საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია და განიხილება (სამწუხაროდ, პირველი მოსმენით მიღებულიც არის) მიწის შესახებ ორი კანონპროექტი, კერძოდ: „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“.
საუბედუროდ, აშკარაა, რომ ამ კანონპროექტების მიღებით მიწის საკითხი არა თუ არ გადაწყდება, არამედ პირიქით - კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი გახდება ქართული მიწის ბედი. ასეთ ბუნდოვანებასა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებს განაპირობებენ შემოთავაზებული კანონპროექტების როგორც სისტემური ხასიათის ხარვეზები, ასევე, კონკრეტული არასწორი და მცდარი გადაწყვეტები. კერძოდ:
- სისტემურ ხარვეზებთან დაკავშირებული ზოგადი შენიშვნები
მიწის საკითხის საკონსტიტუციო მოწესრიგებასთან დაკავშირებით თავის დროზე ჩვენს მიერ ჩამოყალიბდა პოზიცია (იხ. „მიწაზე ეროვნული თანხმობა კონსტიტუციამ უნდა გადაწყვიტოს“ http://iverioni.com.ge/16385-mitsaze-erovnuli-thankhmoba-konstituciam-unda-gadatsyvitos.html), რომ კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების საფუძველზე მიწის საკითხი აუცილებლად კომპლექსურად უნდა მოწესრიგებულიყო ორგანული და კოდიფიცირებული საკანონმდებლო აქტით. მაშასადამე, კონსტიტუციიდან გამომდინარე, მიღებული უნდა ყოფილიყო ორგანული კანონი „მიწის კოდექსი“, რომელიც სისტემატიზებულად, ერთიან კომპლექსში, თავს მოუყრიდა როგორც მიწათმფლობელობის, ასევე მიწათსარგებლობისა და მიწის მართვის საკანონმდებლო ნორმებს; სწორედ ეს შექმნიდა მიწის სახელმწიფო და მუნიციპალური მწყობრი პოლიტიკის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს და აქედან გამომდინარე, განაპირობებდა სასიცოცხლოდ აუცილებელ მიწის რეფორმასაც, რომლის კიდევ გადადება შეიძლება უკვე საბედისწერო აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, ეს პოზიცია მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული; ამ თვალსაზრისით საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის ფორმულირება („4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით“) ნაკლულია, ვინაიდან მიწის შესახებ ორგანული კანონის მიზნები, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ - არსებითად სისტემური ხასიათისა უნდა იყოს; მაშასადამე, არა იმდენად ვიწრო და ოდენ სპეციალური, რომ ამ ორგანული კანონით მხოლოდ უცხოელების მიწათმფლობელობასთან დაკავშირებული „გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს“ (როგორც ეს არის მითითებული კონსტიტუციის ამ ჩანაწერში); მიუხედავად ამ თვალსაჩინო ნაკლულობისა, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ეს ჩანაწერი მაინც ქმნის საკმარის იურიდიულ საფუძველს (რადგანაც კონსტიტუციაში, თუნდაც არასრულ კონტექსტში, უკვე მოხსენიებულია მიწის თაობაზე ორგანული კანონი), რომ მიწის შესახებ მიღებული ორგანული კანონი თავადვე უფრო ფართოდ ადგენდეს საკუთარ სისტემურ მიზნებს და, ამდენად, მოწოდებული იყოს არა მხოლოდ ვიწრო-სპეციალური, არამედ მიწათმფლობელობის, მიწათსარგებლობისა და მიწის მართვის, მაშასადამე, როგორც ზემოთ ვთქვით, მიწის სახელმწიფო თუ მუნიციპალური პოლიტიკის მიმართულებას, რამაც, აქედან გამომდინარე, მიწის რეფორმის ფუნდამენტური სასიცოცხლო ამოცანები ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ერთიან კომპლექსში, სისტემურად უნდა გადაწყვიტოს.
სამწუხაროდ, წარმოდგენილ კანონპროექტებში მიწის საკითხი ფუნდამენტურად და სისტემურად კვლავაც გადაუწყვეტელი რჩება; ეს კანონპროექტები მხოლოდ ფრაგმენტულად და, რაც უფრო მეტად გულდასაწყვეტია, არასწორად აწესრიგებენ მიწის საკითხს და ამდენად, ვერ გამოდგებიან ვერც მიწის პოლიტიკისა და მით უმეტეს - ვერც მიწის რეფორმის სამართლებრივ საფუძვლებად. ამგვარ ფრაგმენტულობას განაპირობებს შემდეგი:
წარმოდგენილი სახით ორგანული კანონით წესრიგდება (ისიც არასრულად და არასწორად) მხოლოდ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები; რაც შეეხება არანაკლებად მნიშველოვან სხვა საკითხებს, მათ შორის -არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწათმფლობელობას, აგრეთვე როგორც არასასოფლო, ასევე სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწათსარგებლობის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, ეს პრობლემატიკა კვლავაც საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშეა დატოვებული; ხოლო სასოფლო-სამურნეო მიწის „მდგრადი მართვის“ (როგორც პროექტების ავტორი უწოდებს) მომწესრიგებელი ნორმები ცალკეა გამოტანილი და არა ორგანული, არამედ ჩვეულებრივი კანონის სახით ყალიბდება, რაც ფორმალურადაც მიუღებელია, ვინაიდან მიწის საკითხისადმი სისტემური მიდგომის ერთიან კონტექსტს არღვევს. (გაუგებარია - მიწის საკუთრება ორგანული კანონით, მიწის მართავა კი ჩვეულებრივი კანონით რატომ წესიგდება?).
რაც მთავარია: ასეთი ერთიანი კონტექსტისა და მიწის საკითხის მიმართ სისტემური დამოკიდებულებისათვის, როგორც ეს არაერთგზის გვაქვს აღნიშნული (იხ. მაგალითად იგივე ზემოთ აღნიშნული წერილი), გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ფუნდამენტური პრინციპები, მათ შორის ორი უმთავრესი პრინციპი:
- მიწა არა მხოლოდ ბუნებრივი და ოდენ ეკონომიკური რესურსია, არამედ, ჩვენი ეროვნული იდენტობის დამდგენი ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა;
- მიწის საკუთრება იმავდროულად სოციალურად დამავალდებულებელი ბუნებისაა, რაც ხაზგასმული იყო კიდეც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 116-ე მუხლში; (ასევე ყურადსაღებია, რომ საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება მკაფიოდ არის ასახული თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სოციალური სახელმწიფოს - გერმანიის - კონსტიტუციის მე-14 მუხლში);
სამწუხაროდ, წარმოდგენილი კანონპროექტები შორს დგას ამ დამდგენი პრინციპებისგან, რის გამოც სისტემური თვალსაზრისით მიწის საკითხი კვლავაც მოუწესრიგებელი რჩება; ამდენად, ამ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში დღეს არსებული სავალალო სურათი დიდად არ შეიცვლება: მიწის საკითხის (მიწათმფლობელობა, მიწათსარგებლობა და მიწის მართვა) სისტემური მოუწესრიგებლობის გამო ისევ გაურკვეველი იქნება მიწის სახელმწიფო თუ მუნიციპალური პოლიტიკა და კვლავაც ბურუსით მოცული დარჩება ქვეყნის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და გადაუდებელი მიწის რეფორმის ბედი.
- მცდარ გადაწყვეტებთან დაკავშირებული კონკრეტული შენიშვნები ფრაგმენტულობასა და არასისტემურ ხასიათთან ერთად, წარმოდგენილი კანონპროექტებით თვალსაჩინოა როგორც სასოფლო-სამაურნეო დანიშნულების მიწათმფლობელობასთან, ასევე მის მართვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების მცდარი და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი გადაწყვეტაც, კერძოდ:
ა. როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, უცხოელებზე მიწის გასხვისების შეზღუდვა (რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობისთვის) დისკრიმინაციული ხასიათის არ არის. იგი მიწის კანონმდებლობის განმსაზღვრელი ფუნდამენტური პრინციპებიდან (მიწა, როგორც ეროვნული იდენტობის დამდგენი ღირებულება და მიწაზე საკუთრების სოციალურად დამავალდებულებელი ბუნება) უნდა გამომდინარეობდეს; უცხოელებზე გასხვისება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს დასაშვები; და ერთადერთი საფუძვლით - როცა აშკარაა განსაკუთრებული სოციალურ-პოლიტიკური ინტერესი ჩვენთვის ანუ საჩვენო საზოგადოებრივი სიკეთე, რაც მთავარია: თითოეულ ასეთ საგამონაკლისო შემთხვევაზე გადაწყვეტილებას ექსკლუზიურად უნდა იღებდეს საქართველოს მთავრობა და ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემის წინასწარი თანხმობით შეიძლება მიიღებოდეს, სადაც კონკრეტული მიწის ნაკვეთი მდებარეობს; იმის მაგივრად, რომ ორგანულ კანონს სწორად განისაზღვრა ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია დაინტერესებული სუბიექტის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობები (მათ შორის - საინვესტიციო გეგმა და ამ გეგმის უზრუნველსაყოფად მყარი ფინანსური გარანტიები). სავალდებულოა გადაწყვეტილების მიღების მკაფიო და გამჭვირვალე პროცედურა. კანონპროექტში შემოთავაზებულია გასხვისების ამ საფუძველთან არსებითად დაუკავშირებელი და, ამდენად, შეუსაბამო წინასწარ დადგენილი ჩამონათვალი იმ უცხოელი სუბიექტებისა, ვისაც შესაძლოა სასოფლო-სამურნეო მიწა გამონაკლისის სახით საკუთრებაში გააჩნდეს.
ბ. განსაკუთრებით სავალალოა, რომ ორგანული კანონის წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ასეთ, წინასწარ განსაზღვრულ სუბიექტებს შორისაა „საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები და საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოიშობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტების საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის შედეგად“ (იხ. ორგანული კანონპროექტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი). კანონპროექტიდან უშუალოდ არ გამომდინარეობს, მაგრამ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ, რომ უცხოური „ფინასნური ინსტიტუტების“ (?!) მიერ მიწის საკუთრების უფლების შეძენას კანონპროექტის ავტორები უკავშირებენ სავარაუდოდ იპოთეკას, რაც კიდევ უფრო გაუგებარსა და ბუნდოვანს ხდის ამ ნორმის შინაარსს.
მართლაც, საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტების შესაბამისად - „იპოთეკური კრედიტი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი გრძელვადიანი კრედიტი, რომლის მეშვეობით კრედიტის ამღებს შეუძლია შეიძინოს, ააშენოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება — ბინა, სახლი, აგარაკი, მიწის ნაკვეთი. იპოთეკური კრედიტის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა გულისხმობს, რომ სესხის მოქმედების პერიოდში, აღებული სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მოახდინოს უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია“.
აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ თუნდაც მიწის ნაკვეთის რეალიზაციამდე, ე.ი. შეზღუდული ვადაში (პროექტის მიხედვით ეს ვადა ცოტა არ არის, იგი 2 წელიწადს უტოლდება), ე.წ. საფინანსო ინსტიტუტმა სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება შეიძინოს, რადგან სასოფლო-სამურნეო წარმოება მის საქმიანობასთან სავსებით შეუთავსებელია. ეს ფაქტობრივად მიწის რეალიზაციამდე მის მოცდენას განაპირობებს და ქმნის მოცდენილი მიწებით სპეკულაციის უდიდეს რისკს; რაც მთავარია - არსებითად და დაუსაბუთებლად იზღუდება ისედაც გაკოტრებული მკვიდრი მიწის მეურნის უფლებები; ასეთ შემთხვევაში, როცა სასოფლო-სამურნეო წარმოება კოტრდება, საჭიროა არა მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და მკვიდრი მეურნის საკუთრების უფლების გარანტირებულად დაკარგვა, არამედ პირიქით: ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმები, რათა კრედიტის ამღებს როგორმე მდგომარეობა შეუმსუბუქდეს, როგორმე შეძლოს გაკოტრების განსაკუთრებულ რეჟიმში ვალდებულებების ისე გასტუმრება, რომ არც მიწა მოცდეს და იქნებ ამ გამრჯე მეურნემ საკუთრების უფლებაც შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა სასოფლო-სამურნეო წარმოების გაკოტრების საკითხებს განსაკუთრებით უნდა აწესრიგებდეს იმ მკაფიო საზოგადო ინტერესიდან გამომდინარე, რომ სასოფლო-სამეურნეო საქონლის წარმოება არ შემცირდეს, მიწა არავითარ შემთხვევაში არ მოცდეს და, მით უმეტეს, მას არა წარმოების განვითარებითა და მიწის უკეთ გამოყენებით დაინტერესებული, არამედ შეუსაბამოდ უცხო პატრონი არ დაეპატრონოს, რომლის ერთადერთი „კანონიერი“ ინტერესი მიწის სპეკულაციურ ფასში გაყიდვა იქნება და სხვა არაფერი! აღარაფერს ვამბობთ, რომ ამ „კანონიერი“ მიზნის მიღმა არაკეთილსინდისიერ სუბიექტს შესაძლოა ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ინტერესიც ამოძრავებდეს.
ამრიგად, წინასწარ ჩამონათვალში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ხსენება სამართლებრივად გაუგებარია და უარესიც: ბადებს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გარკვეული ფინანსური ინსტიტუტები ახორციელებენ შეგნებულ ზეწოლას საქართველოს სუვერენულ მთავრობაზე, რათა ქართულ მიწაზე საკუთრების უფლება, მიუხედავად მათი საქმიანობის სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან სრული შეუსაბამობისა, შეიძინონ!
ბ. ასევე გაუგებარი და საფრთხის შემცველია სასოფლო-სამურნეო მიწის საკუთრების შესახებ ორგანული კანონის პროექტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც კონსტიტუციის ჩანაწერის საწინააღმდეგოდ მიწა შეიძლება იყოს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების, არამედ ისეთი „კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში, რომლის დომინანტი პარტნიორი არის უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი“; ეს ტექსტი, ჯერ ერთი, პირდაპირ წინააღმდეგობაშია მსოფლიო პრაქტიკასთან, მეორეც იგი წინააღმდეგობაშია საღ აზრთან და მოცემულ საზოგადოებისადმი ერთგულებასთან. დათქმა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საინვესტიციო გეგმის საფუძველზე“ არაფრის მთქმელია, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით, „საზოგადოებრივი სიკეთის“ ცნებაში იგულისხმება და შეიძლება იგულისხმებოდეს მხოლოდ „ჩვენი საზოგადოებისთვის სიკეთე“ და არა უცხოპლანეტელებისა. მითითება „საინვესტიციო გეგმაზე“, როგორც ასეთი გადაწყვეტილების საფუძველზე, მცდარია, რადგან, ჯერ ერთი, საინვესტიციო გეგმა მხოლოდ ამ საფუძვლის შესაბამისი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობაა და არა თავად საფუძველი. მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა იღებდეს; გარდა ამისა, ოდენ საინვესტიციო გეგმა, როგორც თუნდაც სავალდებულო პირობა, აქ საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია ასევე ამ გეგმის ფინანსური უზურნველყოფის გარანტიებიც; საერთოდ კი უმჯობესია, რომ უცხოელების დომინანტობით შექმნილ იურიდიულ პირებზე მიწის გასხვისებისგან თავი შევიკავოთ და მათ არა საკუთრებაში, არამედ სარგებლობის უფლებით გააჩნდეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
გ. მიუღებელია მიწის მესაკუთრე სუბიექტების ჩამონათვალში (იხ. ორგანული კანონპროექტის მე-4 მუხლის 1-ელი ბუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) ზოგადად საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხსენება. მართლაც, გარდა, შესაძლოა, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა (რომელიც კანონში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი) და მუნიციპალიტეტისა, გაუგებარია, რომელიმე სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რა მიზნით შეიძლება სასოფლო-სამურნეო მიწა საკუთრებაში ჰქონდეს? გასაგებია, რომ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება კანონით ან მმართველობის ორგანოს აქტით დაფუძნდეს სსიპ-ი რომელიც, შესაძლოა, სოფლის მეურნეობასაც მისდევს, მაგრამ, თუნდაც ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევაში (რომლის მიზანშეწონილობა არც თუ იოლად დასასაბუთებელია) რა საჭიროა იგი მიწის მესაკუთრე იყოს? საკმარისია მას სახელმწიფო საკუთრების მიწა სარგებლობის ან მართვის უფლებით (მაგალითად უზურფუქტით, ან, ვთქვათ, მართვის ისეთი უფლებებით, რასაც დღესაც ახორციელებს სსიპ „სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო“) გადაეცეს, რათა შეუზღუდავად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა.
დ. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც მიწის კანონმდებლობას უნდა ჰქონოდა, ეს სახელმწიფო საკუთრების მიწის მუნიციპალურ საკუთრებასა და შესაბამისი თემის უსასყიდლო, უვადო სარგებლობაში გადაცემა უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო საკუთრების მიწის მუნიციპალიზაცია და ადგილობრივი თემის უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა მიწის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, რაც ასევე სასიცოცხლოდ უკავშირდება ქვეყნის მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის სტრატეგიასაც, რომლის განხილვა სწორედ ახლა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში. ამ თემის შესახებ თავის დროზე არა ერთი წერილი გამოგვიქვეყნებია (მაგ. იხ. „მიწის საკითხი ანუ ბედი ამა ქვეყნისა“ https://for.ge/view/42953/miwis-sakiTxi-anu-bedi-ama-qveynisa-meore-nawili.html), მაგრამ, როგორც ჩანს, ამაოდ.
ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც ამ პროექტებში უნდა გატარდეს და წარმოდგენილ დოკუმენტებში საერთოდ არ არის ამაზე მინიშნებაც კი, ისტორიული სამართლიანობის, მაშასადამე, მიწაზე სათემო უფლებების, თანამედროვე სახით აღდგენაა - კერძოდ: სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება დარჩეს მხოლოდ ის მიწა, რაც კონკრეტული სახელმწიფო კომპეტენციის განსახორციელებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების, საერთაშორისო ვალდებულების, საერთაშორისო ანდა საერთო-ეროვნული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტის განსახორციელებლად არის აუცილებელი; დანარჩენი, დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, როგორც რეგისტრირებული, ისე არა რეგისტრირებული მიწა უნდა გამოცხადდეს და უპირობოდ (გარკვეული გარდამავალი პერიოდის შემდგომ), დარეგისტრირდეს მუნიციპალურ საკუთრებად და უსასყიდლო, მუდმივ მფლობელობაში გადაეცეს შესაბამის სასოფლო თემს (უწინარეს ყოვლისა, აქ უნდა ვიგულისხმოთ საძოვრები და სათიბები, მაგრამ არა მარტო).
აუცილებელია შეიცვალოს პრეზუმფცია, რომლის ძალითაც დაურეგისტრირებელი მიწა სახელმწიფო საკუთრებად მიიჩნევა. მიწა, რომელიც კერძო საკუთრებისა არ არის და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოჩნდება მისი კანონიერად მფლობელი და მოსარგებლე, რომელიც შესაბამისი ნაკვეთის საკუთრებად დარეგიტრირებას მოითხოვს, უნდა დარეგისტრირდეს არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალურ საკუთრებად და ასევე თემს მუდმივ, უსასყიდლო მფლობელობაში გადაეცეს.
სამწუხაროდ, წარმოდგენილი კანონპროექტები საერთოდ გვერდს უვლიან ამ უმნიშვნელოვანეს თემას და გვრჩება ვითარება, როცა სასოფლო-სამურნეო მიწის ყველაზე მსხვილი მესაკუთრე, როგორც ლენინის მიწის დეკრეტის, ე.ი. საბჭოთა სახელმწიფოს მიერ მიტაცებული მიწის მემკვიდრე, კვლავაც, ამჯერად უკვე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოა, რაც სრულიად მოუთმენელია და სავსებით შეუთავსებელი სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ პრინციპებთან. თუ არ მოხდება ამ თავის დროზე მიტაცებული მიწის, რაც სახელმწიფოს არაფერში სჭირდება და მხოლოდ გასაყიდად თუ გაახსენდება, მუნიციპალურ საკუთრებასა და ადგილობრივი თემის უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ძნელი იქნება სოფლის მეურნეობისა, ხოლო ზოგადად - ქვეყნის განვითარებაზე ოცნებაც კი.
ე. ორგანულ კანონპროექტში საუბარია სახელმწიფოს მიერ მიწის უპირატესი შესყიდვის უფლებაზე(იხ. ორგანული კანონპროექტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი); როგორც არაერთგზის გაგვიმახვილებია ყურადღება, მიწის გაყიდვისას უპირატეს მყიდველთა რიგითობა უნდა დადგინდეს და სახელმწიფოს წინ ამ რიგში უთუოდ უნდა იყოს თავად თემში მცხოვრები სოფლის მეურნე, შემდეგ - მუნიციპალიტეტი, რომელიც მიწას გამოისყიდის სათემო სარგებლობისათვის და მხოლოდ მას შემდეგ - სახელმწიფო. აქვე, რასაკვირველია, თუ ზემოთ ნახსენები რომელიმე პირობა (კონკრეტული სახელმწიფო უფლებამოსილების უზრუნველყოფა, სახელმწიფო უსაფრთხოება, საერთაშორისო ვალდებულება, საერთაშორისო ან ეროვნული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტი) წარმოიშობა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უფლება, გამოისყიდოს კერძო მესაკუთრისგან, ხოლო, თუ მიწა მუნიციპალურ საკუთრებაშია, უსასყიდლოდ მიიღოს საკუთრებაში საჭირო ნაკვეთი.
ვ. კანონპროექტებში ნახსენებიც კი არ არის, რომ პირი, რომელიც სოფლის მეურნეობას ეწევა და მიწის მესაკუთრეა, სოფლის მეურნის (ფერმერის) სტატუსით უნდა სარგებლობდეს. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მას და ამისათვის კანონმდებლობით მიანიჭოს გარკვეული უპირატესობები, მაგალითად მიწის ნაკვეთის შესყიდვისას, სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციისას, მიწის დასამუშავებლად იაფი კრედიტის მოსაძიებლად, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისას და სხვ.
ზ. განსაკუთრებით გულსატკენია, რომ კანონპროექტის ავტორებმა საბოლოოდ უარი თქვეს მიწის მართვის სისტემის გამართულ ინსტიტუციონალიზაციაზე; „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ნახსენები იყო „მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო“, რაც პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში უკვე ამოღებულია. მის მაგივრად შემოთავაზებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, რომელიც, ბუნებრივია, ვერ შეძლებს უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ფუნქციის - მიწათსარგებლობის აღრიცხვისა და მიწათსარგებლობის სტრატეგიული დაგეგმარების ამოცანების შესრულებას. ასევე, საერთოდ არის მხედველობიდან გამორჩენილი ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე მიწათმოწყობის ორგანიზების საკითხი, რის გარეშეც მიწის „მდგრადი მართვა“ საერთოდაც წარმოუდგენელია.
დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ:
წარმოდგენილი სახით კანონპროექტების მიღება დაუშვებელია; კვლავაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გვერდზე გადადოს აღნიშნული უვარგისი პროექტები და ამ სფეროს აღიარებული სპეციალისტების ჩართულობით დაიწყოს ინტენსიური მუშაობა „მიწის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც სისტემური მიდგომის საფუძველზე თავს მოუყრის მიწათმფლობელეობის, მიწათსარგებლობისა და მიწის მართვის საკანონმდებლო ნორმებს, შექმნის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს მიწის სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის საწარმოებლად, უზრუნველყოფს მიწის ისეთი რეფორმის დაგეგმვასა და განხორციელებას, რომელიც ხანგრძლივადიან პერსპექტივაში შექმნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქართული მიწის რაციონალურად გამოყენებისა და სათანადო დაცვის მწყობრ სისტემას, რაც ქვეყნის მდგრადი განვითარების საფუძველთა საფუძველია.
მიტროპოლიტი ანანია, მიტროპოლიტი დავითი, მიტროპოლიტი ანდრია, მიტროპოლიტი დიმიტრი, გოგოლა მარგველაშვილი (აკადემიკოსი), ლადო პაპავა (აკადემიკოსი), გიზო ურუშაძე (აკადემიკოსი), ავთანდილ სილაგაძე (აკადემიკოსი), ელიზბარ ჯაველიძე (აკადემიკოსი), ჯემალ კაციტაძე (აკადემიკოსი), პაატა კოღუაშვილი (აკადემიკოსი), დავით ზარდიაშვილი (ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში), ანზორ მესხიშვილი (სერთიფიცირებული ექსპერტი მიწის საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი), ჯუმბერ ფანჩულიძე ((სერთიფიცირებული ექსპერტი მიწათმოწყობაში, პროფესორი), რევაზ გოგოხია (ეკონომისტი, პროფესორი), მერაბ ვაჩნაძე (ისტორიკოსი, პროფესორი), ოთარ ჟორდანია (ისტორიკოსი, პროფესორი), თამაზ ყურაშვილი (პედიატრი, პროფესორი), ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი, პროფესორი), ჯუმბერ კოპალიანი (ისტორიკოსი, პროფესორი), ნიკა სანებლიძე (ფილოლოგი, პროფესორი), მიხეილ ჯიბუტი (ეკონომისტი, პროფესორი) სანდრო სვანიშვილი (სამართლის დოქტორი)
ჩემი პროგნოზი ერთობ პესიმისტურია, სამწუხაროდ...