ლარი უფსკრულში მიექანება, მშველელი არავინაა

ლარი უფსკრულში მიექანება, მშველელი არავინაა

ლარი ყოველდღე ანტირეკორდებს ამყარებს, მაგრამ ხელისუფლებას სირაქლემას პოზიციაში ამჯობინებს ყოფნას. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ვალუტამ 2,80-ის ფსიქოლოგიური ნიშნული გადალახა, ჯერჯერობით რამე სახის კომენტარი მთავრობის მხრიდან არ გაკეთებულა. ასეთ პირობებში, რასაკვირველია, მოსალოდნელია ფასების მკვეთრი ზრდა და ინფლაცია.

ლარის გაუფასურებას ჯერ მხოლოდ ბანკირები გამოუხმაურნენ და ხალხმა სანუგეშო მათგანაც ვერაფერი მოისმინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთ გაუფასურებას მომავალში გამყარება მოჰყვება, მაგრამ ეს მომავალი როდის დადგება, არ უთქვამს.

„გაცვლით კურსზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას და მათზე ინფორმაცია რამდენიმე თვის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. ამიტომაც არის ზუსტად, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკის ახსნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი და ამ მიზეზის გამო ცენტრალური ბანკები, ისევე როგორც ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები, მოკლე რყევებზე კომენტარს ვერ აკეთებენ. საერთოდ ასეთ გაუფასურებას ყოველთვის გამყარება მოჰყვება ხოლმე“, - აცხადებს იგი.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, ლარის მოკლევადიანი რყევები, ძირითადად, საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული.

„ლარის რყევა სავარაუდოდ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია საგარეო ფაქტორებზე. რთულია მოკლე ვადაში განსაზღვრო ლარის რყევა სხვა ვალუტებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ანალიზისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ კვლევაში აქცენტები გრძელ ვადაზეა გაკეთებული და არ მოკლე პერიოდზე“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

მაინცდამაინც იმედიანად ვერც სპეციალისტები გამოიყურებიან და ეს გასაგებიცაა. როცა ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში ეროვნული ვალუტა ასე უფასურდება, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდება შემოდგომით, ტრადიციადქცეული ფინანსური კრიზისის თვეებში.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის განცხადებით, ყველა ის ნეგატივი, რასაც ლარის კურსის დაცემა შეუძლია, ამოწურულია და მოსალოდნელია ეროვნული ვალუტის გამყარება. კურსის ვარდნას სხვა ფაქტორებთან ერთად საზოგადოების ირაციონალური საქციელიც უწყობს ხელს.

„ლარის კურსი დამოკიდებულია შიდა და გარე ფაქტორებზე. ყველა იმ ფაქტორის გათვალსწინებით, რაც ნეგატიურად მოქმედებს ლარის კურსზე, მისი თანაფარდობა ამერიკულ დოლართან ისე არ უნდა დაცემულიყო როგორც დაეცა. ყველა სუბიექტური და ობიექტიურები რესურსი რაც ლარის კურსის დაგდებას იწვევდა ამ ეტაპზე აბსოლუტურად ამოწურულია. როდესაც ლარის კურსით შეშინებული მოსახლეობა გარბის და ყიდულობს დოლარს, ასეთ შემთხვევაში ზარალდება მთელი საზოგადოება, ანუ ირაციონალური ქცევა ლარის კურს არანაკლებ ზიანს აყენებს, ვიდრე სხვა ფაქტორები.

მთლიანობაში ყველა ის ფაქტორი, რაც იწვევს ლარის დაცემას, ამოწურულია და ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ფაქტობრივად ძალაში შედის ზაფხულის სეზონი, ტურისტების ნაკადს აუცილებლად მოჰყვება ვალუტის შემოდინება და იმედი ვიქონიოთ, რომ ლარის გამყარებისკენ იქნება წასული“, - აცხადებს ექსპერტი.

ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის თქმით, გლობალური ვალუტების გაძვირებამ, ან ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე წარმოქნილმა ნეგატიურმა ეკონომიკურმა პროცესებმა, შეიძლება გარკვეული კორექტირება მოახდინოს სავალუტო კურსზე და ეს ზემოქმედება მზარდია. ამას საქართველოს შემთხვევაში დოლარიზაციის მაღალი დონეც ემატება.

„როდესაც გლობალურ ბაზრებზე აშშ დოლარი ძვირდება, ეს წარმოქმნის გლობალურ მოთხოვნას მასზე, რადგან ტრანსაქციების 85% დღესაც დოლარში ხორციელდება. შესაბამისად, ღია ეკონომიკის პირობებში დოლარზე მოთხოვნის ზრდა წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში აისახება ჩვენზეც, გადადინების ეფექტიდან გამომდინარე. მით უმეტეს, როდესაც გვაქვს მაღალდოლარიზებული ეკონომიკა, რასაც ემატება ნეგატიური მოლოდინი, რაც კიდევ უფრო ზრდის წნეხს ლარზე. ასე იყო შარშანაც სექტემბრის ბოლოს, როდესაც ტურისტული სეზონის დასრულების და ლარის გაუფასურების მოლოდინით მოხდა დოლარზე მოთხოვნის ზრდა.

ზოგადად არაკონვერტირებული ვალუტის მქონე ქვეყნებში, შედარებით მცირე მოცულობის ბაზრებს ახასიათებთ ნაკლებ პროგნოზირებული, განსაკუთრებით საგარეო შოკების მიმართ შედარებით მკვეთრი სავალუტო რყევევის ამპლიტუდა“, - აცხადებს ექსპერტი.

სანამ ბანკირები და ეკონომისტები მსჯელობენ, ლარი გაუჩერებლად მიემართება იმ ნიშნულისკენ, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკური კრიზისს გარდაუვალად გამოიწვევს.