კომპანიებმა პირობა შეასრულეს და ტექნიკის გაყიდვები შიდა განვადების პირობებით დაიწყეს. ჯერჯერობით ეროვნული ბანკი ვითარებას აკვირდება. არ არის გამორიცხული მთავარი რეგულატორი აქაც ჩაერიოს.
„ელიტ ელექტრონიქსმა“ შიდა განვადება სატესტო რეჟიმში უკვე დაიწყო. სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ კი, კომპანია შიდა განვადებების სისტემას ოფიციალურად მაისის ბოლოდან აამოქმედებს.
„შიდა განვადებების ამოქმედებაზე ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია გვონდა და ახალი პროდუქტის გაშვება კანონის ყველა ზომის დაცვით მოხდა“, - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა სალომე დავითაშვილმა.
ამ ეტაპზე შიდა განვადებების სისტემა მხოლოდ „ბოშის“ და „გორენიეს“ ბრენდებზე ამოქმედდება. „ელიტ ელექტრონიქსში“ ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ შიდა განვადების სისტემის ამოქმედების სქემის შესახებ დეტალებს მომავალში გაახმაურებენ, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თანხას არ ან ვერ გადაიხდის, შესაძლოა „ელიტ ელექტრონიქსმა“ ე.წ. კოლექტორულ კომპანიებთან კავშირი დაამყაროს.
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძეც აცხადებს, რომ შიდა განვადებების სისტემა დღევანდელ კანონმდებლობასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, თუმცა მას მოლოდინი არ აქვს, რომ სისტემა ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეცვლის.
„შიდა განვადება ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი პროდუქტია, თუმცა მოლოდინი არ გვაქვს, რომ შიდა განვადება სურათს რადიკალურად შეცვლის, რათა რეგულაციამდე არსებული მდგომარეობა აღდგეს. ჩვენ შიდა განვადებების სისტემა ეროვნულ ბანკთან გადავამოწმეთ და ამ საკითხზე ნებართვის აღებაზე არანაირი აუცილებლობა არ არსებობს“, - განაცხადა ქოქოლაძემ.
„ჩვენ გაუაზრებელი გადაწყვეტილებების შიში გვაქვს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რეგულაცია ეკონომიკურ ტემპს არ ზრდის, პირიქით, ასუსტებს. ქვეყანა იძულებულია აუცილებელი რეგულაციები მიიღოს, მაგრამ, ეს თუ თვითმიზანი გახდა, რაც შეიძლება მეტი რეგუალცია შემოიღონ, ეს სიღარიბეს გაზრდის“, - აღნიშნავს „საქმიან დილასთან“ ქოქოლაძე.
ეროვნული ბანკში შიდა განვადების საკითხს სხვაგვარად უყურებენ. სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, თუ ამ ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნებათ, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც გავრცელდეს რეგულირების ის პირობები, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.
„თუ ის პროდუქტი, რომელიც იქნება შეთავაზებული, იქნება სესხის ხასიათის მატარებელი, მაშინ მნიშვნელოვანია რომ დაკმაყოფილდეს ის პირობები, რაც დღესდღეობით არსებობს სესხებთან დაკავშირებით, თუ იგივე და გათანაბრებულ პროდუქტებზე იქნება საუბარი. ჩვენ დავაკვირდებით იმას თუ როგორ ხდება ამ მიმდინარეობის განვითარება და შესაბამის ზომებს მივიღებთ იმისდა მიხედვით, თუ რა ზომა იქნება და რა გაქანება ექნება ამ მიმართულებას“, - ამბობს გვენეტაძე.
„ელიტ ელექტრონიქსში“ ამბობენ, რომ რეგულაციების შიდა განვადებებზეც გავრცელება ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია, თუმცა ის ამის საჭიროებას ვერ ხედავს. სალომე დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ისინი ამ კონკრეტული მიმართულებით პრობლემებს ხედავენ.
„ამ ეტაპზე შიდა განვადებების სისტემით კომპანიების გაკონტროლება შესაძლებელია, რადგან ყველაფერი კანონის დაცვით მიმდინარეობს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ანზორ ქოქოლაძე ირწმუნება, რომ შიდა განვადებების სისტემა რეგულაციის კონცეფციაში არ შედის, რადგან ეს არც საბანკო და არც საკრედიტო პროდუქტი არ არის.
„შიდა განვადება ეს გარკვეულ ვადებში უპროცენტო განვადებით პროდუქტის გაყიდვაა და ეროვნული ბანკის ქვემდებარე ოპერაცია არ არის. შესაბამისად, შიდა განვადებები საბანკო რეგულაციების ქვეშ არ შეიძლება მოექცეს. ვფიქრობ, რომ სანამ ეროვნული ბანკი რაიმე რეგულაციას მიიღებს, უნდა შეფასდეს რა ზომისაა და რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა „ბიემთან“ ქოქოლაძემ.
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის თქმით, რამდენად გაამართლებს შიდა განვადებების სისტემის ამოქმედება, ამაზე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება მისი ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი.