ქვეყანაში ტექდათვალიერების პროცესი თითქოს მოწესრიგდა, მაგრამ ყველა ხედავს, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები დადიან. განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს გამონაბოლქვი. უამრავია ისეთი მანქანა, რომელიც მუქი ფერის გამონაბოლქვს უშვებს და ამით გარემოზე მიყენებული ზიანი არ მცირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის პირველი კვარტლის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში 1 646 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც დადგენილი წესით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში გამონაბოლქვის გამო, მხოლოდ 1 ჯარიმაა გამოწერილი. კერძოდ, საჯარიმო ქვითარი გამოწერილია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვაზე, რომელსაც გამონაფრქვევში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც დადგენილ ნორმას აჭარბებს. ჯარიმა თბილისშია გამოწერილი.
„ბიპიენის“ ცნობით, ავტომობილი მუქი გამონაბოლქვის შემთხვევაში ტექინსპექტირებას ვეღარ გაივლის. ამის შესახებ ცვლილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში უკვე შევიდა. კერძოდ, ცვლილების თანახმად, ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან/და ლურჯი. ამასთან, ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.
საზოგადოება ტექნიკური ინსპექტირების ხარვეზებს ამჩნევს. მოსახლეობა ხედავს, რომ ქალაქსა თუ რეგიონებში თავისუფლად გადაადგილდებიან ისეთი მანქანები, რომელთაც მუქი ფერის გამონაბოლქვი აქვთ.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე დღის წინ ღიად აპროტესტებდა ტექდათვალიერების პროცესს: „ვიცი, ამ თემაზე ბევრს ვწერ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვიკითხო კიდევ ერთხელ! რისთვის გავიარეთ ტექდათვალიერება, თუ მაინც ყველა ტრანსპორტი ბოლავს და მონჯღრეულია?!“
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ მოსაზრებას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი წერდა, რომ ყველა მანქანა უპრობლემოდ გადის ტექდათვალიერებას, თუკი მძღოლი 60 ლარს გადაიხდის.
„საქართველოს ალიანსი – უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული ხარვეზების მოსაგვარევლად 2019 წლის რამდენიმე მთავარ გამოწვევას ასახელებს, მათ შორის: ტექ-ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული ბაზის არარსებობა; გამონაბოლქვის კონტროლი გზაზე; პერსონალის კვალიფიკაცია; მძღოლების არაინფორმირებულობა/დაბალი ცნობიერება;
ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ავტოპარკის გაჯანსაღების მიზნით, საჭიროა ახალი ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირება, ძველი ტრანსპორტის უტილიზაცია. ავარიების თვალსაზრისით, ასევე, დიდ პრობლემებს ქმნის უხარისხო საბურავები და სამუხრუჭე ხუნდები, რისთვისაც ნაწილების ხარისხის კონტროლია გასაძლიერებელი.
ლალიაშვილი ხაზს უსვამს ავტომობილის აქციზის ტარიფსაც. მისი ინფორმაციით, ახალი ავტომობილის აქციზი უფრო ძვირია, ვიდრე 7-8 წლის წინ გამოშვებული მანქანის. მაგალითად, 1 წლის ავტომობილზე (1500 კბ/სმ-იანი ძრავით) აქციზის ფასია 2250 ლარი, ხოლო 6-8 წლის წინანდელი ავტომობილის - 1200 ლარი.