თეატრალური უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვენ

თეატრალური უნივერსიტეტის პროფესურა და სტუდენტები რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვენ

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები 23 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნების ბათილად ცნობას მოითხოვენ. ამ მიზნით ხვალ სასამართლოში სარჩელიც შევა. მათი აზრით, რექტორი ნოშრევან ჩხაიძე უკანონოდ შემუშავებული წესდების საფუძველზე აირჩიეს და არჩევნებში მონაწილეობა ამავე უნივერსიტეტის არცერთ ლექტორს არ მიუღია, რადგან არჩევნების ჩატარების იურიდიული საფუძველი-წესდება არ არსებობდა. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა თანადგომა გამოუცხადა ამავე უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს და პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გზა გადაკეტა. მათ თავიანთი მოთხოვნები ჰქონდათ ნოშრევან ჩხაიძის მიმართ და დაუშვებლად მიიჩნიეს მათი უმაღლესი სასწავლების კოლეჯად გადაკეთება. 

როგორც თეატრალური უნივერსიტეტის წარმომადგებლობითი საბჭოს სპიკერი გიორგი შალუტაშვილი აცხადებს,  წესისამებრ, წესდება წარმომადგენლობითმა საბჭომ უნდა შეიმუშაოს. თუმცა, 23 აგვისტოს არჩევნების შემდეგ გაირკვა, რომ იგი უცნობმა ორგანომ შეიმუშავა და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა.

ამდენად, გიორგი შალუტაშვილის თქმით, ძალადაკარგულად უნდა ჩაითვალოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2012 წლის 16 აგვისტოს ბრძანება აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათილად უნდა იყოს ცნობილი რექტორის 2012 წლის 23 აგვისტოს არჩევნები, წარმომადგენლობით საბჭოს უნდა მიეცეს საშუალება, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, აკადემიურმა საბჭომ კი უნდა დანიშნოს რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, რომელსაც დაევალება სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში კანონის სრული დაცვით ჩაატაროს რექტორის არჩევნები.

თავის მხრივ, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე აცხადებს, რომ არჩევნების წესდება მისი უნივერსიტეტის კომპეტენციას სცილდება და იგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესდების საფუძველზე ჩატარდა. ამდენად, ნოშრევან ჩხაიძე აცხადებს, რომ მხარეები სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდონ და კანონის უზენაესობა აღიარონ. 

გიორგი შალუტაშვილის თქმით, იმ დარღვევების გამო, რაც 23 აგვისტოს რექტორის არჩევნების დროს მოხდა, მათ უკვე მიმართეს განათლების, კულტურის  სამინისტროებს. მანამდე კი, 22 აგვისტომდე, ანუ რექტორის არჩევნებში განცხადების შეტანის ბოლო დღემდე, დაჟინებით ითხოვდნენ, თუ რომელი იურიდიული საფუძვლით უნდა ჩატარებულიყო რექტორის არჩევნები. თუმცა ასეთი იურიდიული საფუძველი მათ არ გააცნეს.

„წესდება რომ გვქონოდა, არ მოხდებოდა ასეთი სამარცხვინო ფაქტი, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია უნივერსიტეტის  ასოცირებულსა და სრულ არცერთ პროფესორს. შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ თურმე წესდება არსებობს და წესდება გამოჩნდა ზუსტად 23 აგვისტოს 14.00 საათზე უშუალოდ იმის წინ, რაც დაიწყო თეატრალური უნივერსიტეტის არჩევნები. ასე რომ, 21 მარტიდან 27 აგვისტოს ჩათვლით კულტურის სამინისტრო და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გვიმალავდა წესდებას, სადაც გაწერილი იყო თითოეული ჩვენგანის უფლებამოვალეობა. შემდეგ მივმართეთ ახალგაზრდა იურისტებს და მათ აღმოაჩინეს ეს დოკუმენტი“,-აცხადებს გიორგი შალუტაშვილი.

ამასთან, იგი დარღვევათა მთელ რიგ ჯაჭვზე საუბრობს. მისი თქმით, არა მარტო საჯარო ინფორმაცია დამალეს და პროცედურული დარღვევები აამოქმედეს, არამედ ეს არჩევნები შვებულების დროს ჩაატარეს. ეს კი იმ დარღვევათა ჯაჭვის გაგრძელებაა, როცა მოიხსნა არჩეული რექტორი, გიორგი მარგველაშვილი, რაც უპრეცენდენტო ფაქტი იყო და არცერთ უმაღლეს სასწავლებელში ასეთი რამ არ მომხდარა.

პირადად გიორგი შალუტაშვილს ნოშრევან ჩხაიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. იგი ამ ახალგაზრდა კაცს წარმატებას უსურვებს, მაგრამ შეახსენებს, რომ კანონი დარღვეულია და ყველანი ამ მძიმე ფაქტის წინაშე არიან. ამდენად, გიორგი შალუტაშვილი არ აპირებს იმ ადამიანთან დოკუმენტების ხელმოწერას, რომელიც ლეგიტიმური არ არის. უფრო მეტიც, ნოშრევან ჩხაიძესთან მას სატელეფონო საუბარიც ჰქონია, სადაც დაუფარავად უთქვამს, რომ საკუთარ ძმასაც არ აპატიებდა კანონის დარღვევას.

ამდენად, თეატრალურში სწავლის პროცესი გაგრძელდება, თუმცა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად გიორგი შალუტაშვილი, უცნობია.

For.ge თეატრალურის ლექტორებს ესაუბრა. როგორც გიორგი შალუტაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, თავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტის შექმნაში წარმომადგენლობით საბჭოს მონაწილეობა არ მიუღია, სავსებით საკმარისია, რომ ბათილად იქნას ცნობილი ეს წესდება. შესაბამისად კი, - არჩევნები. ამდენად იგი მოუწოდებს ნოშრევან ჩხაიძეს, თანამდებობა თავისი ნებით დატოვოს.

„ჩემთვის რთულია ამის თქმა, მე ამას ვერ მოვთხოვ, მაგრამ ვურჩევდი, როგორც უფროსი კოლეგა უმცროს კოლეგას, დატოვოს თანამდებობა და ყველასათვის მისაღებ ვითარებაში ჩავატაროთ დემოკრატიული, გამჭირვალე არჩევნები“.

For.ge დაინტერესდა, გიორგი შალუტაშვილი მომავალ არჩევნებში მხარს ერთხელ უკვე რექტორად მომუშავე გიორგი მარგველაშვილს დაუჭერდა თუ არა, რაზეც შალუტაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ დააკონკრეტებდა სასურველ კანდიდატურას, ხოლო, თუ ვის დაუჭერდა მხარს ამ არჩევნებში, ეს მონაწილე კანდიდატურებზე იყო დამოკიდებული. მისი თქმით, თეატრალური უნივერსიტეტი არის ავტონომიური ერთეული და ავტონომიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი. აქვე მან დაგვიდასტურა, რომ კულტურის სამინისტრო ამ დარღვევების ალიანსში იყო.    

რაც შეეხება გოგი მარგველაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, როგორც ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრის მოადგილეებისგან გაარკვიეს, იგი თურმე იმიტომ გაუთავისუფლებიათ, რომ უნივერსიტეტისთვის გამოყოფილი სოლიდური თანხები არ ჰქონდა ათვისებული; მაშინ, როცა გიორგი შალუტაშვილის მტკიცებით, მარტო 15 დოკუმენტი მაინც წარადგინა გოგი მარგველაშვილმა, როცა იგი ითხოვდა თანხას კინოს ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად და ამ მოთხოვნაზე კულტურის სამინისტროსგან უარს იღებდა.

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი ეკა კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უნივერსიტეტში ჩატარებული არჩევნები სამართლიანი არ იყო, რადგან სამინისტროს გადაწყვეტილებით, უფრო სწორად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაინიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არჩევნები კი რეალურად აგვისტოში შედგა.

„რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, ჩვენ წარმოგვიდგინეს მაშინდელი კულტურის მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ამ არჩევნების ჩატარების უფლება თურმე ჰქონდათ. თუმცა, როდესაც არჩევნების დღეს გვაძლევენ ამ დოკუმენტაციას და მანამდე იგი არ გვინახავს, ეს უკვე უკანონობაა. არცერთი ჩვენგანი იურისტი არ არის, ამიტომ ჩვენ დავეყრდენით სამინისტროს წარმომადგენელს, რომელიც ამ არჩევნებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა. მან დაგვარწმუნა, რომ ეს არჩევნები სრულიად კანონიერი იყო და წესდება არ დარღვეულა“,-აღნიშნა ეკა კიკნაძემ.   

აკადემიური საბჭოს წევრი, მუსიკის მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი გომარ სიხარულიძე For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ მათთან მიმართებით უკანონობის მთელი წყება უკვე 7-8 წელია გრძელდება და კულტურის სამინისტრო საუნივერსიტეტო-სახელოვნობო სასწავლებლების საქმიანობაში უხეშად ერევა.

„თავის დროზე გოკა გაბაშვილმა მოგვატყუა. ალბათ, როცა გოკა გაბაშვილი გიორგი გაბაშვილი გახდება, მერე უკვე აღარ მოიტყუება. მანამდე კი ჩვენ მოვითხოვთ, აღდგეს კანონიერება, რადგან უკანონოდ მოხსნეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გოგი მარგველაშვილი. ვადის გასვლამდე სულ რაღაც ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი, დანიშნავდნენ არჩევნებს და ყველაფერი კანონიერად წავიდოდა; მაგრამ ეს უკანონობა მოხდა, ახლა მაინც აღადგინონ გოგი მარგველაშვილი თავის სტატუსში, მან დანიშნოს არჩევნები და შემდეგ ბატონი ნოშრევანი იქნება, თუ მავანი, მან მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. პირველი მე მივულოცავ, ვინც გაიმარჯვებს ამ არჩევნებში. პირადად ჩემი სტუდენტები არ არიან კმაყოფილნი ნოშრევანის მიერ წესდების დარღვევის გამო“, - გვითხრა გომარ სიხარულიძემ.