დიმიტრი ლორთქიფანიძის პრიორიტეტები

დიმიტრი ლორთქიფანიძის პრიორიტეტები

ახალი მთავრობის ფორმირების პარალელურად დღის წესრიგში დგება ახალი სახალხო დამცველის დანიშვნის საკითხიც. სახალხო დამცველის კანდიდატურას პატიმრების მშობლები აყენებენ. ისინი ამ პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას მოითხოვენ. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პატიმრების მშობლებმა დღეს გააკეთეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ ხელმოწერებს ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნიან. მათი თქმით, კოალიციაში შემავალი ერთ–ერთი პარტია დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას ბლოკავს. პატიმრების დედები მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს არ გაითვალისწინოს ამ პარტიის აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმართა მშობლები გლდანის ციხესთან აქციების დაწყებას გეგმავენ.

„ბატონი დიმიტრი ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგა, დღის რომელი მონაკვეთიც არ უნდა ყოფილი. ის არასდროს არ დაზარებულა ჩვენს დახმარებას. ვთხოვთ ბატონ ბიძინას, რომ ბატონი დიმიტრი არ დარჩეს მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე", – აცხადებენ პატიმრების მშობლები.

მე-8 საპყრობილესთან პატიმართა დედებმა 800-მდე ხელმოწერა მიიტანეს და ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდება უფრო მეტ ხელმოწერას შეაგროვებენ, რათა მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის პოსტზე კიდევ რამდენიმე კანდიდატურა დასახელდა. კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკუთარი კანდიდატურად იურისტი ლია მუხაშავრია დაასახელეს, ასევე სოციალურ ქსელებში იურისტ თამარ გურჩიანის კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, პატიმრების ოჯახის წევრებს სახალხო დამცველად დიმიტრი ლორთქიფანიძის ნახვა სურთ. თავად ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მისთვის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ ამ თანამდებობაზე დასახელება მოულოდნელობა იყო და ამავდროულად უდიდესი პატივია და თუკი „ქართულ ოცნებაში“ პატიმრების დედების ინიციატივას გაითვალისწინებენ, იგი მზად არის ამ მოვალეობის შესრულებას შეუდგეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ჩემთვის ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო და რა თქმა უნდა, ამავდროულად დიდი პატივი და პასუხისმგებლობაც არის. ამ ინიციატივის შესახებ მე მედია-საშუალებებიდან გავიგე. მინდა გითხრათ, რომ ეს ერთგვარად უპრეცედენტო შემთხვევაა, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც გააჩნია. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ამ ადამიანებიდან არც ერთი არ არის არც ჩემი ახლობელი და არც ნათესავი. ისინი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები არიან, მაგრამ არიან პირები, რომლებიც სულიად სასოწარკვეთილები არიან და განსაკუთრებით ამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ხელისუფლების გადაბარებაზეა საუბარი, გრძნობენ, რომ მათი პატიმარი ოჯახის წევრების უფლებები და განსაკუთრებით, უსაფრთხოება დაცული არ არის. ასეთი არაერთი ფაქტის წინაშე პირადად მეც დავდექი, თუნდაც მაშინ, როდესაც ღობეზე გადაძვრომა მომიწია, რაც დღეს პატიმრების მშობლების მიერ აღინიშნა კიდეც. მათ მიერ ჩემი ამ თანამდებობაზე დასახელება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, თუმცა საზოგადოებას ისიც უნდა შევახსენოთ, რომ მსგავსი ტიპის განაცხადი ფორმალურადაც არ ითვალისწინებს წარდგენის ვალდებულებას, რადგან ორგანული კანონმდებლობის თანახმად წარმდგენი პირი გახლავთ საპარლამენტო ფრაქცია. ამდენად, ეს არის პოლიტიკური ორგანოს მიერ 76 მანდატით, ანუ ხმათა უბრალო უმრავლესობით მისაღები გადაწყვეტილება. თუკი ახალი მმართველი სახელისუფლო გუნდიდან, „ქართული ოცნებიდან“ იქნება ამის მზაობა, მე რა თქმა უნდა, მზად ვარ ამასთან დაკავშირებით მათთან კონსულტაციები დავიწყო, მაგრამ მათი მხრიდან ასეთი წინადადება ჯერ არ შემოსულა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ნომინანტი არ არის წარდგენილი არავის მხრიდან, არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების აზრს გაითვალისწინებენ

– როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაზე არის საუბარი, იმედია მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებების გათვალისწინება არ იგულისხმება. დღეს, როდესაც სოციალური მედიაც არსებობს, შესაძლებელია სოციოლოგიური კვლევების ჩატარება, რა თქმა უნდა, ეს გარემოება საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო ობიექტური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას იძლევა. შესაძლებელია იმის გარკვევა, სახალხო დამცველად თუ ვინ, რა მიზეზით და რა კონკრეტული დამსახურების გამო სურს ხალხს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ვიწრო სეგმენტის მიერ დასახელებული კანდიდატი, არამედ ფართო საზოგადოების არჩევანი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ფართო საზოგადოების არჩევანს კი მხოლოდ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ან რომელიმე სხვა თუნდაც ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის წარდგინება არ უზრუნველჰყოფს, ეს მომენტი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საბოლოოდ გადამწყვეტი.

ამგვარი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების ფართო სპექტრის შეხედულებების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ამას მე, როგორც პოლიტიკოსი ვაცხადებ, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ მე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ ვარ, რაც პირდაპირ მიხსნის ხელ-ფეხს იმისთვის, რომ ნომინანტთ შორის ვიყო. 2009 წელს მე მზად ვიყავი პარლამენტის წევრის სტატუსი დამეთმო იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო დამცველად ვიქნებოდი არჩეული.

პატიმრების ოჯახის წევრებმა თქვენს მიერ ღობეზე გადაძვრომა ახსენეს და იქნებ მოგვიყვეთ, რატომ მოგიწიათ ღობეზე გადაძვრომა?

– არჩევნებამდე ორი დღით ადრე ციხეში მოხდა ინციდენტი, როდესაც  ორი მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე პატიმრების მშობლების მხრიდან ძალიან სერიოზული პროტესტი გამოითქვა. ესენი იყვნენ პატიმრები დავრაშოვი და სადოიანი, რომლები ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მუცელი ჰქონდა გაფატრული, მეორეს კი ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა მათთან არც ადვოკატს უშვებდნენ და არც ოჯახის წევრებს. გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრის სიცოცხლე ძაფზე ეკიდა, იძულებული გავხდი ამ რადიკალური ზომისთვის მიმემართა და ამ გზით შევსულიყავი ციხეში. ეს მოვახერხე კიდეც, ამ ადამიანებს შევხდი და სხვათაშორის, ამის შემდეგ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა შემდეგ გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას კვლავ ჰქონდა ადგილი.

ეს ის პატიმრები არიან, განსაკუთრებით დავრაშოვი, რომელიც ორი წლის განმავლობაში სასჯელს იხდიდა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამეურნეო ნაწილში და უშუალოდ იყო თვითმხილველი წამების არაერთი ფაქტის, მათ შორის ისეთი წამების, რომელიც ლეტალური შედეგით დასრულდა. ამიტომ ეს ბრალდების ერთ-ერთი ძირითადი მოწმეა, რომელსაც სახელმწიფო თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს. არსებულ ხელისუფლებაზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ახალი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით მოვიდა, ამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ ზომებს უნდა ღებულობდეს, რადგან იგი ძალიან ბევრი ცნობილი, სერიოზული საქმის გასახსნელად არის საჭირო.

დღეს ძალიან რთული ვითარებაა პენიტენციალურ სისტემაში და ამიტომ ალბათ ძალიან ბევრი საქმე ექნება როგორც სასჯელაღსულების ახალ მინისტრს, ასევე ახალ სახალხო დამცველსაც

– გეთანხმებით, ძალიან რთული სიტუაციაა და სახალხო დამცველი დღეს გვევლინება ცენტრალურ ფიგურად, იმ პირად, რომელმაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა განახორციელოს უფლებადაცვითი მონიტორინგი. ერთის მხრივ, ეს შეეხება ძველი ხელისუფლების კრიმინალურ საქმიანობაზე ზედამხედველობას და ზოგადად, მათ მიმართ სამართალწარმოებაზე ზედამხედველობას. მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ წინა სახალხო დამცველების პირობებში და განსაკუთრებით ბატონი ტუღუშის პირობებში ქვეყანაში ვერ მოხერხდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების არსებობის აღიარება, რაც სახალხო დამცველის საერთო პოლიტიკურ კონიუნქტურის ტყვეობაში ყოფნაზე მიუთითებს. დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას სრულიად ახალი ტიპის სახალხო დამცველი ესაჭიროება, რომელიც წელიწადში ერთხელ ფორმალურად კი არ წარადგენს ანგარიშებს, არამედ ყოველკვირეულ რეჟიმში იქნება იმ ანალიზის მონიტორინგში ჩართული, რომელიც სხვადასხვა თემატურ ჯგუფებს უკავშირდება, როგორც პოლიტიკურ სამოქალაქო უფლებებს, ასევე დევნილთა უფლებრივ მდგომარეობის ანალიზს, პატიმრების უფლებრივ მდგომარეობას, სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიტაცებული საკუთრების უფლების აღდგენის საკითხებს და ა.შ. ეს არის ყოველდღიურ რეჟიმში სამუშაო გარემო, რომელშიც სახალხო დამცველი მიიღებს მონაწილეობას და მას ექნება ვალდებულება ანგარიში ყოველკვირეულად წარუდგინოს საზოგადოებას. შემდეგ კი ეს ყველაფერი, უკვე ფორმალურად შეიძლება წლიურ ანგარიშში ასახოს.

თქვენ რომ სახალხო დამცველად დაინიშნოთ, რა იქნება პირველი, რასაც გააკეთებდით?

– პირველი, რაც სახალხო დამცველს უბიძგებს, რომ პრიორიტეტად აირჩიოს, ეს არის საპატიმროებში შექმნილი ვითარება. ასე უცებ დასმულ კითხვაზე მინდა პასუხი გაგცეთ და გეტყვით, რომ პირველი, რასაც გავაკეთებდი, შევქმნიდი შესაბამის რეესტრებს, დაწყებული საკუთრების ხელყოფის ფაქტებიდან და დამთავრებული პოლიტიკური პატიმრებით. ეს იქნებოდა ცალკე დამოუკიდებელი რეესტრების წარმოება და აქედან გამომდინარე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან მიმართებაში ხელისუფლების კონტროლი. ხოლო თემებიდან გამომდინარე, მთავარი პრიორიტეტი რა თქმა უნდა, არის ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, რომელიც დღეს საპატიმროებში არის ხელყოფილი. უამრავი ადამიანი მოელის, რომ მას არსებული ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლად აღიარებენ და ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს. მოგეხსენებათ, უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში პატიმრების აბსოლუტურად არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ, რასაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, რისი დაწყებაც ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნებოდა.

გარდა ამისა რა თქმა უნდა, არის უამრავი თემა, მაგალითად პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ კანონი, რომელიც თავის დროზე მხოლოდ ფორმალურად იქნა მიღებული და მას 20 000 ბენეფიციარი ელოდება, ასევე სახელმწიფოს შიდა ვალში აღიარებული ვალდებულებები, რომელიც წლების განმავლობაში გაუსტუმრებელი რჩება და კიდევ ახალი ვალების აღება ხდება და იგივე კოოპერატიული ბინათმშენებლობების ვალდებულების გასტუმრებას აღარ დაადგა საშველი. აქ საუბარი არ არის მხოლოდ პატიმრების, ან დევნილების უფლებრივი მდგომარეობით შემოსაზღვრულ ვალდებულებებზე.

არის უამრავი თემა, სხვათაშორის ისეთი თემებიც, რომლებიც არც ერთი სახალხო დამცველის ანგარიშში არასდროს დაფიქსირებული არ ყოფილა. მაგალითად, იგივე (რაზეც ზემოთ ვისაუბრე) რეპრესირებულთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი, ასევე რაც შეეხება პირადობის მოწმობების უალტერნატივობა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ სრულიად უკანონოდ დანერგა და არავითარი რეაგირება ამ მიმართულებით არ ყოფილა. ასევე უნდა აღინიშნოს მართლმადიდებელთა უფლებების საკითხის გაშუქება, რომელსაც არც ერთი სახალხო დამცველის არსებობს პირობებში გასაქანი არ ჰქონია. ბატონი ტუღუშის ანგარიშებში უხვად გვხდება სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების უფლებების დარღვევის ამსახველი ფაქტები და არც ერთი ფაქტი მართლმადიდებლების უფლებების შელახვაზე არ არის. როდესაც ვამბობთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმცირესობებიც და უმრავლესობებიც ამ ქვეყანაში თანაბარი სამოქალაქო უფლებებით სარგებლობენ, რაც ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება რაღაცის გამო რაღაცაზე თვალი დახუჭო.“