„ანანკე“ ბერძნული სიტყვაა და ბედისწერას ნიშნავს. ამ დღეებში სიტყვა „ანანკეს“ გამუდმებით ახსენებდნენ ფრანგები და ნოტრ-დამზე დამტყდარ ხანძარს ბედისწერას უკავშირებდნენ. ნოტრ-დამის ხანძრის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი ვიქტორ ჰიუგოს რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ აღმოჩნდა. ვიქტორ ჰიუგომ გამოიკვლია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და ერთ-ერთი კოშკის ბნელ კუნჭულში შეამჩნია კედელზე ხელით ამოკვეთილი სიტყვა „ანანკე“. შუა საუკუნეებში დაწერილმა ამ ბერძნულმა წარწერამ ძალიან განაცვიფრა ჰიუგო და სწორედ ამ სიტყვამ შთააგონა, შექმნა რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
15 აპრილს გაჩენილმა ნოტრ-დამის ხანძარმა, რომელსაც 400 მეხანძრე 8 საათის განმავლობაში აქრობდა, მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. აცრემლებული ფრანგები სასოწარკვეთით შეჰყურებდნენ თავიანთ საამაყო ძეგლს, 9-საუკუნოვანი ისტორიის მქონე ღვთისმშობლის ტაძარს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ნადგურდებოდა და ღმერთს მის შენარჩუნებას ავედრებდნენ. ისინი წუხდნენ, რომ რევოლუციასა და ომებს გადარჩენილი ნოტრ-დამი დაუდგენელი მიზეზით აალდა და, ფაქტობრივად, ამით საფრანგეთის ისტორიის ნაწილი დაიწვა. საბედნიეროდ, გადარჩა ტაძარში დაცული მაცხოვრის ეკლის გვირგვინი.
ხანძრის შემდეგ ამ გოტიკური საკათედრო ტაძრის აღდგენას 10 წელი დასჭირდება. ფრანგ ბიზნესმენთა გარდა მის აღდგენაში ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი „კ და ქართული სპირტები“ ძეგლის აღსადგენად 10 000 ევროს გადარიცხვას გეგმავს.
ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ დიდი ტკივილით აღიქვა მსოფლიო სულიერი საგანძურის ცეცხლის ალში გახვევა. For.ge-სთან საუბრისას გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ცრემლი მოსდიოდა, როცა ხედავდა, როგორ იწვოდა ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც მარტო ფრანგების კუთვნილება არაა, ეს ისტორიაც არის, ხელოვნებაც, ძეგლიც, მოკლედ ყველაფერია.
„როგორ მოხდა ეს ტრაგედია და ურევია თუ არა ამ საქმეში ტერორიზმის ხელი, არავინ იცის. რა თქმა უნდა, ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა, ტერორისტული განზრახვით მოხდა ეს ტრაგედია. თუ ეს ასეა, ეს იქნება თანამედროვე ბარბაროსობა. მე ქრისტიანი ვარ, მაგრამ არაფრით არ მომივა თავში, რომელიმე ძეგლს ოდნავი ზიანი მივაყენო, ქაიროს მეჩეთი და დამასკოს მეჩეთი, სამარყანდისა და ბუხარას ძეგლები მსოფლიო საგანძურის ნაწილია. ბუდისტური ტაძარი იქნება, თუ ინდუისტური, ეს სუყველა ძეგლებია, ეს ჩვენი ისტორიაა. როგორც ვიცი, ქართველი ბიზნესმენიც აპირებს თანხების გაღებას ნოტრ-დამისთვის, ზოგიერთი იფიქრებს, ჩვენთვის ვერ მოგვივლია და სხვას ვეხმარებით, ცოტა მეტიჩრობა ხომ არ გამოდისო, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება ეს კარგი აქტია, რადგან საქრისტიანო ეხმარება საფრანგეთს. მით უმეტეს, ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ ევროპელები, ვართ საქრისტიანოსა და ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოში საამისოდ რომ შეგროვდეს თანხა, მეც შეძლებისდაგვარად გავიღებ თანხას ნოტრ-დამისთვის“, - აცხადებს გოგი ხოშტარია.
ამასთან, ეჭვიც არ ეპარება, რომ საამისო სახსრები მოინახება და სიზუსტით შესაძლებელია ამ ძეგლის აღდგენა, რადგან ფრანგებმა ძალიან კარგად იციან, როგორი იყო ეს ტაძარი. ამ უძვირფასესი ძეგლის აღდგენას ბევრი დრო დასჭირდება, რადგან ნოტრ-დამს საუკუნეების განმავლობაში აგებდნენ და უამრავი სამუშაოა შესასრულებელი, თუნდაც დეტალებზეა სამუშაო, ორნამენტების, შპილის აღდგენაა აუცილებელი. ჯერ გეგმის დამუშავება უნდა მოხდეს, შემდეგი ეტაპი კი ნახაზების გაკეთება უნდა იყოს.
კინომცოდნე თეო ხატიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნოტრ-დამის ტრაგედიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, უცნაური კომენტარებიც გამოჩნდა, ამ ფაქტში ვიღაცამ ქრისტეს მინიშნება დაინახა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები და კათოლიკური გარყვნილი საზოგადოება თურმე ისჯება, ვიღაცა უყურებდა უფრო რადიკალურად მემარცხენე პერსპექტივიდან, რომ ეს თურმე სასჯელია კოლონიალისტურ წარსულზე.
„ცხადია, ეს ყველაფერი აბსურდია, რადგან ნოტრ-დამი არ არის მარტო ფრანგების კულტურული მემკვიდრეობა, ეს დასავლური ცივილიზაციის კულტურული შრეების მატარებელია და ყველა ადამიანი დაადასტურებს ამას, ვინც პარიზში ყოფილა და უნახავს ასეთი ღირშესანიშნაობა, გინდაც არ ყოფილა და ახსოვს რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. სხვათა შორის, ეჭვი გამოითქვა ტერორისტებზე, ზოგიერთი „ყვითელ ჟილეტებსაც“ ადანაშაულებს ამ საქმეში, რომელთაც დაანონსებული ჰქონდათ, რომ შეიძლებოდა ლუვრს დასცემოდნენ თავს და ტერორისტული აქტები მოეწყოთ, მაგრამ დაუდასტურებლად არაფრის თქმა არ შეიძლება. იგივე მოხდა წლების წინ, როდესაც ერაყში ააფეთქეს უზარმაზარი ქანდაკებები, გაანადგურეს უძველესი ტაძარი სირიაში, პალმირაში. ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს ძეგლები გამოიტირა. სხვათა შორის, ჩვენთანაც საყდრისი რომ ააფეთქეს, რაც შეიძლება დავუკავშიროთ ბიძინას „გმირულ“ საქმიანობას, გერმანელი მეცნიერები ყველაზე უფრო აქტიურად იცავდნენ საყდრისს. ასეთ სიტუაციებში მთელი სამყარო ერთიანია, ასეთი საეტაპო ძეგლების ტრაგედიას განიცდის მთელი მსოფლიო და, ბუნებრივია, საქართველოშიც ტრაგიკულად შეჰყურებენ ნოტრ-დამის ტრაგედიას“, - აღნიშნა თეო ხატიაშვილმა.
დაგვღალა ამ ძალად მცოდნეების და იარლიყების მიმწებებლების სულელურმა მატრაკვეცობამ...