სესხები ძიძებისთვის, ხელოსნებისა და ტაქსისტებისთვის - საკრედიტო ორგანიზაციები ახალ გზას დაადგნენ

სესხები ძიძებისთვის, ხელოსნებისა და ტაქსისტებისთვის - საკრედიტო ორგანიზაციები ახალ გზას დაადგნენ

საფინანსო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე ახალი საკრედიტო პროდუქტები გამოჩნდა. ეს არის სესხები იმ პირებისთვის, რომლებიც საკუთარი შემოსავლების დადასტურებას ვერ ახერხებენ. პარალელურად პარლამენტში უკვე ალაპარაკდნენ, რომ რეგულაციები უნდა შერბილდეს ანდა სულაც შეიცვალოს.

„ფინკა ბანკი“ მომხმარებლებს უკვე სთავაზობს ახალ პროდუქტებს - „სესხი ძიძებისთვის“, ტაქსის მძღოლებისთვის, რეპეტიტორებისთვის და ხელოსნებისთვის. როგორც ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს არის კრედიტი მათთვის, ვინც დასაქმებულია, აქვს შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ოფიციალურად უჭირთ.

როგორც „ფინკა ბანკის“ საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ირაკლი აბაშიძე აცხადებს, ამ ტიპის სესხის გაცემამდე ფინანსური ინსტიტუტის მიერ პირის შემოსავლის შესწავლა ხდება.

„შევქმენით ახალი საკრედიტო პროდუქტები იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც აქვთ შემოსავალი, მაგრამ დოკუმენტურად მის დადასტურებას ვერ ახდენენ, რის გამოც ვერ იღებენ სესხს და უწევთ სხვა, ბევრად ძვირიანი ფინანსების მოძიება. ამ ყველაფრის დამუშავება, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან ერთად მოხდა. მათი მხრიდან გვქონდა დასტური და სწორედ, ამის შემდეგ გამოვიტანეთ ახალი საკრედიტო პროდუქტები ბაზარზე.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი არ არის დარღვეული და სესხის გაცემამდე ხდება კლიენტის შემოსავლის შესწავლა. მაგალითად, თუ სესხის აღების განაცხადით მოგვმართავს ტაქსის მძღოლი, ჩვენი ოფიცერი ნახულობს მის ავტომობილს, შემოსავლებს (ანუ მასთან ერთად ითვლის შემოსავლებს), ახდენს ამის დეკლარირებას და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროცესი დროში გაწელილი არ არის და ეს ყველაფერი მარტივად და სწრაფად ხდება“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას აბაშიძემ.

პარალელურად ძლიერდება მოსაზრება, რომ საკრედიტო რეგულაციები უნდა შერბილდეს ანდა სულაც შეიცვალოს. თუ აქამდე ამის თაობაზე მხოლოდ საბანკო სფეროს წარმომადგენლები საუბრობდნენ, ახლა უმრავლესობის დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე საბანკო რეგულაციების შემსუბუქების აუცილებლობაზე საუბრობს.

„გრადაცია შესაძლოა, გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, ეს რეგულაცია რომ მოვხსნათ, იმავე შედეგს ნამდვილად არ მივიღებთ. გარკვეული შემსუბუქება მოხდება“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

დეპუტატს მიაჩნია, რომ რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით შეიძლება ჯგუფების დაკონკრეტება და ზედა ზღვარის დაწესება. უსამართლობად საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს მათ, ვისაც აღურიცხავი შემოსავალი აქვს.

რაც შეეხება ბიზნესმენებს ისინი უკვე კარგა ხანია ითხოვენ მთავრობამ ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციებს, განსაკუთრებით იპოთეკურ დაკრედიტებაში, „ნელ-ნელა უნდა მოუშვან“.

„საბანკო რეგულაციებს იპოთეკურ დაკრედიტებაში, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოუშვან და ამისთვის, მე მგონი, უკვე არის მზადყოფნა. ბანკები თავს არ იკლავდნენ, რომ გინდა თუ არა ხვალ... უფრო დეველოპერებს აწუხებთ ეს. არის ამ რეგულაციების ქვეშ მოხვედრილი ისეთი ადამიანები, რომლებზეც შეიძლება ძალიან ადვილად გაიცეს კრედიტები. მათი ვალაუვალობის პრობლემა არ დგას“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

ლაზი მესაფლავეები დაგავიწყდათ, მაგათაც აქვთ შემოსავალი.
მოკლედ ასეთი მოძალადე ბიზნესი გინახავთ? გეუბნებიან აქცევს ქვეყანას და ყვლეფს საზოგადოებას თქვენი ბიზნესიო. ესენი კიდევ სესხის შეტენვის ახალ მეთოდებს იგონებენ.
თუ კაპიტალი გაქვთ მაიცდამაინც ხალხის გასაყვლეფად უნდა გამოიყენოთ? აქციეთ ეგ ფული რეალურ ინვესტიციად. ინვესტიციებს გარეთ ვეძებთ, ესენი კიდევ მაინცდამაინც სესხად გაცემაზე იკლავენ თავს. გასაგებია, რომ გამდიდრება გინდათ მაგრამ, ისედაც ღარიბთა, ტოტალური გაყვლეფისა და რაც მთავარია ეკონომიკის გაჩანაგების ხარჯზე მაგის მიღწევა შეუძლებელია.
ასეთ ქვეყანაში უცხოელი რატომ შემოიტანს კაპიტალს? თუ უცხოური კაპიტალისათვის არის კარგი ბიზნეს გარემო ამათი კაპიტალი სხვანაირია??
5 წლის უკან