ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში 13 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლის - „საქართველოს შიშველი სატევარი“ პრემიერა გაიმართება. ეს იქნება ერთ საათში ჩატეული და ზეპირი მეტყველებით გადმოცემული მერაბ კოსტავას ცხოვრება და მოღვაწეობა, რომელსაც წარმოადგენს იზა ვეფხვაძე - რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი, მსახიობი და ზემოხსენებული სპექტაკლის სცენარის ავტორი.
ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერის დაწყებამდე სამი საათით ადრე, 11 საათზე კი სოფელ ბორითთან, იქ სადაც 23 წლის წინ - 1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა მერაბ კოსტავა, ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ინიციატივით, უბისის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მამა მათე (ბუაჩიძე) გადაიხდის მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
ვინც ერთხელ მაინც დასწრებია იზა ფეფხვაძის მიერ გამართულ ლიტერატურულ სპექტაკლს მაგალითად, რეზო თაბუკაშვილზე, ესმა ონიანზე, ოტია იოსელიანზე... დაგვეთანხმება, რომ წინ დიდი სიამოვნება ელის - თამამად შეიძლება აღვნიშნოთ, რომ 13 ოქტომბერს ხარაგაულში მერაბ კოსტავას ხსოვნას ღირსეული და დღემდე არნახული პატივი მიეგება. ეს იქნება იზა ვეფხვაძის მიერ, ყოველგვარი ანგარების გარეშე, უდიდესი პროფესიონალიზმითა და მთელი გულით გადმოცემული მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალები, რაც ბუნებრივია, რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.
დამსწრე საზოგადოება ერთი საათი იცხოვრებს მერაბ კოსტავას ცხოვრებით, დაბადებიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე. პრემიერაზე მყოფთა უდიდესი უმრავლესობა მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან დღემდე უცნობ დეტალებს შეიტყობს. მაგალითად, გაიგებს ვინ და როგორ შეარქვა მას „შავლეგო“; რა ხდებოდა მერაბის სახლში, როცა ციმბირის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გამოგზავნილ მის წერილებს დედა - ოლღა დემურია-კოსტავა ეცნობოდა; პრემიერაზე მყოფები გაიგებენ დაღუპვის წინა დღეს, 1989 წლის 12 ოქტომბერს მერაბ კოსტავა როგორ აღმოჩნდა ქუთაისში...
for.ge-სთვის ცნობილია, რომ 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან მერაბ კოსტავას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და შემდეგ ხარაგაულის კინოთეატრში ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერას დაესწრებიან: მერაბ კოსტავას ნათესავები, სიყრმის მეგობრები, ოჯახის ახლობლები, ყოფილი თანამშრომლები, ადამიანები, რომლებიც ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დროს მერაბ კოსტავასთან ერთად რიგით ჯარისკაცებად იბრძოდნენ. მათ შორის იქნებიან: დათო კოსტავა, ზურაბ (რუდიკო) შაუთიძე, ომარ ციკოლია, ციცინო მაღლაფერიძე, ზვიად ძიძიგური, მურმან დუმბაძე, გია იაკობაშვილი, ლიანა რატიშვილი და სხვები.
თუ სპექტაკლს დაესწრებით, დარწმუნდებით, რომ ჩვენ არ ვაჭარბებთ, უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ, რასაკვირველია, თუ თქვენც თვლით, რომ მერაბ კოსტავა იყო: ქვეყანაზე ალალად შეყვარებული, გულანთებული რაინდი, სიკეთის უხმაუროდ მთესველი, სხვისი ამაგის დამფასებელი, გაუტეხლობის, ქართველობის, ღირსების, ვაჟკაცობის სიმბოლო, შეუვალი ავტორიტეტი, სათუთი მამა, წესიერი, ნათელი, სუფთა, მართალი კაცი, რომანტიკული ადამიანი, შესანიშნავი მუსიკოსი, კარგი პოეტი, ცოტნე დადიანის დარი, ილია ჭავჭავაძის შემდეგ ყველაზე დიდი ქართველი.
აი, ამ სიტყვებით იხსენიებდნენ მერაბ კოსტავას მისი მეგობრები, თანამებრძოლები და ახლობლები, გასული თორმეტი წლის მანძილზე, ჩემს მიერ (და არა მარტო ჩემს მიერ!) მომზადებულ და გამოქვეყნებულ ინტერვიუებში, სტატიებში.