ტელეკომპანია „იმედი“ თავისუფალია

ტელეკომპანია „იმედი“ თავისუფალია

კულუარული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ ერთ–ერთმა მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ გუშინ "იმედში" თათბირი ჩაატარა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს დაემშვიდობა. მან ყოფილ კოლეგებს  განუცხადა, რომ ამიერიდან მათი ხელმძღვანელი აღარ იქნებოდა და ტელეარხს ტოვებდა. 

For.ge-ს ინფორმაციით, გიორგი არველაძეზე მეტად თურმე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი მათე კირვალიძე იჩენდა აგრესიულობას და ყოფილ კოლეგებს უცხადებდა, რომ ტელეიმედზე მაინც დაბრუნდებოდა. ჩვენ მათე კირვალიძეს დავუკავშირდით, თუმცა მათე კირვალიძემ გვითხრა, რომ საკითხს უკომენტაროდ ტოვებდა. როცა ჩავეძიეთ, თუ რა იყო მის მიერ კომენტარზე უარის თქმის მოტივი, მათე კირვალიძემ გაიოცა და გვითხრა - „თქვენ ვინ გინდოდათ? მათე არ ვარ, შეგეშალათ“, რაზეც ვუპასუხეთ, რომ ეს ნომერი სწორედ მისი იყო და არაფერი შეგვშლია. ამის მიუხედავად, ჩვენი რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ ეს მათეს ნომერი ნამდვილად არ ყოფილა.

ჩვენ ნანუკა ჟორჟოლიანსაც დავუკავშირდით. მაგრამ მან გიორგი არველაძის წასვლის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გვითხრა, რომ გუშინ გიორგი არველაძეს თათბირი არ ჩაუტარებია, და ეს ტყუილი იყო, თუმცა მოგვიანებით დაამატა, რომ, ყოველ შემთხვევაში, გიორგი არველაძეს თათბირი მათთან არ ჩაუტარებია.    

რეალურად თუ შევხედავთ მოვლენებს, გუშინდლამდე გიორგი არველაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა. ამ ვერსიას For.ge-სთან საუბარში მედიაექსპერტი ია ანთაძეც ადასტურებს. იგი მიიჩნევს, რომ „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე არსად წასვლას არ გეგმავდა და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მისთვისაც მოულოდნელი იყო. უფრო მეტიც, ხელისუფლება ამ ტელევიზიის შენარჩუნებას გეგმავდა, სწორედ ამიტომ ჩამოაწერა ვალები.

„ტელეკომპანია "იმედის" პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაცემა კარგი მაგალითია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი არველაძემ გმირული აქტი ჩაიდინა“, - ასეთნაირად გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი მე-9 არხთან საუბრისას გიორგი არველაძის ქმედებას. მისი თქმით, მომხდარი სულაც არ ნიშნავს, რომ ამის გამო გიორგი არველაძეს ტაში უნდა დავუკრათ და ყველაფერი ვაპატიოთ. უფრო მეტიც, ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი არველაძე გასუფთავდა და მასთან დაკავშირებით პრობლემა არავის ექნება.

For.ge ტელეიმედის რეჟისორს თამაზ არეშიძეს დაუკავშირდა. მან ვერ დააკონკრეტა, თუ რამ აიძულა გიორგი არველაძე ასეთი გადაწყვეტილება მიეღო და პოსტი დაეტოვებინა, თუმცა აღნიშნა, რომ სამართალმა პური ჭამა და, ვისიც იყო ტელეკომპანია, მას დაუბრუნდა. უბრალოდ, თამაზ არეშიძე მიიჩნევს, რომ კარგია,  ყველაფერმა მშვიდად, გართულების გარეშე ჩაიარა.

„როგორც ვიცი, გიორგი არველაძე საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს გამოემშვიდობა და არხის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საინფორმაციომაც დროებით შეაჩერა მაუწყებლობა“.

თამაზ არეშიძის ინფორმაციით, გუშინ თურმე მათე კირვალიძე ძალიან გაცხარებულა, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ მას თანამდებობის დატოვება უწევდა.  უთქვამს კიდეც, დავბრუნდებიო. დღეს კი, როცა პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იმედს“ ეწვია, მათე კირვალიძე, ისევე, როგირც გიორგი არველაძე, საკმაოდ მშვიდობიანად და გაწონასწორებულად იქცეოდა.

„ვინც ბადრის აუგად იხსენიებდა, ვინც მას რუსეთის აგენტს, მკვლელს  უწოდებდა, მათ ნერვიულობა დაეტყოთ. საუბარია საინფორმაციო სამსახურზე და არა - არაპოლიტიკურ გადაცემებზე. მას შემდეგ, რაც ტელევიზია ნაციონალებმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს წაართვეს, ამ ადამიანებმა დაიწყეს მტკიცება, რომ თურმე თეთრი შავია, ახლა კი მათ მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ თეთრი მართლაც თეთრია. ამდენად, მათი აქ მუშაობა ცოტა უხერხულია და მე მგონი, მათ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და წავიდნენ“.

რეჟისორის თქმით, ამ შემთხვევაში, საუბარია საინფორმაციოს ხელმძღვანელებსა და რედაქტორებზე. თორემ ოპერატორებს რა უნდა გაეკეთებინათ?! მართალია, ამ ადამიანებს გაყრით არ დამუქრებიან, მაგრამ მათ უთხრეს, რომ დრო ჰქონდათ და უნდა მოეფიქრათ.

„ჩვენთან ისეთი მსახიობებიც იყვნენ, რომლებიც მაყურებელს თვალში ნაცარს აყრიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „იმედზე“ ვმუშაობ, მე არ ვიყავი „ქრონიკის“ მაყურებელი. ამიტომაც არ ვიცნობდი „იმედის“ ჟურნალისტების 98 %-ს. მთავარი ის არის, რომ გიორგი არველაძემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და ამ შემთხვევაში, კარგად მოიქცა“.    

ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ფაქტია, გიორგი არველაძე ამ გადაწყვეტილებას საკუთრი ნებით არ მიიღებდა. ამდენად, ჯერ უნდა გაირკვეს, ვალებს რა ბედი უწერია. მეტიც, გადაფორმება ჯერჯერობით არ დაწყებულა და, როცა გადაფორმება დამთავრდება და გაირკვევა, „იმედს“ რამდენი ვალი, რამდენი აქტივი და პასივი აქვს, ალბათ, გარკვეული დასკვნის გაკეთება მაშინ შეიძლება.

„გასაგებია, ალბათ, არ უნდოდა არველაძეს „იმედის“ დათმობა, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე დიდი ტელევიზიის შენახვა დღეს ოპოზიციაში წასულ ყოფილ ხელისუფლებას არ შეუძლია. როცა ბიუჯეტიდან თანხებს ვერ ხარჯავ კერძო ტელეკომპანიებზე, მაშინ ეს თანხები საკუთარი ჯიბიდან უნდა ამოიღო. ეტყობა, საკუთარი ჯიბიდან ფულის ამოღება არავის უნდოდა. ამდენ ტელევიზიას ესენი ვერ შეინახავდნენ და ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება,“-გვითხრა თამარ ჩიქოვანმა.

რაც შეეხება გიორგი არველაძის ტელეიმედზე მოღვაწეობას, თამარ ჩიქოვანის აზრით, თავის დროზე მისი ნათქვამი, თითქოს ტელეიმედზე სივი გაგზავნა და უცებ მიიწვიეს, სასაცილოც აღარ არის და ეს ადამიანების მასხრად აგდებაა.

კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მედიაექსპერტი ია ანთაძე აცხადებს, რომ თურმე გიორგი არველაძე ამბობდა, რომ მთელი რიგი დოკუმენტაცია არსებობდა, რაც ტელეიმედზე მათ მფლობელობას ადასტურებდა და, რომ ეს დოკუმენტაცია უაღრესად გამართული იყო. ამიტომაც ის არ აპირებდა არსად წასვლას. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია დოკუმენტაციის მოწესრიგებას.  ამ შემთხვევაში, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ახალმა მფლობელებმა „იმედის“ ძველ მფლობელებს ტელევიზია დაუტოვეს.

„რა პირობებით მოხდა ტელევიზიის გადაცემა და როგორი იქნება ვალების საკითხი, ალბათ, ეს გზადაგზა გახდება ცნობილი. არ ვიცი, ვალების ჩამოწერა ვის ინტერესში შედიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი განზრახვა- ვალები ჩამოეწერა. ყველაზე მეტი ვალი ჰქონდა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს. ცხადია, იქ ახალი მენეჯმენტი შევა, მიიყვანენ ახალ პროდიუსერებს, ახალ ჟურნალისტებს და ამ არხის პოლიტიკურ მიმართულებაზე წარმოდგენა შეგვექმნება“,-აცხადებს ია ანთაძე.

რაც შეეხება გიორგი არველაძის პასუხისმგებლობას, მედიაექსპერტის თქმით, არსებობს პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, უნდა არსებობდეს მხარეც, რომელიც დაინტერესებული იქნება, სისხლის სამართლებრივად პასუხი აგოს ამა თუ იმ პირმა.

ამდენად, ია ანთაძისთვის უცნობია, ვინმე იქნება თუ არა დაინტერესებული,   სისხლის სამართლებრივად გიორგი არველაძის პასუხისმგებლობა დააყენოს „იმედთან“ დაკავშირებით.

„ეს სამომავლოდ გაირკვევა. თუმცა მითი იმის შესახებ, რომ თურმე იმდენად კარგად მართავდა გიორგი არველაძე კომპანიას, რომ ადგნენ და წილის ნაწილი აჩუქეს, ამ ზღაპრების არავის სჯერა“,-აცხადებს ია ანთაძე.      

და ბოლოს, მაინც რით აღინიშნა გიორგი არველაძის მოღვაწეობა ტელეიმედში?! ამ კითხვაზე საპასუხოდ ერთადერთი თემა ფიგურირებს-“მოდელირებული ქრონიკა“...