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 26% გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარებას ხელს კი არ უწყობ, არამედ პირიქით, აფერხებ. ის, რომ ბიზნესის დარეგისტრირება 15 წუთშია შესაძლებელი, ზოგადად ბიზნესის დაწყება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ერთ დღეშია შესაძლებელი, აბსოლუტურად არაფერია ამასთან შედარებით, ვინაიდან ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი არის განვითარება და ამისთის ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსი. ამ განაკვეთების პირობებში კი ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია.

ამდენად, აქაც მონოპოლიასთან გვაქვს საქმე, თუ კიდევ სხვა რაიმე ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი?

- პირდაპირ მონოპოლიას ვერ დავარქმევდი, შეიძლება ამას უფრო ოლიგოპოლია ვუწოდოთ, რადგან ბაზრის დაახლოებით 80% სამი ბანკის ხელშია (ვგულისხმობ კრედიტების და დეპოზიტების ბაზარს). კანონმდებლობამ არ უნდა დაუშვას, რომ ბანკმა ზემაღალი მოგება მიიღოს. ქართულ ბანკებს კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მარჟა აქვს, ანუ სხვაობა სესხის საპროცენტო განაკვეთსა და დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთს შორის დაახლოებით 15%-ია. მსოფლიოში ასეთი სხვაობა პრაქტიკულად არ გვხვდება. ძალიან პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანო, ეს იგივეა, ნებისმიერი პროდუქტი ერთ ლარად რომ იყიდოთ და ორნახევარ ლარად გაყიდოთ. ამ პირობებში კი საბანკო სექტორში რაიმე ტიპის კონკურენციაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

დაბოლოს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად საკმარისია მხოლოდ პოლიტიკური ნება?

- მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში (არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ ნებისმიერ სფეროში) უნდა იყოს დახვეწილი კანონმდებლობა და შესაბამისი ორგანო, რომელიც ამ კანონმდებლობიდან გადაცდომებზე სათანადო რეაგირებას მოახდენს. თუ ქურდი შესაბამისი კანონის მიხედვით სამართლდება და სასჯელს იხდის, ეკონომიკური დანაშაულიც დანაშაულია. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მონოპოლიური საქმიანობა ეკონომიკურ დანაშაულად ითვლება და არსებობს არაერთი მაგალითი იმისა, მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო როგორ ჯარიმდებიან მილიარდობით დოლარით ისეთი მსხვილი და ცნობილი კომპანიები, როგორებიც არიან „გუგლი“, „იაჰუ“ და ა.შ. თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია იმაზე, რომ არის დემოკრატიული და ეკონომიკურ განვითარებაზე აქვს პრეტენზია, პირველ რიგში ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს. ბიზნესის ხელშეწყობის მთავარი მექანიზმი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფაა. საქართველოში არსებული კანონმდებლობა კი ასეთი გარემოს შექმნას არანაირად უწყობს ხელს. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მოხდება ამ კანონმდებლობის გადახედვა და მისი მსოფლიო სტანდარტებთან დაახლოება, რაც ნებისმიერ ბიზნესს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ თავის საქმიანობაში წარმატებული იყოს.“