სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია 2019 წლის მარტის თვეში საარსებო მინიმუმზე, რამაც დღევანდელი ძვირი ცხოვრების პირობებში საზოგადოების და ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია. მონაცემები იმდენად არაადეკვატურია, რომ მისი ნორმალურად შეფასებაც კი ჭირს. მეთოდოლოგია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს – ასეთია არსებული ვითარებიადნ ერთადერთი გამოსავალი.
„საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 181.2 ლარია. წინა თვესთან შედარებით, ეს მონაცემი 2.1 ლარით გაიზარდა. წინა წლის იმავე პერიოდში საარსებო მინიმუმი საქსტატმა 176.9 ლარით განსაზღვრა.
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი „საქსტატის“ მიხედვით 256.8 ლარია, სამსულიანის - 288.9, ოთხსულიანის კი - 321 ლარი. ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი მარტისთვის განსაზღვრულია 361.2 ლარით, ექვსსულიანის და მეტის კი - 427-ით.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალური მონაცემების გამოქვეყნება ხელისუფლებას არ სურს, რადგან ვითარება ერთბაშად შეიცვლება უარესობისკენ. ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ პირობებში საარსებო მინიმუმის დათვლის ეს მეთოდიც, რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, ფაქტია. მაგალითად, მეთოდოლოგიაში არ არის გათვალისწინებული ძალიან ბევრი ისეთი პარამეტრი, როგორიცაა, კომუნალური გადასახადები, გადაადგილების ხარჯები და ასე შემდეგ.
„როგორ წარმოუდგენიათ, 5-სულიანი ოჯახი ლოგინში წევს დილიდან საღამომდე, არც გადაადგილდება, არც შუქს ანთებს და არაფერს არ აკეთებს? სიბნელეში წვანან, ვიღაცას მოაქვს მათთვის საკვები და ასე იკვებებიან? ასეთ რეჟიმში შესაძლებელია ეყოთ, კი, ეს 361 ლარი. ამას ჰქვია საარსებო მინიმუმი თუ ცინიზმის ზღვარგადასული ფორმაა?“ - აღნიშნავს ხუხაშვილი.
მისივე შეფასებით, კითხვის ნიშნებს ბადებს დღიური ნორმის კალორიულობაც, რომელიც გასული წლებისგან განსხვავებით შემცირებულია. „სტატისტიკას იყენებენ არა იმისთვის, რომ ასახონ ქვეყანაში რეალური ვითარება, არამედ იყენებენ იმისათვის, რომ თვალში ნაცარი შეგვაყარონ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ხუხაშვილმა.
ის რომ მეთოდოლოგია შესაცვლელია, ამას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურშიც არ უარყოფენ, თუმცა ეკონომისტ პაატა შეშელიძის აზრით, აქ მთავარი ხელისუფლების დაკვეთაა.
დღევანდელ რეალობაში კი ასეთი ტიპის კვლევებს და ციფრებს ნულოვანი დანიშნულება აქვს. ამაზე მიბმული არ არის ხელფასი, პენსია და ა.შ. ეს არის კვლევა კვლევისთვის.
„დასაქმებულები პატიოსნად და პროფესიონალურად მუშაობენ, თუმცა, ასეთი ციფრების დადება მთავრობის პოლიტიკა და სურვილია. ასეთ თემებზე მათ ნაფიქრიც არ აქვთ. იღებენ დავალებებს სავალუტო ფონდისგან და მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომელიც საქართველოს მოთხოვნილებებს საერთოდ არ ასახავს. ეს სტატისტიკა არის ფიზიკურად გადარჩენის სტატისტიკა და საქართველოს სიტუაციაში არაფრად ვარგა“, - აცხადებს შეშელიძე.