ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში საქონლის ხორცის საბითუმო ფასი შესაძლოა, 16-17 ლარამდე გაიზარდოს, ხოლო საცალო ფასმა, 20 ლარსაც გადააჭარბოს. პარალელურად ძვირდება იმპორტირებული, ანუ გაყინული პროდუქცია. ამ შემთხვევაში ფასი უფრო მალე აიწევს და თითქმის ამჟამინდელ ნედლი ხორცის ღირებულებას (11-13 ლარი) გაუტოლდება.
ფერმერები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობენ, რასაც პირუტყვის სულადობის შემცირებით ხსნიან.
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია საქართველოდან 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ხორცის ექსპორტი აიკრძალოს. რამდენიმე თვის წინ მთავრობის დადგენილებით, საქართველოდან 140 კილოგრამამდე მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.
„დღეს ქვეყანაში არის ხორცის დეფიციტი. რასაც 5-6 თვის წინ ვამბობდი, აბსოლუტურად ყველაფერი ახდა. ფასი უკვე გაზრდილია. ბაზარზე დღეს არსებულ ვითარებას თუ შევაფასებ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში ჩასაბარებელი ხორცის ფასი 16-17 ლარი იქნება, საცალო ფასი კი 20 ლარს გადააჭარბებს. ქვეყანაში ხორცის სერიოზული დეფიციტია და ამის მიზეზი ის არის, რომ ექსპორტზე გადის პატარა ბოჩოლები. ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივ ბაზარზეც მოთხოვნა გაზრდილია ბოჩოლას ხორცზე. ეს კი იმას იწვევს, რომ სანამ დასაკლავ კონდიციამდე მივა საქონელი, კლავენ 40-50 კილოგრამს. ეს კი საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ თუ ჩვენ პირობითად ბოჩოლას ვყიდით 100 დოლარად, ხვალ მისი ყიდვა მოგვიწევს 300 დოლარად.
მოგეხსენებათ, რომ მთავრობის დადგენილებით საქართველოდან აიკრძალა 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი, რაც ჩემი აზრით ცოტაა. აუცილებელია, რომ ქვეყნიდან მინიმუმ 200 კილოგრამამდე ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი აიკრძალოს. თუ ამ მიმართულებით მთავრობამ ცვლილებები არ განახორციელა, მაშინ ადგილობრივი ბაზარი აუცილებლად დაზარლება და ხორცის ფასიც საგრძნობლად გაიზრდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გონაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 53 000 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 102 363 სული შეადგინა. მზარდი იყო ტენდენცია 2017 წელსაც. კერძოდ, ექსპორტზე გასულმა მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობამ 134 000-ს გადააჭარბა. 2018 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალი შენარჩუნდა.
პარალელურად კი ძვირდება გაყინული ხორცი. იმპორტიორების ინფორმაციით, უცხორ ბაზრებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში 1 ტონა ხორცი 1000 დოლარით გაძვირდა, რის გამოც ფასის ზრდა ადგილობრივ ბაზარზეც მოუწევთ. მათი ვარაუდით, გაყინული საქონლისა და ღორის ხორცი ახლო მომავალში გაძვირდება და საბოლოოდ 10-13 ლარს მიაღწევს. ამ ეტაპზე 1 კგ ხორცი დახლებზე 8 ლარი ღირს. გაძვირების შემთხვევაში, ფასი თითქმის ნედლი ხორცის ფასს გაუტოლდება.
„მუდმივად ძვირდება ხორცი, ყოველ შესყიდვებზე სხვადასხვა ფასს ვიხდით. უკვე 2600 დოლარს მიაღწია 1 ტონაზე, როცა რამდენიმე ხნის წინ მისი ყიდვა 1600 დოლარად შეგვეძლო.
ველოდებით, რომ ქართველ მომხმარებელს ხორცი დაახლოებით 3-4 ლარით გაუძვირდება. ამ ეტაპზე 8 ლარი ღირს, მაგრამ ეს ფასი ვერანაირად შენარჩუნდება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მთავრობამ კარგად იცის ჩვენი პრობლემის შესახებ, როგორმე უნდა მიიღოს ზომები და გადასახადები დასწიოს, რადგან ბიზნესი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა“, - აცხადებს კომპანის „დუს“ დამფუძნებელი დავით გოგიჩაიშვილი.
საქართველოს მოსახლეობა წელიწადში 55 ათას ტონა ხორცს მოიხმარს. აქედან, ნახევარზე მეტი იმპორტირებული დაბალი ხარისხის პროდუქტია.