იგეგმება თუ არა ჩაისა და მევენეხეობის სუბსიდირება?

იგეგმება თუ არა ჩაისა და მევენეხეობის სუბსიდირება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში აგროსაინვესტიციო ფორუმზე ჩაის კულტურის და მევენახეობის სუბსიდირების ზრდა დაანონსა. მისმა ნათქვამმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. პრემიერის მოსაზრება აღქმულ იქნა ისე, თითქოს, მთავრობა რთველისა და ჩაის წარმოებაში ფულადი დანამატის გაცემას ითვალისწინებდა. ეს აზრი უფრო განამტკიცა იმ შეხედულებამ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება საბიუჯეტო რესურსისა და ადმინისტრაციული სახსრების მაქსიმალურ მობილიზებას შეეცდება.

„ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ ნიშნულამდე, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით. სამეგრელოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები. სამწუხაროდ, არ არსებობდა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ეს პოტენციალი სრულად წარმოგვეჩინა. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ კუთხეში“, - განაცხადა პრემიერმა.

სუბსიდიები არათუ ჩაის მიმართულებით, უკვე რთველზეც აღარ გაიცემა. შესაბამისად, პრემიერის განცხადება საზოგადოებისა და სპეციალისტებისთვისაც გაუგებარი დარჩა. შესაძლოა მთავრობა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე სამომავლოდ მართლაც გეგმავდეს რაიმე აქტივობას, თუმცა წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებული არაფერი არ არის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პრემიერი დარგის მხარდაჭერას გულისხმობდა. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაშიც, რომ „ქართული ჩაის“ პროგრამის არსებული ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი 1 მლნ ლარამდე გაიზარდოს.

„არანაირ სუბსიდირებაზე არ არის საუბარი. პრემიერმა იგულისხმა ჩაის გადარჩენისა და უნიკალური ვაზის ჯიშების აღდგენის სახელმწიფო პროგრამები და ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერა“, - განუცხადეს „ბიზნეს მედიას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა მოგვიანებით, უფრო ვრცელი და დეტალური განმარტების გაკეთება გააკეთა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, პრემიერი გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების გაზრდას ორ სექტორში - მეჩაიეობასა და მევენახეობაში.

„პრემიერმა თქვა ზუსტად ის, რაც იგეგმება. ადამიანი იყო ფინანსთა მინისტრი და ზუსტად იცის, რას ნიშნავს სუბსიდირება და რას - არ ნიშნავს. სუბსიდირება არის ნებისმიერი თანადაფინანსების პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს და ბუნებრივია, ის გულისხმობდა სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებას ორ სექტორში, რომელიც გაგრძელდება და გაიზრდება.

ორი საკითხი იყო, რომელსაც შეეხო პრემიერი, ერთი - ეს იყო ჩაის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, მისი გადახედვა და გარკვეული თანადაფინანსების გაზრდა მოიაზრება და გვინდოდა, რომ ჩაგვეტარებინა შეხვედრა ფერმერებთან, დარგის ექსპერტებთან და მათი შენიშვნები და მოსაზრებები გაგვეთვალისწინებინა. კომენტარები ამ პროგრამასთან დაკავშირებით ყოველთვის გვესმოდა. იყო რაღაც მოსაზრებები, რომ მეტი დახმარება იყო საჭირო და საინვესტიციო ფორუმის მეორე დღე ეხებოდა სწორედ ჩაის სექტორს“, - განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ შესაძლოა, წელსვე „ქართული ჩაის“ პროგრამის არსებული ნახევარმილიონიანი ბიუჯეტი 1 მლნ ლარამდე გაიზარდოს. რაც შეეხება იმ სახის სუბსიდირებას, რომელიც კონკრეტულ პროდუქციაზე ფასნამატს გულისხმობს, არც თავად ეთანხმება.