„როგორ ფიქრობთ, მაჩალიკაშვილის პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ასეთ უკიდურესობამდე მივიდოდა სიტუაცია? შინაგანად ხომ ყველა ქისტი მაჩალიკაშვილის მომხრეა?!“-აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში და ამ ხეობის განსაკუთრებულობაზე ამახვილებს ყურადღებას.
სვანეთის შემდეგ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისელებიც დაირაზმნენ. იქნებ, შეგვეძლო სიტუაციის წინასწარ განჭვრეტა, რათა პანკისში დაპირისპირებას უკანდახევა არ გამოეწვია?
- პანკისი განსაკუთრებული შემთხვევაა, ეს რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, რასაკვირველია, იქ იქნებოდა მხოლოდ იურიდიული პრობლემა, დანაშაული დაუმორჩილებლობის სახით, მაგრამ აქ არის უკვე დიდი პოლიტიკა. ნუ დავივიწყებთ, რომ პანკისი დელიკატური პრობლემაა, ისტორიულად საბჭოთა კავშირმა ეს მაინც მოახერხა, რომ ქისტები თუ არ შემოირიგა, ყოველ შემთხვევაში, ისტორიული მტრობა დასრულდა მაინც, რაც ჯოყოლა-ზვიადაურს შორის იყო... უკვე ისტორიას ჩაბარდა სიტყვები, „ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა“... თუმცა მაჩალიკაშვილის ამბავმა და „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჭრილობები უფრო მეტად გახსნა. პანკისიდან რამდენი წავიდა „ისლამურ სახელმწიფოში“ საომრად, ზუსტად შეიძლება ჩვენმა უშიშროებამ იცის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. უბრალოდ, ვიცით, რომ ბლომად წავიდნენ. რაც შეეხება ჰესის აშენებით გამოწვეულ დაპირისპირებას, რასაკვირველია, ვინც სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, მთელი პასუხისმგებლობა მასზეა.
კერძო კომპანია კერძო კომპანიაა, პირველ რიგში, ის საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს და არა სახელმწიფოზე. ბოდიში თქვენთან, სულ ფეხებზე ჰკიდია, თუკი სახელმწიფოს პოლიტიკური პრობლემები შეექმნება, მთავარია, კერძო კომპანიამ მოგება ნახოს. სახელმწიფოს მოხელე კი იმით განსხვავდება კერძო კომპანიის ხელმძღვანელი ბიზნესმენისგან, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესებზე ზრუნავს. ახლა რა გამოდის, სახელმწიფო უწყება, პოლიცია, თუ სპეცრაზმი ვის ემორჩილება-კერძო კომპანიის ინტერესებს, თუ სახელმწიფოს ინტერესებს?!
პანკისელები ამბობენ, „ჩვენ არ გავაწვალებთ პოლიციას, აქციის ყველა მონაწილე ჩავბარდებით, დასაჯეთ მთლიანი ხეობა“. თუკი პანკისელებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, ეს კიდევ უფრო დაგვაპირისპირებს მათთან და შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს?
- რასაკვირველია, ეს უარესია, მაგრამ დელიკატურობაც იმაშია, რომ, ერთი მხრივ, უკვე სახე უნდა შეინარჩუნოს პოლიციამ, რადგან პოლიციის სამი მანქანა დაიწვა, ამწეკრანი გადააბრუნეს, რომელიც, ასევე, იწვოდა. ამწეკრანი ათი ათასობით ლარი, თუ დოლარი ღირს, ჩვენი პოლიცია ისე მდიდარი არ არის. ეს არ არის ამერიკის ან ბრიტანეთის პოლიცია, რომ მისთვის სამი მანქანა არაფერს ნიშნავდეს, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიძლება ფიქრობდეს, რომ დაუსჯელობა ცუდი მაგალითი აღმოჩნდეს სხვებისთვის.
ძალოვანებს შეუძლიათ თავი იმართლონ, რომ ბიზნესმენებმა ისინი შეცდომაში შეიყვანეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს?
- გახარია თავის რეპუტაციას უფრთხილდება, ამიტომ მისთვის ასე იოლი არ არის, აღიაროს, რომ ვიღაც ბიზესმენმა შეცდომაში შეიყვანა. აქ უკვე დგება საკითხი, შენ თუ მინისტრი ხარ და ჭორები დადის, შეიძლება პრემიერიც გახდე, ყოველ შემთხვევაში, უარს არ იტყვი პრემიერობაზე, ამ დროს ვიღაც წვრილფეხა ბიზნესმენმა შეგიყვანა შეცდომაში? მაშინ რისთვის ხარ მინისტრი? ამიტომ გახარია ვერ იტყვის, რომ შეცდომაში შეიყვანეს, ვერც იმას იტყვის, გაუგებრობა მოხდაო, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, შს სამინისტროსთვის მთავარია, სახე შეინარჩუნოს, რაც ახლა ძალიან ძნელია, მაგრამ აქ არის კიდევ პოლიტიკური პრობლემა. ჩვენ რა გვინდა, ქისტები ისევ მთლიანად გადავიმტეროთ? როგორ ფიქრობთ, მაჩალიკაშვილის პრობლემა რომ არ ყოფილიყო, ასე მწვავედ დადგებოდა და ასეთ უკიდურესობამდე მივიდოდა სიტუაცია? შინაგანად ხომ ყველა ქისტი მაჩალიკაშვილის მომხრეა? თითო-ოროლა ქისტის გამოკლებით, ქისტების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ სამართლიანად თუ უსამართლოდ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მაჩალიკაშვილს ცუდად მოექცნენ და სამართალი ვერ იპოვა მისმა მამამ. ამიტომ ცალკე უნდა იყოს განხილული ეს თემა. აქ ძალიან ბევრი შემადგენელია. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა დავით კირკიტაძე დაიჭირე. მთელი პანკისის ხეობა, ქისტებიც ასე რომ დაიჭირონ, ჩაყარონ ციხეში, აქ უკვე სხვა პრობლემა იჩენს თავს, ეს უკვე პოლიტიკაა. ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკლისით როგორ უნდა გამოვიდეს ხელისუფლება. ეს პოლიციაც ხომ ხელისუფლებაა. მით უმეტეს, ბევრი აქტივისტი თანაუგრძნობს პანკისელებს - „მწვანეები“, დიდი ჰესების მოწინააღმდეგები.
ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ისედაც ბევრი პრობლემაა, სადღაც აშენდა ჰესი, სადღაც დაინგრა და ადამიანები მოიყოლა, სადღაც შენდება და მოსახლეობას არ უნდა მისი აშენება. ზოგან ხუდონზეა საუბარი, ზოგან კიდევ რომელიღაც ჰესზეა ლაპარაკი, მაგრამ როგორც ირკვევა, ამდენი ჰესი რომ აშენდეს და სუყველა ჰესის პროექტი რომ განახორციელონ, მოსახლეობამაც რომ თქვას, ჯანდაბას, ჩვენ არ გვინდა ჰესები, მაგრამ, თუ სახელმწიფოს სჭირდება, ჩვენ გაგებით ვეკიდებით სახელმწიფოს სურვილსო, მაინც ერთი თეთრითაც არ შემცირდება ელექტროენერგიის ტარიფი. ამიტომ რაში გვჭირდება ასეთი ჰესები? მთელ მსოფლიოში ჰესებს იმიტომ აშენებენ, რაც შეიძლება მეტი ენერგია მიიღონ იაფად. ჩვენთან კი სახელმწიფო მილიონებს ხარჯავს იმაში, რომ ხალხს კიდევ უფრო გაუძვირდეს ცხოვრება. აქ რა ლოგიკაა. ბევრი რამ უცნაური ხდება ჩვენს სახელმწიფოში, კაცი დავბერდი და არსად მინახავს და არც წამიკითხავს, ხსნიდნენ მინისტრს და მაინც თავგდაკლულად აქებდნენ.
აქ ჩამოსულ რომელიმე უცხოელს რომ მოესმინა ჩვენი პრემიერის გამოსვლა, ვერ მიხვდებოდა, აჯილდოვებდნენ ქობულიას, თუ ხსნიდნენ, მისი ქებათა-ქება იყო. ჯერ ერთი, რა წესია, კაცს ოფიციალურად ჰქვია გიორგი და მისი მოხსნისას წამდაუწუმ გვესმოდა, გოგა-გოგა-ო, რომ თურმე ასეთი ფინანსისტი, ეკონომისტი მსოფლიოში ცოტაა. თუ ასეთი კარგია, მაშინ რატომ ხსნი?
ეს რა ლოგიკაა ბატონო სოსო?!
ელ. ენერგიის მოხმარება ისეთი სწრაფი ტემპით იზრდება, რომელ გაიაფებაზეა საუბარი. ტარიფი რომ შეინარჩუნო ან სწრაფად არ გაიზარდოს ამისათვის გამომუშავების გაზრდაა საჭირო. გარდა ამისა, ენერგო დამოკიდებულების პრობლემა უმნიშვნელოა? თუნდაც ვინმე იაფად გაძლევდეს ელ. ენერგიას (ან ვინ მოგცემს). ავარიულად რომ გაითიშება დენი, ყველაფერი პარალიზებულია, ისეა დღეს ელექტროფიცირებული ყველა პროცესი და ასე მსჯელობა შიძლება? მარტო ავტობანის განათებაზე რაც ხარჯმა იმატა ამაზე გიფიქრიათ? თუ "დვიჯოკებით" აპირებთ ამის გაკეთებას!