არჩევნების დასრულებისთანავე ლარის კურსმა დიდი სისწრაფით გაუფასურება დაიწყო. სავალუტო ჯიხურებში ამერიკული ვალურის შესყიდვის ფასი 2.80-ს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას ეკონომიკის ახალი მინისტრიც და ბანკების წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და მალე დაუბრუნდებოდა 2.70-იან ნიშნულს, ყველაფერი პირიქით მოხდა. როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის გაუფაურების პროცესი კონტროლს აღარ ექვემდებარება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი გაუფასურების მიმართულებით, ლარის კურსის რყევებს საგარეო ფაქტორებით ხსნის.
„რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია... რყევების ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიცაა. ზუსტად, ამიტომ, ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ვსაუბრობთ დედოლარიზაციაზე, ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მიუახლოვდა 2.80-ს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ვერ ვხედავთ ინფლაციურ ზეწოლას, დარწმუნებული ვართ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს დადგენილი. ზუსტად ის ნაწილი კი, ვისაც დოლარში აქვს სესხი და ყველაზე მოწყვლადია ამ დროს, ჩვენ დედოლარიზაციის ღონისძიებებით ვცდილობთ, რომ ეს შევამციროთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ეკონომისტები ლარის კურსის რყევებს შემცირებულ ინვესტიციებს და კომერციული ბანკების მხრიდან გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ. ფინანსისტი ლია ელიავა ამბობს, რომ ლარის კურსის ასეთი ვარდნა არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან.
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. მათი ვაჭრობა კი განპირობებულია იმით, რამდენი ფული შედის და გადის ქვეყნიდან. ანუ რამდენს რიცხავენ საზღვარგარეთ და რამდენი შემოაქვთ. როდესაც ლარის კურსი ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ლარის კურსის ასეთი ვარდნა არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან. შესაძლებელია, ამ პროცესის აღკვეთა ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების გზით, რასაც ეროვნული ბანკი არ აკეთებს.
ქვეყნებში, სადაც არის სავალუტო მცურავი კურსი, ყოველთვის ცენტრალური ბანკები ძლიერი რყევის დროს იყენებენ სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ დააზიანონ. სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა ამაზე ხელი აიღო. შესაბამისად, როგორც ხედავთ იზრდება ფასები, გაუფასურდება მოსახლეობის დანაზოგი, ლარი იქნება ნაკლებმსყიდველობითუნარიანი, რაც ძალიან ძლიერ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ ლია ელიავამ.
ეკონომიკის ექსპერტის, აკაკი ცომაიას განცხადებით კი, ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს როგორც სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები, ისე ქვეყანაში შემცირებული პირდაპირი ინვესტიციები.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფაქტობრივად, მინიმუმზეა დასული, რაც ცხადია, არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი. (2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით შემცირდა). ასევე კურსზე გავლენას ახდენს სავაჭრო პარტიორ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები. ამ პერიოდში, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონი იწყება ნიშნავს იმას, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლებია, ვიდერე უცხოური ვალუტის გადინება, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას.
როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს. ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეიცვლება. თუ ეს, ასე გაგრძელდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა ფაქტობრივად, ეკონომიკური დაღმავლობის გზაზეა“, - განაცხადა ცომაიამ.