დღევანდელ წერილში რამდენიმე ცნობილი თანამემამულე მსახიობი მსურს გაგახსენოთ. ეს პიროვნებები საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალიზმის გარდა მშობლიური ქვეყნის პატრიოტები და დიდი გულშემატკივრები იყვნენ.
„ყველა როლი, იქნება ეს კინოსა თუ თეტრში, იძერწება შემდეგი ცნებებისგან: შენი გული, შენი ნერვები, ტკივილი, გამოცდილება და შეცდომები. ეს ყველაფერი ქმნის ერთ მთლიან სახეს, რომელმაც მერე აუცილებლად უნდა ჰპოვოს გამოძახილი“. - ასეთი იყო რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებისეული კრედო, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა.
რამაზ ჩხიკვაძე დიდი მსახიობი და უბადლო პიროვნება ბრძანდებოდა. თავის პროფესიაში უმაღლეს დონეს მიაღწია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას ბატონ ჯემალ ღაღანიძეს გადავცემთ.
„რამაზი ფიზიკურად არ არის ჩვენთან, თორემ თეატრში რომ შევდივარ, ვიცი თქმა, იმ ხალხთან ერთად შევდივარ, ვინც წავიდნენ-მეთქი.
მაგალითად, მგონია, რომ „მოხუც ჯამბაზებზე“ მედიკოც შემოვა. ის ადამიანები ყოველთვის არიან და იქნებიან ჩემთან ერთად. რა ვიცი, რა გითხრათ? რამაზთან პირველ შეხვედრას მოგიყვებით. ამას ხშირად ვყვები და გურამ საღარაძე სულ მეუბნება, ნუ ლაპარაკობ, რომ მე შენი პიონერხელმძღვანელი ვიყავიო. იყო და რა ვქნა? ქვიშხეთის პიონერთა ბანაკში იყო ეს ყველაფერი. ჩემი სამსახიობო კარიერა იქიდან დაიწყო, როგორ არ ვთქვა?
თბილისში რომ ჩამოვედით, გურამმა თავის საკურსო სპექტაკლზე („ფიგაროს ქორწინება“) დამპატიჟა. თანაკურსელები არიან რამაზი, ლეილა აბაშიძე, გურამი, მერი მიქელაძე. ძალიან კარგი ჯგუფი იყო. პირველად ამ სპექტაკლში ვნახე რამაზი. რომ გითხრათ, ჯგუფში განსხვავებული იყო-მეთქი, ასე არ ყოფილა, უბრალოდ, მართლა ძალიან ძლიერი ჯგუფი ჰქონდათ. მერე გავიდა ხანი და მე თვითონაც მსახიობი გავხდი.
რუსთაველის თეატრში რომ მივედი, პირველი ჩემი სპექტაკლი, რომელიც რამაზთან ერთად ვითამაშე „ფილოსოფიის დოქტორი“ იყო. მას შემდეგ 55 წელი პარტნიორები ვიყავით. არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო. მეცოდება ის ხალხი, ვისაც მასთან ურთიერთობა არ ჰქონია სცენასა თუ ცხოვრებაში. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, იმ წუთში კარგ ხასიათზე მოგიყვანდა. მასთან ურთიერთობისას ხვდებოდი, რომ ცხოვრება მშვენიერია.
გრიმს ყოველთვის თვითონ იკეთებდა. სპექტაკლის წინ კი ტექსტის გამეორება უყვარდა. განსაკუთრებით „რიჩარდის“ დროს ღელავდა ხოლმე. ტექსტთან პრობლემები არასოდეს ჰქონია, მაგრამ „რიჩარდს“ რომ თამაშობდა, მეტყოდა ხოლმე: „რიჩარდი“ რომ გამოცხადდება, მაჟრიალებსო. მანქანაში რომ ჩაჯდებოდა და სპექტაკლზე მივდიოდით, სახლიდან თეატრამდე თამაშობდა მანქანაში.
ბევრი ქვეყანა მოიარა „რიჩარდმა“. ავსტრალიაშიც ჩავიტანეთ. გავიდა ხუთი-ექვსი წელი და რამაზი უკვე მასტერკლასების ჩასატარებლად მიიწვიეს ავსტრალიაში. ნაწყვეტები წაიღო, სადაც მეც მოვხვდი. 12 კაცი წავედით ავსტრალიაში. სიდნეიში რომ ჩავფრინდით, აეროპორტში დიდი ავტობუსები დაგვახვედრეს. შემოვედით ქალაქში და ვხედავ, პირველივე უზარმაზარი შენობის ოთხ სართულზე პლაკატია ჩამოფენილი - რამაზი რიჩარდის როლში და დიდი ასოებით აწერია: რამაზ ჩხიკვაძე. რა დაგვემართებოდა? ეს არა მარტო ჩვენი სიხარული, ეს ქართული თეატრის ტრიუმფი იყო.“
ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს სამწუხაროდ, შვილი არ ჰყავდა, მაგრამ, ბევრისგან განსხვავებით, სხვისი შვილების საკუთარივით შეყვარება შეეძლო. ძალიან ხშირად საოცარი გულისტკივილით საუბრობდა მოზარდების პრობლემებზე და უპატრონო ბავშვებზე.
„მე რომ ფული მქონდეს, ერთ დიდ და ლამაზ სახლს ავაშენებდი გარეუბანში, მივიყვანდი უპატრონო ბავშვებს და იქ ვაცხოვრებდი, ჩავაცმევდი და ძალიან კარგად გამოვკვებავდი. საუკეთესო განათლებას მივცემდი, არაფერს მოვაკლებდი.“
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებით განიცდიდა. ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ შეხედულებებს დაუფარავად გამოხატავდა. სახლის კარი სულ ღია ჰქონდა. 90-იან წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი აირ-დაირია, ხან ტყვიებს გამორიდებულ ხალხს იფარებდა, ხანაც ლტოლვილებს. უზომოდ კეთილი იყო, ანგარიში და თვლა ურთიერთობაში არ იცოდა.
ნება მომეცით დღვანდელ წერილში გია ფერაძეც გავიხსენო. ეს ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი ნამდვილად იმსახურებს, რომ მის შესახებ დაუსრულებლად ვისაუბროთ.
გია ფერაძე თბილისის იშვიათი კოლორიტი ბრძანდებოდა. ამნაირი პატივი ჩვენს ქალაქში ერთ-ორს თუ ღირსებია. თბილისში მისი მოძრაობის სქემა ძალიან პატარა იყო. ვერა-რუსთაველი-ვერა, მაგრამ საყოველთაო ყურადღების ცენტრში მუდმივად იმყოფებოდა. გიას გამოჩენა ყოველთვის ღიმილს იწვევდა, რადგან ის საკუთარი არტისტული ბუნებით თავად გახლდათ კურიოზის განსახიერება.
როდის გადაწყდა გია ფერაძის მსახიობობა არავის ახსოვს. თუმცა მის ახლობლებს მისი მსახიობობა არც გაკვირვებიათ.
გიას პირველი კინოროლი მეორეხარისხოვანიც არ იყო. ის ფეხბურთს თამაშობდა სურათში „მანანა.“ გავიდა წლები და მანანას როლის შემსრულებელ ნანული სარაჯიშვილს ხშირად ეხუმრებოდა: „შენ რომ ფეხბურთი გეთამაშა და მე მთავარი როლი შემესრულებინა, ახლა შენ იქნებოდი სახელგანთქმული მსახიობიო.“
კარიერის განმავლობაში გია ფერაძემ 40-მდე კინოროლი ითამაშა. ამის გარდა რუსთაველის თეატრშიც წარმატებით მოღვაწეობდა. თითქმის ნახევარი მსოფლიო მოიარა „კავკასიური ცარცის წრით.“
თითქმის ყველაფერი რიგზე ჰქონდა. მიყვებოდა საყვარელ პროფესიას, ყველა პატივს სცემდა, მაგრამ...
მაშინ როდესაც პოპულარობის მწვერვალზე იმყოფებოდა, თბილისში ხმა გავარდა, გია ფერაძემ მეუღლე მოკლაო. ვერავინ იჯერებდა, ამის არ სჯეროდა თავად გიასაც, ვისაც გიასთან ახლო შეხება ჰქონდა, ყველა აცხადებდა, რომ ის მკვლელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო.
სასამართლომ მას 12 წლით ციხის კამერა მიუსაჯა. აქედან გია ფერაძის ტანჯვით აღსავსე ცხოვრება და სიკვდილი დაიწყო. მისჯილი თორმეტი წლიდან ციხეში რვა წელიწადი გაატარა. დიდი დროის განმავლობაში შორეულ იაკუტიაში იმყოფებოდა.
განთავისუფლების შემდეგ უკვე ავადმყოფი საქართველოში დაბრუნდა, სადაც ის აღარავის სჭირდებოდა და არცერთმა თეატრმა სამუშაოდ არ აიყვანა. თუმცა იყო ერთი გამონაკლისიც. დიმა ჯაიანმა სოხუმის თეატრში მიიწვია და იქ რამდენიმე სპექტაკლში ათამაშა. გია თავად მიხვდა რომ ციხეში ყოფნამ მის პროფესიონალიზმს დაღი დაასვა და საკუთარი სურვილით თეატრს საბოლოოდ ჩამოშორდა.
ერთ დღესაც თბილისმა შეიტყო რომ გია ფერაძე გარდაიცვალა. ქალაქი თავისი საყვარელი შვილის გარეშე დარჩა. არ მინდა ვამტკიცო, გია ფერაძე დამნაშავე გახლდათ თუ არა. ფაქტია, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ ის მარტოდმარტო დარჩა და რამდენიმე ახლობლის გარდა, დახმარების ხელი არავინ გაუწოდა.
ისტორიიდან ვიცით, რომ დროთა განმავლობაში ადამიანთა ფიზიონომია შეიცვალა, მაგრამ ამას დასჭიდა ათასწლეულებიო. რამდენი წელი იქნება გასული ამ სურათის გადაღებიდან და ნახეთ როგორი ცვლილებაა ამათ და დღევანდელ სახეებს შორის, რომლებსაც ეკრანებზე ვუყურებთ. ნახეთ სურათზე რა კლასიკური ნაკვთებია. რა ლაღი და ვაჟკაცური გამომეტყველებაა. ესენი და ახლანდელი ზოგიერთი ცნობილი სახე (სამწუხაროდ უმეტესობა) ერთი ჯიშის არიან? ეტყობა ადრე ევოლუციის პროცესი იყო და ნელა მიმდინარეობდა. ახლა ალბათ გადაგვარების პროცესია და იმიტომ მიმდინარეობს ასე სწრაფად.