წინასააღდგომო დღებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვეყნის მთავარ მაგისტრალებზე კოლაფსი შეიქმნა. გამგზავრების მსურველი ბევრია, რამაც ერთი მხრივ, საცობები გამოიწვია, ხოლო მეორე მხრივ კი, სამგზავრო ტარიფი გაზარდა.
ავტოსადგურ „ოკრიბაში“ მისული მგზავრები აცხადებდნენ, რომ წინასააღდგომოდ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრავმა სამარშრუტო ტაქსებმა მგზავრობა გააძვირეს. მათი ინფორმაციით, მაგალითად, ზუგდიდისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება დაახლოებით ხუთი ლარით არის გაზრდილი.
ამასთან, მოქალაქეები ტრანსპორტს მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. რამდენადაც დღის გამავლობაში მგზავრთა დიდი ნაკადი იყო და ამიტომ მათი გადანაწილება ვერ მოხერხდა.
ბრალდებებს უარყოფენ სადგურის ადმინისტრაციაში. მათი თქმით, ფასები არ მომატებულა და მგზავრთა ნაკადისთვის შეფერხებაც არ არის.
მძღოლების ნაწილი ამბობენ, რომ რეისს იმავე ფასში ასრულებენ, რაც აქამდე იყო. მძღოლების მეორე ნაწილი კი, მგზავრობის საფასურის გაზრდას ადასტურებს და აღნიშნულს საწვავის გაძვირებას უკავშირებს.
როგორც ცნობილია, დღის განმავლობაში სადგურში მგზავრების რიგი იყო. მძღოლები, რომლებიც ნაწილობრივ ექვემდებარებიან ავტოსადგურებს, პირადი საუბრისას არ უარყოფდნენ, რომ სამგზავრო ტარიფის ზრდა განსაკუთრებით დღესასწაულის ბოლო დღეებში მოსალოდნელი იყო და საწვავის გაძვირება აუცილებლად აისახებოდა მგზავრობის ღირებულებაზე.
როგორც ისინი აღნიშნავდნენ, სტუდენტები უფრო აქტიურად გადიან სააღდგომოდ ქალაქიდან, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი დედაქალაქი არ არის და თავიანთი ოჯახის წევრებთან მიემგზავრებიან დღესასწაულის შესახვედრად.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საწვავის ფასმაც ბოლო პერიოდში მოიმატა. ავტოსადგურებში კი ტრანსპორტს, რომელსაც დიდ მანძილზე გადაჰყავს ხალხი, მგზავრთა რაოდენობა შეუმცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი სამგზავრო ხარჯია.
მიუხედავად სხვადასხვაგვარი პერიპეტიებისა, პარასკევიდანვე ხალხი რეგიონებისკენ დაიძრა. განსაკუთრებით დიდი ინტენსივობა იყო დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. როგორც ყოველი აღდგომის წინა დღეებში, წელსაც თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალი საკმაოდ გადატვირთული იყო. უკვე პარასკევიდან ავტობანის რამდენიმე მონაკვეთზე კილომეტრიანი საცობები შეიქმნა.
ამ მხრივ განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო ხაშურთან. გზებზე მოძრაობას მთელი დღის განმავლობაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებდნენ, თუმცა მოძრაობის დარეგულირება ვერ მოხერხდა.