საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ცხოვრება რომ მშვენიერი“ არ არის, ამას მაყურებელი კარგა ხანია შეეჩვია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ხშირად ამ არხზე აბსურდის თეატრის სცენები თამაშდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის გია ჭანტურიას დავალებით იკრძალებოდა გადაცემები, სადაც ოპოზიციონრები გამოჩნდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი უწყინარი გადაცემა შეეხებოდა დიეტას, სადაც სტუმრად თავისი გაბარიტებით ცნობილი კობა დავითაშვილი იყო მიწვეული. დღემდე ეს გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის თაროზეა შემოდებული. გადაცემის ავტორი ეკა ხოფერია კი ადასტურებს, რომ მართლაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ასეთ კომიზმამდე მიდიოდა საქმე.
For. ge-სთან საუბარში ეკა ხოფერია გია ჭანტურიასთან მუშაობის პერიოდს იხსენებს და გადაცემა „აუდიტორიის“ დახურვის მიზეზებსაც განმარტავს. როგორც აღმოჩნდა, ახლახანს ეკა ხოფერიამ საზოგადოებისთვის აქტუალურ აპოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ პირდაპირი ეთერი ითხოვა, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ მას აბსურდული მიზეზები დაუსახელა, რის გამოც მან დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ეკა ხოფერია: ჩემი გადაცემის დახურვას პირდაპირ ვუკავშირებ, რომ მე მოვითხოვე, იქნებ, ჩემი გადაცემა „აუდიტორია“ პირდაპირ ეთერში გასულიყო და მე იმავე ფორმატით გამეკეთებინა პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივ-სოციალური თოქ-შოუ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნებოდა პირველი არხისთვის, თუნდაც ამ ახალი რეალიების გათვალისწინებით, ღია ეთერში გვემსჯელა ახალ ინიციატივებზე, ეს იქნებოდა განათლების, ბიზნესის კუთხით, ოღონდ პოლიტიკოსების გარეშე. აქამდე ჩემი გადაცემა სულ ჩანაწერის სახით გადიოდა და ძალიან ხშირად ეთერში ვხედავდი, როგორი ჩაჩეხილი მასალა იყო. ვიფიქრე, ახლა მაინც ცოტა ადექვატური იქნებოდა არხის ხელმძღვანელობა, მაგრამ, როგორც კი ეს მოთხოვნა გავახმიანე, მითხრეს, ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, იქნებ, რამდენიმე საათში მოხვიდეთო. რამდენიმე საათში მივედი, თუმცა პირდაპირი ეთერის ფორმატთან დაკავშირებით არაფერი თქმულა. ჭანტურიამ მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არხზე მიდის რეორგანიზაცია, რომ ახალი ბადე უნდა შეიქმნას, რომ პირველი არხი, როგორც იქნა, ჟურნალისტურ გამოძიებას დაიწყებს. აქამდე ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებაში რა უშლიდათ ხელს არ ვიცი. როცა ვკითხე ჭანტურიას, იქნებ, პირდაპირ მითხრათ რა ხდება-თქო, მიპასუხა, ალბათ, შენი გადაცემა გაჩერდება და მერე მოვიფიქრებთო. ამ დროს კი მე კონტრაქტი იანვრამდე მაქვს. ვუთხარი, მაშინ, იქნებ, პირდაპირ მითხრათ, რომ არ გინდა, რომ მე ვიყო ამ არხზე. ამაზე არაფერი უთქვამს. რასაკვირველია, მის პოზიციას მივხვდი. მათი არც კონტრაქტის გაგრძელება მინდა, არც არაფერი. ვუთხარი, ბავშვებისთვის გადაერიცხა ჩემი კუთვნილი ხელფასი. მე საქველმოქმედო გადაცემა მქონდა, სადაც მან თქვა, რომ, თუ მე არ მოვიწვევდი ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონს, საზოგადოებრივი მაუწყებელი თითო ბავშვზე ხუთას ლარს გადარიცხავდა. რადგან ეს ადამიანები მაინც მოვიწვიე, ეს ინიციატივა აღარ განახორციელეს.
ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონს გასაგებ მიზეზთა გამო არ ეპატიჟებოდნენ გადაცემაში, რომ ისინი ოპოზიციონრები იყვნენ?
- ნატო მეტონიძესა და ლიზა ბაგრატიონს გასაგებ მიზეზთა გამო არცერთ თოქ-შოუსა და გადაცემაში არავინ პატიჟებდა, ჩემთან კი ბევრჯერ იყვნენ მოწვეულნი ნატო მეტონიძეც, რამაზ ჩხიკვაძეც და სხვანი. ამიტომაც, ჩემთვის ფასეული იყო გადაცემა „აუდიტორიის“ გაკეთება, რადგან, ჩემი აზრით, რაღაც-რაღაცებს მაინც ვახერხებდი.
იმის გამო, რომ გია ჭანტურიას თქვენი პირდაპირი ეთერი არ აწყობდა, ხომ არ გიფიქრიათ, რომ იგი არ გენდობოდათ და ელოდა, რომ თქვენ პოლიტიკური კუთხითაც სიურპრიზებს მოუწყობდით.
- აქამდე რომ არ მენდობოდნენ და მაინც არ მიშვებდნენ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ეშინოდათ. ამას ძალიან კარგად ვხვდებოდი და რაღაცნაირად ვცდილობდი, მართლა აპოლიტიკური გადაცემები გამეკეთებინა, რომ ჩემთან დაკავშირებით საფრთხეები და შიშები არ ჰქონოდა ტელევიზიას. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა. ვუთხარი კიდეც, ალბათ, ნდობა უნდა გამომიცხადოთ, რადგან აქამდე არაფერი ისეთი არ გამიკეთებია-თქო. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ, როდესაც ვმუშაობდი პირველ არხზე, არ გამოვსულვარ, არ მილაპარაკია მათზე, რადგან ვგულშემატკივრობ საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონია, თუ ყველანი ვიმუშავებთ, მართლა ძალიან კარგი ტელევიზია გამოვიდოდა. მეგონა, სწორედ ახლა ჰქონდა შანსი საზოგადოებრივ არხს, მაქსიმალურად გაეხსნა ეთერი. რა სიურპრიზები უნდა გამეკეთებინა მისთვის?! პოლიტიკასთან ჩემს დაკავშირებას არანაირად არ ვცდილობ, პირიქით, მართლაც ვეცდებოდი, დაბალანსებული და საინტერესო გადაცემები ყოფილიყო. შესაძლოა, ჭანტურიას რაღაცის შეეშინდა, მაგრამ რისი, ეს ჩემს ფანტაზიას სცდება.
ხომ არ მოხდა თქვენში შეხედულებების გადაფასება? სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანის პოზიცია ციხის კადრების შემდეგ შეიცვალა.
- ციხის კადრები ყველასთვის შოკი იყო. საკუთარ თავზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა მე რამდენჯერმე მითქვამს ის, რასაც ვფიქრობდი. უბრალოდ, ბოლო პერიოდში მაინც ვცდილობდი, ნაკლებად გამომეხატა საკუთარი აზრი და მინდოდა, ჟურნალისტიკის აპოლიტიკურ სექტორში დავრჩენილიყავი, რომ რაღაცანაირად, პროფესია შემენარჩუნებინა. რაღაც-რაღაცების გადაფასებას რაც შეეხება, რაღაცები ადრეც მითქვამს.
იქნებ, ამის შესახებ იცოდა გია ჭანტურიამ და ამიტომაც არ გენდობოდათ? მით უფრო, რომ ეს უნდობლობა მხოლოდ ახლა არ დაწყებულა.
- მე ვიცოდი, რომ არ მენდობოდა და ადრეც არ მიშვებდა პირდაპირ ეთერში. ვფიქრობ, მას აწყობდა, რომ ეკა ხოფერია იყო მის არხზე, რათა ვიღაცისთვის ეთქვა, რომ, აი, იგი ჩემთან მუშაობსო. მართლაც, პატარ-პატარა თავისუფლება მქონდა. სხვა არხებთან შედარებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნამდვილად თავისუფლება გვქონდა. მაგრამ, როგორც კი მოახლოვდა არჩევნები, აბსოლუტურად უფრო და უფრო შევიწროვდა რესპონდენტთა წრე.
აქამდე დირექტივებს თუ იძლეოდა გია ჭანტურია და სტუმრების შერჩევაშიც თუ ერეოდა, როგორც ეს ნატო მეტონიძისა და ლიზა ბაგრატიონის შემთხვევაში მოხდა?
- დირექტივა ბოლოს ის იყო, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი არცერთი სახე არ უნდა მომეყვანა, რომელიც პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. როცა ამიხსნეს, რაღაცნაირად მეც ვცდილობდი, რომ პირდაპირ პოლიტიკასთან კავშირში არ ყოფილიყო. დირექტივებს რაც შეეხება „აუდიტორიის“ ერთი გადაცემა მოიხსნა იმიტომ, რომ იქ კობა დავითაშვილი იყო მოწვეული. არსებობს ეს ჩანაწერი და თაროზე დევს ეს გადაცემა. ლიზასა და ნატოს მაგალითის შესახებ უკვე გითხარით. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ შოუ-ბიზნესზე გვქონდა გადაცემა (სხვათა შორის, ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდა), ზურა მანჯავიძე საუბრობდა შავ სიებზე. გადაცემა ეთერში რომ გავიდა, ჭანტურიამ შავი სია კი დატოვა, მაგრამ მომღერლების ჩამონათვალი ამომიჭრეს.
თქვენი გადაცემები პოლიტიკას არ ეხებოდა, მაგრამ კობა დავითაშვილის შესახებ გადაცემა რატომ არ გავიდა? რის შესახებ იყო ეს გადაცემა?
- ძალიან სასაცილოა, რადგან ეს გადაცემა იყო დიეტებზე.
ანუ, არ შეიძლებოდა დიეტებზე საუბარი, რადგან იქ ოპოზიციონერი დავითაშვილი იყო მოწვეული?
- ამაშია სიტუაციის მთელი კომიკურობა. მართლა ძალიან სასაცილო იყო, მე არ მინდა, ჩემს არხზე კობა დავითაშვილი, როგორც კარგი ტიპი იყოს წარმოჩენილიო, - მითხრა მან.
თუ გაქვთ შემოთავაზება სხვა არხებიდან?
- არა, ნამდვილად არ მაქვს შემოთავაზება, არც არანაირი გეგმა არ მაქვს. მე მაქვს ჩემი ჟურნალი, კიდევ მეორე გამოცემა, საბავშვო ჟურნალის სახით.
მაუწყებელზე აღარ დაბრუნდებით?
- არა, ჭანტურიასთან მე არ ვიმუშავებ, ეს გამორიცხულია, რანაირადაც არ უნდა შეცვალოს თავისი პოზიცია. წარმატებას ვუსურვებ ვახო სანაიას, ვახო იქ დარჩენას აპირებს. მე ამის ნერვები მეტი აღარ მაქვს, რომ ჭანტურიას ბრძნული აზრები კიდევ ვისმინო.