„პროცესი მართულია და მართვის პროცესში ჩართულები არიან, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე რაღაცა ჯგუფი არასამთავრობო სექტორიდან და ასევე ადგილობრივებისა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, არიან ადამიანები, რომლებიც ხელოვნურად ძაბავენ ქვეყანაში სიტუაციას. მისი თქმით, პანკისის ხეობა არის ძალიან სენსიტიური რეგიონი, სადაც მუდმივად იყო სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესის საგანი. აქედან გამომდინარე, არეშიძე ამბობს, რომ პანკისს სჭირდება სენსიტიური მიდგომა.
ძალიან მძიმედ განვითარდა პროცესები პანკისის ხეობაში. რამდენად შესაძლებელია, რომ პროცესი იყოს მართული, რა ჯგუფები მოქმედებენ და, თუ თვლით, რომ პროცესი მართულია, რა ჯგუფის ინტერესებში შედიოდა პროცესების ასე განვითარება?
მამუკა არეშიძე: რასაც ახლა ვიტყვი, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მაქვს, მაგრამ ეჭვის უფლება მაქვს, რადგან ვიცი როგორი სიტუაცია არის საქართველოში. აქედან გამომდინარე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვთქვა, რომ ეს პროცესი მართულია და მართვის პროცესში ჩართულები არიან, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე რაღაცა ჯგუფი არასამთავრობო სექტორიდან და ასევე ადგილობრივებისა. რასაკვირევლია, ვინც პროტესტს გამოხატავდა, უმრავლესობა ნამდვილად გამოხატავდა საგნობრივ პროტესტს, მართლა არ უნდათ მათ ჰესის აშენება და თვლიან, რომ ამის გამო მოსახლეობას მიადგება სერიოზული ზარალი. მაგრამ იქ იყო რამდენიმე ადამიანი და მე ისინი კადრებშიც ვნახე, რომლებსაც უბრალოდ ვიცი, რომ ჰესები საერთოდ არ აინტერესებთ, არც ქვეყნის უსაფრთხობა, ამ ადამიანებისთვის მთავარი არის ფინანსური წყარო. ამ ფინანსური წყაროს მომცემი რა დავალებას მისცემს, იმის მიხედვით მოქმედებენ.
რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესი იკვეთება ამ პროცესის უკან?
– ვიცი, რომ თბილისში არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოში არ განვითარდეს ელექტროსისტემა. არ გამოვრიცხავ, რომ ფულსაც იღებენ იმაში, რომ ხელი შეუშალონ ელექტროსისტემის აშენებას. ზოგიერთი ჩვენი მეზობელი დაინტერესებულია იმაში, რომ საქართველოს ელექტროსისტემა არ განვითარდეს. რატომ უნდა განვითარდეს, ასე ხომ ქვეყანა განვითარდება, რაც მათ არ აწყობთ, რადგან მათ შეუძლიათ მოგვყიდონ. უმჯობესი არ არის ელექტროენერგია გაყიდონ, ვიდრე საქართველოში განვითარდეს ელექტროსისტემა და მერე ვეღარ გაყიდონ?!
რაც შეეხება სამთავრობო სტრუქტურებს, რასაც ჩემი თვალით ვუყურებ, გამოდის, რომ გახარია და მისი უწყებაც ვითარების მსხვერპლია. შსს–ს არ აქვს იმის ფორმატი, რომ სიტუაციის შესწავლა მოახდინოს თავიდან ბოლომდე, ა–დან, ბე–მდე. რასაკვირველია, ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის, რომ საერთო სურათი შექმნას, ამის საშუალება არ აქვს.
შიდა დაპირისპირების პროცესში შეიძლება განვიხილოთ გახარიას უარყოფით ფორმატში წარმოჩენა? ხელისუფლებაში ჯერჯერობით ერთადერთი მინისტრია, რომელმაც საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ შსს–ს მართლა ჰყავს მინისტრი...
– სწორედ ამას ვამბობ, რომ ვიღაცამ გახარია და მისი უწყება დააყენა დარტყმის ქვეშ და ეს ფაქტია. მთელი ეს სიტუაცია ვიღაც–ვიღაცეების სათავისოდ გამოყენებაზე არის აგებული. სწორედ ეს არის კვირას განვითარებული მოვლენების პრობლემა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერაფრით ისწავლა წინამორბედების შეცდომებზე. პანკისის ხეობა არის სპეციფიური ზონა და ამ სპეციფიურ ზონას სჭირდება სპეციფიური მიდგომა.
მარტო ადგილობრივ მაცხოვრებლებზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ - როგორ ცდილობს მავანი, რუსეთი იქნება თუ სხვა, პანკისის ხეობაში სიტუაცია აკონტროლოს ისე, როგორც მას აწყობს. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში შენ არ უნდა შექმნა ისეთი ვითარება, რომ წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდე. დღეს ხელისუფლება და ქვეყანა აღმოჩნდა წამგებიან მდგომარეობაში. დღეს ძალა იმ ადამიანებმა იგრძვნეს, ვინც ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. არ შეიძლება ამ ადამიანებს შერჩეთ იმის შეგრძნება, რომ მათ შეუძლიათ სახელმწიფოს უკან დაახევინონ.
არასამთავრობო სექტორის ჩართულობაზე ისაუბრეთ, მათ შორის ხელისუფლების შიგნით არსებულ რამდენიმე ინტერესთა ჯგუფზე, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს კი იმის რესურსი, რომ გამოავლინოს ეს ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც ამ პროცესის უკან დგანან და რომლებიც რეალურად სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ?
– ძალიან მარტივი პასუხი შემიძლია გაგცეთ. სადაც მე, ჩვეულებრივ მოქალაქეს მაქვს ეჭვი და ეს ეჭვი დაფუძნებულია კონკრეტულ ინფორმაციებზე, თქვენ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს არ ექნება, რომელიც ტექნიკურად ბევრად უკეთესად არის აღჭურვილი და უფრო მეტი ინფორმაცია აქვს? ე.ი. ამ ინფორმაციას ან ყურადღება არ მიექცა, იმიტომ, რომ არაპროფესიონალები მართავენ პროცესს, ან შეგნებულად გადაიდგა რაღაცა ნაბიჯი, რომელმაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვანა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რამდენი ხანია ქვეყანა ,უშიშროების საბჭოს გარეშეა. გადავყევით იმ უშიშროების საბჭოსთან ბრძოლას, რომელიც პრეზიდენტ მარგვლაშვილთან იყო, შემდეგ გავაუქმეთ და რამდენი ხანია ვერ შევქმენით უსაფრთხოების საბჭო. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. უსაფრთხოების საბჭო არის სწორედ ის სივრცე, სადაც ხდება უწყებათა შორის მოქმედების შეჯერება.
კორიდორში ერთი მინისტრი მეორეს დაიჭერს და ეტყვის, რომ ამას ვაპირებ და შენ დამეხმარეო, ეს არის საქმე? პრემიერ–მინისტრს ჰქონდა ძალიან კარგი გეგმა უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით, ბრიტანულ ფორმატზეა საუბარი, რომელიც თავისთავად გულისხმობს უსაფრთხოების საბჭოს და მის ქვემოთ არსებულ ანალიტიკურ ცენტრებს, რომელიც კონკეტულ თემებზე მუშაობს. როგორც იქნა პარლამენტმა მიიღო ეს ცვლილება და პრეზიდენტსაც მოუწერია ხელი დოკუმენტზე, მაგრამ ეს პროცესი დროში გაიწელა და ამ დროს პარალელური სტრუქტურა რომ ყოფილიყო, თუნდაც დროებითი, ამას არაფერი არ ედგა წინ.
რასაც ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნე ინტერეს ჯგუფები გამოიყენებენ და იყენებენ ალბათ...
– რა თქმა უნდა იყენებენ. ავიღოთ თვითონ ის კომპანია, რომელიც ჰესის აშენებას აპირებს და ძალიან მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება, კომპანიამ ხომ იცის სადაც აკეთებს ამას და ხომ იცის რა შედეგი მოჰყვება? კომპანიას რომ არ სცოდნოდა პრობლემები შეექმნებოდა, არ სთხოვდა ხელისუფლებას და კერძოდ შსს–ს დახმარებას. ე.ი. იცოდა, რომ პრობლემები ექნებოდა და თუ იცი, გაანალიზე რატომ გექნება პრობლემა, გაჯიუტებულია ხალხი, თუ მართლა არსებობს სოციალური ფონი? ამ დროს მართლაც არსებობს მძიმე სოციალური ფონი, მაგრამ სერიოზულად არ მოინდომეს მისი მოგვარება და იფიქრეს, მოდი პოლიციას დავუძახოთ და უცებ გადავწყვეტთ ჰესის აშენებასო. ვერ გადაწყვეტს, იმიტომ, რომ პანკისის ხეობაა და სხვა სიტუაციაა. ვერც სვანეთში ვერ გადაწყვეტს და ვერსად იმიტომ, რომ ყოველთვის აღჭურვილი უნდა იყო მაქსიმალური ცოდნით და მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს გათავისებული ადამიანების პრობლემები. კომპანია ადგილობრივებს პირდება ოქროს მთებს, მაგრამ მას მერე, როცა დაიწყებენ მშენებლობას. როცა იცი, რომ სპეციფიური რეგიონია და იცი რას იტყვის მოსახლეობა, მოდი დაიწყე პირიქით. ჯერ გააკეთე ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგალითად - წყალი, რომ დაგიჯეროს ამ ხალხმა. პრობლემა თუ არ მოიხსნება, შემცირდეს მაინც. ახლა უკვე სხვა სიტუაციაა, თუ არ მოგვარდება წყლის საკითხი, იგივე გაგრძელდება მუდმივად.
როგორ ფიქრობთ, ინტერესთა ჯგუფები შეეცდებიან სიტუაცია ისე გამოიყენონ, რომ პროცესები ისევ მივიდეს ესკალაციამდე?
– რასაკვირველია. მაგრამ შევთანხმდეთ, რომ საქართველოს სჭირდება ენერგოსისტემის განვითარება, საქართველოს სჭირდება ტექნოლოგიური გარღვევა ამ მიმართულებით, ეს არის აუცილებელი. ასევე, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კანონიერი უფლება, რომ აღასრულოს გადაწყვეტილება და პლუს, დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს ხელით შეეხნენ. მაგრამ ახლა რას მოგვიტანს ამის შესრულება? ხომ არ შეიძლება მოხუცებულ ქალებს დავერიოთ და დავიჭიროთ, გამორიცხულია ეს ამბავი. ამ თვალსაზრისით ცაიტნოტშია ხელისუფლება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ახლა უნდა დაიწყოს ძიების პროცესი და ყველა ის ადამიანი, პანკისელი იქნება, თუ თბილისელი, აუცილებლად უნდა იყოს დასჯილი, რომელმაც ეს სიტუაცია შექმნა. ის კი არა, ვინც ქვას ისროდა, არამედ ის, ვინც ეს სიტუაცია შექმნა და პლის დაიწყოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
როდესაც იმუქრებიან, რომ არავინ დაიჭიროთ თორემ ისევ გამოვალთ, ვინაიდან პანკისი არის სენსიტიური თემა, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? თუ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველასთვის სამართალი ერთნაირად უნდა აღსრულდეს, რატომ კეთდება მუდამ იმის ხაზგასმა, რომ ჩვენგან განსხვავებულები არიან. ამით ხომ მათი გარიყვა ხდება საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან...
– რასაკვირველია, მართალი ხართ, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ტაქტიკურად სწორი მიდგომა. შეიძლება შევარდეს ჯარი და დაიჭიროს ყველა, მაგრამ რას მოგვიტანს, შედეგი რა იქნება? ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეს ვინმე. ამიტომ, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა წავიდეთ, ერთი ხელით უნდა ვაკეთოთ ისე, რომ აღვადგინოთ სამართლიანობა, მეორე ხელით უნდა გავაკეთოთ ის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უნდა. პირველ რიგში, ეს არის წყლის პრობლემის მოგვარება.
პანკისში მომხდარი ამბების პარალელურად საკმაოდ ოპერატიულად დადო ნიუსი ჩეჩენი მებრძოლების საიტმა. ნიუსს თან ახლავს „ლაივ“ ვიდეოც და ბოლოს ისმის „ალაჰ აკბარ!“ დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა რამდენად მძიმე ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს მდგომარეობა?
– თუკი გადაიდგმება დაუფიქრებელი ნაბიჯები, ძალიან მძიმე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა. არ მინდა მძიმე ვითარების შექმნა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ხელისუფლების მხრიდან ხშირად ისმოდა, რომ სიტუაცია დამშვიდდა, ცეცხლი ჩაქრა. ცეცხლის ჩაქრობა არ არის მთავარი, მთავარი არის პრობლემის ლიკვიდაცია, ეს არის მთავარი, ზუსტად იმიტომ, რომ შანსი არ მივცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომელიც აუცილებლად შეეცდება შექმნილი სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს, რაც არაერთხელ გამოუყენებია 1998 წელს, 2002, 2012 წლის აგვისტოში, პანკისის ხეობაში.
ეს ხეობა არის პატარა, 8 ათასი კაცი ცხოვრობს, წარმოიდგინეთ როგორი ინტერესით უყურებენ ამ პატარა ხეობის აურზაურს არა მხოლოდ კავკასიის ქედის იქიდან, არა მხოლოდ სადღაც ერაყში და სირიის სივრცეში, არამედ საქართველოს რეგონებში, განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც ბევრი პრეტენზია არის ხელისუფლების მიმართ, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ თვლიან თავს ქართული სახელმწიფოს მოქალაქეებად. ამიტომ შეცდომის უფლება დღეს ხელისუფლებას აღარ აქვს, მორჩა. უნდა იზრუნოს პრობლემის აღმოფხვრაზე, სამართლებრივი იქნება, თუ ინფრასტუქტურული მხარე.