ციხეებში პატიმრების წამება კვლავაც გრძელდება

ციხეებში პატიმრების წამება კვლავაც გრძელდება

უფლებადამცველი, „ასავალ-დასავალის“ ცხელი ხაზის რუბრიკის წამყვანი, ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გლდანის ციხეში გავრცელებული სასტიკი კადრების შემდეგ თანამდებობებზე კვლავაც რჩებიან ჯალათი ექიმები, რომელთაც არანაკლები დანაშაული ჩაუდენიათ პატიმრების წამებაში.

- ცნობილი კადრების შემდეგ, სადაც პატიმრების წამება იყო ასახული, მართალია, ციხეებში რაღაც-რაღაცები შეიცვალა და პატიმრების აშკარად წამებას ერიდებიან, მაგრამ პატიმრების უფლებების დარღვევა კვლავაც გრძელდება. ძალიან ხშირია მათი  დაშანტაჟება, რათა მათ არ გათქვან წამების შესახებ არსებული ინფორმაცია. პატიმრებს ემუქრებიან, რომ ასეთ შემთხვევაში, კვლავ გაუსწორდებიან, რის შესახებაც ვერავინ ვერაფერს გაიგებს. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კვლავაც მრავლად არიან ის თანამშრომლები, რომლებიც კალმახელიძის დროსაც მუშაობდნენ და, რომლებიც თავადაც გარეულები იყვნენ ადამიანების წამებაში. მართალია, მათი ნაწილი დაკავებული თანამდებობიდან  გათავისუფლდა, მაგრამ ისინი არიან მხოლოდ ძალიან გახმაურებული და ანგაჟირებული თანამშრომლები, მათი გარკვეული ნაწილი კი კვლავაც რჩება თანამდებობებზე. რაც ყველაზე სამწუხაროა, თანამდებობებზე რჩებიან ჯალათი ექიმები, რომელთაც არანაკლები „ღვაწლი“ მიუძღვით პატიმრების წამებაში.

გამოდის, ციხის ბადრაგთან ერთად პატიმრებს ექიმებიც აწამებდნენ?

- რა თქმა უნდა. ასე მაგალითად, რუსთავის №16-ე დაწესებულების პატიმრები ჩემთან პირად საუბარში ამხელენ ჯალათ თეთრხალათიან ექიმს, ვინმე ბადრი თეზელაშვილს, რომელიც სასტიკი და ანტიჰუმანური მოპყრობით გამოირჩეოდა პატიმრების მიმართ, მათ ცინიკურად ექცეოდა, არ მკურნალობდა. როგორც პატიმრები აცხადებენ, იგი კეტავდა „ბალნიჩკას“ და, რიგ შემთხვევაში, ფიზიკურადაც უსწორდებოდა, არ აძლევდა სამკურნალო პრეპარატებს და ჰიპოკრატეს ფიცს ღალატობდა. ასევე, პატიმრები ამხელენ სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ასათიანს, რომელსაც პირდაპირ უწოდებენ თეთრხალათიან ჯალათს. ასათიანი განსაკუთრებული სისასტიკითა და გულგრილობით გამოირჩევა, მან დანერგა ანტიჰუმანური პრეცენდენტი. კერძოდ, მსჯავრდებულ მანდილოსნებს მუცელი წამოტკივდებათ თუ არა, მათ საოპერაციო მაგიდისკენ მიაქანებენ და ქალურ ორგანოებს აჭრიან, ანუ, დედობის უფლებას სამუდამოდ ართმევენ. არადა, დიაგნიოზის დასმა და მათი მკურნალობა ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, დავით ასათიანისთვის ბევრად უფრო ადვილია, ამპუტაცია გაუკეთოს ამ ორგანოებს, ვიდრე მათ მკურნალობას დაახარჯოს თანხები. სხვათა შორის, ის თანხები, რომლებიც პატიმრების მკურნალობისთვისაა გამოყოფილი, საკმაოდ საეჭვო ვითარებაში იხარჯება. ამის გამოც პატიმრები დავით ასათიანს კორუფციაში მონაწილე ჩინოვნიკს უწოდებენ. მის მიმართ არსებობს სხვა ბრალდებაც, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის გამოყოფილ მედიკამენტებს არ ახმარს პატიმრებს და მათ აიძულებს, ოჯახებმა მიუტანონ წამლები. ხოლო ის წამალი, რომლის შესყიდვასაც დავით ასათიანი სახელმწიფო სახსრებით ახდენს, მოგვიანებით უკვე მასთან ხელშეკრულებაში მყოფი აფთიაქების დახლებზე ხვდება. გარკვეული თვალსაზრისით, ეს კორუფციის წყაროა. თუ ვის ჯიბეში მიედინება სახელმწიფოს მიერ პატიმრებისთვის გამოყოფილი წამლების შედეგად აღებული თანხა, პატიმრების თქმით, ეს საგამოძიებო ორგანოების საქმეა.

ამ გახმაურებული კადრების შემდეგ .. ექიმების საქმე დღემდე გრძელდება?

- დიახ, ჩვენ შევესწარით მთელი რიგი ჯალათი თანამშრომლების გათავისუფლებას, თუმცა მათ შორის თითქმის არ ყოფილან ჯალათი ექიმები. არადა, ეს ადამიანები ჯალათობით გამოირჩევიან თითქმის ყველა ამ დაწესებულებაში. ქსნის №15-ე ტუბდაწესებულების მსჯავრდებულები ჩემთან საუბარში ამხელენ ჯალათ ექიმს ოთარ ტრაპაიძეს, რომელიც, ასევე, ცინიკური მოპყრობით გამოირჩევა, ატყუებს პატიმრებს და ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზემოქმედებით ავიწროებს, ემუქრება მათ და აშანტაჟებს.

როგორ ფიქრობ, სასჯელაღრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში ხომ არ გადაიქცა ფიქტიურ მინისტრად და რას ნიშნავს მისი თავდაპირველი პირობა, რომ იგი ამ ჯალათებს მოაშორებდა და ციხეს გაწმენდდა?

- რაც შეეხება ახალ მინისტრს გიორგი ტუღუშს, იგი არამცთუ ფიქტიური მინისტრია, მე ვფიქრობ, გიორგი ტუღუში ახალაია-შაშკინ-კალმახელიძის საიმედოდ გათელილი და გატკეპნილი გზის ღირსეულ გამგრძელებლად იქცა. მათგან არაფრით განსხვავდება და სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან მის მიერ ნამხელი ჯალათი თანამშრომლების ნაწილი დღემდე მუშაობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ამჯერად უკვე გიორგი ტუღუში იქცა მათ მფარველად, უფრთხილდება მათ რეპუტაციას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობს, ისინი იხსნას, როგორც საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედებისგან, ასევე, კანონის მხრიდან ჩარევისგან. იგი სასტიკად ილაშქრებს ხოლმე, როდესაც ცხელი ხაზის საშუალებით  ჯალათი თანამშრომლების მხილება მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ გლდანის ცნობილ დაწესებულებაში, საიდანაც წამების კადრები გავრცელდა, დაწესებულების დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ჯანჯღავა ამავე კადრების გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძისა და, ასევე, პატიმრების მიერ ჯალათობაში იმხილება. ამას ემატება მისი კორუფციონერობა. ამის შესახებ მამხილებელი დოკუმენტები არსებობს, რომლებსაც საგამოძიებო ორგანოები უყრუებენ და ცილისწამებას უწოდებენ. ასე რომ, სისტემა და რეჟიმი რეალურად არ შეცვლილა. უბრალოდ, ხდება ამ სისტემის კოსმეტიკური და ფასადური ცვლილება. დასავლეთის თვალის ასახვევად რამდენიმე ჩინოვნიკზე გადატეხეს ჯოხი და ციხეებში გაისტუმრეს, მათი უდიდესი ნაწილი კი კვლავაც დაუსჯელია და ისინი სხვადასხვა ფორმით პატიმრებზე ზემოქმედებას აგრძელებენ. მათ იციან, თუკი პატიმრები ამ ჯალათების შესახებ ინფორმაციას გაამჟღავნებენ, უკვე აღარ დაედგომებათ არამცთუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, არამედ - თავისუფლებაზე. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ამიტომაც ჯალათობას აგრძელებენ.

ავადსახსენებელი ცოცხების გამოყენება ციხეებში, ისევ ხომ არ ხდება?

- პატიმრების ცემის შესახებ ბოლო დღეებშიც რამდენიმე ინფორმაცია შემომივიდა. მართალია, მასობრივად მათი ცემა არ ხდება, მაგრამ, ფიზიკური ზემოქმედება კვლავაც გრძელდება. რაც შეეხება ცოცხებს, არც დასავლეთს და არც ქართულ საზოგადოებას ვიდრე კადრებს არ დაუტრიალებენ თვალწინ, მანამდე არ სჯერათ ხოლმე, მაგრამ ეს ინფორმაცია რეალურია. ძალოვან ორგანოებს არაფერი გაუკეთებიათ, როდესაც მე მალხაზ არქანიას გაუპატიურების შესახებ ვწერდი, როდესაც სერგო თეთრაძეზე განხორციელებული ძალადობისა და ტანჯვით სიკვდილზე ვწერდი. ისინი სხვადასხვა პატიმრის მიმართ გაუპატიურების უამრავი მუქარის შესახებაც არ რეაგირებდნენ. პარლამენტის თავმჯომარე დავით ბაქრაძე და საპარლამენტო ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლები (ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძის გარდა, რომელიც ამ კომიტეტში ერთადერთი გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა) საოცარი ცინიკური ღიმილით ხვდებოდნენ ხოლმე მსგავს ინფორმაციებს და დასავლურ მედიასაშუალებებს ცინიკურად არწმუნებდნენ, თითქოს მათ დემოკრატიული ციხე აქვთ.

 ციხეებში ცემა-ტყეპის გაგრძლება და პატიმრებზე რევანშისტული სურვილი იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ პატიმრებმაქართულ ოცნებასმისცეს ხმა

- ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ სისტემაში სულ 3 ათასამდე პატიმარს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. თუმცა მათ დიდ ნაწილს ეს უფლება ჩამოართვეს, რადგან იცოდნენ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ. ამიტომ ტექნიკურ საშუალებას მიმართეს, რომ მათ არჩევნებში ხმა არ მიეცათ. კერძოდ, ამ ადამიანების პირადობის მოწმობები ვადაგასული აღმოჩნდა. ამ დროს კი სოციალური სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ ინფორმაცია არჩევნების დღისთვის გადაემოწმებინათ და ზომები მიეღოთ, რომ ყველა პატიმარს ხმის მიცემის უფლება ჰქონოდა. პატიმრები არ გამორიცხავენ, რომ, ვისაც ვადაგასული მოწმობა აღმოაჩნდა, პარალელურად დამზადდა იმავე ნომრის მოწმობები და მათი ხმები ფარულად გამოიყენეს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.

როგორ გგონიათ, გიორგი ტუღუში არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ არიან  სისტემაში დარჩენილი ჯალათები?

- არამცთუ ყურადღებას არ აქცევს, ამ ადამიანებს მფარველობს კიდეც. იგი მტკივნეულად ეხმაურება, როდესაც პრესაში სიტყვა იძვრება იმასთან დაკავშირებით, რომ მის გარშემო ჯალათი ჩინოვნიკები არიან. მაგალითად, ჩემს მიმართ მას ძალიან მტკივნეული რეაგირება ჰქონდა და საგამოძიებო ორგანოებსაც მოსთხოვა ჩემს წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ნაცვლად იმისა, რომ ჩემს მიერ მხილებული ჯალათი თანამშომლების სამსახურიდან დათხოვნასა და მათ პასუხისგებაში მიცემაზე ეზრუნა. ტუღუში მათ გადაეფარა და ამით დაამტკიცა, რომ ჯალათების მფარველია. უფრო მეტიც, სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის დროსაც კი ტუღუში რამდენჯერმეა შემჩნეული ასეთი ჯალათების მფარველობასა და მათთვის „ნამუსის“ შენახვაში. ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც გიორგი ტუღუშამდე პატიმრების მხრიდან რის ვაი-ვაგლახით მიდიოდა, ტუშუღის სახალხო დამცველის ინსტიტუტში იბლოკებოდა და ადრესატამდე ვერ აღწევდა. რატომღაც მათი კვალი ტუღუშის უწყებაში დანაშულებრივად წყდებოდა.