19 მაისს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 8 მუნიციპალიტეტში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში. ისევე, როგორც ყველა სხვა არჩევნები, შუალედური წინასაარჩევნო პერიოდი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიცისა და ხელისუფლების დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი ისევ ზუგდიდია, სადაც სახელისუფლებო კანდიდატს, ექს–პრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი უპირისპირდება. სწოროდ ზუგდიდის არჩევნები იქნება გადამწყვეტი, როგორი იქნება პოლიტიკური გარემო 2020 წლის არჩევნებისთვის. არ არის გამორიცხული საქართველოს შემთხვევაშიც განმეორდეს ის ვითარება, რაც მეზობელ თურქეთში მოხდა, 30–ზე მეტ პროვინციაში მერის თანამდებობა ოპოზიციამ დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიუხედავად ავტორიტარული მმართველობისა, ხელისუფლების დაკარგვის წინაშე დგას.
როგორი იქნება პოლიტიკური სურათი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს ესაუბრა.
საქართველოს რამდენიმე რეგიონში შუალედური არჩევნები ტარდება, ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. ვიცით როგორი შედეგით დასრულდა არჩევნები თურქეთში, რომელიც ავტორიტეტული სახელმწიფოა, ამის მიუხედავად ერდოღანის პარტიამ 30 მეტ პროვინციაში წააგო. თუკი რეგიონში განვითარებულ პროცესებს გავითვალისწინებთ, საქართველოში, სადაც არ გვაქვს ავტორიტარული რეჟიმი, რამდენად უშვებთ ალბათობას იმისა, რომ უპირატესობა ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიპოვოს?
თამარ კიკნაძე: გააჩნია ოპოზიციასაც. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე მათი დანაყოფი „ევროპული საქართველო“, არ არის ის კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც წესით უნდა იყოს. ჯერ მათ პასუხი არ უგიათ იმისთვის, რაც ჩაიდინეს 9 წლის განმავლობაში. კი ამბობენ, რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა იყოს ინდულიგენცია. საქმე ისე მიდის, რომ ადამიანებს ავიწყენებ იმ დანაშაულებებს, რაც მათ ჩაიდინეს.
მაგრამ ამაში ხელისუფლება სცოდავს. „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, აწყობს, რომ ხალხს დაავიწყოს ის, რაც წარსულში ჩაიდინეს, მაგრამ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულება არ არის არ დაავიწყოს საზოგადოებას წარსული და მხოლოდ ერთი მეგის ქარდავათი არ შემოიფარგლოს, როდესაც ასეთი მეგის ქარდავა ძალიან ბევრი იყო იმ წლებში?
– სწორედ ამიტომ ეცემა ხელისუფლების რეიტინგი. მიუხედავად ამისა ალტერნატივა არის „ნაციონალური მოძრაობა“. რამე რომ იყოს, ხალხი ისევ მათ დაუჭერს მხარს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელსაც არ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ ალტერნატივა იყო „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ დაირაზმა ხალხი მეორე ტურში იმის საჩვენებლად, რომ არ იღებს ეს საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ არ არის მესამე ძალა, როდესაც ამის დაკვეთა ნამდვილად არის.
არის კიდევ ერთი და გააჩნია როგორი ავტორიტეტით სარგებლობენ ეს ადამიანები. შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, მაგრამ საპატივცემულო ადამიანი იყოს. ვისურვებდი, რომ ასეთი ადამიანები „ქართულ ოცნებას“ აერჩია. თავისი კვალიფიკაციით და ავტორიტეტით გამორჩეული ადამიანები, რომლებიც ადგილზე არსებული პრობლემების გადაწყვეტას ხელს შეუწყობენ. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შედეგებით, რაც მათ ამ 9 წლის მანძილზე ჩაიდინეს, აბსოლუტურად მიუღებელია.
ასეთი პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს – „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ - სწორედ ეს ჯგუფები უპირსპირდებიან ერთმანეთს. ნიჰილიზმი, გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უმოქმედებაში ადანაშაულებს - ამომრჩევლების ამ ნაწილმა შესაძლებელია არჩევანი ოპოზიციის სასრგებლოდ გააკეთოს?
– ცალკეულ რეგიონებში შეიძლება, მაგრამ გლობალურად არ მგონია, რომ რაღაცა შესამჩნევი წარმატება ჰქონდეთ. მაგალითად, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, შალვა შავგულიძე რომელიც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძილაში ერთ–ერთი გამორჩეული ადამიანი იყო, ის უკვე ამ ძალასთან აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა, რომ მტერსაც შეიძლება შეეკრა, არსებობს კიდევ რაღაცა პრინციპები და ხშირ შემთხვევაში არ შეიძლება ამ პრინციპების ღალატი.
გეთანხმებით ძალიან რთულია გაამართლო და ახსნა მოუძებნო შავგულიძის გადაწყვეტილებას, მაგრამ როდესაც შავგულიძეს ვაკრიტიკებთ, რატომ შეუერთდა „ევროპულ საქართველოს“, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა პორტირებულია „ქართულ ოცნებაში“. ესენი არაიან ფიგურები, რომელთა მიმართ იყო სამართლებრივი პრეტენზიები. ეს რატომ არ აჩენს პროტესტს და რატომ ერთი შავგულიძე არის კრიტიკის საფუძველი?
– როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ „ოცნების“ რეიტინგის დაბლა სვლაზე, ეს პირველ რიგში სწორედ დაკავშირებული არის ამ პორტირებულ ნაციონალებთან. იმასთან, რომ მათ არ მისცეს შესაბამისი შეფასება ამ 9 წლიან მმართველობას, გარდა მაგისა უზრუნველყვეს ნაციონალების პორტირება თავის შემადგენლობაში. ძირითადი საყვედური რაც დღეს მოსახლეობას აქვს, მართვის პროცესში დაშვებულ შეცდომებთან ერთად, არის სწორედ ის, რომ მოსახლეობამ იმიტომ იბრძოლა იმ საშინელი რეჟიმის წინააღმდეგ, რომ არ მოსულიყვნენ პოლიტიკაში. მაგრამ უცებ, აღმოჩნდა, რომ ვინც ნაციონალების წინააღმდეგ იბრძოდა, აღმოჩნდნენ თამაშგარეთ და „ოცნების“ შემადგებლობაში ვიხილეთ ადამიანები, რომლებიც მშვენივრად გრძნობდნენ თავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. ეს ერთ–ერთი ძირითადი საყვედურია „ოცნების“ მიმართ, რაც საზოგადოებას გააჩნია. მაგრამ იცით რა, დღევანდელი მმართველობის ფორმა არის რბილი, არ არის ისეთი მკაცრი, სასტიკი და დაუნდობელი, როგორც იყო „ნაციონალური მოძრაობა“.
ეს ხელისუფლება არ არის სასტიკი, აქედან გამომდინარე, რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე ზუგდიდში გამარჯვება მოიპოვოს სანდრა რულოვსმა, ვიცით, რომ სამეგრელოს რეგიონში განსაკუთრებულად არის სიმპათიები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ...
– მე, მაგალითად, არ მინდა ეს დავუშვა. რულოვსის გამარჯვება იქნება მუდმივი არეულობის წყარო. იქნება მუდმივი შეხლა–შემოხლის და არეულობის მიზეზი. ძალიან სახიფათო პროცესები მიდის იგივე აზერბაიჯანის საზღვართან, პანკისის ხეობაში და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ყველაფერი არის ორკესტრირებული. ამას თუ ზუგდიდში არეულობა შეემატა, ძალიან არასასურველი იქნება.
ეს საფრთხე რეალურია?
– რა თქმა უნდა, რა ინფორმაციაც მე მაქვს, სანდრა კი ატარებს საარჩვენო კამპანიას, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ გაიმარჯვოს. არ ვიცნობ „ოცნების“ მერობის კანდიდატს, შეიძლება სარგებლობს ავტორიტეტით, მაგრამ ვისურვებდი, რომ სანდრასთვის ისეთი ადამიანი დაეპირისპირებინათ, რომელიც აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი იქნებოდა. იმიტომ, რომ ზუგდიდში არჩევნების მოგებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სააკაშვილის მმართველობას თუ გავიხსენებთ, მის სინდისზეა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე–იურე მოწყვეტა. ამიტომ სანდრას გასვლით კარგს არაფერს არ მოველოდები.
ძალიან მინდა ზუგდიდში გაიმარჯვოს ხელისუფლების წარმომადგენელმა. ამ ხელისუფლების პირობებში ისეთი საშინელებები არ ყოფილა, რაც იყო წინა ხელისუფლების პირობებში. თუმცა, მე ბევრი საყვედური მაქვს სათქმელი ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ცხელი წერტილია, ძალიან დიპლომატიურად, პოლიტიკური გაწონასწორებულობით, წინდახედულობით უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ, რადგან იგრძნობა ეს დაძაბულობა სხვადასხვა რეგიონებში, რაც ჩემი აზრით არის პროვოცირებული.
თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ცხელი წერტილები იყოს პროვოცირებული, მაგრამ რამდენად უშვებთ ალბათობას, რომ პროცესი კიდევ უფრო გართულდეს თუნდაც 2020 წლის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ხელისუფლებისთვის?
– ვისურვებდი ისეთი ადამიანების გამოჩენას პოლიტიკაში, ვისაც აქვს სუფთა წარსული. პოლიტიკური ველი უნდა შეივსოს გამოცდილი, კვალიფიციური და რაც მთავარია, ისეთი ადამიანებით, რომლებიც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ. დღეს საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი, ადამიანებს არ აინტერესებთ არც პოლიტიკა და არც პოლიტიკოსები. ადამიანები გადასული არიან თვითგადარჩენის რეჟიმზე. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმ აუცილებელ მინიმუმს, რაც ადამიანებისთვის არის საჭირო.
როდესაც ამ არეულობაზე ვლაპარაკობ, ეს არ არის მარტო არჩევნებთან დაკავშირებული არეულობა. მსოფლიოში დღეს ძალიან რთული პროცესები მიდის. ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესია და საქართველო ძალიან რთულ გარემოცვაში იმყოფება, თითოეულ შეცდომას შეიძლება ძალიან საბედისწერო შედეგი ჰქონდეს. ამიტომ არის საჭირო ძალიან დიდი დაფიქრება, არა მხოლოდ პოზიციის, არამედ ოპოზიციის მხრიდან. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია მოქმედებს ისე, რაც უფრო ცუდად, მით უფრო კარგად ჩვენთვის.
ხელისუფლებამ უფრო ფრთხილად უნდა შეხედოს ამ საკითხებს. დაანონსებული იყო ახალი კადრების მოძიება. უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ავტორიტეტი და პასუხისმგებლობა. დღეს იდეალისტების დროა, ისეთ დღეშია საქართველო, რომ თუ იდეალისტები არ მოვიდნენ, რომლებიც პარალელურად არიან გამოცდილები, პატრიოტები და პლუს პროფესიონალები, მე ვთვლი, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე დავდგებით. მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი გვიდგას ხელისუფლებაში, ყოველთვის მძიმე პერიოდი გვქონდა, მაგრამ ახლა უფრო რთული პერიოდი გვაქვს და ეს არ არის მარტო არჩევნებთან დაკავშირებული.