ავტომობილების ტექდათვალიერების მიმართულებით მუდმივი ცვლილებებია. იანვრიდან მოყოლებული დადგენილ რეგლამენტში რამდენიმე ცვლილება შევიდა და წლის ბოლომდე კიდევ ბევრი შევა. ერთ-ერთი მათგანი სულ მალე ამოქმედდება.
შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელის ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც ტექინსპექტირება გავლილი არ აქვს, შესაძლოა, 30 დღის ნაცვლად 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდეს. ლილუაშვილმა ეს განცხადება კვლევის პრეზენტაციაზე გააკეთა, რომელზეც ტექინსპეტქირების პროცესში არსებულ დარღვევებზე და 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებზე საუბრობდნენ.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ და ეს იყო შეთანხმებული პოლიტიკის მიმღებთან - ეკონომიკის სამინისტროსთან, რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ეს ვადა. ჩვენ ახლა საგაზაფხულო სესიის ბოლოს პარლამენტს შევთავაზებთ პაკეტს, სადაც დაზუსტება მოხდება, რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ადმინისტრირება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
პროექტი პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც გადაწყდება, არის თუ არა საჭირო მსგავსი მკაცრი მიდგომა იმ პირების მიმართ, რომლებსაც ტექინსპეტირება გავლილი არ აქვთ.
2020 წლიდან კი ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი. ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ჩატარებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგის მიხედვით, ტექინსპექტირების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება გამონაბოლქვის შემცველობის კონტროლი. ამასთან პრობლემაა ის, რომ 2020 წლიდან ავტომობილში კატალიზატორის ქონა სავალდებულო ხდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის კატალიზატორი, ფაქტობრივად, არ იშოვება.
„ამჟამად გამონაბოლქვში მოწმდება მხოლოდ CO-ს დონის შემცველობა და კვამლიანობის დონე, რაზე მანიპულირებასაც ავტომფლობელები სხვადასხვა გზებით ახერხებენ. 2020 წლიდან ამოქმედდება ასს-ს კატალიზური გარდამქმნელით აღჭურვის ვალდებულება და ჟანგბადის შთანთქმის (ლამბდა) კოეფიციენტის კონტროლი, რაც უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოს ავტოპარკის დიდ ნაწილს კატალიზური გარდამქმნელი ამოღებული აქვს, მაღალი ხარისხის „კატალიზატორი“ კი, ადგილობრივ ბაზარზე პრაქტიკულად არ იშოვება, მხოლოდ ინტერნეტით არის მისი ყიდვა შესაძლებელი და საკმაოდ ძვირია.
მომავალ წელს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია „კატალიზატორის“ ფასის კიდევ უფრო მატება და მომხმარებელთა დიდი ნაწილის მიერ ავტომობილების უხარისხო ე.წ. ჩინური კატალიზატორით აღჭურვა, რომლის ექსპლუატაციის ვადა რამდენიმე თვეს შეადგენს. ამ ეტაპზე უცნობია „კატალიზატორის“ ბაზარზე მიწოდების მხარის მდგომარეობა“, - აღნიშნულია შეფასებაში.
ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილიც.
„რეალურად ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზებია, რომელზეც მიდის მსჯელობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არაერთგვაროვანი მიდგომა. გამოიკვეთა, რომ ერთი და იგივე ხარვეზით სხვადასხვა ავტომობილი შეიძლება ზოგან გადიოდეს ინსპექტირებას ზოგან კი - ვერა.
ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ არსებული მონიტორინგის სისტემა არაეფექტურია და საჭიროებს მოდერნიზებას როგორც ინსპექტირების ცენტრების, ასევე პერსონალის. საჭიროა საერთაშორისო სტანდარტებით ინსპექტორების გადამზადება“, - აცხადებს იორდანიშვილი.