საკრედიტო რეგულაციების ამოქმედებიდან 5 თვის თავზე პირველად გაჩნდა რეალური შესაძლობლობა, რომ მკაცრი მიდგომა ამ კუთხით შეიცვალოს. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ბიზნესი აქტიურობს, ეროვნული ბანკი კი ჯერჯერობით აგრძელებს დაკვირვებას, რომელიც სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე თვე გასტანს.
ადგილობრივი ბიზნესმენები უფრო და უფრო ხმამაღლა საუბრობენ, რომ რეგულაციებით გამოწვეული პრობლემები, მათთვის უფრო მძიმდება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან სპეციალური შეხვედრაც გაიმართა, სადაც ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პირდაპირ მოითხოვა, რომ საბანკო რეგულაციები თანდათან მოიხსნას.
„ვფიქრობ, საბანკო რეგულაციის ქვეშ ბევრი ისეთი ადამიანი მოხვდა, რომელთა დაკრედიტება ძალიან ადვილად შეიძლებოდა და მათი ვალაუვალობის საფრთხე არ არსებობდა. არ ვფიქრობ, რომ დაგვიანებული იქნება რეგულაციების გადახედვა. ერთი ან ორი თვე ბევრ რამეს ვერ გადაწყვეტს. უპრიანი იქნება, რომ შემდეგი შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს გუნდთან ერთად შედგეს. რეგულაციების შესახებ ჩემი პირადი აზრია, რომ ნელ-ნელა უნდა მოვხსნათ და ამისთვის თანდათან ვხედავ კიდეც მზადყოფნას. ეს საკითხი უფრო დეველოპერებს აწუხებთ, ანუ მათ, ვისი ბიზნესიც მცირდება“, - განაცხადა პაპაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გარდა უბრალო მოქალაქეებისა, მშენებლებისთვისაც დიდი თავის ტკივილია.
„საბანკო რეგულაციებს იპოთეკურ დაკრედიტებაში, ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უნდა მოუშვან და ამისთვის, მე მგონი, არის მზაობა. ბანკები თავს არ იკლავდნენ, რომ გინდა თუ არა ხვალ... უფრო დეველოპერებს აწუხებთ ეს. არის ამ რეგულაციების ქვეშ მოხვედრილი ისეთი ადამიანები, რომლებიც შეიძლება ძალიან ადვილად დაკრედიტდნენ“, - განაცხადა პაპაშვილმა.
გაცილებით ფრთხილი იყო შეფასებებში ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, რომელსაც საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია, თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს გადახედვის დაპირება, თუკი ამის აუცილებლობა იქნება.
როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკშიც დეტალურად აკვირდებიან პროცესებს, რადგან ამჯერად მათი ხელმძღვანელის მხრიდან ასეთი ფრაზა გაისმა: „თუ არის საჭირო ცვლილებები, ამ ცვლილებებს მივიღებთ“. კობა გვენეტაძემ პირველად თქვა, რომ შესაძლებელია რეგულაციები შერბილდეს, თუმცა, ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩება.
„სანამ მიღებული იქნებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შესაბამისი რეგულაციები, ჯერ კიდევ მაშინ ამბობდა ეროვნული ბანკი, რომ ნებისმიერი რეგულაცია საჭიროებდა გარკვეული დროის შემდეგ გადახედვას, თუ რამდენად ასრულებს ის თავის ფუნქციას. ჯერ მხოლოდ პირველი კვარტლის შედეგები გვაქვს, ცოტა ხანში გვექნება 4 თვის მონაცემები. ჯერჯერობით, მიმართულება, რომელსაც ვხედავთ, არის თანხვედრაში იმ მოლოდინთან, რომლებიც რეგულაციების შემოღებამდე გვქონდა.
არის მუდმივი კონტაქტი საფინანსო ორაგნიზაციებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეიძლება ტექნიკურად გამარტივების მიმართულებით, რომ ეს დებულება უფრო მოქნილი იყოს. თავის დროზე საკმაოდ ბევრი რამ გავითვალისწინეთ, სანამ მას მივიღებდით“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ქვეყანაში ყველაზე მსხვილი სექტორი - საბანკო ბიზნესიც საუბრობს, რეგულაციების უარყოფით გავლენაზე. „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ტიპის სესხების გაცემა შემცირებულია. ეს ტენდენცია სტატისტიკაშიც ჩანს.
„ბიზნეს მედიას“ ცნობით, თუკი საბანკო რეგულაციების უარყოფითი გავლენა ძალიან დიდი იქნება, უფრო მეტი მიზეზი იარსებებს, რომ გადაიხედოს რეგულაციები. „თუმცა, ამას დრო სჭირდება. როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, დაახლოებით, 3-დან 6-თვემდეა საჭირო იმისთვის, რომ დააკვირდეს მოვლენებს“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.