ეროვნული მუზეუმის პასუხს for.ge ორშაბათამდე დაელოდება

ეროვნული მუზეუმის პასუხს for.ge ორშაბათამდე დაელოდება

ინტერნეტგამოცემა for.ge-მ კეთილი ნება გამოიჩინა და ეროვნულ მუზეუმს კიდევ ერთხელ მიმართა აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და ამომწურავი პასუხი გაგვცეს სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე და გადმოგვცეს დოკუმენტები.

ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სახელზე ცხრაგვერდიანი განცხადება ჩვენმა კორესპონდენტმა, ნინო მიქიაშვილმა 12 ოქტომბერს ჩააბარა. მასში დეტალურადაა წარმოდგენილი, თუ რომელ კითხვაზე ვერ მივიღეთ პასუხი და რომელი დოკუმენტი არ გადმოგვცა მუზეუმმა.

12 ოქტომბრის განცხადების პირველი გვერდი ასეთი შინაარსისაა:

“თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დაევალა გადმომცეს 2011 წლის 30 ნოემბრის და 6 დეკემბრის განცხადებებით მოთხოვნილი, სვანეთის საგანძურთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ასევე მუზეუმს დაეკისრა მოსარჩელის, ანუ ჩემს სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა. ეს გადაწყვეტილება, 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის მენეჯერის ანა ვერულაშვილის ხელმოწერით, 2012 წლის 26 სექტემბერს ჩავიბარე წერილი N09/08-1129 (ეს წერილი 2012 წლის 25 სექტემბრითაა დათარიღებული) და დოკუმენტები (სულ 17 ფურცელი), რომელშიც სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე მივიღე არასრული პასუხი; ფაქტიურად კვლავ უარი მეთქვა საჯარო ინფორმაციაზე.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ და მოვითხოვ უმოკლეს დროში გამცეთ ამომწურავი პასუხები და წარმომიდგინოთ მათი დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, 2011 წლის 30 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განცხადებებში მითითებულ კითხვებზე. ამასთან, თუ ჩემს მიერ გამოთხოვილ ამა თუ იმ საჯარო ინფორმაციაზე მუზეუმს პასუხის გაცემა არ შეუძლია და შესაბამისი დოკუმენტი არ მოეპოვება, ამის შესახებაც წერილობით მიპასუხეთ - რომელ კითხვაზე არ შეგიძლიათ პასუხის გაცემა და შესაბამისი დოკუმენტის გადმოცემა.

ამ ვრცელ, ცხრაგვერდიან განცხადებაში, მუზეუმის კომუნიკაციების სამსახურის 2012 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული პასუხისა და 2011 წლის 30 ნოემბრისა და 6 დეკემბრის განცხადებების საფუძველზე დეტალურად ვუთითებ რომელ კითხვაზე რა ტიპის პასუხი მივიღე, რა დოკუმენტი ახლდა ამ პასუხს და რომელი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი...“

ეროვნული მუზეუმის პასუხს ორშაბათამდე, 22 ოქტომბრამდე დაველოდებით. სწორედ 22-ში იწურება ჩვენი ბოლო განცხადების ჩაბარებიდან ათი დღე.