ტექდათვალიერების ამოქმედებამ ავტონაწილებისა და ავტოსერვისის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. მძღოლებს ხარჯი მოემატათ და სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ თავი აარიდონ გასავალს.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევის ფარგლებში ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში გარკვეული მანიპულაციები და კორუფციის რისკები გამოიკვეთა. მათ შორის, ყველაზე მეტად გავრცელებულ მანიპულაციას წარმოადგენს გამონაბოლქვის ტესტის გავლის მიზნით მაღალი ხარისხის ბენზინის ერთჯერადად მოხმარება. ასევე ხშირია ინსპექტირების გასავლელად ავტონაწილების და აღჭურვილობის (საბურავი, ფარი, ცეცხლმაქრი, სააფთიაქო ყუთი და სხვ.) თხოვება-ქირაობის ფაქტებიც.
ავტომფლობელებს მანიპულაციების გამოყენებას კიდევ უფრო მეტად აიძულებს რეფორმის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაზრდილი ავტონაწილების და ავტოსერვისის ფასები.
„ინსპექტირების გავლის შემდგომ, დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, 30 კალენდარულ დღეში აღმოფხვრას ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზები და გამოცხადდეს განმეორებით ინსპექტირებაზე. ავტონაწილების შეკეთება და მოპოვება რთული არ არის და შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ფასი და ხარისხი.
ქვეყნის დაბალი ეკონომიკური დონიდან გამომდინარე, მომხმარებლების რეფორმის მიმართ უკმაყოფილება სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდებოდა. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტონაწილებისა და ავტოსერვისის ფასები, რის გამოც მომხმარებლები კიდევ უფრო მეტად იკავებენ თავს და ვერ ახერხებენ ხარისხიანი ავტონაწილების შეძენას. ეს გამოწვევა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება 2020 წელს სატრანსპორტო საშუალების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულების ამოქმედების შემდეგ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სავარაუდოა, რომ სამომავლოდ სათადარიგო ნაწილებზე ფასი კედვ უფრო მოიმატებს, რადგან მოთხოვნა გაიზრდება. ეს გამომდინარე იქნება იმ ახალი ცვლილებიდან, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს.
შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელის ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც ტექინსპექტირება გავლილი არ ექნება, შესაძლოა, 30 დღის ნაცვლად 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდეს.
„დღესდღეობით ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ და ეს იყო შეთანხმებული პოლიტიკის მიმღებთან - ეკონომიკის სამინისტროსთან, რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ვადა. ახლა კი საგაზაფხულო სესიის ბოლოს პარლამენტს შევთავაზებთ პაკეტს, სადაც დაზუსტება მოხდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდება ადმინისტრირება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
ამის მიზეზი ისაა, რომ მძღოლებს ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ გარკვეული პერიოდულობით ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე ავტომობილი მოაწესრიგონ იმდენად ძვირი უჯდებათ მისი წესრიგში მოყვანა. 3 დღეში ერთხელ ჯარიმის გადახდის სურვილი კი არავის ექნება და შესაბამისად, ავტომფლობელებს საკუთარი სატრანსპორტო საშუალების შეკეთება მოუწევთ. ეს კი სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნას გაზრდის.
პროექტი პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც გადაწყდება, არის თუ არა საჭირო მსგავსი მკაცრი მიდგომა იმ პირების მიმართ, რომლებსაც ტექინსპეტირება გავლილი არ აქვთ.