დღევანდელ წერილ-მოგონებაში ტრადიციას არ დავარღვევ და ცნობილი ქართველი ხელოვანების თავს გადამხდარ მორიგ თავშესაქცევ ისტორიებს გაგაცნობთ.
ცნობილი კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი ასეთ ისტორიას ყვება:
„სვანი ვარ, ეს ძალიან მეამაყება და ყოველთვის ვცდილობ, ამას ხაზი გავუსვა... ახალგაზრდობაში ჩემს უბნელებს ჩამოსულ სვანებთან კონფლიქტი მოუვიდათ. ძმაკაცები მოვიდნენ და ამის შესახებ მიამბეს, იმედი ჰქონდათ, რომ მათ გვერდით დავუდგებოდი, მით უმეტეს, რომ ამბობდნენ: „პრავები ვართო“. ძმებო, სვანი ვარ და მოდი, შეურიგდით და არ იჩხუბოთ-მეთქი, – ვუთხარი ჩემს უბნელებს და იგივე გავიმეორე, როდესაც ჩემთან მეორე მხარე – სვანები მოვიდნენ. „ბაზარი“ რომ წავიდა, ჩემს მოწოდებას ყური არ ათხოვეს და გაჩაღდა ჩხუბი. მე სვანებს დავუჭირე მხარი და ამან ჩხუბის ბედი ჩემი „ზემლიაკების“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. საღამოს, უბანში რომ დავბრუნდი, ვხედავ, ჩემი ძმაკაცები გალახულები სხედან ბირჟაზე. ზოგს თავი აქვს შეხვეული და ზოგს – ხელი. რომ დამინახეს, მისაყვედურეს, – ეს რა გვიქენი, ბიჭო, რატომ დაგვცხეო?
– ხომ გითხარით, სვანი ვარ-მეთქი და გთხოვეთ, არ გეჩხუბათ. თქვენ კი არ დამიჯერეთ. ახლა კი ისვით მალამოები-მეთქი...
ქართველი პოეტი იოსებ გრიშაშვილი იგონებდა:
„კოტე მარჯანიშვილს თავისი სტუდია ჰქონდა. ერთხელ ჩემი ლექსების მკითხველმა ნაცნობმა ქალიშვილმა მთხოვა: ძალიან მინდა, მარჯანიშვილის სტუდიაში ვიმუშავო და კოტესთან მიშუამდგომლეო, – გავაცანი.
კოტეს ეს გოგონა გარეგნულად მოეწონა (მას უყვარდა, რომ მსახიობ ქალს სასცენო მიმზიდველობაც ჰქონდა) და უთხრა: დაისწავლე რომელიმე ლექსი. გამოცდები რომ იქნება, მოდი და გაგსინჯავო! გამოცდებს მეც დავესწარი. მოწაფეების გამოცდა მარჯანიშვილის თეატრის მარჯვენა ფოიეში მიმდინარეობდა (სადაც ამჟამად მარჯანიშვილის დადგმების გამოფენაა). მაშინ ბევრი მოწაფე ჩაიჭრა. ბოლოს ჯერი ჩემს ნაცნობ ქალიშვილზე მიდგა. ის ჩემს ლექსს კითხულობდა. მე ვღელავდი. როგორც იყო, დაამთავრა და კუთხეში მიდგა.
მე გულში ვფიქრობ, რა აზრისაა კოტე? მოეწონა თუ არა? მიიღებს სტუდიაში თუ არა? ამ ფიქრში რომ ვარ, ერთიც ვნახოთ, უცბად თავს დამდგომია ჩემი პროტეჟე, ხელში წყლით სავსე ჭიქა უჭირავს და მთავაზობს: „ბატონო, ეს კოტე მარჯანიშვილმა გამოგიგზავნათო“. ამ ცივი წყლის მოწოდებით ჩემთვის უკვე აშკარა იყო, რომ ის გოგონა სტუდიაში ჩაირიცხებოდა. კოტემ ამით ორი საქმე გააკეთა: იმ ქალიშვილის ტანის რხევასაც გაეცნო (მსახიობი ქალის სიარული ვარგისი იყო სცენისთვის თუ არა), ჭიქა წყალი კი იმას ნიშნავდა, დამშვიდდი, გული გაიგრილე და ნუ ღელავო“.
ერთხელ, როდესაც დედა-შვილი – მედიკო ჩახავა და თემურ ჩხეიძე ერთად ცხოვრობდნენ, დილით მედიკომ საუზმე გაუმზადა. სხვებსაც მოემსახურა, მერე სუფრის ალაგება დაიწყო. ამ დროს რეპეტიცია იწყებოდა და თემური აღარ დაელოდა, წავიდა. მედიკოს რამდენი წუთი დაგვიანებია. ჩუმად შეიპარა, შეყო თავი სარეპეტიციო დარბაზში და თემურმა რომ დაინახა, უთხრა, ქალბატონო დედა, თქვენ თავისუფალი ხართო და არ შეუშვა რეპეტიციაზე. რას იზამდა მედიკო? გამობრუნდა, რეჟისორმა დასაჯა. თემურთან ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლებოდა.
თემური დგამდა მიხეილ ჯავახიშვილის “ქალის ტვირთს”, სამი გმირი უნდა ყოფილიყო. ქეთოს გათხოვებამდე თამაშობდა მარინა ჯანაშია, გათხოვილი ქეთი, ავშაროვის მეუღლე – თათული დოლიძე იყო და ქვრივი ქეთო მედიკოს უნდა ეთამაშა. ის წერილი უნდა წაეკითხა, რომელსაც თვითმკვლელობამდე წერს ქეთო.
ასე იყო განაწილებული, მაგრამ როცა თემურმა სპექტაკლი აკინძა, აღმოჩნდა, რომ ის მესამე ნაწილი აღარ იყო საჭირო. ლიტერატურული ნაწარმოები სხვაა და სცენაზე რომ ნახავ – სხვა. ორი ნაწილით, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო სპექტაკლი და მერე უკვე იწელებოდა. თემურმა, რა თქმა უნდა, მოჭრა ეს ნაწილი, რაც მედიკოს ალბათ ეწყინა, მაგრამ რას იზამდა?
რუსლან მიქაბერიძემ თემურს დაუწერა ასეთი ფუნაგორია: “სწორი ხარ ჯანაშიასთან, მედიკო ჩანდა უმსხვილო, რა პრინციპული ყოფილხარ, როლიდან დედამოხსნილო”. მაშინ მთელ თბილისში ყვებოდნენ ამ სხარტი ფუნაგორიის შესახებ.
სანდრო ჟორჟოლიანს მრავალი კურიოზი გადახდომია. ამათგან სულ პირველს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად იგონებდა:
“ფილმ “ნათელას” გადაღებისას დამიძახეს გრიმის გასაკეთებლად, წვერის მაგივრად რაღაც კიკინები თუ ღინღლი დამაკრეს. “პრობი” სურათი გადამიღეს, “ჩამაკარტოჩკეს” და დამამტკიცეს როლზე. პირველი გადაღება სამჭედლოში იყო. აქ გავარვარებული ქურაა, მე რაც შეიძლება ვუბერავ, ყოველმხრივ პროჟექტორებითა და სარკეებით მანათებენ. დავიწვი სიცხით, დავდნი ოფლად და ჩამომადნა აი გრიმი, ღინღლი და ულვაში. “სტოპ სიომკა”, - იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმწებ-მომწებეს. დაიწყო გადაღება, მომაშუქეს ყველაფერი. ისევ ჩამომადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო - იკითხა მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიცილს აკაკი ხორავა, არადა მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (იგულისხმება ფილმში მონაწილე მსახიობი ილია მამფორია), ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდილი კაცი იყო, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 25 წუთი ითხოვა, - მისცეს. მომწმინდა გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დამთავრდა გადაღება, ბალანი არ ჩამომვარდნია. მომატყუა იმ “ციგანმა” მამფორიამ – ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”.
ბორის წიფურია იგონებდა:
“ორშაბათ დღეს რამდენიმე მსახიობი შევიკრიბეთ ფოიეში. ჩვენთან ერთად ბატონი მიშა თუმანიშვილიც იყო. მან საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა და ვმხიარულობდით. თეატრის ტექნიკური რეჟისორიც, ვალიკო გაბისონიაც შემოგვიერთდა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ ზედმეტად თავისებური ხასიათის კაცი იყო. ხშირად უთანხმოება მომდიოდა მასთან, სცენაზე ჩადენილ არც ერთ ოინს არ მაპატიებდა და სულ “დანოსებს” მიწერდა დირექციაში. სხვათა შორის, ვალიკო “დათა თუთაშხიაში” მედუქნის მსახურს, დაქირავებული მკვლელის როლს თამაშობს, რომელიც ჭიქაში საწამლავს უყრის რაჟა სარჩიმელიასა და ბოდღო ყვალთავას. მოკლედ, ვალიკო მოგვიახლოვდა, მაგრამ დაინახა თუ არა ბატონი მიშა, რაღაც უცნაურად აიმრიზა და დემონსტრაციულად შებრუნდა. თურმე, წინა დღეს საკმაოდ მწვავე შელაპარაკება მოსვლიათ თეატრის საქმეებზე. ბატონმა მიშამ შეამჩნია ეს და გასძახა: ”ვალიკო, ასე როგორ შეიძლება?! ეს თეატრია და ასე მოქცევა არ შეიძლება”. ვალიკო უცებ მოტრიალდა და უპასუხა: ”ვიცი, ბატონო, რომ თეატრია, მაგრამ დღეს ორშაბათია – დასვენების დღე, ჩემს ნებაზე ვარ და მინდა მოგესალმები და მინდა არა”.
ყველა იცინოდა, მაგრამ, რატომღაც, მე მოვხვდი თვალში და ახლა მე “დამცოფა”.
- შენ რაღა გაცინებს, შე არამზადავ? შენ საერთოდ არ ხარ ამ თეატრში გასაჩერებელი, მაგრამ... ყველანი ერთნაირები ხართ... “
მსახიობი დოდო ჭიჭინაძე გიორგი შავგულიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:
„პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინებაში“ მოულოდნელად აღმოვჩნდი. ჩამაცვეს მეღორე ქალის ტანსაცმელი. გამიკეთეს გრძელი ცხვირი.
- კულისებში იდექი. მე დაგიძახებ – ვერიჩკა! შენ შემოვარდი, - მითხრა ჟორა შავგულიძემ.
- როდის გავდივარ სცენიდან? – ვეკითხები.
- როცა ერთ ადგილას გიპწკენ, - მიპასუხა. შევედი სცენაზე. ჟორა მეკითხება.
- ღორმა რამდენი გოჭი გააჩინა?
- ოცდათექვსმეტი.
- ოცდათექვსმეტი? – გაკვირვებული მეკითხება ჟორა. მერე მიბწკინა. დამავიწყდა წინასწარი მოლაპარაკება და ვიკივლე – რას შვრები?! – ატირებული გავვარდი კულისებში. მაყურებელი კი იცინოდა“.