რაც პანკისის ხეობაში მოხდა, ეს ამ ხელისუფლების ხელწერა არ არის. კადრების ნახვისას ბევრს, ალბათ, სააკაშვილის პერიოდი გაახსენდა და იფიქრა, დროს ხომ არ ავცდითო, თუმცა მერაბიშვილის პოლიციის ოპერაციები დასჯის გაცილებით მრავალფეროვან სპექტრს მოიცავდა.
მაინც რატომ დადგა ჩვენი სახელმწიფო ამ ტიპის გამოწვევის წინაშე და ღირდა თუ არა პანკისელებისთვის მორიგი ტკივილი მიეყენებინათ?! ამის შესახებ For.ge ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
ვახტანგ მაისაია: აქ სამი საკითხია: პირველი, პასუხისმგებლობა ეკუთვნის იმ სახელმწიფო სტრუქტურასა და ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, რომლებმაც დაუშვეს ასეთი ტრაგიკული მოვლენის განვითარება, ანუ გასცეს განკარგულება, რომ ჰესის მშენებელ კომპანიას სამუშაოები დაეწყო პანკისის ხეობაში და ამ კომპანიის წარმომადგენლებს ექსკორტით ხლებოდნენ სპეცდანიშნულების რაზმის მეომრები. თანაც, ეს ყველაფერი დაიწყო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, დილის საათებში, ამის აუცილებლობა საერთოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა. მეორე მომენტია, როცა საუბარია შს სამინისტროს მხრიდან იყო თუ არა არაადეკვატური ძალის დემონსტრირება, რამაც ტრაგიკული მოვლენები გამოიწვია, უნდა აღვნიშნოთ, რომ ცუდი რამ მოხდა, როცა პოლიციის მიმართ დაიწყეს ქვების სროლა, ჯავშანმანქანის დაწვის მცდელობაც კი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, პოლიციის მიმართ ფიზიკურად ხელით შეხება დანაშაულებრივი ქმედებაა, რადგან მაინც ეს პოლიცია სახელმწიფო სტრუქტურაა და, ბუნებრივია, მას ევალება სტაბილურობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთი მომენტია, ამ ძალის გამოყენება ვის კისერზეა და ვინ გასცა ამ რაოდენობით სპეცნაზის შეყვანის ბრძანება?! ზოგადად, სპეცნაზი ასრულებს დავალებას და მას ევალება დავალების შესრულება, მიუხედავად იმისა, დავალება რა სახისაა, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა. გამორიცხული არაა, შს წარმომადგენლები შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ საინტერესოა, პირველი შეტაკების ფონზე მეორედ რაღა საჭირო იყო არაადეკვატური ძალის დემონსტრირება? თავიდანვე ხომ გამოჩნდა, რომ მოსახლეობა ჰესის აშენების წინააღმდეგ იყო. მოსახლეობა კი არა, ადგილობრივი ხელისუფლებაც ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ იქ ვხედავდით ხეობის გამგებელს, გამგეობის წევრებს, უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს. მიკვირს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ რატომ მოატყუა და საქმის კურსში არ ჩააყენა ადგილობრივი ხელისუფლება. როცა თვითონ სახელმწიფო მართვის ვერტიკალშია პრობლემა და ცენტრალური ხელისუფლება საქმის კურსში არ აყენებს ადგილობრივ ხელისუფლებას (მოსახლეობაზე უკვე აღარ მაქვს საუბარი), ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ეს უკვე გასაგებია.
ძალოვანებმა გამოიყენეს კანონით არსებული საშუალებები, ანუ მათ არ გამოიყენეს იმაზე მეტი საშუალება, რაც შეიძლება გამოეყენებინათ თუნდაც თავდაცვის მიზნით. საუბარია იმავე წყლის ჭავლზე, რომელსაც შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა მოსახლეობისთვის. კიდევ არის სხვა საშუალებები, რომლებზედაც არ შევჩერდები. ფაქტია, ძალოვანებმა გამოიჩინეს მაქსიმალური თავშეკავება. ამანაც მოახდინა ესკალაციის განმუხტვა.
ბევრს კითხვა უჩნდება, სად იყვნენ იმ მძიმე დროს ხელისუფლების მაღალი ეშელონის სხვა წარმომადგენლები და კადრში მხოლოდ თითო-ოროლა მინისტრს რატომ ვხედავდით?
- იმ მძიმე დროს მე ვიხილე, რომ ქვეყანაში ხელისუფლებას წარმოადგენდა მხოლოდ ორი ადამიანი - საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც მაღალი პოლიტიკური ოპერატიულობა გამოიჩინა. ქალბატონმა სალომემ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, სწორად დასვა აქცენტები, ამან ხელი შეუწყო მოსახლეობასა და შს მინისტრს შორის დიალოგის წარმართვას, რასაც გიორგი გახარიამ კარგად გაართვა თავი. გახარიამ წარმოაჩინა, რომ, ფაქტობრივად, ის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მიკვირს, სად იყო იმ დროს, ან გვყავს თუ არა საერთოდ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ჩირგვებში იყო დამალული. როცა ასეთი ტრაგიკული მოვლენები ხდებოდა, სად იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? ამ ფაქტმა ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, პოლიტიკური ქაოსის ნიშნებია ჩვენს ქვეყანაში. საპარლამენტო-სახელისუფლო-პოლიტიკური და ახლა უკვე სამთავრობი კრიზისი აშკარად ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ანარქიის ნიშნებს.
მერაბიშვილის პოლიციისგან განსხვავებით, თუნდაც ლაფანყურის ტრაგედიისა და მსხვერპლის შემდეგ, შედარებით ჰუმანურად გამოიყურებოდა პანკისელების წინააღმდეგ გამოყენებული ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, მაგრამ ეს საშუალებებიც არ არის ამ ხელისუფლების ხელწერა, რასაც თავად აღიარებს თუნდაც გია ვოლსკი. ასეთი მეთოდები საზოგადოებას მაინც გაუკვირდა.
- ბუნებრივია, რა შედარებაა, ლაფანყურს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილის დროს ლაფანყურამდეც არსებობდა პოლიტიკური პოლიცია, რომელიც იყენებდა არაადეკვატურ მეთოდებს. წინა რეჟიმის პირობებში ქვების გამოყენება რომ მომხდარიყო, ისინი არა მარტო ცრემლსადენ გაზს, არამედ მხუთავი ქიმიური იარაღის ელემენტებსაც გამოიყენებდნენ, აკრძალული ტიპის იარაღსაც, რაც 7 ნოემბერსაც იყო გამოყენებული, ასევე, გამოიყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, დაიწყებდნენ ხალხის ხოცვას, რაც გამოუსწორებელ შედეგს მოიტანდა. ენა როგორ მომიბრუნდება და როგორ შევადარებ წინა რეჟიმის პოლიციის ქმედებას ახლანდელს, სწორედ წინა რეჟიმმა დახოცა პანკისელები და მძიმე შედეგები გამოიწვია. ბოლოს და ბოლოს, ვანო მერაბიშვილი შევიდოდა მოსახლეობაში და მოლაპარაკებას გამართავდა? ან ნარკომანი სააკაშვილი, ნარკოტიკული თრობისას რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, ვინმემ იცოდა?
ამ მოვლენებმა, რასაც ჰქვია მერაბიშვილის პერიოდი, ახლანდელი დაპირისპირება პანკისელებსა და პოლიციელებს შორის, ხომ არ დააშორა ქართველები და პანკისელები ერთმანეთს? ამ ყველაფერმა საერთო მტრის წისქვილზე ხომ არ დაასხა წყალი? მათ შორის, შესაძლოა, ამ სიტუაციას ელოდებოდეს კადიროვი და მის უკან მდგომი რუსული ძალა.
- ბუნებრივია, ამას ელოდებიან ჩვენი ქვეყნის გარეთ არსებული მტრულად განწყობილი ძალები, მათ შორის, კადიროვი წარმოადგენს საქართველოსთან მტრულად განწყობილ ძალას. მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი გასამხედოებული ფორმირებები, მარტო მისი პირადი დაცვის შემადგენლობაში 5 ათასი კაცია, მის უშუალო დაქვემდებარებაშია 12-ათასიანი დაჯგუფება. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ამ 12 ათასიდან 3 ათასი კაცი რომ გადმოვიდეს საქართველოში, მათ შეუძლიათ თავისუფლად გადმოლახონ მთიანი ბილიკები, საბრძოლო მომზადებაც აქვთ გავლილი, კარგადაც არიან შეიარაღებულნი და რუსეთის ბრძანებებსაც ასრულებენ. საკუთარი გასამხედროებული ფორმირებების აღლუმი, რომელიც კადიროვმა რამდენიმე ხნის წინ გამართა, შემთხვევითი არ იყო. მან ამ ფორმირებებს მიმართა, ჩვენ ვართ პუტინის პირადი გვარდიაო. ამიტომ პუტინის პირადი გვარდიის შემოჭრა, ინტერვენცია პანკისის ხეობაში რა მდგომარეობას გამოიწვევს?!
პანკისელები საქართველოში მცხოვრები დანარჩენი ეროვნების მოსახლეობისგან იმით გამოირჩევიან, რომ ქართული ენა იციან, პასუხისმგებლობის გრძნობაც გააჩნიათ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ალბათ, ამ ადამიანებს მეტი ყურადღება სჭირდებათ.
- პანკისელები გაცილებით მეტად არიან ქართველები, ვიდრე ზოგიერთი ქართველი. ისინი ძალზე გამართული სალიტერატურო ქართული ენით ლაპარაკობენ. სხვათა შორის, ჩემი მდიდარი ჟურნალისტური, ანალიტიკური, პუბლიცისტური და სამეცნიერო მოღვაწეობის მიუხედავად, შეიძლება მეც ვერ ვფლობდე ასე კარგად ქართულ ენას. მათი ტრადიციები ძალიან კარგადაა შესისხლხორცებული ვაინახურ ტრადიციებთან, ისინი გვარების ტოპონიმებსაც ქართულ გვარებს ურგებენ. აქედან გამომდინარე, მათი გარჩევა ქართული საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისგან შეუძლებელია. ისინი არიან ჩვენი ძმები, კარგად ინტეგრირებულნი ქართულ სინამდვილეში.
როგორ უნდა მოხდეს ჰესის გამო ჩვენს ურთიერთობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა პანკისელებში?
- ცხადია, ამ ყველაფერმა დამატებითი ბზარი გამოიწვია ჩვენი ხელისუფლების მიმართ პანკისის მოსახლეობაში, მაგრამ პანკისის მოსახლეობა ძალიან ბრძენი, დიდსულოვანია. ახლა მთავარია, მესამე ტალღა არ დაიწყოს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია და გაუაზრებელ შედეგამდე მიგვიყვანოს. ჩემი აზრით, შესაძლებელია, დააკავონ აქტივისტები, მაგრამ ამას ფრთხილი მიდგომა სჭირდება. არ გამოვრიცხავ, კონკრეტულ ადამიანებზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მერე მოხდეს ამნისტიის გამოცხადება და კონსენსუსის ნაბიჯის გადადგმა. სხვათა შორის, საპოლიციო ძალებს მოტივაცია არ ჰქონდათ და გამოირჩეოდნენ ტოლერანტობით პანკისელების მიმართ. აშკარად ჩანდა, პოლიციასაც არ ჰქონდა სურვილი, მოსახლეობის წინააღმდეგ რაიმე რეპრესიული ღონისძიება გაეტარებინა. სწორედ ეს განასხვავებდა დღევანდელ პოლიციას წინა პოლიტიზირებული პოლიციისგან.