დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობა იწყება

დელიმიტაციის საკითხებზე მუშაობა იწყება

„თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, უნდა წავიდეთ სასულიერო პირები“, – ეს განცხადება მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა დავით გარეჯში ჩასვლის შემდეგ გააკეთა. მეუფე ამბობს, რომ მარტო განცხადებები არ კმარა და უკვე ქმედებაზე უნდა გადავიდნენ. სასულიერო პირები გარეჯში ჩავიდნენ, მონასტრის 18–ვე ტაძარსა და სალოცავში საჩვენებელი წირვა–ლოცვა აღავლინეს.

სასულიერო პირებმა სწორედ დავით გარეჯიდან მოსთხოვეს ქმედება საქართველოს და აზერბაიჯაბის მთავრობას. მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

„აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე, ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი. თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა და ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება.

მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს. ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავუბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და, ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო, თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე, გონიერება ეყოფა, როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ყოველივე ის, რაც ჩვენს წინაშე, ასეთი გამოწვევა დადგა“, – განაცხადა მეუფე იობმა.

არ არის გამორიცხული, დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართონ. მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ თუკი აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ გააგრძელებენ დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის გადაკეტვას, სასულიერო პირები აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. რაც შეეხება დელიმიტაციის კომისიას, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ კომისიის მუშაობის შედეგზე წინასწარი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია.

„გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. უნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი. ჩემი აზრი მასეა. გუშინ ღვინის გადაღების ფესტივალი მქონდა და ღვინო გადავიღე, მაგდენი არ ვიცი. ხედავთ, მუფთებთან, შეიხებთან როგორი ურთიერთობები გვაქვს.

კომისია სულ იყო, 28 წლის მანძილზე იყო, მაგრამ, ალბათ, ისეთი ხალხი უნდა იყოს კომისიაში, ნდობა ჰქონდეთ ხალხის. ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. არ არის ეს ამ ხელისუფლების პრობლემა, ყველა ხელისუფლებას პრობლემა ჰქონდა მაგასთან. მთავარია, უნდა ვნახოთ კომისიაში ჩვენთვის სანდო ხალხი იყოს“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

მეუფე იობის განცხადებას მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი სოციალური ქსელით გამოეხმაურა. მეუფე წერს, რომ მეზობელი სახელმწიფო უხეშად არღვევს საქართველოს საზღვრებს და არ ითვალისწინებს იმას, რომ დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. მიტროპოლიტი გიორგი იმედს გამოთქვამს, რომ აზერბაიჯანი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და არ გააჩენს ბზარს კეთილმეზობლურ ურთიერთობებში.

„დავით გარეჯი იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ამ და სხვა კონტექსტსაც არ ითვალისწინებს და უხეშად არღვევს ჩვენს საზღვრებს. იმედია, ის დაუყოვნებლივ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩვენს კეთილმეზობლურ, ძმურ ურთიერთობებში არ გააჩენს ბზარს“, – წერს მეუფე გიორგი.

დავით გარეჯში შექმნილი ვითარება ამ დრომდე რთულია. კვირაზე მეტია უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. შს მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ არსებულ პრობლემას ორი ქვეყნის ხელისუფლება მოაგვარებს. გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ერთადერთი ოკუპანტი ქვეყანა რუსეთია და სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისგან გაკეთებული განცხადებები, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

„ფრთხილი საკითხია, ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას 96 წლის შემდეგ. ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა ქვეყნის. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი და, რა თქმა უნდა, დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში, ჩვენ ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესების სფეროში და აქ ორი აზრი არ არსებობს. ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასებები. ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვა ყველა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ–მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი საკითხს ისე გადაწყვეტენ, როგორც ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, დელიმიტაციის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ მიმართულებებზე იქნება მიმოსვლის ის პრაქტიკა, რომლიც მანამდე არსებობდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში დელიმიტაციის კომისიას არ უმუშავია, თუმცა ამბობს, რომ კომისიის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება მთავრობის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

„პირველივე დღიდან იყო ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია უწყებებს შორის. მე მქონდა დავალებული ყველა მინისტრისთვის აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის ბუნებრივია, რომ ჰქონდათ ძალიან აქტიური საუბრები საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოგეხსენებათ, რომ არის მიღწეული შეთანხმება. რაც შეეხება თვითონ კომისიას, დავამტკიცებთ ხელახლა და ეს მოხდება სავარაუდოდ, უახლოესი მთავრობის სხდომაზე მომდევნო კვირას. შემდეგ უკვე ორი ქვეყნის კომისია გააგრძელებს დელიმიტაციის საკითხებზე საუბარს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ შეთანხმება შედგა აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.

„საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები. ბუნებრივია, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას. ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

როგორც დავით ზალკანიანმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია მიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი ურთიერთშეთანხმებით გადაწყდება და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა განცხადება, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაა.

„აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. წლების განმავლობაში კეთილმეზობლური ურთიერთობით გამოვირჩევით. დარწმუნებული ვარ, საკითხი ურთიერთშეთანხმებით გადაწყდება და არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ემოციებისგან თავი უნდა შევიკავოთ და პრაგმატულ შედეგს მივაღწევთ“, –განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს.

trampi აკი მარტო რუსეთია ჩვენი მტერი, დანარჩენი მეგობრები არიანო?
5 წლის უკან