რა ხდება პოლიციაში?

რა ხდება პოლიციაში?

წინასაარჩევნო პერიოდში ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად გადაყვანამ მოსახლეობაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, გაჩნდა უამრავი მოსაზრება იმაზე, თუ რას უკავშირდებოდა მერაბიშვილის გადანაცვლება და ეს მისი დაწინაურება იყო, თუ ჩამოქვეითება. საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო, ნაწილი ფიქრობდა, რომ სააკაშვილმა მერაბიშვილი შსს-ს იმიტომ ჩამოაშორა, რომ საარჩევნოდ ამ უწყებაში ბრძანების უსიტყვიდ შემსრულებელი ჰყოლოდა, როგორიც ბაჩო ახალაიაა, ვანო მერაბიშვილს კი შეიძლებოდა სააკაშვილისთვის რაიმე უგუნური ბრძანების გაცემის შემთხვევაში წინააღმდეგობა გაეწია. მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების და მათ შორის ოპოზიციის თვალის ასახვევად და ყურადღების მოსადუნებლად გაკეთდა, სინამდვილეში კი სააკაშვილი და მერაბიშვილი ერთ თამაშს თამაშობდნენ.

მთელს ამ ამბავში ძალიან საინტერესოა, როგორი განწყობები იყო თავად იმ უწყებებში, რომლებსაც მერაბიშვილი და ახალაია ხელმძღვანელობდნენ. რას ფიქრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მერაბიშვილის ჩამოქვეითებაზე, მოსწონდათ თუ არა მინისტრის პოსტზე ბაჩო ახალაია და რას ფიქრობენ მინისტრობის ახალ კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილზე, ასევე რატომ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობამ“ პოლიციის სამმართველოების ხელმძღვანელებს საუწყებო მანქანები ჩამოართვას და გამგებლებს დაურიგოს, ამის შესახებ for.ge-ს პოლიციის კაპიტანი ესაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული განწყობებზე საუბარზე თანხმობა განაცხადა.

პოლიციის კაპიტანი: „ვინც რა არ უნდა თქვას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვანო მერაბიშვილი ძალიან ბევრს უყვარს და ბევრიც პატივს სცემს, რადგან თანამშრომლებს მან ყველანაირი პირობა შეუქმნა სამუშაოდ. სამინისტროს თანამშრომლები მატერიალურ-ტექნიკური ბაზით კარგად არიან უზრუნველყოფილები, ხელფასებიც სხვებთან შედარებით ნორმალურია. ერთადერთი, რაც დისკომფორტს ქმნიდა, იყო პოლიტიკური წნეხი, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არ იყავი, ვერც თანამდებობას მიიღებდი და ვერც ვერანაირ პრივილეგიას. ფაქტობრივად, თანამდებობის პირების 80-90% სწორედ ამ ნიშნით არის დანიშნული, თუ რამდენად ერთგული იყო იგი „ნაციონალური მოძრაობის“, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ სამინისტროს თანამშრომლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ტენდენცია უფრო ზემოდან მოდიოდა და არა თავად ვანოსგან.

ამდენად, ვანო მერაბიშვილის მიმართ კეთილგანწყობა სამინისტროში დღესაც დიდია. როდესაც იგი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და თითქოს დააწინაურეს, ჩვენთან ეს სულ სხვანაირად აღიქმებოდა, სამინისტროში ყველა ფიქრობდა, რომ მერაბიშვილი ამ სტრუქტურას შეგნებულად ჩამოაშორეს, რითაც დაასუსტეს და ამიტომ ეს აღიქმებოდა, როგორც ვანოს საწინააღმდეგო ქმედება. ამიტომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა იყო, რადგან სამინისტროს თანამშრომლების განწყობა ხელისუფლების მიმართ ძირეულად შეიცვალა. როგორც კი ბაჩო ახალაია მოვიდა, დაიწყო მუშაობა ვანოს წინააღმდეგ, დაიყარა ხმები, რომ თითქოს ბაჩო ახალაიას არანაირი ფინანსური ინტერესები არ აქვს, ვანოს კი ძალიან ბევრი ფინანსური ინტერესი ჰქონდა.

ხომ არ ყოფილა საუბარი, რომ ვანო მერაბიშვილის დაჭერა იყო გადაწყვეტილი, ან მსგავსი რამ?

– დაჭერაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ იყო მინიშნებები, რომ პრემიერ-მინისტრობიდანაც გადააგდებდნენ და ეს როგორც რაღაც კანონზომიერი, ისე მოხდებოდა. ამ დროს ძალიან ბევრი დეპარტამენტის თავმჯდომარე გაუშვეს სამსახურიდან. ესენი იყვნენ ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი დამსახურება ჰქონდა, მიღებული ჰქონდათ ორდენები და ა.შ. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები საჭირონი აღარ იყვნენ და გაუშვეს, მხოლოდ იმიტომ, რომ - „ეს იქით არის“.

ანუ ვანოს კადრები გაუშვეს?

– დიახ, მაგრამ საუბარი მაქვს უფრო ქვედა რგოლებზე, თორემ ზემოთ რაც ხდებოდა, ეს უფრო საჯარო იყო და ისედაც ცნობილია. ამიტომ ამ ყველაფერმა ხელისუფლების მიმართ პოლიციის განწყობა მკვეთრად შეცვალა და არჩევნებზეც მათ წინააღმდეგ იმუშავა. მიმაჩნია, რომ დიდწილად ამან იმუშავა არჩევნებზე „ნაციონალების“ წინააღმდეგ, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ სპეც-უბნებზეც კი ძალიან ბევრი ხმა მიიღო და ამან უფრო შეაშფოთა ხელისუფლება და დააფიქრა იმაზე, რომ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მათთვის კარგი არ იქნებოდა, რადგან არჩევნების შედეგები რომ გამოცხადდა, პოლიციის განყოფილებებში და საერთოდ სტრუქტურაში ისეთი ენთუზიაზმით შეხვდნენ და ისეთი გახარებულები იყვნენ, რომ ხელისუფლებას ამაზე სერიოზულად დაფიქრება მოუწია.

რაც შეეხება ციხის კადრებს, რას ფიქრობენ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში?

– ძალიან ბევრს სჯერა, რომ ეს კადრები სწორედ ვანოს დახმარებით გავრცელდა. თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ვინაიდან ბაჩომ ვანოს წინააღმდეგ სერიოზული მუშაობა დაიწყო, მერაბიშვილის მხრიდან ეს საპასუხო რეაქცია იყო. მათ დაპირისპირებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ახალაია თავდაცვის მინისტრი რომ იყო, თუმცა მე არ ვიცი, საიდან მოდის ეს დაპირისპირება. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბაჩოს შს მინისტრად დანიშვნამ სამინისტროს თანამშრომლების განწყობა რადიკალურად შეცვალა. ეს ადამიანები ხედავდნენ, რომ ვისაც ამ ხელისუფლების წინაშე ძალიან დიდი დამსახურება ჰქონდა, ისინიც კი დაითხოვეს. ამიტომ ყველას ჰქონდა განცდა, რომ დღეს თუ არა, ხვალ ალბათ ყველას დაითხოვდნენ. ამ საკითხზე ყველა სერიოზულად დაფიქრდა, რადგან როდესაც ხედავ, რომ ადამიანი ძალიან ბევრს აკეთებს და მის ღვაწლს არაფრად ჩააგდებენ და მოისვრიან სამსახურიდან, ბუნებრივია გიჩნდება განცდა, ამას რომ ასე ექცევიან, მე რას გამიკეთებენო. ციხის კადრებმა კი ხელისუფლებას იმათი მხარდაჭერაც დაუკარგა, ვინც ბაჩოს მოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ „ნაციონალებისკენ“ იყო. ფაქტიურად, სამინისტროს თანამშრომლების განწყობაში ეს გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა.

არჩევნებზე თუ იყო მითითება, რომ აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უნდა მიგეცათ ხმა?

– ასეთი პირდაპირი მითითება არ ყოფილა, მაგრამ იგულისხმებოდა, რომ ყველას „ნაცმოძრაობისთვის“ უნდა მიეცა ხმა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამან ვერ იმუშავა. ახლა მათი მხრიდან მიდის საუბარი, რომ ხელისუფლების ცვლილება დროებითია, რომ ექვსი თვის შემდეგ ხელისუფლებაში ისევ „ნაციონალები“ დაბრუნდებიან და ა.შ. მაგრამ ამან უფრო დაბნეულობა და უარყოფით რეაქცია გამოიწვია, რადგან არავის უნდა კიდევ ერთი დაძაბულობა, არეულობა და ა.შ. მით უმეტეს, ყველამ გაიაზრა (დღესაც გვქონდა სამსახურში ამაზე საუბარი), რომ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა მართლა ძალიან კარგი პრეცენდენტია, რათა მომავალშიც ასე მოხდეს. ალბათ ამანაც დიდი როლი ითამაშა, რადგან ხალხმა რომ შეხედა ამ ახალაიების თამაშებს, არავის არ მოსწონდა ის სიტუაცია, რადგან მთელი ხელისუფლება მათ ხელში იყო და არავის არანაირი პერსპექტივა აღარ ჰქონდა, ან უნდა ყოფილიყავი მათი ყურმოჭრილი მონა, ან გაგიშვებდნენ.

ვანო მერაბიშვილის დროს სულ სხვანაირი სიტუაცია იყო. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ რიგით პოლიციელთან მისულა და რაღაც უკითხავს, გულდასმით უსმენდა პასუხს და ხშირ შემთხვევაში მხედველობაშიც მიუღია ასეთი რჩევები. ბაჩოს დროს კი ასეთი მიდგომა იყო - ეს ასე უნდა გაკეთდეს, არ გვაინტერესებს სწორია თუ არა. თუ აღმოჩნდებოდა, რომ შეცდომაა დაშვებული, მერე იმის გამოსწორებას გიბრძანებდნენ და საერთოდაც, ტენდენცია ასეთი იყო - გიბრძანე და, შეასრულე. მინდა გითხრათ, რომ ჯარი სხვა არის და პოლიცია კი - სულ სხვა.

ყბადაღებულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია?

– ჩვენ ვიცით, რომ პერიოდულად ყველას ტელეფონი ისმინებოდა. საუბარი მაქვს განყოფილების უფროსზე და იერარქიულად მის ზემდგომ თანამდებობის პირებზე. იქ ვინმე კი არ იჯდა და უსმენდა, უბრალოდ პერიოდულად ამ ადამიანების ტელეფონები მოსმენაზე ირთვებოდა, თუკი რაიმე ისეთ სიტყვას ახსენებდნენ, და ეს სატელეფონო ჩანაწერი კომპიუტერულ სისტემაში ინახებოდა. შემდეგ, ადამიანი, რომელიც ამაზე მუშაობდა, მოუსმენდა და თუ რამე საინტერესო იყო ნათქვამი, შეინახავდა, თუ არა და - წაშლიდა. ამისთვის სპეციალური დეპარტამენტი არსებობს და მისი მუშაობა დახურულია. რაც შეეხება პერიოდულად გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს, ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან დღეს ციფრული ტექნოლოგია იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანის ხმას მიამსგავსო ჩანაწერში არსებული ხმა, ნებისმიერი კონფიგურაციით დაადო სიტყვები და ა.შ. თუ ამ აუდიო-ჩანაწერს თან არ ახლავს ვიზუალიზაცია, ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ფაბრიკაცია იყოს.

ახლა აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ძველი ხელისუფლება სახელმწიფო უწყებების არქივებს ანადგურებს, რათა თავის დანაშაულებთან დაკავშირებით ახალ ხელისუფლებას სამხილები არ დაუტოვოს. ამის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

– ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ მაგალითად ცნობილია, რომ როდესაც ფინანსურ პოლიციას ფინანსურ დანაშაულზე პიროვნების დაჭერა უნდოდა, თვითონვე ავრცელებდნენ გაყალბებულ ანგარიშ-ფაქტურას, ან სხვა რაიმე დოკუმენტს, რათა მის წინააღმდეგ სამხილი შეექმნათ. ხოლო როდესაც შენ რამეს ყიდულობ, ექსპერტი ხომ არ ხარ, რომ ანგარიშ-ფაქტურა შეამოწმო? ამ დროს კი დაგადგებიან უცებ და აღმოჩნდება, რომ ყალბი დოკუმენტი გაქვს ხელში და ამაზე, რა თქმა უნდა, შენ აგებ პასუხს. ბიზნესმენების უმეტესობა სწორედ ამ გზით არის დაკავებული და გასამართლებული.

მინისტრობის ახალი კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ როგორი განწყობაა სამინისტროში?

– თავიდან ისეთი განწყობა იყო - აუ ვინ არის ეს და რაღაც, მაგრამ მის გამოსვლებს რომ ვუსმენთ, თუ მართლა ისე იქნება, როგორც ის ამბობს, თუკი მართლა პროფესიონალებს დაეყრდნობა, ძალიან კარგი იქნება. მინდა გითხრათ, რომ „ნაციონალებიც“ ასე ამბობდნენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ მოიყვანეს პატარა ბიჭები, ზოგიერთი სტუდენტიც კი იყო სამმართველოს უფროსი და უფრო მაღალი თანამდებობის პირებიც. არადა, რაც არ უნდა ჭკვიანი იყო, ადამიანმა ყველა საფეხური თუ არ გაიარე რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, უბრალოდ შეუძლებელია შენი მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართო.

ახალ მინისტრს ხვდება საკმაოდ ნორმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ქვედა რგოლში კარგი პროფესიონალები, ზედა რგოლში კი თვითონ უნდა გაარჩიოს, ვისი დატოვება ღირს თანამდებობაზე და ვისი - არა, რადგან ვიმეორებ: ზოგი მხოლოდ „ნაციონალებისადმი“ ერთგულების ნიშნით იყო დანიშნული, ზოგი დროშას იქნევდა კარგად, ზოგმა სხვების უფრო კარგად „ჩაშვება“ მოახერხა და ა.შ. ისე საერთო ჯამში ღარიბაშვილის მიმართ საკმაოდ ნორმალური განწყობაა.

რამდენადაც ცნობილია, ბაჩო ახალაიამ ქვეყანა დატოვა. რას ფიქრობენ ამის შესახებ სამინისტროში?

– აქ აზრი ორად არის გაყოფილი. ჯერ გეტყვით იმას, რას ფიქრობს უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი გარბიხარ, ესე იგი რაღაცის გეშინია, ანუ რაღაც დანაშაული გაქვს ჩადენილი. თუმცა სამინისტროში არის ადამიანთა მცირე რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ ახალი ხელისუფლება არ დაიწყებს გარჩევას, ვინ დამნაშავეა და ვინ - არა, დაიწყება პოლიტიკური რეპრესიები და ამიტომ შესაძლოა ახალაია ამას გაერიდა. თუმცა როგორც მოგახსენეთ, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ახალაია დამნაშავეა და იმიტომ გაიქცა.

ახალაიას გარდა სამინისტროს კიდევ სხვა მაღალჩინოსნებმაც დატოვეს ქვეყანა?

– საუბრობენ მიქაძეზეც, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ის შვებულებაშია გასული.

ქვეყნიდან ვინც გაიქცა, ყველაზე ამბობენ, რომ შვებულებაშია გასული. ისე, ვინ არის ეს ადამიანი?

– მიქაძე ადრე პატრულში მუშაობდა, ბოლო პერიოდში კი კადრების სამმართველოს უფროსი იყო. მასზე ამბობდნენ, რომ პატრულის თანამშრომლებს, რომლებსაც ვიღაც შემოაკვდათ, ხელი დააფარა. დაზარალებული კი მიიჩნევდა, რომ პატრულის თანამშრომლებმაც პირდაპირ ესროლეს იმ ადამიანს.

ახლა რა ხდება სამინისტროში?

– ახლა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გავრცელებულმა ხმამ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პოლიციის სამართველოს უფროსებს მანქანები უნდა ჩამოართვან და გამგეობებს გადასცენ. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ აღინუსხა ძვირადღირებული მანქანები, განსაკუთრებით ჯიპები, და უნდა გადაეცეს გამგეობებს. ამან სამმართველოს უფროსების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ამბობენ, რომ მათ დაპირდნენ, ექვს თვეში ამაზე უკეთესი მანქანები გეყოლებათ, როდესაც ისევ დავბრუნდებით ხელისუფლებაშიო.

მიზეზი ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ კონტროლქვეშ გადადის, ხოლო გამგეობები, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობები „ნაციონალებს“ დარჩებათ და ახლა სურთ, რომ გამგებლები მოთაფლონ?

– ალბათ. ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით. ამბობენ იმასაც, რომ შსს-ს საკუთრებაში არსებული რაღაც შენობებიც გადაეცა სხვადასხვა უწყებებს, რომლებსაც პირადად პრეზიდენტი აკონტროლებს, თუმცა რამდენად სიმართლეა ეს, ამაზე თავს ვერ დავდებ.