ექთნების დეფიციტთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. შეხედულება იმდენად განსხვავებულია, რომ საქმე უკმეხ სიტყვა-პასუხში გადაიზარდა.
კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია დარწმუნებულია, რომ საქართველოში ექთნად მუშოაბა ბევრს უნდა, კვლევები კი საპირისპიროს მეტყველებენ. „დღე არ გავა, რომ არ მომმართოს ორმა-სამმა ექთანმა, ვინც არ მუშაობს და სამსახური უნდა. საქმე ისაა, რომ კლინიკები ექთნების კვალიფიკაციაზე არ ზრუნავენ, ექთნებს ანა-ბანას არ ასწავლიან“, - განაცხადა მელიამ.
საავადმყოფოს მფლობელმა ამ განცხადებით დეპუტატ აკაკი ზოიძეს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, კლინიკებს ექიმების სიჭარბე და ექთნების მწვავე დეფიციტი აქვს. მელიამ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა.
„ზოიძეს ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს. მოიაროს ტრადიციული კლინიკები, გაესაუბროს დირექტორებს, ექიმებს და მიხვდება. მხოლოდ სტატისტიკით ის აზრს ვერ გამოიტანს“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
რამდენად რეალურია ზოიძის ინფორმაცია და რას ეფუძნება დეპუტატის განცხადება? საქმე ისაა, რომ „სოლიდარობის ქსელმა“ ცოტა ხნის წინ კვლევა ჩაატარა, სახელწოდებით „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“. იგი 10 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა და გამოიკითხა 200 ექთანი.
გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში.
კვლევისას გაირკვა, რომ გამოკითხული ექთნების 91% ქალია. დანარჩენი 9% ძირითადად სტუდენტია, რომელიც ექიმის პროფესიას ეუფლება; 69% უკმაყოფილოა ცვლაში შესვენების დროით, ხოლო 30,5% ვერ სარგებლობს შესაბამისი ანაზღაურებადი შვებულებით; ექთნების 87%-ს არ აქვს მოსასვენებელი ოთახი სამუშაო ადგილზე, ხოლო 80%-ს არ მიუწვდება ხელი სასადილოზე.
- კვლევის თანახმად, საშუალოდ ერთი ექთანი ემსახურება 11 პაციენტს.
- ხელფასის სიმწირის გამო, გამოკითხულ ექთანთა 20,4% დასაქმებულია სხვა სამსახურშიც.
- ექთნების 91,7% სხვა სამსახურის ქონის მიზეზად დაბალ ხელფასს ასახელებს.
- მეორე სამსახურში სხვა პროფესიით დასაქმებულია გამოკითხულთა 31%.
- ექთნების უმრავლესობას უწევს, როგორც პაციენტის მოვლა, ასევე სხვა საქმიანობის შესრულებაც. მაგ: გამოკითხული ექთნების 59,1% აღნიშნავს, რომ მათ უწევთ პალატებისა და განყოფილების ფართის დალაგებაც; ხოლო 46,6% ითვისებს ბიუროკრატიულ საქმიანობას.
- ექთნების 74,5% ხაზს უსვამს კლინიკებში სამუშაოს არასწორ დანაწილებას.
- გამოკითხულთა 57,7% ძალიან უკმაყოფილოა სამუშაოთი.
„თუ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4-6 პაციენტი მოდის, ჩვენს შემთხვევაში პაციენტთა რაოდენობა ძირითადად 11 შეადგენს; თუ საერთაშორისო პრაქტიკით მაღალი საათობრივი განაკვეთი 12 საათია, ჩვენს ქვეყანაში მინიმალური - 16, ხოლო მაქსიმალური 24-საათიანი მორიგეობაა“, - აცხადებენ „სოლიდარობის ქსელში“.
მელევე ანზორ მელიას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა სწორედ სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდონიბით იქმნება და ბაზარზე კვალიფიციური ექთნების დეფიციტი ნამდვილად დგას.
„ანზორ მელიას ვურჩევდი, ამასთან დაკავშირებით თავის კოლეგებს მიმართოს, ლიტერატურა წაიკითხოს, რამდენი ექიმი და ექთანი უნდა იყოს ქვეყანაში და ექთნების ასოციაციას გაესაუბროს. ერთ ექიმზე სამი ექთანი უნდა მოდიოდეს და ეს მინიმალური შეფარდებაა, რაც ქვეყანაში უნდა იყოს. წაბრძანდეს ამერიკაში, ევროპაში და ნახოს ექთნის როლი რა არის კლინიკაში.
კვალიფიციური ექთნის მწვავე დეფიციტია. იმისათვის, რომ ექთანი კვალიფიური იყოს ამას შესაბამისი მოტივაცია, ანაზღაურება და შესაბამისი სამუშაო პირობები სჭირდება“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ზოიძემ.
რაც შეეხება კლინიკების მონახულების საკითხს კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ანზორ მელიამ მისი ბიოგრაფია უნდა წაიკითხოს.
„თუ არ იცის, რომ კლინიკებში დავდივარ და მათ ხელმძღვანელებს ვხვდები, ხოლო ამ სფეროში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს, ვურჩევდი, ჩემი ბიოგრაფია წაიკითხოს და ასეთ განცხადებები შემდეგ გააკეთოს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.