ბიზნესს სურდა ახალი ხელისუფლებისგან მთავარი გზავნილის მოსმენა და მოისმინა კიდეც, ისინი თავისუფლები არიან ყოველგვარი ფარული ვალდებულებებისგან. დარჩა შთაბეჭდილება, რომ მსხვილ ბიზნესს ეს თავისუფლება ეხამუშება და ხელისუფლებასთან გარიგებაში ყოფნა ურჩევნია. განსაკუთრებით საინტერესო ფარმაცევტული ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის გამოსვლა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ სფეროში საქართველოში მონოპოლია არ არსებობდა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს თემა და როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას სამუშაო მართლაც ბევრი ექნება.
მართალია, ბოლო რამდენიმე დღეა, ზოგიერთ წამალზე ფასების კლება შეიმჩნევა და ეს სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლების მესიჯზე პასუხია, მაგრამ სამედიცინო სფეროში გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე „ავერსის“ ან რომელიმე მისი მსგავსი კომპანიის მფლობელი აღიარებს. ამ თემაზე ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე თინა ტურძილაძე გვესაუბრება
ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრის დროს „ავერსის“ ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში წამლის შემოტანა ყველას შეუძლია, არის თუ არა ეს ასე?
- დიახ ეს ასეა, შეზღუდვები არის არა იმპორტიორის, არამედ წამლის ნაწილში, ანუ პრაქტიკულად ყველას შეუძლია წამლის იმპორტი და საამისოდ მხოლოდ შეტყობინების გაგზავნაა სამინისტროში საჭირო. უბრალოდ, ქვეყანაში ყველა წამლის შემოტანა არ არის დაშვებული. საჩხერის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, პრობლემები წამლების არარეგისტრირებულობის გამო შექმნოდათ.
რის მიხედვით იღებს სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას?
- საქართველოში წამლების რეგისტრაციის ორი რეჟიმია დაშვებული: ეროვნული რეგისტრაცია, როცა ექსპერტიზის პროცედურას საქართველოს მხარე აკეთებს და გადაწყვეტილებასაც რეგისტრაციაზეც ქართული მხარე ღებულობს. მეორეა - აღიარებითი რეგისტრაცია, როცა ქართული მხარე ექსპერტიზის გარეშე აღიარებს დაახლოებით 30 სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებულ წამლებს და სულ რამდენიმე დოკუმენტის საფუძველზე უშვებს ქვეყანაში.
ამ ქვეყნის ჩამონათვალი მთავრობის მიერ არის რეგლამენტირებული და მათ მაღალი სანდოობის მქონე სახემწიფოებად მოიხსენებენ. თუმცა, ეს აღიარება ცალმხრივია და ამ სახელმწიფოების წამლის მარეგულირებლებმა, ალბათ, ეს არც იციან...
პრობლემა სად არის, რატომ არ შეუძლია ყველას წამლის ბიზნესში ჩართვა?
- ფარმაცევტული ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელია რეგულაციების ცოდნა და თანაც არა მხოლოდ ქართულის, ეს ხომ რეგულირებადი ბიზნესია. ამ ბიზნესის დაწყებას რეგულაციების გარდა ისიც ართულებს რომ ბაზარი არ არის თავისუფალი და კონკურენტული. ის მონოპოლიზირებულია და მასში შესვლა მხოლოდ დიდი ინვესტიციებითაა შესაძლებელი...
მონოპოლიის საწინააღმდეგოდ ქართულ კანონმდებლობაში დაშვებული იქნა ე.წ. „პარალელური იმპორტი“, რაც გულისხმობს წამლის იმპორტს სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის ნებართვის გარეშე, როგორც წესი, წამლის სავაჭრო ლიცენზიის მფლობელები წამლებს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ფასად ყიდიან ზოგან ძვირად, ზოგან იაფად ეს თავად ქვეყნების ფასრეგულაციიის პოლიტიკაზეა დამოკიდებული, პარალელური იმპორტი აძლევს დისტრიბუტორებს შესაძლებლობას საქარველოში იაფი ბაზრებიდან შემოიტანონ წამლები. გაცილებით უფრო ადრე პარალელური იმპორტი ევროგაერთიანებაში იქნა დაშვებული, იქ ტექნიკური პროცედურა განსხვავებულია და რაც მთავარია გარანტირებულია მარეგულირებლების კოორდინაცია და ხარისხთან მიმართებაში პრობლემები არ არის, ჩვენთან ბევრი კრიტიკული ზონაა ამ პარალელურ იმპორტშიც... ეს დაშვება გაკეთდა საიმისოდ რომ მოხსნილიყო იმპორტზე მონოპოლია, ვინაიდან ქართულ კომპანიებს გადანაწილებული ყავდათ რეგისტრირებული მომწოდებლები და მათგან წამლის შემოტანა სხვებისთვის უაღრესად გართულებული, უფრო სწორედ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
პარალელური იმპორტის ქართულ რეჟიმს აქვს სერიოზული პრობლემები - ერთი მხრივ, კანონმდებლობა ადგენს ხარისხის სერტიფიკატის საჭიროებას, ხოლო მეორე მხრივ, ევროგაერთიანების ბაზარზე საშუალო და წვრილ დისტრიბუტორებს, რომლებიც პრაქტიკულად მთავარი მომწოდებლები არიან ქართველი დისტრიბუტორებისათვის, ეს დოკუმენტი არ გააჩნიათ, რადგან ევროგაერთიანების შიდა ბაზარზე მიმოქცევისთვის მათ ეს სერთიფიკატი არ სჭირდებათ. ხარისხის სერიული სერტიფიკატი მხოლოდ მწარმოებლებსა და მსხვილ დისტრიბუტორებს გააჩნიათ, რომლებიც პარალელური იმპორტით დაინტერესებული არ არიან და პირიქით, ხელსაც უშლიან ამ პროცესს.
იმდენად მკაცრი და ყოვლისმომცველია ევრორეგულაციები, რომ სერიული სერტიფიკატი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია მარეგულირებლისთვის მისი დაინტერესების შემთხვევაში. გარდა ამისა, ევროგაერთიანება არ უშვებს გარედან პარალელურ იმპორტს და ბუნებრივია, იქ მიკვლევადობის და კონტროლის პრობლემებიც არ არსებობს.
ვინაიდან ჩვენს მარეგულირებელს PI პროდუქტის ხარისხთან მიმართებაში არანაირი სხვა ინფორმაცია არ გააჩნია, ის ითხოვს ხარისხის სერტიფიკატით დადასტურებას, რომელიც თავის მხრივ ძალიან ხშირად ხელმისაწვდომი არ არის დისტრიბუტორისთვის.
გამოდის, რომ ჩვენი, ქართული მხარისგან ხელოვნური ბარიერია შექმნილი?
- ეს იმდენად წინასწარგანზრახული ბარიერი კი არ არის, უფრო არაკვალიფიციური რეჟიმია. ფაქტია, რომ ქართულ მხარეს ჭირდება კონკრეტული სერიის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან ეს PI რეჟიმი მწარმოებლის ნების საწინააღმდეგოა, ვინაიდან მათ არ სურთ მათი წამლების იმპორტი მათთან შეუთანხმებელ ფასებში და ამ დოკუმენტს არ მიაწვდიან დისტრიბუტორებს. ქართველი დისტრიბუტორები იძულებულები ხდებიან ან გააყალბონ ეს დოკუმენტი, ან ეძებონ ისეთი მომწოდებლები, რომლებიც „მოუპოვებენ“ ამ სერტიფიკატს. ეს პრობლემაც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს და რეჟიმი უფრო ვალიდური გახადოს.
დღეს საქართველო პარაზიტობს ცალმხრივ რეჟიმში უშვებს პარალელურ იმპორტს ისე რომ ეს არ იციან ექსპორტიორი ქვეყნების მარეგულირებლებმა და ხშირად მწარმოებლებმაც, ასეთ პროდუქციაზე ხარისხის პასუხისმგებელი პრაქტიკულად არ არსებობს.
პარალელური რეჟიმის დაშვებას უნდა მოჰყოლოდა სულ ცოტა, შესაბამის მარეგულირებლებთა სახელმწიფო შეთანხმების ფორმატში გაფორმებული კოორდინაციის შესაძლებლობები, რომ შესაძლებელი გახდეს იმპორტირებული წამლების მიკვლევადობა. დღეს ვაიძულებთ ბაზრის სუბიექტებს ბნელ ოთახში ეძებონ „წარმატებული“ მომწოდებლები...
ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელზეც საუბარი დისტრიბუტორების მხრიდან ხარვეზების აღიარების ტოლფასია და ამ პრობლემაზე ყველა დუმს.
თუ არ არის ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერი, იმისათვის, რომ მხოლოდ ორმა-სამმა კომპანიამ მოახერხოს წამლის შემოტანა, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?
- როგორც აღვნიშნე ეს რეჟიმი აუცილებელია, მაგრამ უნდა გადაიხედოს მისი პროცედურები, რაც შეეხება „ავერსის“ მფლობელის განცხადებას, რომ ამერიკაში მხოლოდ 3 და გერმანიაში მხოლოდ 2 დისტრიბუტორიაო, მით უფრო ეს გაჟღერდა მონოპოლიებთან კონტექსტში, ვფიქრობ, უნდა დავაზუსტო, რომ ეს ასე არ არის...
გლობალურ ფარმაცევტულ ბაზარზე ოპერირებენ რამდენიმე დონის დისტრიბუტორები. ჰიპერმსხვილი დისტრიბუტორები, მსხვილი, წვრილი დისტრიბუტორები და ბროკერები.
ჰიპერდისტრიბუტორები რამდენიმე ათეული მილიარდის მოგების მქონე კომპანიებია, ასეთი გლობალურ ბაზარზე 2010 წლის მონაცემით სულ 5 იყო: ამერიკაში 3 (საშუალო წლიური 45–50 მილიარდი) და გერმანიაში 2, თუ ეს კომპანიები ჰყავდა მხედველობაში „ავერსს“, პარალელები ცოტა უხერხულია. მით უფრო, რომ ამერიკაში ამ ორი ჰიპერდისტრიბუტორის გარდა დაახლოებით 6000 დისტრიბუტორი ოპერირებს.
როგორც წესი, ჰიპერმსხვილი დისტრიბუტორები მცირე შეკვეთებზე არ მუშაობენ, მაგალითად ჰოსპიტალების მომარაგებაზე, ცალკეულ აფთიაქებზე, ისინი უფრო დიდ პარტიების ლოჯისტიკას უზრუნველყოფენ, ეს მათთვის არარენტაბელურია, ამ ტიპის დისტრიბუციაზე უფრო საშუალო და წვრილი დისტრიბუტორები ფუნქციონირებენ.
თუ ჩვენები ჰიპერდისტრიბუტორებს ადარებენ თავს, მაშინ შევახსენებ, რომ ჰიპერების სადისტრიბუციო მარჟები ამერიკაში დაახლოებით 4-5%, ხოლო ევროპაში - 8-10%!
ჩვენთან სადისტრიბუციო მარჟები არის საშუალოდ 100%, თუმცა ცალკეულ პროდუქტებზე ზოგჯერ 200, 300, 400 პროცენტი და ზოგჯერ უფრო მეტიცაა. ქართული სადისტრუბუციო მარჟები ასტრონომიულად მაღალია. კიდევ უფრო საინტერესო ფენომენია ქართული წარმოების თუ საქართველოში გადაფუთული წამლების ფასები, აქ სრულიად გაუგებარი რამ ხდება. ვერ გაიგებ, რატომ ღირს ეს პროდუქტები იმდენი ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც წამყვანი კომპანიების წამყვანი ბრენდები. ზოგჯერ საიმისოდ რომ სიიაფის ილუზია შექმნან, რაოდენობრივად უფრო მცირე შეფუთვებს ამზადებენ, მაგრამ ეს ხომ ერთეული აბის ფასს არ აიაფებს - პირიქით.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წამყვანი ბრენდის ბაზარზე შესვლას სჭირდება დაახლოებით 12 წელი და დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის კვლევები, ასეთ შემთხვევაში გვიჩნდება კითხვა, რომ ქართულ კომპანიებს, რომლებსაც მსგავსი არანაირი ხარჯები არა აქვთ, არც ბიოექვივალენტობის ძვირადღირებული კვლევები არ ჩაუტარებიათ, მაშინ რა აძვირებს მათ წამალს?!
ქართულ ბაზარზე მხოლოდ ფასების ხელმისაწვდომობა არ არის პრობლემა და ამიტომ, საბაზრო მექანიზმების პრობლემა ვერ მოგვარდება. მთავარი პრობლემა ხარისხია, ეს გაცილებით რთული მოსაგვარებელია, ვიდრე ხელმისაწვდომობის საკითხი, რომელსაც ხარჯების შეკავების სწორი პოლიტიკა და ანაზღაურების სისტემა სჭირდება. აი, ხარისხს კი მხოლოდ ბაზარი ვერ გადაწყვეტს.
თქვენი შეფასებით, კიდევ რა არის საჭირო?
- საბაზრო მექანიზმები ფარმაცევტული ბაზრისთვის აუცილებელია, მაგრამ თავისუფალი ბაზრის პირობებში რესურსების ოპტიმალური გადანაწილება მხოლოდ სრული ინფორმაციის და თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში მიიღწევა. ინფორმაციულობისა და არჩევანის მიხედვით კი ზოგადად გლობალური ფარმაცევტული ბაზარი და მით უფრო ქართული ფარმაცევტული ბაზარი, უკიდურესად შეზღუდულია.
ობიექტურ ინფორმაციაზე ძალიან ხშირად ქართულ ბაზარზე ექიმს და პაციენტს კი არა, თავად მარეგულირებელს არ მიუწვდება ხელი. პაციენტისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი ინსტრუქციების თანხლებაც კი აღარ არის საჭირო წამლებზე, ასეთი „საინფორმაციო სტანდარტის“ პირობებში რაციონალურ კონკურენციაზე საუბარი არ შეიძლება.
სისტემაში კრიზისია, არ არსებობს უსაფრთხოების და ეფექტურობის დადასტურების გარანტირების სისტემა. ხარისხის გარანტიების გარეშე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა არ უნდა გახდეს, ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი სერვისების და პროდუქტების ხელმისაწვდომობა და არა გაურკვეველ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა, თანაც სახელმწიფო დაფინანსებით.
გასაგებია, რომ წამალი უხარისხოა, უფრო სწორად არ ვიცით, რა ხარისხია, ამავდროულად წამალი ძვირიცაა, თუმცა როგორც „ავერსი“ ამბობს, მხოლოდ 5%-იან მოგებაზე მუშაობს. თქვენი შეფასებით რა ხდება?
- მისი მარჟები საშუალოდ 100%, ცალკეულ პროდუქციაზე 70% , ზოგიერთზე - 300-400%-ია და ა.შ. ამისი გადამოწმება ხელისუფლებას არ გაუჭირდება, ეს ოფიციალური მონაცემებია და საგადასახადო სამსახურში შესაძლებელია მისი ნახვა. როდესაც „ავერსი“ ამბობს, რომ მას აქვს 5%-ანი მოგება, გამოდის, რომ დარიცხული მაღალი მარჟებიდან სტანდარტული საოპერაციო ხარჯების გარდა მას სხვა არაპროფილური ხარჯები აქვს. გაცილებით ძვირი ჯდება ლოჯისტიკაც და მენეჯმენტიც ევროპაში, მაგრამ ფასები იქ უფრო დაბალია ვიდრე ჩვენთან!
შესაძლოა, ეს ის ხარჯებია, რომელზეც ამბობენ, რომ ვიღაცას უხდიან, მაგალითად ჩინოვნიკებს ან კონცერტებს მართავენ...
- ვარაუდებს თავისი ლიმიტი აქვს, არ მინდა ამ ლიმიტს გავცდე, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ წამლების ხარჯზე ინახავენ ეს კომპანიები ჰოსპიტალურ ბიზნესს, სადაზღვევოც აქედან დააფინანსეს, სხვა ბიზნესებიც და რამდენი უნდა აიტანოს ამ წამალმა...
ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ბიზნესმენებს, რომ მისი ხელისუფლება არ დაუშვებს მონოპოლიების არსებობას. რა არის ამ სფეროში საჭირო, რომ მონოპოლია დაიშალოს?
- ეს სერიოზული მესიჯი იყო, თუმცა მე მახსენდება პრეზიდენტის ანალოგიური შინაარსის მესიჯიც, იმედი მაქვს ამჯერად მესიჯს ქმედება მოჰყვება.
ფასების შეკავებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს და არა ფრაგმენტული. ფასების დაკლების ეპიზოდები საკმარისი არ არის, მთავარია ვიცოდეთ, რომ ფასების შეკავების და ხარჯ–ეფექტური ჯანდაცვისკენ სისტემურად მივდივართ, მხოლოდ მაშინ გვექნება სტაბილური და პროგრესული ეფექტი.
დღეს მთავარი პრობლემა ბაზარზე ხარისხია, ქვეყანას აღარც ხარისხის უზრუნველყოფის და არც ხარისხის კონტროლის სისტემა არა აქვს. შემდეგი ეტაპია ხელმისაწვდომობა. ფარმაცევტული ბაზარზე საქმიანობა უნდა სტანდარტებით დარეგულირდეს და სახელმწიფომ ამ სტანდარტების ზედამხედველობა განახორციელოს.
უნდა აღდგეს მომხმარებლის და ბიზნესის ინტერესების ბალანსი, არ უნდა დარჩეს პაციენტი დიდი ფარმის წინაშე დაუცველი, აქ პერსონალური პასუხისმგებლობის იმედად პაციენტის დატოვება უსამართლობაა. უფრო მეტიც, ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც ჯანმრთელობის ბაზრის ნაწილია, მარტო მიტოვებული ადამიანი განწირულია.
წამლის კანონი პოლიტიკური კორუფციის – მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე ბიზნესის ხელისუფლებასთან გარიგების კლასიკური ნიმუშია, ამ კანონის ყალიბით ბაზრის სუბიექტებს შორის ბალანსი სამართლიანი ვერასოდეს ვერ იქნება. რა ხელმისაწვდომობაზე შეიძლება ზრუნვა, როცა საფრთხის შემცველი წამლებისთვის კანონით ლეგალური ხვრელებია შექმნილი.
კანონში არის მუხლი, რომლითაც დაწუნებული წამალი დაიშვება ბაზარზე, თუკი მარეგულირებლის მხრიდან წამლის მწარმოებლისთვის შეტყობინების პროცედურული ვადები იქნება დარღვეული?! არ არსებობს პასუხი კითხვაზე და რა მომხმარებლის ბრალია, თუკი სახელმწიფო არღვევს რაღაც პროცედურულ ვადებს?! ან როგორ გაარჩიოს პაციენტმა და ექიმმა რომელი კარგია და რომელი ცუდი? ამიტომ, ხელმისაწვდომობის პარალელურად და უფრო წინსწრებითაც ხარისხის პრობლემები უნდა მოგვარდეს.
კურტანიძე ამტკიცებს, რომ ეს მონოპოლია არ არის, თქვენი შეფასებით, რაც ქართულ ბაზარზე ხდება ამას რა შეიძლება ვუწოდოთ?
- ფარმაცევტული ბაზრები, როგორც წესი, მონოპოლიისკენ მიდრეკილი ბაზრებია, ვინაიდან მკაცრი რეგულაციების ფონზე რიგი შეზღუდვები ყალიბდება, ეს არის პატენტი, რეგისტრაცია, ლიცენზია და ა.შ. რაც ართულებს ბაზარზე მანევრირებას და აძვირებს ბაზარზე შეღწევას, მიუხედავად ამისა მთელი ცივილიზებული მსოფლიო იყენებს ამ ინსტრუმენტებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაქმნელად და პარალელურად ახორციელებენ ანტიმონოპოლიურ რეგულაციებს.
სისტემის წარმატება აქაც გონივრულ რეგულაციებზე და ეფექტურ ბიუროკრატიასთანაა კავშირში. ჩვენს შემთხვევაში მონოპოლიის აღმოფხვრის და სამომავლო პრევენციის მიზნით პრაქტიკულად გაუქმდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და სისტემის რეგულაციები, მაგრამ ბაზარზე არსებული მონოპოლიური ძალაუფლების მქონე კომპანიები დღემდე ინარჩუნებენ ფასებზე გავლენას, ფარულად კარტელური შეთანხმების მეშვეობით.
ვინაიდან ქართული კანონმდებლობით მონოპოლია არ არის რეგლამეტირებული, ფარმაცევტული კომპანიების მონოპოლიური ძალაუფლების სამართლებრივი კვალიფიკაცია ვერ კეთდება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მონოპოლიის პრობლემა არ უდგას ბაზარს.
პირიქით, მონოპოლიის ბევრი ნიშანი აქვს ჩვენ ბაზარს, ოლიგოპოლია, რომელიც მონოპოლიის სახეობაა, გულისხმობს სამი, თუნდაც ხუთი კომპანიის დომინანტურ მდგომარეობას რიგი მახასიათებლებით, პირველ რიგში, ეს არის ფასებზე ფარული კარტელური შეთანხმებები, მომწოდებელების გადანაწილება, ბაზარზე შეღწევის სიძნელე და სიძვირე და ა.შ.
ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლისტები ფლობენ არამარტო ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტის 20%–იან წილს, როგორც ეს „ავერსის“ მფლობელმა აღნიშნა, არამედ წილს დისტრიბუციაში, საცალო გაყიდვებში, ჰოსპიტალურ და სადაზღვეო სერვისებში, ანუ წილის მასა საკმაოდ დიდია და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს კვალიფიციურად და მიუკერძოებლად.
დღეს ძალიან დიდი ინვესტირების გარეშე ფარმაცევტულ ბაზარზე შესვლა შეუძლებელია, ვინაიდან მომწოდებლების მხრიდან ლიმიტირებულია შესასყიდი პარტიები, გართულებულია საცალო რეალიზაცია, ანუ ერთი მხრივ საჭიროა ბევრი ფული, რომ წამალი იყიდო და მეორე მხრივ არსებობს უკვე შემოტანილი წამლის გაყიდვის პრობლემა, ვინაიდან სააფთიაქო ქსელზე მონოპოლისტების მხრიდან ხორციელდება ფასების ტოტალური კონტროლი მკაცრი მარჟების საშუალებით, რაც მაქსიმალურად ზღუდავს აფთიაქებს, ისინი რენტაბელობის ქვედა ზღვარზე მუშაობენ, ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ. ახალმა მოთამაშემ უნდა მოახერხოს ან სრული ნომენკლატურის შემოტანა და საუბარია 5000 წამალზე, ან უნდა შექმნას თავისი ქსელი, ან უნდა გაურიგდეს მონოპოლისტებს და ითამაშოს მათი წესებით...
როდესაც წამლის იმპორტიორი ამავდროულად არის წამლის მწარმოებელი, აქვს სააფთიაქო ქსელი, სადაც ყიდის ამ წამალს, არის ასევე საავადმყოფოებისა და სადაზღვევო კომპანიების მფლობელი, ამას რა შეიძლება დავარქვათ, აშკარად მონოპოლიაზე უფრო ფართეა...
- ეს ზრდის ბაზარზე მათი წილის მასას, ეს მასა გაცილებით მეტია ვიდრე იმპორტის 20%–იანი წილი, თუმცა ეს მონაცემიც არ არის სწორი, იგივე „ავერსის“ კომპანია იმპორტს ახორციელებს არა მარტო „ავერსი ფარმას“, ასევე „ავერსი რაციონალის“, კომპანია „AB“ სახელით და ა.შ. ცხადია, ასეთი მანიპულაციები ძირითადად წილის მასის შესამცირებლად ხდება.
ჩვენს მოცემულობაში დიდ პრობლემას ქმნის ის, რომ ბაზარზე მოთხოვნილებასაც და მიწოდებასაც ფაქტობრივად, ერთი მხარე უზრუნველყოფს, კერძოდ, როგორც წესი, ბაზარზე მოთხოვნილებას სამედიცინო სექტორი ქმნის, მიწოდებას - ფარმაცევტული კომპანიები. ჩვენს შემთხვევაში ეს ორივე ერთი მხარეა. ამავე მხარის ნაწილია სადაზღვეო სისტემაც, ანუ აქ ამ მხარეების ინტერესთა კონფლიქტი, ბიზნესის მომხვეჭველი ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხულია და ამ უზარმაზარი ბიზნესის წინ დგას სრულიად დაუცველი, არაინფორმირებული პაციენტი...
სახელმწიფოს დანიშნულებაა ადამიანები დაიცვას იმ საფრთხეებისაგან, რომლისგან დაცვაც ადამიანებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ეს გარე საფრთხეების გარდა შიდა საფრთხეებიცაა და მათ შორისაა ის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად დაიცვან თავი ჯანმრთელობის რისკებისგან. ამიტომაცაა ეს სფერო მთელ მსოფლიოში რეგულირებადი და ამიტომ დგება სახელმწიფო ბიზნესსა და ადამიანებს შორის არბიტრის როლში.