21 ოქტომბერს, კვირას 13.00 საათზე ქუთაისში მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომა ჩატარდება. თავის დროზე, როცა ნაციონალებმა პირველი სხდომა ქუთაისის დაუმთავრებელ პარლამენტის შენობაში გამართეს, ოპოზიციონერი დეპუტატები საკუთარ ნაციონალ კოლეგებს ამ სახიფათო ნაგებობაში ჩაფხუტებით შესვლას ურჩევდნენ. დღეს კი იმის გამო, რომ დედაქალაქში მდებარე პარლამენტის შენობიდან ნაციონალებმა ყველაფრის გატანა შეძლეს, რაც გასატანი იყო, ხელისუფლებაში მოსულ ოპოზიციას ადგილი აღარ დაუტოვეს მერვე მოწვევის პარლამენტის სხდომის ჩასატარებლად.
სულ ახლახანს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატ დავით უსუფაშვილთან ერთად ქუთაისის პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. მათ აინტერესებდათ, რამდენად მზად იყო შენობა და ინფრასტრუქტურა საპარლამენტო სხდომის ჩასატარებლად. თუმცა როგორც გაირკვა, პარლამენტის ფასადის მოწესრიგება ახლაც მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზი კი ტექნიკურად გამართულია.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებით, შენობაში სამუშაოდ იდეალური პირობები არ არის, მაგრამ პარლამენტის თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველი სხდომა გამართულად ჩატარდეს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მშენებლები ჯადოქრები არ არიან, რომ თვეების განმავლობაში გასაკეთებელი საქმე რამდენიმე დღეში გააკეთონ. უფრო მეტიც - იგი აცხადებს, რომ პალამენტის შენობა დიდ სამშენებლო მოედნად იქცა.
რამდენად უსაფრთხოა ქუთაისის ჯერ კიდევ დაუსრულებელი პარლამენტის შენობაში შესვლა, მით უფრო, რომ პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ფლიგელის თუ ცალკეული დამხმარე ნაგებობის ჩამონგრევისა და ლეტალური ფაქტების შესახებ. პარლამენტის შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით For. ge ახლანდელი მოწვევის ექსპერტებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს ესაუბრა.
რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილის თქმით, მშენებარე პარლამენტში ამ წუთას შესვლა და გამოსვლა უსაფრთხო არ არის, იქ ერთი კვადრატული მეტრიც არ არის მზად და დეპუტატებს ხარაჩოებში უწევთ გადაადგილება, თუმცა მშენებლები ირწმუნებიან, რომ 21 ოქტომბრისთვის შენობა უსაფრთხო იქნება.
„20 ოქტომბერს ადგილზე ვიქნებით და კოლექტიურად შევამოწმებთ; ამ ნაგებობაში ერთობლივად შევალთ და გამოვალთ. თუ ცოცხლები გამოვედით, ე.ი. მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ყოფილა“.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში არაფერი არ აშენებულა ხარისხიანად, არც ქუთაისის აეროპორტი და არც ქუთაისის პარლამენტის შენობა. თუმცა ახლანდელი მოწვევის დეპუტატები საქართველოს კონსტიტუციას სცემენ პატივს, სადაც წერია, რომ პარლამენტის სხდომები ქუთაისში უნდა გაიმართოს.
„იძულებული ვართ, იქ ჩავატაროთ სხდომა. დარბაზი მეტ-ნაკლებად შეესატყვისება სტანდარტებს, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ოთახებზე. მშენებლებს რას ვერჩით, მათი ბრალი არაფერია. საქართველოს პრეზიდენტმა ისე განიზრახა პარლამენტის მშენებლობა ქუთაისში, რომ პარლამენტარებისთვის სახლის აშენება პროექტშიც კი არ არის. ჩვენ რომ არ გაგვემარჯვა, რას იზამდნენ?! ქუთაისში სასტუმრო არ არის, ოთახი არ არის და დეპუტატები დილას მანქანებით უნდა ჩასულიყვნენ და ღამით წამოსულიყვნენ?! ასე ივლიდნენ კვირაში ორჯერ და ეს იქნებოდა პარლამენტის მუშაობა?! ფაქტობრივად, პარლამენტის გარეშე ტოვებდნენ ქვეყანას,“ - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.
„ქართული ოცნების“ წევრი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნაგებობა ნაწილობრივ მზადაა, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კაპიტალური რემონტი. ამის მიუხედავად, მათ რემონტის პირობებში მოუწევთ სხდომების გამართვა.
„საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ფაქტობრივად, ყველა ოთახში, ყველა კორიდორში, ყველა კიბის უჯრედში რემონტი მიმდინარეობს. თუ ფეხქვეშ არ დახედე, სად მიდიხარ, შეიძლება, საფრთხე შეგექმნას. რა ბარიერიც არ უნდა აღემართა ვაჟბატონს, ყველა შემთხვევაში, ჩვენ ამ პარლამენტის შენობაში შესვლა მოგვიწევდა. ეს უპირობოდ ასე უნდა ყოფილიყო. ამიტომ რემონტის, სამშენებლო ნაგვისა და მტვრის მიუხედავად, ქუთაისში პირველი სხდომა მაინც ჩატარდება“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, იმ უბედურების ჩათვლით, რაც ქუთაისში მომავალი მოწვევის დეპუტატებს დაახვედრა სააკაშვილმა, ისინი სხდომის ჩასატარებლად მაინც უნდა შეიკრიბონ. ამით არ დაირღვევა კონსტიტუცია და ისინი არ დაემსგავსებიან გოგორიშვილ-მაჭავარიან-სააკაშვილებს. ამასთან, ცაგარეიშვილის აზრით, ასეთ პირობებში მუშაობა მათ ცოტა ხნის მანძილზე მოუწევთ.
ცაგარეიშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ისეთი საკონსტიტუციო ცვლილება მოამზადეს, რომ ქუთაისის გარდა დეპუტატები ვერსად შეიკრიბებოდნენ.
„სადაც სხდომა ტარდება, იქ მეტ-ნაკლებად ნორმალური ვითარებაა, თუმცა წვრილმანი სამუშაოები გრძელდებოდა გახმოვანებასთან დაკავშირებით. საკმაოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები გვყავს პარლამენტში და ვფიქრობ, ამას მოაგვარებენ. შევეცდებით, ჩაფხუტები მხოლოდ სააკაშვილ-თარგამაძეების ხვედრი იყოს, რადგან სააკაშვილის ხელიდან აღებული ჩაფხუტი კარგ საქმემდე რომ არ მიგიყვანს, ეს თარგამაძისა და ქდმ-ს პოლიტიკურ ბედზეც აისახა. სააკაშვილის ხელიდან ნაბოძარი არაფერი გვჭირდება, არც ჩაფხუტი და არც უკვდავების წყალი,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.
„მრეწველთა“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ საქმე მთლად სახიფათოდ არ არის და ძნელია თქმა, რომ ნაგებობა ჩამოინგრევა, მაგრამ რა პირობები დახვდებათ - ეს სხვა საქმეა.
„21-ში, სხდომის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, ყველაფერი დაზუსტებით გვეცოდინება, თუმცა ვნახოთ, როგორ მოასწრებენ მშენებლები სამუშაოს. საერთოდ, შრომის პირობები იქ მაინცდამაინც ნორმალური ვერ იქნება. ამ გადასახედიდან ასე მგონია, რადგან იქ არის ისეთი სამუშაო ოთახები, სადაც ფანჯრები არ არის, ბუნებრივი შუქიც არ შემოდის. არადა, ყველაფერი ენერგეტიკაზეა დამოკიდებული- კლიმატკონტროლი, განათება და სხვა. წარმოდგენილი მაქვს, ძალიან დიდი კომუნალური ხარჯები იქნება გადასახდელი ელექტროენერგიის მხრივ“, - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი ვახტანგ ხმალაძეც ადასტურებს, რომ პარლამენტის ახლადგახსნილ შენობაში მართლაც მძიმე ვითარებაა, რაც მან ქუთაისში ჩასვლისას პირადად იხილა.
ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარის, ანზორ საკანდელიძის თქმით, მართალია, სპეციალისტები არ ახმაურებენ, თორემ ქუთაისის პარლამენტის შენობის ფუნდამენტი ცუდ დღეშია. ინფორმაცია ვრცელდება, რომ ნაგებობას უკვე ბზარები გაუჩნდა. ექსპერტის თქმით, იქ ჭაობიანი ნიადაგია, ამდენად, ფუნდამენტისა და საძირკვლის სამუშაოებს, მათ პროექტირებას განსაკუთრებული ანალიზი და დრო სჭირდება.
„მთავარია, რომ იქ შესვლა საშიშია, რადგან მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე საერთოდ არ შეიძლება ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლა. ეტყობა, სტანდარტული დრო არ მოანდომეს, სიჩქარეში ყველაფერი სრულყოფილად არ გამოდის. ეს აქტი რომ გაფორმდეს, ამას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. თითქოს მთავარი დარბაზი გაკეთებულია, მაგრამ იქამდე მისასვლელი გზები როგორია?! ძალიან რთული და არაორდინარული ვითარებაა. ის მაინც გააკეთონ, რომ რაც აშენებულია, ნაწილობრივი მიღება-ჩაბარების აქტით გააფორმონ. მაგალითად, ფუნდამენტების ჩაბარება მაინც მოხდეს. ასეთი რამ პრაქტიკაში არსებობს, როდესაც მშენებლობის ერთი ეტაპი, ვთქვათ, მიწისქვეშა სამუშაოები მთავრდება, ნაწილობრივ ხდება ნაგებობის ჩაბარება“.
ექსპერტის თქმით, ფუნდამენტები აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა უბედურება არ მოხდეს და რაღაც არ ჩამოვარდეს. მით უმეტეს, მსხვერპლი უკვე იყო. ამდენად, ანზორ საკანდელიძის წინადადება ასეთია, რომ შემოწმდეს რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციებით ჩატარებული სამუშაოები, რომელზეც დამოკიდებულია შენობის სეისმომედეგობა და ტვირთამწეობა. ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან სულ ახლახანს ხუთბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.