ბანკებისაგან და ფარმაცევტებისაგან შევიწროებულმა სადაზღვევო სექტორმა ფართომასშტაბიანი ბრძოლა წამოიწყო. დაზღვევის კავშირის წარმომადგენლები დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, დავით ონოფრიშვილს შეხვდნენ და სადაზღვევო სფეროსგან საბანკო, ფარმაცევტული და სამედიცინო სფეროების გამიჯვნის საკითხი დასვეს.
ბოლო რამდენიმე წელია ეს ორი ძლიერი სფერო სადაღვევო ინდუსტრიას მეთოდურად ავიწროებს. შესაბამისად, დაზღვევის კავშირმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიებს ფარმაცევტული კომპანიების და კლინიკების ფლობა უნდა აეკრძალოთ.
სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ახრახაძის აზრით, საერთაშორისო პრაქტიკით სადაზღვევო სექტორი, ფარმაცია და ჰოსპიტალური მენეჯმენტი ერთმანეთისგან ყველგან გამიჯნულია.
„ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ დაზღვევა, როგორც ცალკე მდგომი დარგი ისე უნდა განვითარდეს და ის რომელიმე სხვა ბიზნეს სექტორების სატელიტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, როგორ კომპოზიციაშიც, სამწუხაროდ, ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე.
მსგავსი პრეტენზიები საბანკო სექტორთან მიმართებაშიც იყო, რომელსაც უდიდესი გავლენა გააჩნია. ასევე, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან და სექტორთან მიმართებაშიც მსგავსი შეკითხვები არსებობდა. დღეს ჩვენი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები უკვე მოვამზადეთ“, - განაცხადა ახრახაძემ.
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე კი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში ყველა სადაზღვევო კომპანიას თანაბარ პირობებში შეეძლება, რომ მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს.
„ჩვენ ვემხრობით იმ იდეას, რომ ბაზარზე კონკურენცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი და კომპანიების ართანაბარ პირობებში ჩაყენება არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, ბუნებრივია, ყველა ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ კოლეგებს გააჩნიათ, ჩვენთვის საინტრესოა და გვინდა, რომ დისკუსიაში ჩავერთოთ.
ჩვენი ფუნდამენტური პრინციპი კონკურენტული გარემოა და ის გარემო, სადაც ყველა სადაზღვევო კომპანიას თანაბარ პირობებში შეეძლება მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას ლომაძემ.
„დაზღვევის კავშირმა“, რომელიც 4 სადაზღვევო და 7 საბროკერო კომპანიას აერთიანებს, შესაბამისი ინიციატივა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, სექტორის სხვა წარმომადგენლებს და ბიზნესომბუდსმენს წარუდგინა. თუმცა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ონოფრიშვილი ამ ეტაპზე საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს. სანამ ზედამხედველს კონკრეტული პოზიცია ექნება, ის აპირებს ყველა მხარესთან დეტალებზე საუბარს.
„მათი შეხედულებაა, რომ ასეთ დროს ისინი არიან რთულ მდგომარეობაში და ვერ უწევენ სათანადო კონკურენციას. ჩვენ ყველა მხარეს ვუსმენთ, დღევანდელი მდგომარეობით, სერიოზული დომინირება არ არის, მაგრამ შეიძლება შესაძლო პოტენციალი იმისა არსებობდეს, რომ მოხდეს პრობლემების წარმოქმნა.
მათი პოზიცია, რომ ბანკი თუ აფუძნებს სადაზღვევოს, იქ 10%-ზე მეტი არ იყოს მათი მონაწილეობა. ზედამხედველობის სამსახური გადაწყვეტილებას არ იღებს, თუ რამე საკანონმდებლო ცვლილება მომზადდება, ეს საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობის გადასაწყვეტია. სადაზღვევოები რასაც ითხოვენ, ეს მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებით არის შესაძლებელი. ზედამხედველის ფუნქცია ეს არ არის“, - აცხადებს ონოფრიშვილი.