For.ge ინფორმაციით, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე შეისწავლის, რის საფუძველზე დაანგრიეს თბილისის პარლამენტის შენობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის მოქმედ ხელმძღვანელობას იმ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, რაც აქამდე საზოგადოებისთვის მიუწვდომელი რჩებოდა.
კითხვები კი ეხება იმას, თუ რატომ დაანგრიეს პარლამენტი ახალი საკონსტიტუციო ნორმის ამოქმედებამდე და არსებობს თუ არა რეალური ინვესტორი, ვინც ამ შენობას იყიდის და რა პირობებით.
თბილისში პარლამენტის შენობა მთლიანად დანგრეულია და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა. მაგრამ ეს საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა არ არის დასრულებული და იქ სხდომების გამართვა შეუძლებელია.
მართალია, თბილისის პარლამენტის დანგრეული რომც არ იყოს, იქ სხდომა მაინც ვერ გაიმართება, რადგან სააკაშვილის უმრავლესობამ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით ამის შანსიც არ დატოვა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, თუ რატომ არის თბილისის პარლამენტი ამ მდგომარეობაში.
ეს კითხვა არაერთხელ დაისვა და პასუხი არავის გაუცია.
For.ge-ს ინფორმაციით ამაზე პარლამენტის მოქმედმა და მომავალმა თავმჯდომარეებმა დანგრეულ პარლამენტში ისაუბრეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე ორი დღის წინ, ღამით შეხვდნენ დანგრეულ პარლამენტში. ბაქრაძეს და უსუფაშვილს საუბარი რომ შეძლებოდათ, ორი სკამი დაცვის თანმშრომლებს სადღაც ძლივს უპოვიათ და ვიდრე მათთვის სკამების პოვნას მოახერხებდნენ, პარლამენტის მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები დანგრეულ შენობაში ფეხზე მდგარნი ლაპარაკობდნენ.
დავით უსუფაშვილს ბაქრაძესთვის იმ ბრძანების ჩვენება მოუთხოვია, რომლის თანახმადაც დაინგრა ეს შენობა. რაზეც ბაქრაძეს უპასუხა, რომ წერილობითი ბრძანება არ არსებობს, ჩემი ზეპირი ბრძანების საფუძველზე მოხდა დემონტაჟიო.
ამაზე უსუფაშვილი გაბრაზებულა, არ შეიძლება, სახელმწიფო ქონების განკარგვა ზეპირი ბრძანების საფუძველზე მოხდესო და ისიც უთქვამს, რომ ამ საკითხით ახალი პარლამენტი უსათუოდ დაინტერესდება.
უსუფაშვილი იმითიც დაინტერესებულა, თუ სად წავიდა პარლამენტიდან გატანილი ქონება, რაზეც ბაქრაძის პასუხი იყო - ნაწილი ცესკოს მივეცით, ნაწილი გამგეობებს და ნაწილი ქუთისის პარლამენტში არის გადატანილიო. მაგრამ ქუთაისში მყოფი თანამშრომლები ამბობენ, რომ იმ ძველი პარლამენტიდან მხოლოდ ხალიჩებია წაღებული და სხვა ქონება სად არის, კაცმა არ იცის.
მართალია, ჩვენთან ამ თემაზე არც ერთ მათგანს საუბარი არ სურს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში ისევ აქტუალური გახდება. დამნაშავე კი ვინ აღმოჩნდება, ამას, იმედია აწი მაინც გავიგებთ.