SOS! - ციხის არქივები ნადგურდება!

SOS! - ციხის არქივები ნადგურდება!

ციხის არქივები ინტენსიურად ნადგურდება. უკვე რამდენიმე დღეა, ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველები ავრცელებენ. არქივის განადგურებას პრივატულ საუბრებში სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუშიც ადასტურებს, თუმცა, როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ჯერჯერობით, ამ კუთხით გიორგი ტუღუშს დამნაშავეების დასჯა არ მოუთხოვია.

ჟურანალისტებმა და უფლებადამცველებმა ლალი მოროშკინამ, სოსო მანჯავიძემ, კოტე ინაშვილმა, მერაბ ჭიტაშვილმა სასამართლოს მიმართეს, რათა გამოძიებულ იქნას, ვინ და როდის გაანადგურა არქივები. მათი თქმით, თუ ეს დანაშაული მინისტრ კალმახელიძის დროს დაიწყო, მაშინ იგი პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ხოლო, თუ ტუღუშის დროს მოხდა, მაშინ მან უნდა აგოს პასუხი.
ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ ის, რაც ამ არქივებში ჯერ კიდევ დარჩენილია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სასწრაფოდ უნდა გადაიბარონ.
For.ge ლალი მოროშკინასა და სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.  

ჟურნალისტისა და უფლებადამცველის ლალი მოროშკინას თქმით, ციხის არქივები უკვე განადგურებულია. ამის გამო სასწრაფო განცხადება უნდა გააკეთოს გიორგი ტუღუშმა და განმარტოს, განადგურებული დახვდა არქივი, თუ მის დროს განადგურდა. ჟურნალისტის აზრით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, ლალი მოროშკინას ძალიან უკვირს, გიორგი ტუღუშმა აქამდე რატომ არ გამოხატა საკუთარი პოზიცია და მისი პირველივე ბრიფინგი ზუსტად ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით რატომ არ გაიმართა. როგორც წესი, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელსაც გადის ნებისმიერი ჩინოვნიკი, როდესაც ახალ სამსახურში იწყებს მუშაობას. ასევე იქცევიან თუნდაც საბავშვო ბაღების დირექტორები, არამცთუ სასჯელაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელები.

„ვიზუალურმა მასალამ მოაგებინა არჩევნები „ქართულ ოცნებას“ და სწორედ გლდანის ციხეში გადაღებულმა ვიზუალურმა კადრებმა მისცა ქართველ ერს საშუალება, რომ თავისუფლად ამოესუნთქა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რაც ციხეებში ხდებოდა, ვიზუალი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა საკითხი დგას ასე, ვის დროს განდგურდა და ვისი ბრძანებით. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიკითხოს და დაიჭირონ ხათუნა კალმახელიძე. მისი დაჭერა, ყველა ვარიანტში, ისედაც უნდა მოხდეს, ასევე, შაშკინისა და ყველა იმ პირის აყვანა უნდა მოხდეს, რომლებიც დანაშულში იმხილებიან“, - აცხადებს ლალი მოროშკინა და დაუშვებლად მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები საქართველოდან დაუსჯელად გარბიან. 

მისი აზრით, გიორგი ტუღუში ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და მისი ტაქტიკური შეცდომა იყო, როდესაც დათანხმდა ახალ თანამდებობას. შესაბამისად, დიდი პასუხისმგებლობა პირადად მას ეკისრება.

რაც შეეხება სამხილების განადგურებას, ლალი მოროშკინა საქართველოში გაჩაღებულ ბოლოდროინდელ კოცონებს, სწორედ დანაშაულის დაფარვას უკავშირებს.

„ჩვენ კიდევ წლები დაგვჭირდება იმის გასაგებად, თუ სად რა დაიწვა. ყველა ის კოცონი, რომელსაც ამ ბოლო დროს აჩაღებენ, შემთხვევით არ ინთება. „ლიბერთი ბანკის“ დაწვა პირდაპირ უკავშირდება ფაქტების განადგურებას. ლისის ტბაზე  გაყალბებული საარჩევნო ბიულეტენები დაწვეს. ზუსტად ამიტომ ვამბობ, აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მისცენ ის პირები, რომელთა ხელიც ამაში ურევია. ისინი თავად დაასახელებენ დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც. ეს პროცესი ახლა რომ დაიწყება, აღარ დამთავრდება. ამიტომ ჩვენ უნდა მოვასწროთ, რომ არ მოხდეს მათ მიერ ქვეყნის დატოვება და გაქცევა. მე არ მინდა, გაიქცნენ ყოფილი მინისტრები, მინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“.

ლალი მოროშკინას თქმით, ციხის მასალას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ვიდეომასალაა, რადგან მან, როგორც ამ სისტემაში ნამუშავარმა ადამიანმა, ძალიან კარგად იცის, რომ ციხის მთელ პერიმეტრზე დგას კამერები. ამ დროს კი ამ კამერების კაბელებიც ამოგლეჯილია, რაც, ცხადია, ერთ წამში ვერ მოხდებოდა. ამას ხედავდნენ ბადრაგები, სხვა თანამშრომლებიც, ამიტომ ძალიან ადვილია დამნაშავის გამოვლენა.

ჟურნალისტისა და უფლებადამცველის აზრით, ახლა დაკითხვების სერიოზული პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან ციხის არქივში უმნიშვნელოვანესი მასალა ინახებოდა. უფრო ზუსტად, განადგურებების მთელი სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც სულხან მოლაშვილმა ხელი დაადო ბოკერიას, რომ იგი პირადად ესწრებოდა მის წამებას.

„უყურეთ, როგორ პირდაპირ მიება საკითხები ერთმანეთს?! უკვე ყველამ იცის, რომ ბოკერია იმყოფებოდა მოლაშვილის წამების დროს. ზუსტად ეს კადრებია ამოღებული. ამიტომაც დაიკარგა ეს მასალა. გარდა ამისა, მე აფრასიძეებს შევხვდი და ამის შემდეგ მათ შიმშილობა შეწყვიტეს. მათ მითხრეს, თუ რა შეუთვალა გია ბარამიძემ - ჩვენ ერთი ჰაერით არ ვისუნთქებთო. რატომ თქვეს მოშიმშილე აფრასიძეებმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი?! - რათა არ მოხდეს მათი ლიკვიდაცია. რა თქმა უნდა, ისინი პირდაპირი მოწმეები არიან იმ უმსგავსობის, რაც ბარამიძემ და სააკაშვილმა ერთად ჩაიდინეს, როცა სვანებს გენოციდი მოუწყვეს. აქ მთლად საზარელ სურათამდე მივდივართ, რადგან აფრასიძეებმა ჩემთან საუბარში დაადასტურეს, რომ გარდა იმისა, მათ თვალწინ ძმა მოუკლეს, ამ ყველაფერს კამერითაც იღებდნენ“, - აღნიშნა ლალი მოროშკინამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე დაუშვებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ციხის სერვერები და ვიდეოკამერები მთლიანად განადგურებულია, რასაც გიორგი ტუღუშიც ადასტურებს. უფრო მეტიც, არქივი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გაანადგურეს.

„ეს არის უმძიმესი დანაშაული. ჯერ ერთი, ეს გახლავთ სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანება, მეორეც, ეს არის დანაშაულის დაფარვა. ამასთან, ეს პოლიტიკური დანაშაულია, რაც აუცილებლად დაერთვება ჩვენს მიერ შეტანილ ბრიუსელის სარჩელს“, - აცხადებს „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

სოსო მანჯავიძის თქმით, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია, რასაც, ცხადია, ბადრაგები თავიანთი ნებით არ გააკეთებდნენ, რადგან სერვერთან ხელი მათ არ მიუწვდებათ. ამდენად, ეს საკითხი ხელმძღვანელობის დონეზეა გადაწყვეტილი.

„საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ. ერთი რაღაც ავიწყდებათ, ახლა, როცა პოლიტიკური წნეხი აღარ იქნება, უამრავი ნაწამები პატიმარი და პოლიტიკური ნიშნით ან ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით დაკავებული ადამიანი, ამხელს დამნაშავეებს. თუმცა, ის ნივთმტკიცებები, რაც მთელი ცხრა წლის მანძილზე გროვდებოდა, დამნაშავეთა სამხელად ფასდაუდებელი იყო“.

სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, დღეს აბსოლუტურად უკონტროლოა ციხე და იქ  ნებისმიერი ხასიათის დარღვევა შეიძლება მოხდეს. დანაშაულს არანაირი ვიდეოკამერა არ დააფიქსირებს. ამდენად, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ გიორგი ტუღუშს ამაზე განგაში მაშინვე უნდა აეტეხა და მხოლოდ პრივატულ საუბრებში არ უნდა გამოემჟღავნებინა შეშფოთება.

„წარმოუდგენელია, რომ ერთ დღეში, საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უეცრად არქივი განადგურდა. ჯერ ერთი, ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურას ჩვენი განცხადება არ უნდა დასჭირვებოდა. მეორეც, სასჯელაღსრულების დაწესებულებას, შსს-ს და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება აქვთ. ამიტომ, როდესაც არქივის გაქრობა ხდება, ცხადია, ყველა საქმის კურსში იყო, მით უმეტეს, პირველი პირები,“ - აცხადებს სოსო მანჯავიძე.